გია მარიამიძის ბლოგი

მე არ მწამს შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის

მე არ მწამს  შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის

‘’არ არსებობს სულის გადარჩენა ეკლესიის გარეშე’’ – ეს მრავალჯერ  თქმული დოგმა ყველასთვის ნაცნობია. მე არ მწამს, თითქოს, როცა ადამიანი სინდისიერად ცხოვრობს და  ცდილობს იმოქმედოს  პრინციპით: სხვას მოექეცი ისე,  როგორც შენ გინდა მოგექცნენ  –  მისი სული არ ცხონდება და ჯოჯოხეთში მოხვდება.  არ მწამს, თითქოს  ეკლესიაში სიარული, სახლის კედლების ხატებით მორთვა  და ხშირად პირჯვრის წერაა მთავარი და არა – ადამიანის საქციელი,  რიტუალია მნიშვნელოვანი  და არა – ქმედება. არ მწამს  -‘’ყველაფერი ღვთის ნებაა’’,  ადამიანი ღმერთს ვერ დაუკავშირდება ეკლესიის გარეშე,  მას ამის უნარი არ აქვს და ქვემოდან ზემოთ კავშირი მხოლოდ მღვდლის საშუალებით შეიძლება დამყარდეს.   არ მწამს – ტაძრის შენობა ჩვეულებრივი ბეტონის და ქვის ნაგებობა კი არ არის,  მისტიკური სუბსტანციაა.  ქორწინება, ნათლობა, ზიარება – სიმბოლური რიტუალი კი არა, მაგიური ქმედებაა. თითქოს, როდესაც მღვდელი ნათლობის რიტუალს ატარებს,  რაღაც უხილავი, მაგიური კავშირი მყარდება ღმერთთან,  რომ მღვდლის  სიტყვები ჯადოსნური გასაღებია, რომელიც პირდაპირ კავშირს ამყარებს  ზეცასთან.  ვაითუ, მღვდელს ერთი სიტყვა გამორჩა ნათლობის ტექსტიდან, მაგიური ‘’პაროლი ‘’ ზეციურ კარიბჭეს  არ მოერგება და ნათლობა ვეღარ  შედგება? ვაითუ,  მღვდელი უქეიფოდ არის და ლოცვიდან არათუ ერთი სიტყვა, არამედ მთელი წინადადებაც გამოტოვა..  ეს ზღაპრული  ალი-ბაბას გამოქვაბულს  ჰგავს,  თუ ჯადოსნური სიტყვა – ‘’სიმსიმ, გაიღე’’ – არ იცი,  კლდე არ გაიხსნება და გამოქვაბულში ვერ შეხვალ. სასულიერო პირების ღმერთთან უშუალო კავშირს ეკლესია მოციქულთა ხელიდან  ღვთის მადლის მიღებით ხსნის . თითქოს, ეს მადლი საუკუნეთა მანძილზე გადაეცემოდა ეკლესიაში მოღვაწე პირებს და დღემდე  ყოველი ახალი მღვდლადნაკურთხი  ამ მადლს იძენს. აქ ერთი კითხვა ჩნდება: როდესაც რუსეთის იმპერიამ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო გააუქმა და რელიგიურ ცხოვრებას რუსეთიდან მოვლენილი ეგზარქოსი  განაგებდა,  მოციქულთა მიერ გადმოცემული მადლი არ შეწყვეტილა?  ეს მადლი სად ინახებოდა 100 წელიწადზე მეტ ხანს? და ხელახლა აღდგენილმა პატრიარქმა ქართული ეკლესიისთვის ბოძებული ეს მადლი სად მონახა,  ისევ ანდრია პირველწოდებული ეწვია და გადასცა?  არ არის მნიშვნელოვანი ლოცვის ტექსტის სიზუსტე,  მღვდლის მოოქროვილი სამოსის ფასონი, არც მირონია იდუმალებით მოცული სითხე და უბრალოდ, ღვინის, ზეთის და სურნელოვანი ბალახის ნაზავია. ნათლობასა და სხვა ეკლესიური საიდუმლოებებში არ არის იდუმალება – სიმბოლური რიტუალია და მეტი არაფერი.

კოლექტიური პასუხისმგებლობა..

თუ შევთანხმდებით, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და მის კონსტიტუციაში ‘’მოლოხის’’ ღვთაება ისტორიულად განსაკუთრებული მნიშვნელობის  რელიგიად არ არის მოხსენიებული, მოგვიწევს თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების უმაღლეს ფასეულობად აღიარება. მე არ მწამს –  ღმერთი სჯიდეს უდანაშაულო ადამიანს სიკვდილით, ავადმყოფობით, სტიქიური უბედურებით.  ანათემა – ეკლესიის მიერ რაიმე საქციელისთვის დასჯა-დაწყევლაა.  ეკლესია არა მარტო დანაშაულის ჩამდენს, მის შთამომავლობასაც წყევლის. დაწყევლილის შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი, შვილთაშვილის შვილი და ასე, მეშვიდე თაობამდე ცოდვილებად ითვლებიან. დაწყევლილის შთამომავლები ჯერ არ დაბადებულან,  400 წლის შემდეგ დაიბადებიან და უკვე დამნაშავედ ჩაითვლებიან იმაში, რაც არ ჩაუდენიათ..  კითხვა: რა იციან ამ ადამიანებმა – მღვდლებმა, რომ ასი, ორასი, სამასი  წლის წინათ მათი წინაპარი არ ყოფილა ანათემას გადაცემული და  დაწყევლილი? დღეს კი  თავად წყევლიან სხვას და წინაპრების ცოდვის მატარებლის არაფერი ეტყობათ. თვით ილია მეორემაც არ იცის მისი 400 წლის წინანდელი წინაპარის ბიოგრაფია და ისიც შესაძლებელია, რომ  ანათემასგადაცემული დაწყევლილი ყოფილიყო, მაგრამ ამის მიუხედავად, უწმინდესად და უნეტარესად მოიხსენიებს მრევლი. მე არ მწამს – მოუნათლავი ჩვილების ჯოჯოხეთში მოხვედრისა მხოლოდ იმიტომ, რომ, თურმე, ადამს ოდესღაც ცოდვა ჩაუდენია და ეს ცოდვა დღემდე ყოველ ადამიანს – ადამის შთამომავალს დაბადებიდანვე თან დაჰყვება. სინოდის წევრებმა  უცოდველი ჩვილის სული  ჯოჯოხეთისთვის, დაღუპული ბავშვის მშობლები კი, დარჩენილი ცხოვრება ტანჯვისთვის გაიმეტეს,  რაკი  ვერ მოასწრეს სამშობიაროში მღვდლის მიყვანა. ან კი როგორ მოახერხებდნენ ამას,  თუ ბავშვი მშობიარობის დროს დაიღუპა? არ მწამს –  ყველაფერი,  ცუდი თუ კარგი, რაც კი ადამიანს გადახდება თავს,  ღვთის სასჯელად თუ საჩუქრად  გასაღება.  მარტივი კითხვა ჩნდება: მღვდლებს ვირუსი არ ეკარებათ? ილია მეორეს რომ შეეყარა  ვირუსი, რა იყო,  ღვთის სასჯელი?   ნუთუ ადამიანი, რომელიც უწმინდესად და უნეტარესად იწოდება,  სცოდავს ისე, რომ ღმერთმა ბანალური ვირუსი შეჰყარა?  არ მწამს – როდესაც ფიზიკური თუ სულიერი შეჭირვებით დაბადებულებს წინაპრების ცოდვებისთვის დასჯილებად ასაღებენ.  სასულიერო პირებს არ ჰყავთ დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობების შვილები? რა ცოდვების გამო ‘’დასაჯა’’ ღმერთმა? სისასტიკეა, რაიმე თანდაყოლილი ავადმყოფობით დაბადებულ ბავშვს არ აკმარო გასაჭირი, მშობლების ცოდვებისათვის დასჯილის  ეკლესიური ‘’დამღა’’ დაადო და სამუდამოდ გასწირო ადამიანი საკუთარი მშობლებისადმი გულნატკენი დამოკიდებულებისათვის. არ მწამს – პატრიარქის სიტყვების, თითქოს,  კომუნისტების მმართველობის დროს ეკლესიების დამანგრევლები ღმერთმა ოჯახითურთ დასაჯა. ეს ტყუილია, მშვენივრად გრძნობენ თავს ყოფილი ბოლშევიკური ნომენკლატურის შთამომავლობა და ბევრი მათგანი დღემდე ელიტას ეკუთვნის. მოუნათლავ ჩვილთა სულების ჯოჯოხეთში  განწესება, ავადმყოფობებით ადამიანების დასჯა და სტიქიურ უბედურების გამოწვევაში გარკვეული ჯგუფების დადანაშაულება ძალაუფლების განმტკიცებისთვის ხდება. თუ მიწისძვრა მოხდა, დაზარალებულები  ღმერთს პასუხს ვერ მოსთხოვენ, მაგრამ მეზობელ ’’ ცოდვილზე ‘’ კი შურს იძიებენ, ეს შიშის მეშვეობით ხალხის მართვაა.

მისტიციზმი და დოგმატიზმი

მე არ მწამს, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. მფარველობა ქართულ მიწაზე ვრცელდება, თუ ქართველ ერზე? თუ მიწაზე, მაშინ გამოდის, რომ თურქეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილიც ღვთისმშობლის მფარველობაშია (სომხეთი და რუსეთი უჩვენოდაც თავს წილხვედრად თვლიან) – ჰერეთი, ტაო კლარჯეთი და სხვა ხომ ქართული მიწებია? მაშასადამე, თუ თურქმა თქვა, რომ თურქეთის ნაწილი ღვთისმშობლის წილხვედრია, არ უნდა გაგვიკვირდეს. თუ ქართველ ერს მფარველობს, მაშინ  გამოდის,  რომ ამერიკაში მცხოვრები ქართველებიც წილხვედრნი არიან მათი ბინებით და ოფისებისთურთ. თუ წილხვედრობა  ერის და მიწის ერთობით ხდება,  სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი მფარველობის გარეშე რჩება – იქ ქართველი ცოტა ცხოვრობს. არ მწამს – რწმენისთვის ასი ათასი  წამებულის. ვინ დაითვალა მოკვდინებული ადამიანები და საიდან ეს მრგვალი ციფრი? ეგებ ასი ათას ერთი ადამიანი იყო,  რატომ უნდა დაიკარგოს ერთი ადამიანის ხსოვნა? როგორ მოხდა ეს,  როდესაც იმ დროს თბილისში ამდენი ადამიანი არ ცხოვრობდა?  დავუშვათ, რომ ეს რიცხვი  სიმართლეა, მაშ, რატომ არსებობს ქალაქი თბილისი, თუ მთელი მოსახლეობა შეეწირა მტერს? ხელახლა  ვინ შეავსო დაცარიელებული ქალაქი? სოფლებიდან იმ დროს ხალხი ქალაქად ვერ ჩამოვიდოდა, ბატონი თავის ყმას არ გაუშვებდა. არ მწამს -პატრიარქის მითი მტრედზე. თითქოს,  ილიას დაბადებისას ოთახის ფანჯარასთან  მტრედი მოფრინდა და ეს ღვთიური ნიშანი  იყო.  მას შემდეგ მტრედი თან სდევს პატრიარქს, იგი ‘’სამების’’ საზეიმოდ გახსნის დროსაც გამოჩნდა. ბავშვობისდროინდელი ამბავი არ ვიცი, მაგრამ ‘’სამების’’  ტაძარში კი მტრედი მართლაც შეფრინდა, ტელეკამერამ პირდაპირ ეთერში  ჭაღზე მჯდომი მტრედი დააფიქსირა, წამყვანმა კი  ეს ფაქტი სასწაულად შერაცხა. ცოტა ხანში  გაზეთში დაიწერა მტრედზე, რომელიც ‘’სამებაში’’ შეფრინდა და უკან გამოფრენა აღარ უნდოდა. კიდევ ცოტა ხნის შემდეგ, უკვე ტელევიზიით გვაჩვენეს ნახატი, სადაც ტახტზე მჯდომ პატრიარქს მტრედი მხარზე აზის. ასე იქმნება თანამედროვე მითები –  ამბავი მტრედზე  სასწაულად მოინათლა.  მე არ მწამს –  ღმერთის მოსამადლიერებლად ცხოველების დაკვლის, ეს ეკლესიასაც არ სწამს,  მაგრამ მაინც არ უშლის ხელს ამ წარმართულ ტრადიციას და მღვდლები დაკლული პირუტყვის ხორცის ნაწილზეც არ ამბობენ უარს. არ მწამს – ქალის და კაცის უთანასწორობის. ზოგი სალოცავის ახლომახლო ’’წმინდა’’ არემარესთან ქალის მიახლოება აკრძალულია, ისევე, როგორც ქალის საზოგადო საქმეებში და პოლიტიკაში აქტიურობა. ერთი ლეგენდის მიხედვით,  კაცის სამოსში გადაცმულ ქალს სალოცავთან მიახლოვების გამო  ღმერთი განურისხდა და მეხი დასცა. სინამდვილეში კი,  ზემორწმუნე ქალები პოლიტიკოსობენ, მიტინგებზე თამადობენ და პრეზიდენტად გახდომასაც ლამობენ. ამ ქალბატონებს საპატრიარქო არათუ ხელს არ უშლის,  გულშემატკივრობს კიდეც.  თავად საპატრიარქოშიც არ უნდა თამაშობდეს ერთი ქალი  მეორეხარისხოვან როლს. არ მწამს – ბერი გაბრიელის სახელის გარშემო დატრიალებული მაგიური ბიზნესის. გაბრიელის ლევიტაციის (ჰაერში ფრენის),  მასთან მოლაპარაკე ხატების, გარდაცვალების შემდეგ მიწის გაპობის,  ნაპრალში მისი ჩასვენების და მიწის თვითონ წაყრის.  არ მწამს – ნაკურთხი წყლის სმით ავადმყოფობისგან განკურნების. ‘’თუ რწმენით დალევ, განიკურნებიო’’. აბა,  ილია მეორეს რწმენა სუსტი აქვს,  ნაკურთხი წყლის დალევის ნაცვლად, კლინიკაში რომ მკურნალობს?  არ მჯერა – ილია მეორეს მიერ ქარაშოტის შეჩერების, მოსიარულე თუ სწრაფშემსმენი ხატების და მესმის,     რატომ ხდება ასე ხშირად ხატების ჩამობრძანება – წინა ხატმა თუ არ გიშველა, ახალთან ილოცებ.  არ მწამს – მორჩილების. ადამიანის ცხოვრების აზრი შემოქმედებაშია და არა– მოძღვრის მითითებების მექანიკურად შესრულებაში.

პოლიტიკაში  ჩარევა

მე არ მწამს-ეკლესიის პოლიტიკაში ჩარევის, მრევლზე გავლენის გამოყენებით სამოქალაქო საზოგადოებისთვის   ხელის შეშლის,  ეკლესიის განუსაზღვრელი უფლებების – პასუხისმგებლობის გარეშე. მონარქიის შემოღების მცდელობის და საკრალური მეფის მეშვეობით  ხალხის მანიპულირების.  არ მწამს-პატრიარქის მიერ აფხაზეთის მისტიკური ხერხებით დაბრუნების. აფხაზეთში რუსეთის ხელშეწყობით გამგზავრებით,  მიწების დაბრუნების ილუზიის შექმნის და ამით  რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმის. ეპისტოლეებში შეთქმულების თეორიების ქადაგების, უხილავი და ხილული მტრით ხალხის დაშინების. მრევლის დარწმუნების, თითქოს გვერჩიან, ეროვნულობას გვაკარგვინებენ,  ტრადიციებს გვინგრევენ და მართლმადიდებლობას ებრძვიან. ტრანსნაციონალური კომპანიების საფრთხედ მოხსენიების და ამავე დროს,  მსოფლიოში ყველაზე დიდი მედია ტრანსნაციონალური კომპანიის «News Corporation» –ის საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავ ბანკეტზე პატრიარქის სტუმრობისა და პატარკაციშვილის  დალოცვის.  არ მწამს–ქართველი ერის გამრავლების ქადაგება და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გავრცელების მტრობად გამოცხადების,  რის შედეგადაც, ღატაკ ოჯახებში ათი  და მეტი დაბადებული ბავშვი ქუჩაში მათხოვრობისთვის არის განწირული. არ მწამს – რელიგიის იდეოლოგიად ქცევის. რწმენას და იდეოლოგიას შორის სხვაობა მნიშვნელოვანია. რწმენას ვერ დაასაბუთებ, სასწაულის ახსნა შეუძლებელია. შესაბამისად,  რასაც ვერ ასაბუთებ, მტკიცებულებად და არგუმენტად ვერ მოიტან. იდეოლოგიას კი ცოდნაზე აქვს პრეტენზია და, შესაბამისად,  თუ ამ სასწაულებრივ ‘’ფაქტებს’’ არ იზიარებ,  ჭეშმარიტების წინააღმდეგ მიდიხარ და სასჯელს იმსახურებ..                               

აპოკალიფსი

მე არ მწამს – შიშზე დამყარებული ძალაუფლების.  ‘’ბოლო ჟამის’’ ნიშნების ძებნის  და აპოკალიფსის მოლოდინის, რაც ხელს არ უშლის მრევლს – ბანკიდან სამომხმარებლო  სესხების გამოტანასა და ბინის ძვირფასი საყოფაცხოვრებო ტექნიკით კეთილმოწყობაში. საბოლოოდ ჟამიერი მითოლოგიის შექმნა – მრავალჟამიერის სულისკვეთებით. მოახლოებული სამყაროს დასასრულის შიშს უსაზღვრო სიამაყეც ახლავს თან. მრავალ ქვეყანათა შორის ღმერთმა საქართველო გამოარჩია. ეს თემა მთავარი პროპაგანდისტული იარაღია ეკლესიის ხელში. ქრისტე  მეორედ მოსვლისას   დედამიწაზე გავრცელებულ 6 ათას ენას შორის ქართულს გამოარჩევს და ჩვენს ენაზე განიკითხავს კაცობრიობას. საინტერესოა,  ვინც ქართული არ იცის, მათ რა ეშველებათ? ვინც ვიცით,  ნაადრევად ნუ გავიხარებთ,  რადგან რომელი ქართულით მოგვიწევს უფალთან ურთიერთობა, ეს გარკვეული არ არის.  ამ ‘’ღმერთის ენაში’’ უამრავი სპარსული, არაბული, თურქული, ბერძნული და სხვა ენების სიტყვები გვაქვს და გამოდის, რომ  ქართული მთლად ქართულიც ვერ არის  და  თუ ეს არაქართული სიტყვები გამოვაკელით,  ბევრს ვერაფერს ვიტყვით. თუ არა და, ქართულთან ერთად თურქულ-სპარსულ-არაბულიც გამოერევა განკითხვის საკომუნიკაციო  ენას.

კორუფცია და მომხვეჭელობა

არ დავწვრილმანდები და არაფერს ვიტყვი ბიუჯეტიდან შეწოვილ მილიონებზე, ნაფეშქაშარ ჯიპებზე, სასახლეებზე, შავი ფულით ნაგებ ეკლესიებზე, საპატრიარქოს ფუფუნებაზე და ეზოში მოსეირნე ფარშევანგებზე, ოქრო-ვერცხლზე და ბრილიანტებზე. ამის შესახებ არ  ღირს საუბარი – ბევრჯერ თქმულა.. მატერიალური ფასეულობები რა მოსატანია იმ ზიანთან,  რასაც საპარტიარქო სჩადის ამ ქვეყნის მიმართ. რა მოსატანია მიწიერი კორუფცია,  როდესაც სამღვდელოებამ ღმერთის პრივატიზება მოახდინა და მისი სახელით ლაპარაკში მონოპოლისტი გახდა.

P. S.  ეკლესია ამ და სხვა მრავალი უარყოფითი მოვლენისგან თუ განთავისუფლდება, მღვდლისას მეც ვიწამებ.