გია მარიამიძის ბლოგი

ქართული მითები რუსეთზე და არა მარტო

ქართული მითები რუსეთზე და არა მარტო

სულ ორიოდე წლის წინ ტერმინი “პრორუსული” დანაშაულში მხილების ტოლფასი იყო და ამ ‘პრო’-ში საფუძვლიანად ეჭვმიტანილები მარგინალურ ეგზოტიკად ყოფნისთვის იყვნენ განწირულები.

დღეს ამ ეპითეტს პოლიტიკოსები ხმების მისამხრობად იყენებენ და პოლიტიკური ძალების ნაწილმა პრორუსული ორიენტაცია ხელისუფლების მოპოვების გზად აირჩია.

საქართველოს სამომავლო ბედის რუსეთთან დაკავშირება ტაბუ აღარ არის და ამ “პროს” “ტიტულის” მოსაპოვებლად მძაფრი კონკურენციაა გაჩაღებული. რუსეთთან ფარული თანამშრომლობა სათაკილო იყო მანამ, სანამ ამ საქმეში შემჩნეული თავს იმართლებდა. დღეს კი, ბევრი პოლიტიკოსისთვის პუტინთან შეხვედრა სამარცხვინო აღარ არის.

ეს ორმხრივი პროცესია – პოლიტიკოსებმა მოსახლეობაში რუსეთის მიმართ დამოკიდებულების ცვლა იგრძნეს და ამ ხმების მიმხრობა მოინდომეს. მეორე მხრივ კი ‘’თვითლუსტრაციამ’’ და ‘’გამხელილმა ცოდვამ’’ ფსიქოლოგიური ბაიერი მოხსნა და პრორუსულმა ორიენტაციამ პროდასავლურის საპირისპირო კონკურენტის ადგილი დაიკავა. მოთხოვნამ მიწოდება განაპირობა და პირიქით.

რუსეთის სასარგებლო აგუმენტები ხელშესახებია – ყურძნის, ღვინის, მწვანილის, ციტრუსების, მინერალური წყლის რუსულ ბაზარზე გასაღება. ძველებურად, უვიზოდ მისვლა-მოსვლა.

თუმცა მატერიალური სარგებლის მიღებაზე არანაკლები ემოციური განცდებია: შიში 2008 წლის შემდეგ. ნოსტალგია მითიურ 37 მანეთიან რუსულ სიამტკბილობაზე და რიგით რუსზე რიგითი ქართველის უპირატესობაზე. ქართველი ინტელიგენციას, რომელიც ჩარეცხილ-დაზარალებულად აცხადებს თავს, ენატრება ახალგაზრდობის წლები და რუსეთიდან ნაბოძები ჩინ-მედლები. ქართული შოუბიზნესის ბაზრის სიმცირის გამო ჩრდილოეთით სამღერლად გაფრენილი ‘’შავი მეცხლები’’… მაგრამ, მთავარი არგუმენტი მაინც მართლმდიდებლობა და ქართველობაა.

ჩვენი ინტელიგენტებისთვის ქართველობის ის ფორმა ყველაზე ახლობელი აღმოჩნდა, რომელსაც ეროვნულობას უწოდებდნენ, სინამდვილეში კი მითოლოგიზირებული ეთნიკურობა იყო. ქართული სისხლით შეწებებულ ერთობა, რომლის მთავარი საზრისი ქართული ჯიშ-ჯილაგის სხვაზე უპირატესობის განცდაა, ყოველდღიური საზრუნავი კი – თვითიზოლირება, რომ გარე სამყაროსთან შეხებით ეს მითი არ გაფერმკრთალდეს. ამ საქმის მსახურება იმდროინდელ ინტელიგენციას ებარა.

ქართველობის ამგვარ განცდას დღეს რელიგიური მითებიც დაემატა, ქართველი ერის მისიაზე, რომელიც ერთადერთ ჭეშმარიტ რწმენას ინარჩუნებს და ქრისტესთვის მეორედ მოსვლის ადგილად სუფთად ინახავს საქართველოს.

ამ მითების საპირწონედ და დასავლეთის სასარგებლოდ სასწორის მეორე ფილაზე რა უნდა დაიდოს? აბსტრაქტული ევროპული ფასეულობები, ადამიანი უფლებები, ცხოვრების მაღალი სტანდარტები. ეს ყველაფერი საქართველოში ცოტაა და რიგითმა ქართველმა ამ ღირებულებების სიკეთე საკუთარ თავზე ვერ შეიგრძნო.

რუსეთის საწინააღმდეგო არგუმენტებიც არსებობს: იქ ერთი ადამიანის ხელშია მთელი ხელისუფლება. იქ ადამიანების ვიწრო წრე კანონებზე მაღლა დგას და პასუხი არაფერზე მოეკითხება. იქ ხელისუფლება აკონტროლებს მსხვილ ბიზნესს და ძირითად მედია საშუალებებს. იქ თუ საზოგადო და პოლიტიკურ სარბიელზე დამკვიდრება გსურს, ამას ვერ მოახერხებ, თუ გარკვეულ ფენას არ მიეკუთვნები. იქ ხელისუფლების დაყოფა და დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. იქ ერთი სახელსუფლებო ცენტრიდან კონტროლდება ნებისმიერი საზოგადო აქტივობა და ყოველი დამოუკიდებელი სუბიექტი ხელისუფლების მიერ საფრთხედ განიხილება. იქ ხელისუფლება ან ხელისუფლებასთან დაპირისპირებული კლასები ბატონობს, დამოუკიდებელი ფენა კი კრიტიკულად მცირეა. იქ ცოტაა სოციალური ლიფტები და კარიერული წინსვლისთვის ახალგაზრდები პროსახელისუფლებო სტრუქტურებში წევრიანდებიან. ამის გამო გულწრფელი და ალტრუისტი ახალგაზრდუილი მოძრაობები თითქმის არ არსებობს. იქ ომნოპოლიებია ეკონომიკაში. იქ ფავორიტიზმი და ხელისუფლებასთან დაახლოვებული არტისტული ჯუფებია.

ეს ყველაფერი საქართველოში არ არის? იკითხავს ვინმე მერუსეთე ‘’პრო’’. საუბედუროდ არის. აბა, რად გვნდა დასავლდეთთან დაახლოვება თუ ჩვენთანაც იგივე ხდება, რაც რუსეთში? პროპაგანდის გავლენით ჩვენში ბევრს საქართველოს რუსული იმპერის ნაწილად გახდომა დასავლეთთან დაახლოვების თანაზომადი მოვლენა ჰგონია. დამოუკიდებელ სახელმწიფოს აღარც კი ახსენებენ და პრიმიტიულად “ან ამერიკა ან რუსეთიო” გაიძახიან.

რის სანაცვლოდ შეიძლება დათმოს ქართველმა ქართველობის და ერთმორწმუნეობის რუსეთთან დაკავშირებული მითი? უნდა საკუთარ თავზე იგრძნოს დასავლური ტიპის სახემწიფოს სიკეთე და რუსულ მითებზე უპირატესობა.

ჯერჯერობით, რუსეთთან შედარებით უპირატესობა, რაც გვაქვს სულ ეს არის: რეფორმირებული პოლიცია, საშუალო და ქვედა დონეზე კორუფციის არქონა, სახელმწიფო სტრუქტურებში ბიუროკრატიზმის შემცირება, ინფრასტრუქტურის შექმნა. ალბათ, ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ რუსული “პერსპექტივა” რომ გადაიწონოს, ეს საკმარისი არ არის.

რაც დრო გავა, პოლიტიკური და კვაზისაზოგადო ელიტური ჯგუფების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკა უფრო მოიმატებს. ხელისუფლებას და მასთან დაახლოებულ ჯგუფებს ამ საკითხზე დაფიქრება მართებთ – რა არსებითი მაგალითები, ტენდენციები და მიღწევები შეიძლება წარუდგინონ საქართველოს მოქალაქეებს, რომ რუსული მითები დაიძლიოს და გადაილახოს.