21 მაისს, შაბათისთვის ასე დაჟინებულად გამოცხადებული სამყაროს გარდაცვალების „ივენთი“ არ შედგა. შეცდა მისი წინასაწარმეტყველი, კალიფორნიელი ჰოვარდ კამფინგი. შეცდა არა მარტო ბიბლიური არითმეტიკის უცოდინრობის გამო, არამედ იმის გამოც, რომ ელემენტარული მარკეტინგული გათვლა ვერ გააკეთა. მიზეზი კი ძალზედ ტრივიალურია: მეორედ მოსვლა თავისი ბუნებით ისეთი ღონისძიება გახლავთ, რომ მისი „უიქენდზე“ ანონსირება იმთავითვე წამგებიანია, რადგან დასვენების დღეები საბოტაჟისთვის და მასობრივი პანიკისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო დროა. აი, კვირის რომელიმე სამუშაო დღე, მაგალითად, სიმძიმით გამორჩეული ორშაბათი ყველაზე სწორი მარკეტინგულ-მენეჯმენტური გათვლა იქნებოდა. ორშაბათ დღეს საყოველთაო განკითხვის შესაძლებლობას ადამიანები ნამდვილად დაიჯერებდნენ. თანაც სიხარულით. ანდა სულაც სამშაბათს რომ დაენიშნა. რაღაც მეცნიერული კვლევაც კი ჩაუტარებიათ და კონკურსში “კვირის ყველაზე მძიმე დღე“ სამშაბათს გაუმარჯვია. ადამიანები ორშაბათ–სამშაბათის „შატალოზე“ დაწყნარებული სინდისით საპატიო და კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლების მიზეზით წავიდოდნენ. ამ ჰოვარდმა განაცხადა: სწორედ იმ დღესვე უნდა მოინანიოთ თქვენი ცოდვებიო. აქაც შეცდა ეს კაცი. ასე ნაუცბათევად, დამკვრელურად მოსანანიებლის მონანიება არაბუნებრივი, არათანმიმდევრული და არამარკეტინგულია. ამ კაცმა ისიც თქვა, სამყაროს დასასრული იერუსალიმიდან დაიწყებაო; ზუსტად ღამის 11:59 – ზეო და მეორედ მოსვლას ტელევიზიით დააკვირდებითო. ერთი სიტყვით, შოუ გარანტირებულიაო. ნახევრად ხუმრობით, მორალი სანახაობის გარეშე თუ სანახაობით პროპაგანდაა, ხოლო სანახაობა მორალის გარეშე – ტელევიზია. ამერიკელმა ტელეწამყვანებმა იმდენი იხუმრეს ამ თემასთან დაკავშირებით, რომ არმაგედონის „ავტორს“ გვარიანად დაეხმარნენ – უფასოდ დიდი რეკლამა გაუკეთეს. სხვათა შორის, მეორედ მოსვლის ამგვარმა „პრომოუშენმა“ ზოგიერთის ფსიქიკაზე იმოქმედა კიდეც. თუმცა შედეგმა მოლოდინს ვარაფრით გადააჭარბა. თუ არ ჩავთვლით იმ დღეეებში ამერიკისთვის ჩვეული ტორნადოების ამოვარდნას, კალიფორნიაში მცირე მიწისძვრას, ისლანდიაში ვულკანურ ამოფრქვევას და იმასაც, რომ დუბლინში ყოფნის დროს პრეზიდენტ ობამას ჯავშნიანი მანქანა ამერიკის სალჩოს ჭიშკარში გაეჩხირა, სამყაროს დასასრული ისეთივე ტრივიალური რუტინული დღე აღმოჩნდა, როგორიც – სხვა. 21 მაისის აურზაური არაფრის გამო კი იმით დასრულდა, რომ იმ დღეს ნიუ–იორკის ზოგიერთი სასტუმროს დამლაგებელი სამსახურში არ გამოცხადდა. სიკვდილს სახლში შევხვდებითო, ოჯახურ გარემოშიო. შეეშინდათ. აღსანიშნავია, რომ დომინიკ სთროს კანის სექსუალური ვნებების შემდეგ ამ პროფესიამ (სასტუმროს დამლაგებელი) ლოკალური კი არა, პლანეტარული ყურადღება მიიპყრო. რატომღაც უცებ აღმოჩნდა, რომ სასტუმროებში სექსუალური მეძალეობა საკმაოდ გავრცელებული ფაქტი ყოფილა. ძალადობის ვექტორის უფრო კონკრეტული მიმართულება კი ასეთია: სასტუმროში მამრობითი სქესის სტუმრების მხრიდან – მათი ოთახების დამლაგებელი მდედრობითი სქესის მიმართ. ისიც გავიგეთ, რომ ქალებისთვის საწმენდ–საფხეკი სანიტარული საშულებებითა და ტუალეტის ქაღალდებით დახუნძლული მაზიდა თავისი პირდაპირი დანიშნულების გარდა თავდაცვით ფუნქციასაც ითავსებს. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის უადგილო ადგილას გამწვავებული ლიბიდოს გადამკიდე, ახლა სასტუმროს პერსონალის ქალებს ნება დაერთოთ, თავიანთი პროფესიული მოვალეობა კაბაში კი არა, შარვალში გამოწყობილებმა შეასრულონ. ალბათ, იმ მოსაზრებით, რომ ქალზე შარვლის შემოხევა მოძალადისგან უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე – კაბის. ჰოდა, სახელმწოფო უსაფრთოხების კონცეფციებისა და პატრიოტული აქტების ბუმის ათწლეულში შარვალმა „სასტუმროს ქალებს“ სულზე მიუსწრო. მაგრამ ამერიკა ამერიკა არ იქნებოდა, „მეორედ მოსვლის“ საკითხი დასაქმების პრობლემას რამენაირად რომ არ დაკავშირებოდა. ვინმე რობერტ ფიცპატრიკმა მთელი თავისი საპენსიო დანაზოგი, რომელიც 140 ათას დოლარს შეადგენდა, კალიფორნიელი ნოსტრადამუსის მიერ აგორებული მეორედ მოსვლის პიარ–კამპანიას მიახარჯა. ანუ ჩვენი პლანეტის გაქრობის მაუწყებელი ბუკლეტების, პოსტერების დაბეჭდვისთვის და ავტობუსის გაჩერებებსა თუ საზტრანსპორტში მათი გაკვრა – გავრცელებისთვის, ბუნებრივია, თანამემაულეები დაიქირავა, ფულიც გადაიხადა და ამით მცირედით, მაგრამ მაინც, უმუშევრობის დონე შეამცირა. პლანეტის გაქრობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ 22 – ში თავად ჰოვარდ კამფინგი სადღაც გაქრა. არაფერი მოსვლია. ცოცხალია, უბრალოდ მედიას ემალება. ამერიკას უყვარს თავისი „სასარგებლო იდიოტები“. ანდა ვის არ უყვარს ისინი? განსაკუთრებით იქ, სადაც გამოხატვისა და ფულის ხარჯვის თავისუფლებაა. ასევე – დამალვის თავისუფლება. თუ, რასაკვირველია, კრიმინალი არ ჩაგიდენია. ამიტომ ამერიკელები ფიცპატრიკის დოლარების უცნაურ ინვესტირებას მშვიდად შეხვდნენ. გააშარჟეს „დამარცხებული“ კალიფორნიელი წინასწარმეტყველი და მისი მომხრეები; განაცხადეს, რომ ადამიანი თავად წყვეტს, რაში დახარჯოს მის მიერვე კანონიერი გზით მოპოვებული ფული, თუნდაც ეს საქმე სრული იდიოტური პროვოკაცია იყოს (მთავარია, კრიმინალური იდიოტობა არა) და . . . თავიანთი ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძეს.
ბიბლიური მეორედ მოსვლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ის, რაც არშემდგარი არმაგედონიდან სამი დღის შემდეგ ხდებოდა, ნამდვილად წააგავდა კატასტროფას. ოღონდ ლოკალურსა და სატალევიზიოს. ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალი და შოუვუმენი ოფრა უინფრიმ 25 წლის შემდეგ ერთ–ერთ ამერიკულ არხზე თავისი შოუ დაასრულა. მართალია, მან საკუთარი ტელევიზიაც გახსნა, სადაც გადაცემაც მიჰყავს, მაგრამ ABC -ის არხიდან მისი წასვლა ლამის ნაციონალურ, ისტორიულ დღედ მოინათლა და ამიტომ კიდევ ერთი მეგანიუსის შექმნის საბაბი გახდა. არადა, ამ დროს ლიბიის მხარე გაჰყვიროდა, ავიაციით „ანტიკადაფური დაბომბვებისას“ 700 –ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპაო; ამერიკელი ეკონომისტები და ობამას ოპოზიციონერები შეშფოთდნენ, ძალიან ძვირი გვიჯდება ლიბიელი ხალხის ძალით გაბედნიერებაო; ეს რა ამბავიაო, როცა ნიუ–მექსიკოში ღარიბ მოსახლოებას სოციალური დახმარებები, კერძოდ, საკვების ტალონების მიწოდება შეუწყდაო; პროდუქტის ფასმა ისედაც მოიმატაო, ამერიკელების მსყიდველობითი უნარი დაეცაო, მაგრამ . . ოფრა უინფრის ვარდისფერმა კაბამ და იმან, თუ როგორ მიეფერა იგი თავის ძაღლს კულისებში გასვლის შემდეგ, ომისა და მშიერი კუჭების პრობლემა დროებით, მაგრამ აშკარად გადაფარა. ამერიკას უყვარს კონკიები და მათი ისტორიები. ოფრა უინფრი 9 წლის იყო, როცა ძმებმა და ბიძამ გააუპატიურეს, მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ კარგად სწავლობდა, ერთხელ რაღაც სილამაზის კონკურსშიც („ტენესის შავი მისი“) გაიმარჯვა. ეს სილამაზის კონკურსი ამერიკაში ლამის ქალების ინიციაციის რიტუალს დაემსგავსა. პილიტიკოსების, ჟურნალისტების (მსახიობების, თავისთავად) C.V. -ის უნივერსიტეტის ან საცხოვრებელი კორპუსის სილამაზის მისობა ან ვიცემისობა „უნდა“ ამშვენებდეს. ბუნებრივია, ამგვარი ძალადობის შემდეგ ოფრა უინფრი ტრამვირებულ ბავშვად გადაიქცა, თუმცა ძალიან კარგად სწავლობდა და მიზანს ასე ნელ – ნელა, დოლარ–დოლარ, შოუ–შოუ აღწევდა. იგი ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიის დამფინასნებელი გახდა და არჩევნებზე მისი გამარჯვებით ყველაზე მდიდართან ერთად, ბუნებრივია, ყველაზე წარმატებული ქალიც გახდა. თანაც აფრო–ამერიკელი. არადა, როგორც წესი, კლასიკური კონკია მაღალ სოციალურ სტატუსს უფლისწულის საშუალებით აღწევს. თუ ცნობილ ზღაპარში ტახტის მემკვიდრე მისი გულისერთის სულის სილამაზითა და გონების სისხარტით იხიბლება, ახლა „უფლისწულები“ სამოდელო სააგენტოებთან „ქუჩდებიან“, სადაც ქალები ნებაყოფლობით წვივის სიგრძისა და პლასტმასის მკერდის მიხედვით დაეწყობიან. ერთ–ერთ ამერიკულ არხზე გადის კიდეც ასეთი შოუ, სახელად „უცოლო“. იშვიათი „მაკულატურაა“, სადაც მოქმედი გმირი მილიონერი ახალგაზრდა კაცია და ქალების „ჯარს“ შეძლებისდაგვარად „უმკლავდება“. ისინი ერთ სასახლეში ცხოვრობენ. რეალითი შოუს შინააარსი კი შემდეგში მდგომაროებს: ამ კაცმა გაცხრილვის მეთოდით საქორწინო ბეჭედი ერთს უნდა შესთავაზოს. გადაცემა გადაცემას მისდევს, დღე–დღეს, ქალი – ქალს, კაცი კი ჯიუტ წუნიად რჩება. მას შემოთავაზებულ ქალთა „ასორტიმენტიდან“ თავისი საბანკო ანგარიშის გაყოფა არავისთან უნდა. ქალების ცრემლებს, ჟღვინტლებს და გულისგამგმირავ, გულისამრევ ისტორიებს საზღავრი არ აქვს. ჩვეულებრივი სექსიზმი. ოფრას კი უფლისწული არ სჭირდებოდა. ოფრას ნებისყოფა, კარგი მარკეტინგული გათვლა და თავისუფალი ბაზარი „დაეხმარა“. რადენიმე თვის წინ მის შოუზე მოხვედრილ ყველა ქალს საჩუქრად ახალი ავტომობილი აჩუქა. მანამდე კი გასათხოვრებს საქორწინო კაბები დაურიგა, მანამდე თანამშრომლებს– 10 000 დოლარი და ა.შ. მაყურებელი კი ამ დროს სიხარულისგან ისტერიკულად კივის. მაყურებელი ამავე ხმაზე, მაგრამ უფრო დაბალ ტონალობაში კიოდა, როცა 100 თუ 1000 ადამიანიდან მხოლოდ ერთმა მოიგო ოფრასთან სადილის უფლების მომნიჭებელ ბილეთი (ოფრას ლოტო). ოფრა გულუხვად უხდის იმათ, ვინც მას ტაშს უკრავს და მის დანახვაზე საკუთარ ხმის იოგებს არ ინდობს. ყოველთვის ვცდილობ, „ვარსკვლავის“ სახეზე დავიჭირო იმის განცდა, თუ რას ფიქრობს იგი, როცა მისი სახელის გაჟღერებაზე ხალხი არადეკვატური ხდება, დახტის, ყვირის და გაიძახის, „ო, ღმერთო ჩემო!“. არა, ასეთ „ბედნიერ“ სახეზე ვერაფერს დავიჭერ. თუმცა „სელებრითები“ სავსებით შესაძლებელია, იგივეს ფიქრობენ, რასაც დუაით ეიზენჰაუერი, რომელიც ამბობდა: “ ამერიკელებისთვის იმაზე უფრო მოსაწყენს ვერაფერს წარმოვიდგენ, ვიდრე თავიანთ სასტუმრო ოთახებში ტელევიზორის ეკრანებზე მთელი ნახევარი საათის განმავლობაში ჩემი სახის თვალიერებაა“. ჭეშმარიტად, ტელევიზია ჩვენ იმის „ფუფუნებას“ გვაძლევს, რომ იმ ადამიანების საზოგადოებით „დავტკბეთ“, რომლებსაც სახლში არასოდეს შემოვუშვებდით . . . თუნდაც ყველაზე სტუმართმოყვარულში. იუმორის გრძნობას არ ვუჩივი, არც იმის განცდაა ჩემთვის უცხო, რომ ვარ ქართული კულტურისგან განსხვავებულ სივრცეში, მაგრამ ამ შოუების ვერც იუმორისა გამეგება რამე და, ბუნებრივია, ვერც იმას ვხვდები, თუ რას უკრავს ეს ხალხი ტაშს. ჰოდა, გაუცხოების შეტევა სწორედ ამ დროს მემართება. ამიტომ არ ვუყურებ. ტელევიზიის პროდუქციის შთამბეჭდავი ნაწილი, ფაქტობრივად, ტვინის გეტოს ჩამოყალიბების ერთ–ერთი კარგი საშულება გახდა, სადაც ტელეეკრანის ორივე მხარეს მყოფნი თანაბრად ზარალდებიან, სადაც რეალური დიალოგი და კომუნიკაცია, მით უმეტეს, შემეცნებითი, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ტელევიზია ცალმხრივი ინფომაციის ნაკადია. აქ ინტერაქცია, პრაქტიკულად, მინიმალიზირებულია. ტელევიზია მითოლოგიური პოპ – არქეტიპების ფაბრიკა გახდა. სამაგიეროდ შესაძლებელია, ყველამ გაიგოს ოფრა უინფრის გასუქება–გახდომის მიზეზ– შედეგობრივი კავშირი. გადაცემას ამ ქალის ზედმეტი კილოგრამების გაჩენა–გაქრობის შესახებ მთელი ერთი კვირა ანონსირებდნენ. ერთხელ კი, როცა ოფრამ თქვა: “ხალხო, ძროხის ხორცს და საერთოდ ხორცს დიდი რაოდენობით ნუ შეჭამთ, დაინდეთ თქვენი ჯანმრთელობაო; ჭამეთ იგი, ოღონდ ზომიერადო“, ხორცის მწარმოებელებმა ლამის საგრძნობი ზარალი განიცადეს. მოსახელობამ თავის კუმირს რაღაც პერიოდის განმავლობაში მართლაც დაუჯერა და ამ სახის ხორცის საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედერა შეამცირა. ძროხის ხორცი იქით იყოს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღინიშნოს: გადაჭარბებულ გლამურს შორის ოფრას გადაცემებში აქტუალური თემების ნაკლებობაც არ ყოფილა. 6 წლის წინათ ამერიკაში ჩამოსვლისას, მეგობრის რჩევით ოფრას რამდენიმე გადაცემას ვუყურე. ერთ–ერთი მათგანი ამერიკაში დაკარგული ბავშვების თემას ეხებოდა. საკმაოდ მძიმე მოსასმენი იყო. ბოლოს წამყვანმა იკითხა: „ რა სჭირს ამ ქვეყანასო“… და, აი, რა სჭირს და, ვფიქრობ, არა მარტო მას . .
25 მაისს ამერიკაში დაკარგული ბავშვების დღე აღინიშნა. მე თუ მკითხავთ, სამყაროს დასასრულის განცდას სწორედ ამგვარი თარიღის აღნიშვნა უნდა უტოლდებოდეს. ყოველწლიურად აშშ–ში პოლიცია 800 000 ბავშვს დაკარგულად აცხადებს (1999–ში ციფრმა მილიონსაც გადააჭარბა). ანუ ყოველ დღე 2000 – ზე მეტი ბავშვი საკუთარ სახლში არ ბრუნდება. აღმოჩნდა, რომ 200 000 –ს ოჯახის წევრი იტაცებს (მშობლებს შორის კონფლიქტი, ბავშვით მანიპულირება და ა.შ), 58 000–ს კი– არა ოჯახის წევრები. როგორც წესი, ეს უკანასკნელნი სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან. ყოველ წელს აშშ–ში მოტაცებულ ბავშვთაგან 115 –ს კლავენ. 25 წლის წინათ 6 წლის ეთან პატცი სკოლისკენ მიმავალ გზაზე გაქრა. მამამისმა, პროფესიით ფოტოგრაფმა, მისი შვილის სურათი მარტო ნიუ–იორკს კი არა, მთელს ამერიკას აჩვენა. სწორედ ეთანის გაუჩინარება გახდა დაკარგულ ბავშვთა დღის დაფუძნების საბაბი. ეთანი დღემდე არ გამოჩენილა. იგი დღემდე დაკარგულად ითვლება. მას დღემდე ეძებენ. ცხედარი დღემდე ნაპოვნი არაა, შესაბამისად, ეთანი პატცი ცოცხალთა სიაშია. სახელმწიფო სტატისტიკის მიხედვით, დაკარგული ბავშვების 51 პროცენტი ვაჟები არიან, 49 კი – გოგონები. 65 პროცენტი თეთრკანიანები, 15 – აფრო – ამერიკელები, 16 – როგორც აქ უწოდებენ, ესპანურენოვანები (Hispanic). ამერიკაში ბავშვებზე ძალადობის მონიტორინგი ინსტიტუციონალიზირებული სფეროა. უცხო ბავშვზე უწყინრად დიდხანს მიშტერება, მოფერება, შეხება პოლიციის განყოფილებით შეიძლება დასრულდეს. ამას წინათ 65 წლის ქართველი ქალი, საბავშვო ბაღის მასწავლებელი, იმის გამო გაასამართლეს, რომ იგი თავის აღსაზრდელს, 5 წლის გოგონას, კალთაში ისვამდა და ფიზიკურად ნორმაზე მეტჯერ ეხებოდა, ეფერებოდა – როგორც ბებია შვილიშვილს. ის, რაც დასაშვებია საქართველოში და „არაპედოფილური სიყვარულის“ გამოვლინებად ითვლება, ამერიკაში კრიმინალია. ასეთი შემთხვევაც ვიცი: ქართველ ქალს დროებით შვილი ჩამოართვეს, რადგანაც იმ მომენტისთვის, როცა მისი ბინის კარზე გაზის ინკასატორმა დააკაკუნა და იგი 4 წლის ბავშვმა გაუღო, ინკასატორმა სახლში უფროსი ვერ დაინახა, დარეკა შესაბამის სოციალურ სამსახურში, ისინი სასწრაფოდ მოვიდნენ და ბავშვი წაიყვანეს. დედას სასამართლოზე დასჭირდა არა ერთი მტკიცებულების, ნაცნობებ–მეგობრებისა და ძველი და ახალი დამქირავებლების დახასიათების წარდგინა იმისთვის, რომ დაემტკიცებინა: იგი არაა უპასუხისმგებლო დედა, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ბავშვი მარტო დატოვა, რომ წუთი–წუთზე ბავშვთან დასარჩენად მისი ახლობელი უნდა მოსულიყო. ამგვარი, ერთი შეხედვით, არაადეკვატური სიმკაცრე გამოწვეულია ამერიკაში არა მარტო პედოფილიის შემთხვევების, ბავშვების გატაცების ფაქტების მომრავლებასთან, არამედ სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებში, მაგალითად, მორმონებში ტრადიციული მრავალცოლიანობის პრაქტიკის არსებობითაც. ამ თემში ცოლებად თინეიჯერი და ამ ასაკზე უცროსი გოგონები ხდებიან. მორმონი მამაკაცები თავის ცხოვრების წესს, მათ შორის პოლიგამიას, მოახლოვებული წარღვნით ხსნიან. თუმცა ჰოვარდ კამფინგს თავის კოლეგად არ მიიჩნევენ. აშშ–ში მრავალცოლიანობა აკრძალულია, მაგრამ აკრძალვა მის აღმოფხვრას სულაც არ ნიშნავს. ხელისუფლება შერჩევით ტოლერანტობას იჩენს მორმონების (არა მარტო მათი) „ჰარამჰანული“ ოჯახების არსებობის მიმართ. ბოლო 5 წლის განმავლობაში დაკარგული გოგონები არა მარტო ჩვეულებრივი ფსიქოპათების ავტოფარეხებსა და სარდაფებში იპოვეს, არამედ რწმენის თავისუფლებას ამოფარებულ სექსისტურ იდეოლოგიის მიმდევართა „აპარტმენტებშიც“. ჟურნალ „ფლეიბოის“ დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი სამ ქალთან ერთად ცხოვრობდა, თანაც მათი ცხოვრების შესახებ რეალითი შოუც კი გადიოდა ტელევიზიით, მაგრამ „მოთამაშე ბიჭი“ კიდევ სხვა ამერიკული თემაა.
ამა წლის 25 მაისს 7 წლის დუმილის შემდეგ ტელევიზიის წინაშე პირველად წარსდგა ელიზაბეთ სმარტი, რომელსაც 2002 წელს მის საძილე ოთახში შეპარულმა მოძალადე მამაკაცმა კისერთან დანა მიადო და ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრა, თუ გოგონა მას არ გაჰყვებოდა. მაშინ ელიზაბეთი 14 წლის იყო. ერთი წლის განმავლობაში იგი შეურაცხყოფისა და სექსუალური ძალადობის სამიზნე იყო. იგი აღმოაჩინა ერთ–ერთმა ტელემაყურებელმა, რომელმაც ტელეგადაცემას „ამერიკაში ძებნილები“ (ისევ ტელევიზია) უყურა, დაკარგულის გარეგნობა დაიმახსოვრა, შემთხვევით გოგონა ქუჩაში იცნო და ადგილობრივ პოლიციას აცნობა. რამდენიმე წლის წინ მსოფლიო ავსტრიელი ნატაშა კამპუშის ტრაგედიამ შესძრა. 30 წლის წინათ იგი გაქრა. არავის უნახავს. ამ ხნის განმავლობაში მამამისი საკუთარ ქალიშვილს სარდაფში მალავდა, აუპატიურებდა და მისი 7 შვილის მამაც გახდა. 2009 წელს შოკისმომგვრელმა ცნობამ მთელი ამერიკა აალაპარაკა: 2002 წელს 11 წლის ჯეის დუგარდი გაიტაცეს. სკოლისკენ მიმავალ გზაზე. მამინაცვლის თვალწინ. მის ახლობლებს იმედი გადაეწურათ, რომ ცოცხალს კი არა, არამედ ოდესმე რაიმეს მაინც თუ გაიგებდნენ ჯეის ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ. მათ ამის იმედიც არ ჰქონდათ. . . 18 წლის შემდეგ, როგორც იქნა, იგი იპოვეს. ჯეისს თავისი მოძალადისგან ორი შვილი ჰყავდა. 1980– იანების ბოლოს სსრკ–ის ტერიტოერიაზე გამქრალი და მოკლული ბავშვების ყველაზე დიდი „კოლექცია“ უკრაინელ პედოფილ ჩიკატილოს კისერზე იყო. . . ამერიკაში მოტაცებულ ბავშვთა სტატისტიკაში აუცილებლად მოხვდებოდა „ქართული“ (კავკასიური და ა.შ.) წესით გათხოვილი გოგონების რაოდენობა. მოტაცება (Kidnapping) ოჯახის შექმნის მიზნით… თუმცა, დარწმუნებული ვარ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამგვარ სტატისტიკას არ აწარმოებდა და არც ახლა აწარმოებს. არც სამედიცინო დაწესებულება აღრიცხავს მოტაცებით მიყენებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს. ჩემი ახლობელი მისმა ერთმა თაყვანისმცემელმა ექვსჯერ მოიტაცა. 1980 – იანების ბოლოს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მოტაცების მანიაკმა სხვა ცოლი მოიყვანა. ისიც მოიტაცა. ჩემს ახლობელს კი ოჯახი არ შეუქმნია.
მოძალადისა და მისი მსხვერპლის ურთიერთობა და მათი სამყარო, ორი ადამიანის სიგიჟე გენიალურადაა აღწერილი ჯონ ფაულზის ფილოსოფიურ იგავში „კოლექციონერი“, სადაც მარტოხელა მამაკაცს, პეპლების (სულის) კოლექციონერს ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა არ შეუძლია. იგი ისეთივე მეთოდით იტაცებს მისი ოცნების ქალს – „ბლონდი“ გოგონას, როგორც ამას რეალურად არსებული მოძალადეები აკეთებენ. მოძალადე ფრედერიკ კლეგის შინაგანი სამყარო შეზღუდულია, იგი კანიბალივითაა, რომელიც გარეგნულად ცივილიზებურად იქცევა, მაგრამ მის სულში მარტო სიცარიელე კი არა, ნამდვილი ჯოჯოხეთია. მას არ შეუძლია სიყვარული. ერთადერთი რაც ძალუძს, ეს არის პეპლების კოლექციონირება. მის მსხვერპლს, მხატვარ მირანდა გრეის კი სინათლე და სიცოცხლე უყვარს. იგი იმასაც გრძნობს, რომ ამ მოტრფიალე მამაკაცს სჭირდება არა მირანდას გრძობები ან თუნდაც მისი სხეული, არამედ მირანდა, როგორც პეპლების კოლექციის „ექსპონატი“. ეს „სიყვარული“ ქალისთვის ტრაგიკულად მთავრდება. ფრედერიკი კი მორიგ „სიყვარულს“ ეძებს. იპოვის კიდეც, ოღონდ ამჯერად „ბრუნეტს“, რომლის მოტაცებასაც გეგმავს.
როცა რძეს ან ხილის წვენს ვყიდულობ, მუყაოს ბოთლზე ზოგჯერ შევამჩნევ ხოლმე საზარელ სიტყვებს Missing და ბავშვის ან მოზარდის სურათს. და სიტყვებს: „თუ რაიმე იცით ამ ადამიანის შესახებ, დარეკეთ . . . „ ანდა „,მპოვნელი ან ინფორმაციის მომწოდებელი დაჯილდოვდება“. დაიკარგა 1995, 1998, 2004, 2009, 2011 წელს. . . ქალაქის სატრანსპორტო გაჩერებებზე, ბოძებზე გაკრულ გაყვითლებულ ფურცლებსაც შეამჩნევთ, იგივე სიტყვებით Missing… ანდა ტელევიზიით ახალ ამბებში ერთი წუთით აუცილებლად გაიელვებს ეს სიტყვები Missing და დაკარგულის ფოტო. ბავშვების. ვერასოდეს ვიმახსოვრებ მათ სახეებს. ბავშვები ძალიან გჰვანან ერთმანეთს და არც ჰგვანან. ქუჩაში მოსეირნე თუ მორბენალი ბავშვებისგან არაფერით განსხვავდებიან. ამერიკულ მედიაში არც ისე იშვიათად ნახავთ ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ბავშვებმა სექსუალური ძალადობისგან, რომ ჯობს შინაურს უფრო არ ენდონ ან მეზობელს, ვიდრე უცხოს, რადგან სექსუალურ ძალადობათა უმრავლესობას სწორედ კარგად ნაცნობი ადამიანები სჩადიან. როცა ამ ბლოგის დაწერაზე ვფიქრობდი, გამახსენდა 1996 წლის არასატელევიზიო ტრაგედია – ბავშვთა სილამაზის კონკურსის გამარჯვებულის, 6 წლის ჯონბენეთ რემსის ტრაგიკული ბედი. დედამისი ასევე სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყო, მამა კი – კომპიუტერული ფირმის წარმატებული მფლობელი, რომელიც სწორედ იმ სილამაზის კონკურსის დამფინანსებლი იყო, რომელშიც მისი მცირეწლოვანი შვილი იღებდა მონაწილობას. წლების შემდეგ მოძალადემ განაცხადა, რომ მას ცოცხალი ფეტიში შემოაკვდა, თორემ ისე ძალიან მიყვარდაო. შობის მეორე დღეს ბავშვი საკუთარ სახლში გააუპატიურეს, მოკლეს და იქვე, სარდაფში დამარხეს. როცა მშობლებს ეძინათ. პედოფილი გუმბერტ გუმბერტი და მის ლოლიტაზე უმცროსი ლოლიტა, გამოპრანჭული იაფფასიანი სტრიპტიზბარის მომსახურე პერსონალივით ერთი ტრაგედიის გმირები არიან. ბავშვი მისსავე მშობლების არჩევანის მსხვერპლი გახდა. სხვათა შორის, გამოძიების საწყის ეტაპზე პოლიციას სწორედ პატარას მშობლებზე ჰქონდა ეჭვი. ჯონბენეთი სექსუალურ ტანსაცმელში, კაბარეს მოცეკვავე, წითელპომადიანი ტუჩებით, არაბავშვური, ეროტიკული პოზების ზღვარზე, ქვედაწელის, საცვლის შიგნით შეჭვრეტის „წვეულებაზე“ დაპატიჟებით. მარკეტზე გამოტანილი ბავშვის შემოსილი და ნახევრად შემოსილი სხეული. ჩუმი პორნოგრაფია. მშობლების მიერ სანქცირებული სავაჭრო, არაიურიდიული კონტრაქტი სახელად: „ მე შენ – სიცოცხლე, შენ მე – სავაჭრო ნიშანი“. ოჯახის, ბიზნესის, წარმატების, ამერიკული ოცნების, ბედნიერების, ცხოვრების აზრის…
ამას წინათ ერთ – ერთი ცნობილი ბრენდის მაღაზიათა ქსელში ტანსაცმელი, რომელიც, წესით, პუბერტატული კი არა, პოსტპუბერტატული ასაკის ბავშვებისთვისაც უხამსად გამოიყურებოდა, აღმოვაჩინე, რომ აწერია – ექვსიდან 11 წლამდე გოგონებისთვის. ტანსაცმელი აშკარად შეიცავდა დაუფარავად გამოხატულ „საბავშვო“ სექსუალურობის კონტენტს, თავისი ლიფებით (ამ ასაკში, როგორც წესი, გოგონას სარძევე ჯირკვლები არა აქვს განვითარებული), შემოტკეცილი „ელასტიკებითა“ და ზღვის დონიდან ასათვლელი სიმაღლის ქუსლებიან ვარდისფერი ლაკის ფეხსაცმელებით. ბიჭების ტანსაცმელში კი, როგორც წესი, სქესობრივი „ნიუანსების“ ხაზგასმა არ ხდება, რადგანაც, ალბათ, შეუძლებელიცაა და არაეთიკურად, მიუღებლად ჩაითვლება. მდედრობითმა სქესმა კი თავისი სექსი სხეული არასოდეს უნდა დაივიწყოს, თუ უნდა, რომ ქალად აღიქვან. ნამდვილ ქალად. ჩემს თავს პურიტან ადამიანად არ ვთვლი, თუმცა აქ პურიტანობა არაფერ შუაშია. ბავშვს თავად არა აქვს ფული და მისი არჩევანი ტანსაცმლის ყიდვის თაობაზე დამოკიდებულია უპირველესად მშობლების, კონკრეტულ დროში სხეულის პოლიტიკის მეინსტრიმისა და მედიის (ბუნებრივია, გლამურულის) გემოვნებაზე. გოგონა ხშირად ხდება დედის აუსრულებელი ოცნებების პროექცია; დედიკოს გოგონა, არც მთლად პერსეფონე, უბრალოდ დედიკოს დამჯერი შვილი, რადგან დედამ უკეთესად იცის, რა ამინდია გარეთ, მისმა ქალიშვილმა პატრიარქალურ „მიწისქვეშეთში“ როგორი ანატომიით, ფსიქოლოგიით, როგორი გენდერული პოლიტიკით უნდა დაიმკვიდროს თავი. როგორი კრავი უნდა იყოს, რომ დუმდეს. ანდა როგორ უნდა დუმდეს, რომ კრავი იყოს. დედამ იცის ეს. რადგანაც თავად გაიარა „ქალურობის სკოლა“. კულტურა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ისეთ პირობებს ქმნის, სადაც გოგონა წახალისებულია, გახდეს სექსუალური კონკია – ობიექტი და ეს ხატი თუ ნიღაბი მარკეტინგულად აამოქმედოს. და თან რაც უფრო ადრე მოხდება ეს, თუნდაც ძალიან მცირეწლოვან ასაკში, მით „უკეთესი“. ამგვარ ტანსაცმელში შემოსილი გოგონა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც „მესიჯი“: რაინდს არ სჭირდება ჩემი სექსუალობის გაღვიძება, „მძინარე მზეთუნახავი“ მზადყოფნა ნომერ ერთშია, მე ვარ „სექსი ლუქ“ , მერე რა, რომ „სექსი ბოდი“ ჯერ არა მაქვს. მთავარია, მაცდუნებელ ფისუნია ვარ. სავაჭრო ქსელებს მცირეწლოვან გოგონათა ამგვარი „სექსდრესკოდს“ მწარმოებლებისთვის წელიწადში 14 მილიარდის ოდენობის შემოსავალი მოაქვს. ლოლიტობა ქვეყნის ბიუჯეტის კარგი შემვსებია. ბოლო კვლევით, 15 „რეტეილერის“ 1/3 „ბავშვების სექსუალურობას“ კარგად იყენებს, ანუ ჰყიდის. როგორც ბავშვთა ფსიქიატრი, ფემინისტი, რომელიც აღიარებს არჩევანისა და გამოხატვის თავისუფლებას, ჩემთვის მიუღებელია ბავშვის „ბარბიზაციის“ მიზანმიმართული პოლიტიკა. ასეთი გოგონები ბრუკ შილდსის მიერ ლუი მალის ფილმში „ლამაზი ბავშვი“ (Pretty Baby) ნათამაშებ 12 წლის გოგონას ჰგვანან, რომელიც ბორდელში მუშაობს და რომლის საქალწულე აპკი იმას შეხვდა, ვინც ყველაზე მეტი გადაიხადა. ბრუკ შილდსმა სექსულური გოგონას ხატი ფილმებში „ცისფერი ლაგუნა“, „დაუსრულებელი სიყვარული“ და ფირმა Calvin Klein –ის ჯინსების რეკლამებში გააგრძელა. ახლა კი იგი კბილის პასტას „აპრომოუშენებს“. ჯულია რობერტსმა კი გარი მარშალის ფილმში „ლამაზი ქალი (Pretty Woman) ბორდელის თემა რომანტიკული გახადა, გრძელი წვივის და სქელი ტუჩების აუცილებლობა „გაამარკეტინგა“ და ბოლოს ეს ყველაფერი – „გააჰეპიენდა“. არასრულწლოვანი ბრუკ შილდსის დედა თავის შვილს ყველგან დაჰყვებოდა, მის კარიერასა და ცხოვრებას პროფესიონალი მენეჯერივით აკონტროლებდა, გვერდიდან არ შორდებოდა. საწყალ ჯონბენეთ რემსს და მის ოჯახს კი ნაკლებად გაუმართლა. უბრალოდ, ბავშვს თავისსავე სახლში, საძინებელში, მარტოს ეძინა . . . არც კი მოუტაციათ. იქვე გახადეს „სექსი ლუქ“ ღამის პერანგი, ანდა სულაც მაისური, რომელზეც, ალბათ, ვარდისფერი გულები ანდა ბაჯბაჯა დათუნიები ეხატა, საყვარელი რბილი თოჯინა კი ჩაებღუჯა. . .
ჟურნალებში, ინტრენეტში, ფოტოხელოვანთა პორტფოლიოებში არც ისე ხშირად, მაგრამ მაინც შეხვდებით მცირეწლოვანი გოგონების მიბნედილთვალებიან და ტუჩებგამოყვანილ სურათებს. როგორც წესი, ორაზროვანი, სევდიანი „სექსაფილით“. ფსიქოლოგები განგაშს ტეხენ. ამგვარ როლურ თამაშს ბავშვის ფსიქიკა ვერ გაუძლებს. დეპრესია, ნევროზი და მისთანანი გარანტირებულიაო. ამ სილამაზის კონკურსების კანდიდატებისა და მათი „სექსი ლუქ“ ტანსაცმლის დანახვისთანავე ჯგუფ „ნირვანას“ მუსიკოსის კრის ნოვოსელიკის სპეციალურად ჯონბენეთისთვის და იმხანად გაგიჟებული მედიის გასაპროტესტებლად დაწერილი სიმღერა „ცნობისმოყვარე ტვინები“ გამახსენდა. ჰო, იმ დღეს, 25 მაისს, ამერიკულ ტელეარხებზე როგორც კი „ნიუსი“ დაკარგული ბავშვების შესახებ ჩაამთავრეს, ისევ ლეგენდარული, ლამის უკვე არქეტიპული ოფრას შოუს დასრულების ამბავს მიუბრუნდნენ და ტელესტუდიაში ოფრას ბრწყინვალე სხეულთან ყველაზე მეტად დაახლოებული და საშულოდ დაახლოებული ადამიანების შთაბეჭდილებები გვასმენინეს. ზოგ არხზე კი დაკარგული ბავშვების დღე ოფრასთან დამშვიდობების სიუჟეტის შემდეგ გავიდა. ერთი სიტყვით, სადმე ის კალიფორნიელი ჰოვარდ კემფინგი რომ შემხვდეს, ერთ საქმიან რჩევას სიამოვნებით მივცემდი: „ღმერთი მეორედ მოსვლას იმიტომ არ გვიგზავნის, რომ პირველისგან დიდი ვერაფერი სარგებელი ნახა– მეთქი“ . . .