გია მარიამიძის ბლოგი

ასი ათასი

ასი ათასი

გაზაფხული დადგა,  მერცხლები მოფრინდნენ, ნუში აყვავდა, ჰორმონები გააქტიურდნენ და მიტინგებისთვის მზადება დაიწყო. ეს ყოველწლიური ციკლია და ახალი არაფერი იქნებოდა, რომ არა სამხრეთიდან მოტანილი ”თავისუფლების” ნიავი, რომელიც იმით დაიწყო, რომ ერთიმა ტუნისელმა  ახალგაზრდამ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. ამან კი შემდეგ  ტუნისსა და ეგვიპტეში ხელისუფლების შეცვლა გამოიწვია.
დღემდე სამიტინგო რეპერტუარი ტრადიციული იყო: შეყრა, ხმაური, დაშლა. ”სისხლი არ უნდა დაიღვაროს“ –ამ ლოზუნგით მიმდინარეობდა პოლიტიკური პროცესები. მიტინგის ბელადებს მოქმედებაზე გადასვლის  გამბედაობა არ ჰყოფნიდათ და სხვისგან – ილია მეორისგან ცდილობდნენ პირდაპირ-ფიზიკურ დაპირისპირების  ლეგიტიმაციას. შემდეგ ვანომ ‘’პატრიარქი პლენში აიყვანა’’ და აყალ–მაყალი ჩაიშალა. პოლიტკონკურენტები ძალადობისგან თავს  კონიუნქტურის  გამო იკავებდნენ და არა, სახელმწიფო ინტერესებისთვის-დასავლეთი არ მიესალმებოდა აქ არეულობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას. ძალაუფლების  სისხლისღვრით მოპოვებისგან თუ შენარჩუნებისგან, რა თქმა უნდა, არც ერთი მხარე არ იკავებდა თავს მხოლოდ მორალური მოსაზრებებით.

დღეს რა შეიცვალა? ბევრი რამ, როგორც ჩვენთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ თვალწინ ხდება   პროცესები,  რის დიდ მნიშვნელობას ვერც კი ვაცნობიერებთ. იცვლება დღემდე არსებული ძალთა განლაგება. ირანის სამხედრო გემები პირველად გამოჩნდნენ ხმელთაშუა ზღვაში სუეცის არხის გავლით. ღაზას სექტორის ბლოკადა ეგვიპტის მხრიდან შესუსტდა. ჯერ არ არის ცხადი, ვინ მოვლენ ხელისუფლებაში ”დიდი ახლო აღმოსავლეთის ” ქვეყნებში და რით დასრულდება სამოქალაქო ომი ლიბიაში. სადადმე  გაძვირდება ნავთობი და  ფასების ზრდასთან ერთად რუსეთის მიერ იმპერიის აღდგენის მადა?.  ეს ყველაფერი ჩვენზეც დრამატულად აისახება – ხელისუფლებისთვის ბრძოლის ხერხები ნაკლებად ვეგეტარიანული გახდება.

მოქმედების სქემა მარტივია: ოპოზიცია შეკრებს ხალხს, გამოიწვევს შეხლა-შემოხლას და აიძულებს ხელისუფლებას, ძალა გამოიყენოს. გათვლა – სააკაშვილი, მუბარაქისა და ბენ ალის მსგავსად, საკუთარ ხალხს ერჩის! ეს პირობითად,  ეგვიპტური სცენარია. ხალხი უპირისპირდება ხელისუფლებას და დემოკრატიაზე ჭკუადაკარგული დასავლეთი, რა თქმა უნდა,  დემოსის მხარეს იჭერს. ამ ”პირდაპირი” დემოკრატიის გამოვლინებებს შეწირული ათეულობით ადამიანის სისხლი კი, თავისუფლების ხის მოსარწყავი სასუქია. რევოლუციური  მიტინგის მოსაწყობად ხალხის დიდი რაოდენობაა საჭირო – მაგიური ციფრი ‘’ასი ათასი’’. რამდენ ადამიანს შეკრებს ოპოზიცია, რამდენად შეინარჩუნებს მდგრადობას სახელმწიფო აპარატი და ძალოვანი უწყებები, რამდენი ადამიანი გამოვა ‘’კომბლებით’’ ხელისუფლების დასაცავად? რას იტყვის დასავლეთი? რას იზამს რუსეთი და, რა თქმა უნდა,  რომელ მხარეს აკურთხებს უწმინდესი და უნეტარესი, ცხუმ-აფხაზეთის მოტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე?
მდგომარეობას ინფლაციაც ამძიმებს. ფასებსა და  უკმაყოფილებასთან ერთად იზრდება  რუსეთის შესაძლებობები, რომელიც არასოდეს ზოგავდა ჩვენს მტრობაში ძალებს. ადრე ქართველი პოლიტიკოსები აშკარა კოლაბორაციონიზმს ვერ ბედავდნენ, ‘’რუსეთის აგენტი’’ სალანძღავი სიტყვა იყო.  დღეს ეს ფსიქოლოგიური ბარიერი დაძლეული აქვთ,  თავზე ხელი აიღეს და ღიად ეწევიან „პროსტიტუციას“. ეგვიპტური სქემა შესაძლებელია  ლიბიურშიც გადაიზარდოს და დაპირისპირებულმა მხარეებმა ქვების მაგივრად ერთმანეთს ტყვია ესროლონ. ეს სცენარი კატასტროფულია, რამდენიმეწლიან ქაოსს გამოიწვევს და რუსეთის მიერ აქ თავისი ‘’წესრიგის’’ დამყარებით დასრულდება. იმედია,  ამაზე არავინ წავა, თუმცა  საქართველოში ეს ერთხელ უკვე მოხდა და მცდარი აზრია, რომ ერთი და იგივე ადგილზე ბომბი ორჯერ არ ვარდება.

რას მოიგებს ქვეყანა ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლით? ახალი ხელისუფლება გადაინაწილებს თუ არა ქვეყნის ბიზნესაქტივებს? გადაიბარებს თუ არა მასმედიის საშუალებებს? გაყრის თუ არა ‘’ძველებს’’ და სახელმწიფო აპარატს თავისი ხალხით შეავსებს? ჩამოართმევს თუ არა პრივილეგიებს არსებულ ელიტურ ჯგუფებს და კანონის წინაშე ყველას გაათანაბრებს? ძნელი დასაჯერებელია. ალბათ,  გადაიფორმებენ ბიზნეს-წილებს, გადაამისამართებენ საინფორმაციო საშუალებებს თავის სასარგებლოდ, დღევანდელ ხელისუფლებისმიერ ელიტას ჩაანაცვლებენ ახალი სახეები (ნუ, ახალი  რა,  განახლებული)..  სხვა ადამიანები დადგებიან კანონზე მაღლა და სხვები იტყვიან: ახლა ჩვენი დროა..

ახალი ყოველთვის ძველის საპირისპიროდ იქცევა და ის, რაც დღეს გვაქვს: შემოქმედებითი თავისუფლებები – ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს ცენზურა კინოში, თეატრში, მხატვრობაში და ასე შემდეგ (სხვა საქმეა დაფინასება ).. უმცირესობების დაცვა – აღარ აღვივებს ხელისუფლება ეთნიკურ, რელიგიურ, კლასობრივ და ასე შემდეგ შუღლს. არ გვყავს საკრალიზებული ხელისუფლება – საჯაროდ შეიძლება მისი ლანძღვა, დაცინვა, რამდენიმე არტისტი პროფესიულად სააკაშვილის პაროდისტია და ამით შოულობს პურის ფულს.  ‘’მიშა მაგარია’’-სთან ერთად,  ისმის სხვა, არაკომპლიმენტარული ეპითეტებიც. ეს ყველაფერი შემცირდება, საზოგადოება უფრო დახურული და თვითიზოლირებული გახდება.

ეს  რომ არ მოხდეს,  ხელისუფლებამ უნდა დათმოს გავლენის ნაწილი  არა სხვა პოლიტიკური კლანების, არამედ საზოგადოების სასარგებლოდ. ხელისუფლება არ უნდა წყვეტდეს,  თუ ვინ იქნება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვინ იმღერებს ევროვიზიაზე, ვინ უდირიჟორებს სიმფონიურ ორკესტრს და ა.შ. ხელისუფლებამ საზოგადოებაში სამართლიანი და კონკურენტული გარემო უნდა შექმნას, რომ გამარჯვებული ხელისუფლებას კი არა,  საზოგადოებას ემსახუროს და დამარცხებული –  მომავალი კონკურსისთვის ემზადოს მიტინგზე ხმამაღალი ყვირილის ნაცვლად. დღეს, ახალგაზრდა ადამიანს ქრთამის და ჩაწყობის გარეშე შეუძლია უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, რაც კარგია, მაგრამ ‘’სოციალური ლიფტი’’ აქ ჩერდება. სტუდენტს უნივერსიტეტში სტუდკავშირის გარეშე უნდა შეეძლოს საზოგადო აქტივობა და თვითდამკვიდრება. ნეპოტიზმის და კლანურობის გარეშე უნდა შეეძლოს უნივერსიტეტის შემდეგ სამსახურის შოვნა. ხელისუფლებამ უნდა მოშალოს მონოპოლიები ქვეყნის ეკონომიკაში, ხელი შეუწყოს მცირე ბიზნესს და ასე შემდეგ, ეს სიტყვები ასიათასჯერ თქმულა.

არეულობების, რევოლუციებისა და სამოქალაქო დაპირისპირებების თავიდან აცილების ყველაზე კარგი საშუალება ქვეყანაში თანასწორობისა და სამართლიანობის მიღწევაა. თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების და საზოგადოებაში თვითდამკვიდრების საშუალება. ამისთვის სულ მარტივი რამ – სახელმწიფოს მიერ მოქალაქისთვის ნებისმიერი არაპოლიტიკური თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების გარანტირებაა – ეს ადამიანს თანასწორობის განცდას მისცემს. სამართლიანობა კანონის წინაშე თანასწორობას ნიშნავს. თუ რომელიმე ჯგუფი კანონზე მაღლა დგას,  მოქალაქის თვალში სახელმწიფო პერსონიფიცირდება და კანონი აბსტრაქტული ფასეულობის ნაცვლად,  ამის თუ იმის ხდება. ბუნებრივი წყენა წინააღმდეგობას იწვევს და სახელმწიფო კონკრეტული ადამიანების ძიძგილაობის არენად იქცევა.