სოსო დოლიძის ბლოგი

არ განიკითხოო და როგორ არ განვიკითხო?

28.03.2011 |
არ განიკითხოო და როგორ არ განვიკითხო?

საკმაოდ ხმამაღალი სათაურია არა? თუ ამას კითხულობთ, ესე იგი წამოეგეთ და ესაა…

საკმაოდ ხშირად ვეცნობი ქართულ ვებ სივრცეს, სტატიებს, ბლოგებს, ონლაინ ჟურნალებს (“სარკეს” და “თბილისელებს” არ ვგულისხმობ, არა იმიტომ, რომ გოიმობაა, არამედ მე არ მომწონს უბრალოდ). ძალიან ბევრი იწერება ქართული ეკლესიის შესახებ, როგორც კრიტიკა, ისე – ქება, თუმცა კრიტიკა ჭარბობს იმ ლიტერატურაში, რომელსაც მე ვეცნობი. ეს თემა მოდაშიც კი შემოვიდა. არ მინდა ჩემი შეხედულებები და თეორიები მოგახვიოთ თავზე, ვერიდები ხოლმე რელიგიისა და პოლიტიკის თემებზე საჯაროდ წერას (რაც ყველაზე საინტერესოა, იმას).

უბრალოდ შემოგთავაზებთ ერთ ამბავს, რომელიც დღეს გადამხდა. ფაქტი განსჯისათვის, არანაირი პირადული, მხოლოდ ბიზნესი:)

მანამდე, ორი სიტყვით ჩემზე გეტყვით. მე ვარ ერთ–ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ამჟამად ვმუშაობ შვილობილობის, იგივე მინდობითი აღზრდის ინსტიტუტის გაძლიერებაზე საქართველოში, კერძოდ, კი მევალება მიმღები ოჯახების მოძიება, შეფასება და დარეგისტრირებაში დახმარება.

აქვე მოკლედ მოგახსენებთ მინდობითი აღზრდის რაობას: „მინდობით აღზრდა, ანუ ბავშვის შვილობილად აყვანა სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ შვილობილის მოვლას და აღზრდას გულისხმობს. მინდობით აღზრდა მიუსაფარი და მზრუნველობამოკლებული ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების რეალიზების საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებას, მის სოციალიზაციას და ადაპტაციას საზოგადოებაში“. ეს მოკლედ, დაწვრილებით იხილეთ ლინკი:  http://bit.ly/goenFQ

დღეს გახლდით ვიზიტზე ერთ–ერთ პოტენციურ მიმღებ მშობელთან (ბუნებრივია, არ დავასახელებ სახელებს, გვარებს და ადგილებს). მაქსიმალურად შევეცადე,  რომ მომეწონებინა ამ ოჯახისათვის მინდობითი აღზრდის რაობა. ვცდილობდი, რაც შეიძლება მიმზიდველად წარმომეჩინა ეს საქმე. ნუ, ოჯახიც მონდომებული იყო, რომ შვილობილად აეყვანათ ბავშვი, აკმაყოფილებს ზოგად სტანდარტებს და სავარაუდოდ, ამ ოჯახის დარეგისტრირება არ გაჭირდება (ამ ეტაპზე ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში), თუმცა ეს არ არის მთავარი ამ საკითხში.

საუბრის დასასრულს დიასახლისმა შემდეგი რამ მითხრა:

“ერთი მეზობელი მყავს, ძალიან უნდა, რომ გახდეს მიმღები მშობელი, ეკონომიურადაც არა უშავს, არც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს რაიმე განსაკუთრებული, არც ნასამართლევია მასთან ვიმე. ოჯახს სურს გახდეს მიმღები ოჯახი, უბრალოდ, მოძღვარმა ურჩია, რომ მინდობით აღზრდაში არ აიყვანოს ბავშვი, რადგან ბავშვი ხომ უნდა დაბრუნდეს შემდეგ ბიოლოგიურ ოჯახთან, მერე შეიძლება ესენი შეიყვაროს და მშობლები შეიძულოს და ეს დიდი ცოდვააო. მე რა ვქნა? ცოდვას ჩავდივარ ხომ მეც? რაიმე ხომ არ დამემართება?”

ნუ, რა უნდა მეპასუხა, ძალიან მინდოდა გულით გამეცინა, მაგრამ ენაზე ვიკბინე მწარედ, ისე რომ სისხლი წამომივიდა და სიმწრის შეგრძნებით ჩავიკალი ჩემი “გულქვა” იუმორი.  ეს იყო ჩემი პირველადი რეაქცია. ბუნებრივია, არ დამიწყია იმ მოძღვრის განკიცხვა, ვუთხარი, რომ უბრალოდ  ის მღვდელი სიტუაციაში კარგად ვერ გაერკვა, ან არ იცის ზუსტად მინდობითი აღზრდის რაობა და თუ გინდა შემახვედრეთ და მე ავუხსნი ამ ოჯახს ყველაფერს–თქო . ეს ვუთხარი და ნასიამოვნები დავრჩი ჩემი კორექტულობით, სამსახურეობრივი მიუკერძოებლობით და რა ვიცი, რითი აღარ   .

ბუნებრივია, არ ვაკრიტიკებ მართლმადიდებლურ მიმდინარეობას. ვფიქრობ, უბრალოდ  ”ცუდი რელიგია” არ არსებობს, მე ვაკრიტიკებ იმ არაპროფესიონალიზმის და უცოდინარობის აპოთეოზს, რომელსაც, სამწუხაროდ, მყარად აქვს გადგმული ფესვები და ასე მომრავლდა ამ ბოლო დროს ქართული, მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურებში და არა მხოლოდ (უფრო სწორად, ინფორმაციის გაცვლის საშუალებების გავრცელების ფონზე უფრო ჩანს ეს ყოველივე ).

აქვე დავძენ, რომ რაიმე დიდი ტრაგედია არ არის, თუ რომელიმე მართლმადიდებელი მღვდელი თავის საქმეში დილეტანტია, პროფესიონალი და უცოდინარი ყველგანაა და ეკლესიამ რა დააშავა, კაცო, აქაც იქნება, ეს უბრალო ლოგიკაა.  მთავარი პრობლემა საზოგადოების დამოკიდებულებაა სამღვდელოების პირების მიმართ, რომ სასულიერო პირმა ყველაფერი იცის, ყველაფერზე აზრი მოეკითხება და არ შეიძლება რომ ცდებოდეს, რადგან ღმერთთან აქვს მას კავშირი. ტრაგედიაა ზუსტადაც ის, რომ ამ ერთი გაუნათლებელი მღვდლის სიტყვას, ძალიან ბევრისთვის მეტი წონა აქვს, ვიდრე ამ სფეროში რომელიმე კვალიფიციური და პროფესიონალი ექსპერტის აზრს.
ნუ განიკითხავო და როგორ არ განვიკითხო? …