ლაშარელას ბლოგი

გაიღიმე :)

04.05.2011 | 1184 |
გაიღიმე :)

“პირველად იყო ღიმილი…”, ღიმილის რა მოგახსენოთ, მაგრამ პირველ არხზე იყო ერთი გადაცემა, რომელიც ნინო ზაუტაშვილს მიყავდა. ერთხელაც, თუ არ ვცდები ნუგზარ კვაშალს, ფურცელზე ამობეჭდილი ორწერტილი, ტირე და ფრჩხილის დახურვის ნიშანი აჩვენეს და ჰკითხეს _ თქვენი აზრით, რას აღნიშნავს ეს სიმბოლოები “კომპიუტერშიო”?

შეკითხვა ვერავინ გამოიცნო, მაგრამ ჩემს ცნობიერებაში სწორედ ამ მომენტიდან გაჩნდა ცნება სახელად  “სმაილი”.

ზუსტად ვერ გეტყვით, რუსეთისა და საქართველოს პირველი არხების ამარა დარჩენილმა ეს გადაცემა რომელ წელს ვიხილე,  სავარაუდოდ ოთხმოცდაათიანი წლები იქნებოდა (ზოგჯერ როგორ მინდა, გონებაში ისევე ვპოულობდე ვიდეოფაილებს, როგორც D დისკზე და იუთუბზე ვტვირთავდე). ოთხმოცდაათიანები ეს ჩვენთან, საქართველოში, სადაც ბევრმა არც კი იცოდა, რა იყო კომპიუტერი. თუმცა რეალურად “სმაილს”, არც მეტი და არც ნაკლები, ოფიციალური  დააბადების დღე გააჩნია  (1982 წლის 19 სექტემებრი).

ყველაფერი კი უბრალო მიმოწერით დაიწყო:

“19-Sep-82 11:44 Scott E Fahlman 🙂
From: Scott E Fahlman
შეტყობინებაში ხუმრობის მიმანიშნებლად მე გთავაზობთ, გამოვიყენოთ სიმბოლოთა შემდეგი თანხვედრა/კომბინაცია
🙂

(წაიკითხეთ გვერდულად)
ჩვენს შემთხვევაში კი  უფრო ლოგიკური იქნება შეტყობინებაში აღვნიშნოთ ის, რაც ხუმრობა არ არის. ამისათვის კი გამოვიყენოთ აღნიშვნა
:-(“

არსებობს სხვადასხვა ვერსია, რომელთა თანახმადაც, სმაილი გაცილებით ადრე,  მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა. როგორც არ უნდა იყოს, “ღიმილაკები” თანამედროვე ონლაინ კომუნიკაციის განუყოფელ ნაწილად იქცა. მომღიმარი და მოწყენილი ნიშნებიდან ღიმილაკებმა ევოლუციის საკმაოდ დიდი გზა განვლეს და გამრავალფეროვდნენ.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ სმაილების ლექსიკონიც კი შექმნეს, სადაც ღიმილაკები თემატურად არის დახარისხებული. თურმე ნუ იტყვი და ადამიანთა სოციალური ფენები ცალკე არის გამოყოფილი. მაგალითად: (_\_)  მემარცხენეს აღნიშნავს, (_/_)  –  მემარჯვენეს, (_><_)   კი  –  სულაც ცენტრისტს.

აქ კი პირადად მე მიჩნდება ერთი უწყინარი შეკითხვა: უნდა გამოვიყენოთ თუ არა ღიმილები როგორც აღნიშვნა, როდესაც რაიმე სტატიას ან თუნდაც ლიტერატურულ ნაწარმოებს ვწერთ?

პირადად ჩემთვის, ღიმილაკებით გაფორმებული ტექსტი იგივეა, რაც ტელეშოუ, რომელსაც წინასწარ ჩაწერილი სიცილები ადევს, რაც პრაქტიკულად მინიშნებაა – “ოეე, აქ უნდა გაიცინო”. მაგრამ, მეორეს მხრივ, ძახილის ნიშანი და მითუმეტეს ?! აღნიშვნა, ხშირად სწორედაც რომ ემოციონალური ასპექტების გამოსახატავად გამოიყენება.

რაღა დაგიმალოთ და, კარგად დაწერილ ტექსტში “?!”-ც კი მეზედმეტება, სწორედ ამიტომ ჩემს ბლოგზე ძალზედ იშვიათად ვიღიმი – მკითხველისთვის ხომ ისედაც ყველაფერი გასაგებია.

ახლა ვიღაც მადლიანი იტყვის –  ამან რომ არ გაართულოს, არ შეუძლიაო და მართალიც იქნება. თქვენი რა მიდის –  უბრალოდ გაიღიმეთ 🙂