ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ქართული “ვირზაზუნას დღე”

ქართული “ვირზაზუნას დღე”

დიდი ხანია “ქართული ლიბრეტო” ერთ არც ისე ძველ ამერიკულ ფილმს – “ვირზაზუნას დღე” (1993) მაგონებს. იგი მრავალჯერ იქნა გარიმეიკებული.  საქართველოში ჰოლივუდის ამ პროდუქტს მიმსგავსებული ასლის გადაღებაზე ფულის დახარჯვა კი სულაც არაა საჭირო, რადგანაც ჩვენ ისედაც ქრონიკულად ვირზაზუნას დღე-ღამეები გვაქვს. დენი რუბინმა და ჰაროლდ რამისმა თავიანთ ფილმს კომედია უწოდეს, თუმცა იქ უფრო მეტ „სატრაგედიოს“ იპოვით, ვიდრე – სასაცილოს. იგი ერთგვარი ვირზაზუნული ტრაგი-კომედიაა. უცნაური დამთხვევაა, რომ “ვირზაზუნა” ქალაქ ვუდსტოკში (შტატი ილინოისი) გადაიღეს. ამერიკაში არა ერთი ამგვარი ქალაქი- სეხნია არსებობს. არა, ეს არ არის 42 წლის წინანდელი როკ-ჰიპ ფესტივალის ქალაქი, რომელიც ნიუ-იორკის შტატს ეკუთვნის. სხვათა შორის, ბიტნიკების ეს გრანდიოზული, ჰიპური “თავყრილობა” გეოგრაფიულად ვუდსტოკში მაინც არ გამართულა, არამედ – ნიუ-იორკის შტატის პატარა ქალაქ ბეთელში. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ “ნამდვილი”  ვუდსტოკის მერიამ განაცხადა, რომ ამდენ ხალხს ვერსად დატევდა. უბრალოდ, 1969 წლის მთავარ მსოფლიო მოვლენას სახელი “ვუდსტოკი”  ინერციით შემორჩა. და კიდევ საფლავის მსგავსი მემორიალური ქვა: რომ სწორედ აქ “მოხდა” ვუდსტოკი. იქვე დიდი ასოებით მათი სახელებიცაა, ვინც ეს ქვა ვუდსტოკს უსახსოვრა. აშშ-ში ასე იციან. ბიბლიოთეკაში ძველ, მორყეულ სკამსაც კი, თუ ის ნაჩუქარია, მისი გამცემის სახელი და გვარი ოქროს ასოებით აწერია. სხვათა შორის, ვირზაზუნას ვუდსტოკში, იმ ადგილას, სადაც მთავარ გმირს ფეხი ტლაპოში ყოველ დღე ერთსა და იმავე ალაგს ეფლობა, მემორიალური ქვა თუ ვარსკვლავი დადეს თუ გახსნეს. ტლაპოში ჩავარდნა მართლაც რომ მრავლმნიშვნელოვანი ისტორიული ანალოგიაა და ამიტომ სამაგალითო მინიშნებასაც იმსახურებს.

ვუდსტოკი ყოველთვის იქნება ამერიკული “სპირიტის” გამოვლინება და მისი ისტორიის უმნიშვლეოვანესი ნაწილი. იმ დროს ჰიპებს სჯეროდათ, რომ ისინი ახალ ცხოვრებას ქმნიდნენ, რომ შეძლებდნენ უტოპიური იდეის განხორციელებას, სადაც  ადამიანებს მხოლოდ სიყვარული სჭირდებათ; სჯეროდათ, რომ მათი კონტრკულტურა “ამერიკული ოცნებისგან” რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა, რომ მარტო ამერიკული კი არა, მსოფლიო ოცნებაც გახდებოდა.Mმაგრამ, ფაქტობრივად, ვუდსტოკი  ჰიპების ერის წარმავლობის აღმნიშვნელი გალა-კონცერტი გახდა. მას თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი დაესწრო. ეს იყო აწმყო, რომელიც უკვე წარსული ხდებოდა. წინ სექსუალური რევოლუცია და სხვა უსისხლო რევოლუციები ელოდათ. ამერიკელები გრძნობენ ამ სიფრიფანა, გამჭირვალე, მაგრამ მაინც ხელშესახებ ზღვარს, გამყოფ ძაფს წარსულსა და აწმყოს შორს; ხედავენ იმასაც, თუ სად გაივლის აწმყო – მომავლის ხაზი. ამ ზღვარის ჯანსაღი განცდის გარეშე წარმოუდგენელია საზოგადოების ცივილიზირებული მოდერნიზაცია. მაშინდელი  ცნობიერების ექსპერიმენტატორ “მარიჰუანისტ”, “ჰაშიშისტ” თუ “ელესდისტ” ვუდსტოკელ – იდელისტთა უმეტესობა, ანუ ისინი, ვინც ნარკომანობას გადაურჩა, დღეს ამერიკაში მსხვილ (მათ შორის პოლიტიკურ), საშუალო თუ წვრილ ბიზნესს ატრიალებს; მათი შვილები (ის ორასი ათასიც, რომლებიც ვუდსტოკის ღამეების შემდეგ “უკანონოდ” გაჩდნენ) და შვილიშვილები სილიკონისა თუ საფერმო ველებს “ახარებენ”; სამივე თაობა კი გადასახადებს პატიოსნად იხდის. ისინი ამერიკის მოქალაქეები არიან. და არა ვუდსტოკის. ვუდსტოკი იყო. ვუდსტოკური ფაზა, გნებავთ, საფეხური, ბიტნიკების არაძალადობრივი რევოლუცია ამერიკამ შვა, მიიღო, გაიარა, გაატარა და დაასრულა ყოველგვარი სისხლიანი დაპირისპირების გარეშე (Give Peace a Chance). თუმცაღა ვუდსტოკის  ფესტივალიდან სამი წლის შემდეგ დანიაში, კოპენჰაგენთან ახლოს, ჰიპების უცნაური სახელმწიფო “ქრისტიანია” (სახელწოდებას რელიგიასთან კავშირი არა აქვს) საკუთარი დროშითა და ქცევის კოდექსით დაფუძნდა. ამერიკელი ჰიპების მოძრაობის სულით შთაგონებული დანიელი ანარქისტები სამხედრო ყაზარმებში შეცვივდნენ, ტერიტორია უკანონოდ დაიკავეს და იქ თავისუფალი ქალაქი “ქრისტიანია” თავიანთ სამფლობელოდ გამოაცხდეს. ამ თვითგამოცხადებული “გეოგრაფიული ერთეულის” მოქალაქეები მარიჰუანას თავისუფლად მოიხმარდნენ, ავტომობილებს არ სცნობდნენ და საყოველთაო სიყვარულის პოლიტიკას ქადაგებდნენ. “ქრისტიანიაში” მხოლოდ ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მაგრამ გამოხდა ხანი და ეს ნახევრად ლეგალური წარმონაქმნი იძულებული გახდა, სახელმწიფოსთვის დაეთმო და არაანარქისტულ, კომპრომისულ ნაბიჯზე წასულიყო – გადასახადები გადაეხადა (ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მუშაობდნენ). 2011 წლის თებერვალში კი დანიის უმაღლესმა სასამართლომ მათი გასახლების დადაგენილება მიიღო. “ქრისტიანია” აღარ არსებობს.

არაორდინალური ჰიპებიდან ისევ ორდინალურ ვირზაზუნებს დავუბრუნდეთ. ზემოხსენებული ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: ერთი არაპოპულარული ტელეარხის მეტეოპროგნოზის წამყვანს, უჟმურ, ეგოცენტრიკ ფილ კონორს, რომელსაც თავისი თავი მსოფლიო მედიის გამობრწყინება ჰგონია, 3 თებერვალი პრინციპულად არ უთენდება. ანუ ფილმის გმირი, რომელსაც ბილ მიურეი თამაშობს, სიუჟეტის მიხედვით მუდმივად 2 თებერვალშია “გარჩენილ – გაჩხერილი”. არა, განა, ორი თებერვალი უსასრულოდ გრძელდება ან ნაკიანი თვე მთლად გაგიჟდა, მაქსიმალურად შემცირდა და ორ დღეზე დავიდა? არა. ამ ფილმში თითქოს ჩვენებური ბრძენი კაცი სადღაც ზის და მოშლილი პატეფონივით მანტრას “ხვალაც ამ თვისააო” გაიძახის. კი, ხვალაც ამ თვისაა, მაგრამ ეს ხვალ არა და ვერ დგება. ფილ კონორს სერიოზულად “არ უმართლებს”. ამერიკაში დიდი ხანია არსებობს  2 თებერვალს პენსილვანიის შტატის პროვინციულ ქალაქ პაკსოტონში სოროში მცხოვრებ ვირზაზუნას გაღვიძების, იქიდან მისი ძალით გამოთრევისა და დღის სინათლეზე, ასე ვთქვათ, ცივილიზაციაში ასევე ძალით “გამოყვანის” ტრადიცია. რასკვირველია, სოროს შიდა “დიზაინის” აღწერით თავს არავინ იწუხებს. სორო სოროა, ისევე როგორც ტლაპო – ტლაპო. თუმცა სოცოილოგიური თვალსაზრისით ესეც საინტერესო იქნებოდა. თუ ვირზაზუნას დღის სინათლეზე თავისი ჩრდილი დახვდა, შეეშინდა და სოროში უკან შებრუნდა ე.ი. გაზაფხული მალე არ მოვა, ზამათარი კი ხანგრძლივი იქნება, მინიმუმ კიდევ 6 კვირა. ანუ ჩვენებურ კაცს ამერიკელთან ერთად უკან, სოროში უკან შეძრომისა და ძილის გაგრძელების “ლეგიტიმური” უფლება აქვს, რადგან ადრეული გაზაფხული მას არ ემუქრება. რეალურ ცხოვრებაში კი პრინციპული საკითხია, თუ ვინ როგორ იყენებს ამ უფლებას. სხვათა შორის, ვირზაზუნას ფილი ჰქვია, ანუ იგი ფილი -ადამიანის სეხნიაა თუ პირიქით.  ჰოდა, ფილი (ადამიანი) თავის კოლეგებთან ერთად ამ ვირზაზუნულ ცერემონიალს, აფართხალებულ, დაბნეულ ფილს (ცხოველს), აჟიტირებულ ცერემონიალისტებსა და კიდევ უფრო სიხარულისგან და სანახაობისგან გამოცოცხლებულ ხალხს ვიდეოკამერით იღებს. დიდი “შემოქმედებითი წვის” შემდეგ,  ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე, ძლივს დამონტაჟებული სიუჟეტი ბოლოს და ბოლოს მზადაა, მაგრამ დიდთოვლობის გამო გადამღები ჯგუფი ვერსად მიდის და იგი ამ პატარა ქალაქში ჩარჩება. მთელი უბედურება კი იმაში მდგომარეობს, რომ ფილს სამი თებერვალი არაფრით უთენდება. თავიდან თითქოს სახალისოცაა: გინდ იყაჩაღე, გინდ პოლიციელებს მიაყენე შეურაცხყოფა, არაფერი გემუქრება, რადგან აქ “ხვალ” არასოდეს დგება. ანუ ადამიანი ლამის უიმედოდ მონოტონურ 2 თებერვალშია ჩარჩენილი, გაქვავებული, მარილის სვეტად ქცეული. ამგვარი გაშეშება ორივე ფილისთვის და, მითუმეტეს, მსახიობ ბილ მიურეისთვის, ბუნებრივია, ცხოვრებისეული დიდი კატასტროფა არაა; ქვეყნისთვის და მისი ხალხისთვის კი ერთი და იგივე წრეზე სიარული არასავირზაზუნო დიდი ტრაგედიაა. სამი თებერვალი კი ფილისთვის მხოლოდ მაშინ დგება, როცა იგი თავად გადაწყვეტს, შეცვალოს თავისი ცხოვრება, როცა სიყვარულს უმხელს მას, ვინც დიდი ხანია უყვარს. ამერიკული ჰეპი – ენდი? კონფლიქტოლოგიური ცნება “კონფლიქტების გადაწყვეტის ტექნიკა”? რატომაც არა?

ქართულ რეალობაზე ფიქრის დროს რატომღაც ყოველთვის “ვირზაზუნას დღე” მახსენდება. ეს ფილმი იაპონიის წლევანდელმა ტრაგედიამაც გამახსენა. და აი, რატომ. მწარედ მახსოვს ის, რომ წინა საუკუნის ბოლო ათწლეულის სამოქალაქო ომის დროს ტელევიზიით ჭუბერზე დაგდებული, გაყინული გვამების ჩვენების შემდეგ დიქტორი ინდიფერენტული ხმით ხან თავად არეკლამებდა ტურისტულ ფირმას “თეთრი რაში”,  ხანაც ტელეეკრანზე დრო და დრო “თეთრი რაში” თავად ჩნდებოდა. ეს 2008 წლის აგვისტოშიც არ შეწყვეტილა. რასაკვირველია, ვგულისხმობ სხვა ტურისტული კომპანიისა თუ კომპანიების “პრომოუშენს”. ქვეყანაში ომი იყო და პარალელურად – ტურისტული სეზონიც. იაპონელებმა კი თავსდამტყდარი უბედურების დროს ტელეკომპანიებს სთხოვეს, რომ მათ კომერციული რეკლამის ჩვენება საერთოდ შეეწყვიტათ. შეწყვიტეს კიდეც. ქვეყნის ტრაგედია ტრაგედიაა იმათთვისაც, ვისაც ტელევიზორი უმუშავებთ. . . . 1923 წლის 1 სექტემბერს იაპონიას საშინელი სტიქიური უბედურება დაატყდა თავს. მაშინ ლამის ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა და უკვალოდ გაქრა. პირველი, ვინც ამ ნაციონალურ უბედურებას გამოეხმაურა, იაპონური მაფია “იაკუძა” იყო, რომელიც დანგრეული ტოკიოს აღდგენას შეუდგა. ეს იაპონიაა. საქართველოში კი ფული და ძალები იმისთვის მობილიზდება, რომ “სისხლი აჩუხჩუხდეს” და იქნებ ისევ, როგორმე, რამენაირად კვლავ 2 თებერვალში „გავრჩეთ“. სხვათა შორის, 2 თებერვალი (1992) საქართველოში სწორედაც რომ აღნიშვნის ღირსი თარიღია. თბილისის ცირკთან უიარაღო მომიტინგეთა დახვრეტის დღე. მაგრამEეს საქართველოა. და განა პრობლემა იმაშია, რომ ქართველის თავში იაპონური ტვინის ტრანსპლანტაცია ეფექტიანი ოპერაცია იქნებოდა, ანდა ატომური დაბომბვა “გვიშველიდა”. პრობლემა არა “სონის” მაგნიტოფონებისა თუ ნანოტექნოლოგიების წარმოების უნარში ან მეცნიერების პრიორიტეტულ დაფინანსებაშია. Pპრობლემა საკითხისადმი, საქმისადმი მიდგომაშია, ერთგვარ ქართულ “განწყობის თეორიაშია”, დისციპლინურებულ სისტემაშია. პრობლემა ერთი მსხიობის  თეატრშია ან თეატრში, რომლის სცენაზეც მხოლოდ ძველი და ახალი გვარდიის შერკინება  თამაშდება; პრობლემა განა ზომასა და რაოდენობაშია, არამედ – შინაარსსა და ხარისხში. მხოლოდ რაოდენობაზე ორიენტაციამ თავად იაპონელებიც მიიყვანა მძიმე შედეგამდე – “ტოიოტას” ტექნიკურ გაუმართავობამდე, ამ კომპანიის ავტომობილების არაფორმალურ დისკრედიტაციამდე და მრავალმილიარდიან ზარალამდე.   წინა საუკუნეში, როცა ერთ-ერთ ამერიკულ ქალაქში საავტომობილო ქარხანა “ჯენერალ მოტორსი” გაკოტრდა და დაიხურა, ამერიკელები გამოცდილების გასაზიარებლად და სასწავლებლად იაპონიაში ერთ-ერთ საავტომობილო ქარხანაში გაემგზავრნენ. ერთ მშვენიერ დღესMმანქანის აწყობის ორ კონვეირზე ამერიკელებმა და იაპონელებმა ერთგვარი შეჯიბრიც კი მოაწყვეს და . . . სტუმრები შოკში ჩავარდნენ. ძალიან გაუკვირდათ იაპონელების დამოკიდებულება არა მარტო საქმისადმი, სუპერვაიზორ – კოლეგებისადმი, არამედ – კონკურენტებისადმიც. თუ იაპონელების კონვეირზე რაიმე პრობლემა იქმნებოდა, “ზედამხედველი” ისედაც იქვე იყო, იგი ერთ-ერთი მათთაგანი იყო  და მუშას საყვედურებით კი არ ავსებდა, საკუთარ სტატუსს კი არ “იმკვიდრებდა”,  არამედ რეალურად ეხმარებოდა და თან მას რჩევასაც ეკითხებოდა: როგორ ფიქრობ, რაა საჭირო ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმისთვის, რომ შენც და კონვეირმაც უკეთესად იგრძნოთ თავი, უკეთესად იმუშაოთო? ის კი არა, ამ “კონვეირული კონკურსის” დროს, როცა ამერიკელებს თავიანთ კონვეირზე რაღაც უჭირდათ, იაპონელები მათაც კი ეხმარებოდნენ . . .  ამ და, ალბათ, არა მარტო ამ კონკრეტულ ქარხანაში პრინციპი “ერთი – ყველასათვის და ყველა – ერთისათვის” მოქმედებდა. მაგრამ არა  ქვის  ხანის – ინკვიზიციურ – ბოლეშევიკურ – ძველბიჭური, გნებავთ, კამიკაძური პრინციპით ან მაფიოზობანას თამაშის სცენარით, არამედ – ერთმანეთზე და საქმეზე ორიენტაციის ფილოსოფიით. ამისთვის კი ადამიანებს, როგორც მინიმუმ, წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, თუ რას ნიშნავს “ერთმანეთი” და რას – “საქმე”. ამგვარი ორიენტაციის ქონა-არქონა, რომელიც, ფაქტრობრივად, ყოფნა-არყოფნასაც ნიშნავს, ჩვენებური, ქართული პროგრამის განსკუთრებული ნომერია. “ვირზაზუნას დღეში” 2 თებერვალი 34 – ჯერ დგება. ჩვენც რა გვეჩქარება? ხვალაც ხომ ამ თვის, წლის, საუკუნისა და ათასწლეულისაა . . .