[გაგრძელება, ნაწილი მესამე; დასაწყისი იხილეთ ; 01/07/2009]2009 წელს აშშ-ს საუკეთესო მშობლის ტიტული ბარაკ ობამამ და ანჯელინა ჯოლიმ გაინაწილეს. ჯექსონი უფრო ადრე რომ მომკვდარიყო და მის ატირებულ ქალიშვილ პარისს საჯაროდ ეღიარებინა, რომ მამამისი ყველაზე საუკეთეო მამა იყო, მაიკლი აუცილებლად დასახელდებოდა ანგელოზებრივად შეუდარებელ მამად. მაიკლი თავისი შვილების სახეებს ყოველთვის მალავდა, ფარავდა, ხან ნიღბებით, ხან თავსაფრებით, როგორც ნედას ქვეყნიდან ჩამოყვანილ ტყვე-ქალებს . . . ვერავინ უნდა ჩაწვდომოდა ანგელოზის შვილების ციურ ნაკვთებს, მაგრამ პაპარაცები მაინც ახერხებდნენ თავისი ფუნქციის შესრულებას. თუმცა ბავშვები “ბოლომდე” საჯარონი მხოლოდ მამის სიკვდილის შემდეგ გახდნენ.
“წესისამებრ” (ანა ნიკოლ სმითის მსგავსად), სიკვდილის შემდეგ ჯექსონის სხეულიც დანაწევრდა სასქესო უჯრედებად. CNN -ის შიგადაშიგ მოყვითალო ჟურნალისტი ლარი კინგი, რომელიც ჯექსონის მეგობრად და მემატიანედ ასაღებდა თავს, პირდაპირ ეთერში ჯექსონის ასევე “მეგობარ”, კანის ექიმ არნოლდ კლეინს ეკითხებოდა, მაიკლი თქვენი თანამშრომელი ექთნის ქმარი კი იყოო, მაგრამ, ალბათ, თქვენ ხართ ჯექსონის შვილების მამა ანდა სულაც სპერმის დონორიო; შეეძლო კი ჯექსონს სექსიო? რა იცით მის პოტენციაზეო? . . . რაზეც “მეგობარმა” დერმატოლოგმა სერიოზულად უპასუხა: ჰქონდა თუ არა ჯექსონს სექსიო, ამის გარანტიას ვერ მოგცემთო (?!) . . . არ ვიცი, დაიწყება თუ არა არასრულწლოვანი ჯექსონების (უმცროსი სუროგატი დედისგანაა) მამობის დასადგენად დნმ – კლოუნადა- გამოძიება და ვინ იქნება ვისი კვერცხუჯრედი და ვინ ვისი სპერმატოზოიდი, მაგრამ ფაქტია, რომ პირდაპირი ეთერით ვარსკვლავის სხეული კვლავ გახდა არა “რუკა”, არამედ რეალიტი – შოუს ტერიტორია, რომლის ანექსიის უფლება ყველას მიეცა, მეტადრე იმას, ვინც სატელევიზიო ყუთში ზის. სატელევიზიო ეთერით საჯარო სხეული გაფართოვდა წარმოუდგენელ სიდიდეებამდე, მერე კი გასკდა საპნის ბუშტივით, ზოგს უმისამართოთ მიეშხეფა, ზოგსაც – დამიზნებით, ვგულისხმობLive რეჟიმს. და დაიწყო “სანტა-ბარბარა” ამერიკულად. ექიმების გვარ-სახელების გარდა, ეკრანზე თავის ტვინის, გულისა და სხვა ორგანოების გრაფიკულ-ჰოლოგრამული სურათ-ხატები: სად შევიდა წამალი, საითკენ გაემართა, რომელ სისხლძარღვებსა და კუთხე-კუნჭულებში ჩაიარა-შემოიარა და სად მოვიდა სიკვდილი. თანაც, ამას სხვა გვამებიც მიემატა. ოღონდ არასაჯაროთა. ჭორი დააგდეს, მაიკლის 12–მა თაყვანისმცემელმა თავი მოიკლაო . . . მეტი გვამი, მეტი –ეფექტი . . .
ჯექსონის მოსაგონებელ კონცერტ-დატირებაზე ათობით პატარა ბავშვი სცენაზე ავიდა და მაიკლის ცნობილი We Are the World იმღერა. ფიგურალურად, ის ბავშვები, რომელთა ფარულ თუ ღია, პოტენციურ “შემაცდენლობას” ჯექსონს აბრალებდნენ. მოგებული სასამათლოს მერეც კი მაიკლი გაკვირვებით აცხადებდა, რომ საწოლ ოთახში ბავშვების შეყვანა და მათთან თამაში რატომ არის გარყვნილებაო, ეს ხომ უბიწო სიყვარულიაო? ინფანტილურ მეფეს თითქოს მართლაც არ ესმოდა, თუ რა უნდოდათ მისგან, რას მოინდომებდნენ კიდევ და, ზოგადად, სად და რა დროს ცხოვრობდა. თავი მართლა ანგელოზი ეგონა, ოღონდ არა ანტინგელოზების გარემოცვაში. . . ახლა იგი სცენაზე კი არა, არამედ მის ქვემოთ, მოოქროვილ, 25 ათას დოლარად შეფასებულ კუბოში იწვა და იმწამს ვინმე ნეკროფილის ოცნებას თუ წარმოადგენდა, ვიდრე – მოძალადეს. მისი სხეული ვერასოდეს იქნება მოსვენებული, რადგან საჯარო სხეულს ასე ადვილად თავს არავინ ანებებს (ამიტომაცაა გასაიდუმლებული დასაფლავების ადგილი), ისევე, როგორც – ჩარლი ჩაპლინის ცხედარს (იგი მიწას მიბარებინდან რამდენიმე ხანში მოიპარეს), რომლის სიმღერა “ღიმილი” ჯექსონის საყვარელი მელოდია ყოფილა.
რაც შეეხება არავარსკვლავურ სინამდვილეს, ცხედრებთან და ძვლებთან დაკავშირებულ საერთაშორისო, საჯარო პერფორმანსი კვლავ გარძელდება: ამერიკაში ილინოისის ქალაქ ალსიფში ვიღაცამ მიწაში ჩამარხული კუბოებიდან გვამები გააქრო და დაუზარელმა ტელევიზიამ ცარიელი “სასახლეები” შიგნიდან, მიკროსკოპის ქვეშ დაგვათვალიერებინა. “უცნაური” ის იყო, რომ CNN -ისთვის ამ სიუჟეტს მაიკლის სეხნია ჟურნალისტი სეროლ ჯექსონი უძღვებოდა. საქართველოს ტელევიზიით კი არქეოლოგების მიერ იგოეთთან, მერე კი ნიქოზთან ჩვ.წ.აღ.– მდე IV საუკუნის ანუ ქართველთა ცივილიზაციის უძველესობის დამადასტურებელი “ოქროს დისკოს” თანმხლები თავის ქალები, ხერხემლები, ნეკნები და ჩაყოლებული საგნები მიწის ზემოდან საქმიანად დაგვიწყვეს და ფართო ხედით იმისთვის გვიჩვენეს, რომ საერთოდ არაფერში ეჭვი არ შეგვპარვოდა. ცხედარზე და ჩონჩხზე დიდი დიზაინ – არგუმენტი ხომ ჯერ არავის გამოუგონია. მაიკლ ჯექონის ფენომენის გაგება ფონისა და კონტექსტის ცოდნის გარეშე ფრაგმენტულია, სამაგიეროდ, უდავოდ, მისი სიკვდილით გამოწვეული პოპ-შოკი არაფრაგმეტულად ფენომენურია. მისი მუსიკა, რომელიც ადრე ფანკ, სოულ, ჯაზ, დისკოს, რიტმ-ბლუზის ნაჯვარი იყო, შეუმჩნევლად პოპ – Public ფიზუკურ სხეულში გადაიზარდა. მაიკლის პუბერტატულად “მოსამწიფებელი” ხმა საცეკვაო დისკოს ინსტრუმენტ-რიტმ – სექციის ფონი უფრო იყო, ვიდრე სახელდებული ვოკალი. ის “დისკოს მოცეკვავე” იყო, მაგრამ არა თანამოსახელე ინდური ფილმის გმირი. თუმცა მას იმ ინდოელ “დისკოსთან” რაღაც მაინც აერთიანებდა. ინდურ ვერსიაში დედის გარდაცვალების გამო მომღერალი ვერ მღერის და ამიტომ მანამადე მადლიერი მსმენელისგან უმადურ აგრესიას იმსახურებს.
მამა მაიკლ ჯექსონს “დიდცხვირას” უწოდებდა და ამიტომ მისი საამაყო შვილის ცხვირიდან, ბოლოს და ბოლოს, მოგონებაღა დარჩა. თუმცა სახის ამ ნაწილის დათხელება-დამოკლების ესტაფეტა სხვა შვილებმაც ენთუზიაზმით აიტაცეს. მაიკლი ამბობდა, “ჩემს შვილებს სულ ვეუბნები, იყავით ის, ვინც გინდათ რომ იყოთ”. არ ეუბნებოდა – იყავით ის, ვინც ხართო. ჰოდა, ჯექსონი იყო ის, ვინც უნდოდა, რომ ყოფილიყო. მამა ჯოი მაიკლს თურმე ურტყამდა კიდეც, ნიჭიერი შვილისა და მისი და_ძმების სასიკეთოდ, წარმატების მისაღწევად, ოჯახისა და ჯექსონების ეგოს დასაკმაყოფილებლად. სხვა ჯექსონები ახლა სენატორებიც არიან, კონგრესმენებიც, ერთი კი საერთოდ – საპრეზიდენტო კანდიდატიც კი იყო. ოღონდ ეს ამ ჯექსონებიდან კი არა, არამედ იმ ჯექსონებიდან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ხომ ჯექსონებიდან, ჯექსონომანიიდან. პოპის საბრალო მეფის გერემოცვაში (ყოველ შემთხვევაში მედია ამაზე არ საუბრობს) არ მოიძებნა ერთი პროფესიონალი, სიმართლის მთქმელი “სამეფო კარის მასხარა” – ფსიქოთერაპევტი, რომელიც მაიკლს ნევროზის ერთი ტრივიალური ფორმისგან – დაავადება დისმორფობიისგან (საკუთარი გარეგნობით მუდმივი უკმაყოფილება, რომელიც, ძირითადად, მოზარდებს ემართებათ) განკურნებაში დაეხმარებოდა, დროზე გამოიყვანდა იმ არარსებული, ილუზორული სამყარო Disneyland-Neverland საუფლოდან, რომელიც მას იქ “მომხდარ” პედოფილიაში ბრალდებების გამო შესძულდა და საბოლოოდ ზრდასრულთა ასაკში შეიყვანდა. ორსონ უელსის გმირსაც ჰქონდა დიდი კარ-მიდამო, თავისი “არასოდეს მიწა” – სასახლე “ქსანდუ”. მაიკლის უძრავი, უაზროდ პომპეზური ქონება, “მოქალაქე კეინის” სასახლის საგნების მსგავსად, საკუთარი სამყაროს შემოფარგვლის აკვიატებული სურვილი იყო. იმ სამყაროსგან, რომელსაც თვალებზე შავი “რეიბანებით” “ჩვენ ვართ მსოფლიოს” თავად უმღეროდა. ისევე, როგორც “მოქალაქე კეინის” გმირი,, სარკის ანარეკლებად ნაწევრდება, ასევე ქუცმაცდება ჯექსონისა და სხვა საჯარო სხეულთა მთლიანობა სატელევიზიო, საპირდაპირეთერო სარკული ნატეხებით. ყვითელ მედიამაგნატ ჩარლზ კეინზე (როგორც მინიმუმ, რეალურ ცხოვრებაში მისი ორი პროტოტიპი არსებობდა) შექმნილი ფილმი უელსმა პამფლეტად ჩაიფიქრა, მაგრამ ამერიკის ისტორია გამოუვიდა. “რკინის ფარდის” იდეოლოგია ამერიკას ფულის ტომრიანი, სიგარეტიანი “ბიძია სემად” ხატავდა, მანამდე და შემდგომ კიდევ ბევრ რამედ და ვინმედ. ჯექსონმა შექმნა თვისობრივად განსხვავებული ხატი და “აიდოლი”, ლამის ოფიციალურად სარეზოლუციოდ და ყველანაირად სარეალიზაციოდ გამზადებული იმიჯით. ერთი პარფიუმერული კომპანია AVON – ის სლოგანის არ იყოს, Avon is American Icon ზუსტად ასეთი რითმებით. მოქალაქე კეინის უკანასკნელი სიტყვები ბავშვობის დროინდელ ციგის ხის დაფაზე დახატული “ვარდის კოკორი” იყო, მაგრამ პატრონის სიკვდილის შემდეგ სასრიალო მანქანის ადგილი სახლის გარეთ, სანაგვეზე აღმოჩნდა. არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით, რა იყო ჯექსონის “ვარდის კოკორი” და საჭიროა თუ არა მეორე ორსონ უელსი ამ “კოკრის” გასაშიფრად. მას მერე, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა ის მოწითალო სასწრაფო მანქანა, რომლითაც მაიკლ ჯექსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჰოსპიტალურმა საგამ თავისი ლოგიკური გაგრძელება ჰპოვა: დატრიალდა საკაცით სხეულის “მიმოსვლის” კადრები, ტელევიზია ამას ვერტმფრენიდან იღებდა და პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. მერე თვალი ელვით შეკრულ ტომარაში მოთავსებული ცხედრის საპოლიციო ვერტმფრენიდან მანქანაში გადატანა-შედების პროცესზე მიგვადევნებინეს. მანქანა საითკენღაც დაიძრა და ჩვენც “მივყევით”, თან ამას არასასპორტო კომენტატორის განმარტება-ტრანსლირებდა ახლდა. ჯექსონის სასახლის ჭიშკართან მოდარაჯეებს, რასაკვირველია, არ გამოპარვიათ მეორე-მესამე დღეს დიდი სატვირთო მანქანების გამოჩენა, რომლებშიც მუშები ჯექსონის კარ-მიდამოდან ყუთებით გამოტანილ საგნებს ტვირთავდნენ. თითქმის ისე, როგორც მოქალაქე კეინის გარდაცვალების მერე . . .
იქნებ მაიკლს “ვარდის კოკრად” თავისი ბავშვობისდროინდელი თეთრი, მერე კი სცენისთვის გაბრჭყვიალებული და გადიდებული ხელთათმანი გახსენებოდა. თუმცა იგი მან საჯაროდ უკვე გამოიყენა, მისი ანალოგები კი მგლოვიარე ძმებს ცალ ხელზე ეკეთათ და ამიტომაც “ვარდის” სანატრელ-სანუკვარობის ნაცვლად ეს ხელთათმანიც კლიშედ გადაიქცა. მერე, ხვალ-ზეგ, გასაიდუმლოებული ფანი ხელთათმანის დუბლიკატს კი არა, ორიგინალს ანდა იმ სასიკვდილო ინექციის შპრიცს “სოთბის” რომელიმე აუქციონზე აუცილებლად შეიძენს. მანამდე კი საჯარო სხეულის ნამდვილი, Live ეთერიდან გაქრობის პროცესში, ჩვეულებისამებრ, გაჩნდებიან ახლო და შორებელი ბიოგრაფები და ამოუტივტივდებათ მაიკლის შრომისგან დაძაბული, გადაღლილი ბავშვობა, ტრავმირებული ფსიქიკა, ფაქიზი სულიერი წყობა, უკიდეგანოდ კეთილი გული, შეუდარებელი მოწყვლადობა, სრულყოფილი იუმორის გრძნობა, უმანკო ღიმილი, მიუწვდომელი სიღრმის ეულობა, სამყაროსადმი უსაზღვრო სიყვარულის გაუზიარებლობა და მისთანანი. მაგრამ, ვშიშობ, ამ ჩემონათვალსაც, ბევრი სხვა რამის მსგავსად, კვლავ ტრივიალურ კლიშედ გადაქცევა მოელის, ისევე, როგორც მოქალაქე კეინის უზარმაზარი სასახლის ღობეზე გაკრულ გაფრთხილებას – “შესვლა აკრძალულია”. . .