სოსო დოლიძის ბლოგი

ცუდი აღზრდა

08.05.2011 |
ცუდი აღზრდა

ალბათ ძალიან ბევრს გინახავთ პატარა ბავშვი, რომლებიც დიდი „ენთუზიაზმით“ აწვალებს შინაურ ცხოველებს, ხოლო  მშობლის მხრიდან ასეთი ურთიერთობა წახალისებული თუ არა ხელშეშლილი არ ყოფილა.  გარდა იმისა, რომ ასეთი პათოლოგიური ქცევა არ არის მოსაწონი და ყურადღების გამახვილებას მოითხოვს, ამ სტატიის წერა ჩემმა ცხოველებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმაც განაპირობა.

ამჟამად არ შევეცდები ფსიქოანალიზის გაკეთებას, თუ რატომ უჩნდება ბავშვს ცხოველების ჩაგვრის სურვილი და ა.შ, ამის შესახებ ჯობია სამეცნიერო ლიტერატურა წაიკითხოთ, უბრალოდ, თვალსაჩინოებისათვის და განსჯისათვის ერთ მაგალითს მოვიყვან,  რომელიც ცოტა ხნის წინ შემემთხვა:

ამას წინათ, ერთერთ ოჯახში მომიწია სტუმრობა, ტერიტორიულად, თბილისის ერთერთ გარეუბანში (ბუნებრივია არ დავასახელებ მისამართს და სახელებსა და გვარებს). 
როგორც კი მვუახლოვდი სახლს, ეზოში (ოჯახი რომელშიც მე ვიყავი კერძო სახლში ცხოვრობს, რომელსაც პატარა ეზო აკრავს), დავინახე პატარა ბავშვი (7 წლის ბიჭი), რომელიც ეზოში დაბმულ დიდ, „მეცხვარის“ ჯიშის ძაღლს აჯავრებდა. ის დიდ ჯოხს ურტყამდა ძაღლს შორიდან, გამძვინვარებული ძაღლი კი მიიწევდა ბიჭისკენ და ჯაჭვის აწყვეტას ლამობდა.  ბიჭს ბედნიერების „უმაღლესი“ გრძნობა ჰქონდა აღბეჭდილი სახეზე ისეთი ძალით ხარხარებდა ძაღლის ყეფა „ძვლივს“ ისმოდა.  იქვე ახლოს დედამისი სარეცხს რეცხავდა და სულაც არ „სცხელოდა“ ბავშვისთვის. 

ბიჭმა დამინახა თუ არა ეზოში შემიპატიჟა. ბუნებრივია ვკითხე ბავშვს თუ რატომ აწვალებდა ძაღლს, რაზეც მიპასუხა, რომ ერთხელ ამ ძაღლს უკბენია მისთვის და ამით უხდის ხოლმე ცხოველს სამაგიეროს, მითხრა, რომ ყოველდღე  აწვალებს. მოკლედ ბავშვმა დიდი მონდომებით ჩამომიყალიბა არგუმენტები, რაზეც დედამისს ჩაეღიმა, თქვა რას გაუგებ ბავშვებსო.

კაი ბატონო, „ჯერ სად ხართ“.

დედა ოთახში შემიძღვა, სადაც მისი 5 მეზობელი ქალი იჯდა და ყავას მიირთმევდნენ.  შევედი, დავჯექი სკაზე და მოულოდნელად ეზოდან ფანჯარაში პატარა კნუტი შემოხტა.  ძალიან დამაინტერესა ამ ცინდალმა, კატას თავი  მარცხნივ ჰქონდა მოგრეხილი და ვერ მართავდა, მეც გვერდულად შემომხედა. თავდაპირველად გამეცინა (პატარა კატებმა ხო იციან თამაში, და მეთქი რაღაცას „ჩალიჩობს“), მაგრამ კატამ თავი რომ არ გაასწორა სერიოზულად დავფიქრდი, ერთი პერიოდი ისეთმა სულელურმა აზრმაც კი გამიელვა, რაიმე ასეთი ჯიში ხომ არ არსებობს და მე ხომ არ ვიციო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვკითხე ბიჭს შენს კატას რა სჭირსთქო რაზეც საოცარი პასუხი მივიღე: „ ეს კატა ხშირად ჭყავის და ნერვებს მიშლის, ერთხელ ისე გამაბრაზა ავიღე და მთელი ძალით დავახეთქე „პოლზე“, ისე რომ სისხლებიც კი გაასხა. მას მერე მოეღრიცა კისერი და დადის ახლა ასე, ნახე რა სასაცილოა“. ეს თქვა თუ არა 4 ივე მეზობელმა გადაიხარხარა და ერთხმად აღნიშნეს ამ „საყვარელი“ ბავშვის მოხერხებულობა და ეშმაკობა.  ერთმა ქალმა ისიც კი „დაიკვეხნა“ ეს რაა, ჩემი ბიჭი ბავშობაში ბაყაყებს ბერავდაო.

ვინც მიცნობს, კარგად იცის ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ცხოველებისადმი (ყველა ცხოველისადმი) და განსაკუთრებით კატებისადმი. ძნელი ასაღწერია თუ როგორ გავბრაზდი. არ მინდა ცალმხრივად მოვყვე და ჩემს „ცოდვასაც“ გეტყვით, იმ წუთისათვის, როდესაც ვუყურებდი ერთი ცხოველის ტრაგედიაზე ხუთ მოხარხარე ადამიანს, მზად ვიყავი ნებისმიერი დანაშაული ჩამედინა. ეს წუთიერად რა თქმა უნდა, როდესაც გამოვედი მცირე შოკიდან, სულ გადამავიწყდა რისთვისაც ვიყავი მისული ოჯახში, სკამი ჩავდგი ოთახის შუაში და წავიკითხე „ლექცია – სემინარი“  ცხოველთა უფლებებზე.  იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ჩემი საქციელი „მგლის თავზე სახარების კითხვას“ გავდა, მაგრამ ამით ერთგვარად დავხარჯე ის  დაგროვებული უარყოფითი ენერგია, რომელიც საშინელების ჩადენას მკარნახობდა.

რა თქმა უნდა ამ სიტუაციაში მთლიან პასუხისმგებლობას ბიჭის მშობლებს ვაკისრებ.

და… რისთვის ვყვები ამას, ბუნებრივია ერთი ოჯახისა და მისი რამდენიმე მეზობლის ქცევას არ გამოვიყენებდი პრობლემის განსაზოგადებლად, რომ არ ვიცოდე უამრავი მსგავსი თუ სხვანაირი მაგალითი.  რა თქმა უნდა, პრობლემა არაა მხოლოდ ბავშვებში (უფრო სწორად მათ უპასუხისმგებლო მშობლებში), უამრავი ზრდასრული ადამიანისა თუ ორგანიზაციის ქმედება მახსენდება ცხოველთა უფლებების დარღვევის შესახებ. ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო ალბათ რამდენიმე წლის წინ თბილისში ქუჩაში მცხოვრები  ძაღლების სრულიად უკანონო და გაუმართლებელი დევნა იყო.

გლობალურად ამ პრობლემის განხილვა შორს წაგვიყვანს, უბრალოდ ჩემთვის ყველაზე „გულზემოსახვედრი“ ის უამრავი ინდიფერენტული  მშობელია, რომელთათვისაც  თავიანთი ბავშვების ასეთი საქციელი უმნიშვნელოა და მხოლოდ „გართობის სფეროს“ წარმოადგენს. ყველაფერი ბავშობიდან იწყება და სწორედ ამ ასაკშია საჭირო ყურადღების მაქსიმალური გამახვილება,  ზუსტად აქაა საჭირო პრობლემების ძიება.

ვიცი, სტატიის წაკითხვის შემდეგ, სამწუხაროდ ბევრი იფიქრებს „უჰ ერთი ამას მოსცლიაო“. მე კიდევ ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთ „საქმიან“ ადამიანებშია  პრობლემა.  არა? მოდით,  ვიკამათოთ …