გაგრძელება ( იხილეთ დასაწყისი 01/07/2009) ამერიკულ ტელევიზიას თავისი არავარსკვლავური გადაცემა-სხეულებიც აქვს. Nonpublic -ს წარმოადგენენ ორი მდარე გემოვნების ამერიკული სატელევიზიო ტაბლოიდი – შოუს წამყვენები Maury დაJerry Springer. მათ ტელეწარმოდგენებსაც წამყვანთა სახელები ჰქვიათ. გადაცემის არსი მარაზმი, მარგინალობა, მარგინალები და მათი სხეულებია. შოუ Maury – ის აფინანსებს მამობის ანუ ბავშვის ბიოლოგიური, მამრობითი სქესის მშობლის დამდგენი ლაბორატორია. ამ გადაცემის არსი ასეთია: სტუდიაში აჟიტირებული აუდიტორიის წინ სხედან თვალცრემლიანი ქალი-დედა და ორი მამაკაცი: პირველი ბავშვის ნამდვილი მამაა, რომელიც ოფიციალური ქმარიც (იგი ეჭვიანობს, რომ ბავშვი მისი არაა) შეიძლება იყოს, სამოქალაქოც და უბრალოდ მამობაში “ეჭვმიტანილი”, და მეორე – ქალის ერთჯერადი თუ მრავალჯერადი სქესობრივი რეალური თუ არარეალური პარტნიორი. ქალი ცრემლებშია, რადგან ამ ორი კაციდან, ვისაც უნდა დაუმტკიცოს, რომ სწორედ მისგან ჰყავს შვილი, ისიც უარზეა და მეორეც. ამერიკაში კანონით შესაძლებელია სახელმწიფომ “შემთხვევით” მამას ალიმენტების გადახდა დააკსიროს, თუმცა სულაც არაა აუცილებელი, ქალი და მამაკაცი ოფიციალურ ქორწინებაში იყვნენ. ეკრანზე კი დიდი ხედით არავარსკვლავური პატარა ბავშვის სურათი ან იმის ვიდეო-კადრებია, თუ როგორ თამაშობს იგი და აზრზე არაა, რა ხდება მის თავს. “მამები” გაჰყვირიან, რომ ამ არსებას მათი (მამის) ცხვირი, თვალები, ყურები და ფეხები არა აქვს და ა.შ. “მაურისთან” ბავშვის მამობას ორი მამრობითი სქესის წარმომადგენელი ჰოვარდ სტერნისა და ლარი ბიკჰედისდაგვარად კი არ ისწრაფვის, არამედ პირიქით, გაურბის. რადგან დედა Public body არაა და მილიონები არ აქვს. წამყვანი მაური ხსნის კონვერტს და გამამხნევებელი შეძახილებისა და ტაშის კვრის ფონზე ლაბორატორიიდან მიღებულ პასუხს აცხდებს, რასაც ერთი მამაკაცის სიხარული მოჰყვება (იგი მამა არაა), ხოლო მეორის – გაწბილება (იგი მამაა და, სამწუხაროდ, მისი ეჭვები არ გამართლდა, თუნდაც იგი ქალის კანონიერი მუღლე იყოს) . . . და ა.შ.
ბარბარა უოლთერის მეგობარი ჯერი სფრინგერი მაურის სულაც არ ჩამოუვარდება. იგი თავისი შოუთი ცინიზმისა და დაუნდობლობის იშვიათი პანოპტიკუმია, სადაც აუდიტორიას ალკოჰოლიკები, უკბილო, დაუბანელი ნარკომანები, „ბომჟები“ ავსებენ, “სტრიპთიზს” აწყობენ, იგინებიან, ერთმანეთს ურტყამენ, აფურთხებენ და ხარხარებენ. ეს საყოვლთაო “მხიარულების” ანკლავი, მრავლობითი შიშველი სხეულის მიუხედავად, მაინც ვერ ხდება “საზოგადო”, საCNN –ნო და სალარიკინგო. და ვერც გახდება. Public Body -სთვის ნამდვილი ვარსკვლავია საჭირო, თუნდაც ეს იყოს ცოდვიან დედამიწაზე ზემოდან დახეთქებული კომეტა, უკვე ჩასაქრობად გამზადებული, მაგრამ მაინც ვარსკვლავური სხივებით. არც მეტი და არც ნაკლები. როგორიც, მაგალითად, მაიკლ ჯექსონია. თუნდაც მკვდარი. ჯერი სფრინგერთან კი კომეტის ნაკუწები კი არა, მხოლოდ დაჩაჩანაკებულ-ნაოჭიანი “არაბრწყინვალე გვამებია” . . .
***
2 წლის წინათ, სანამ ამერიკელ ანა ნიკოლ სმითს დაასაფლავებდნენ, ამერიკის მიწაში ქართველი ქალის სხეული ჩაიდო. 33 წლის ლალი ბ. ამერიკისთვის უჩვეულო მიზეზით გარდაიცვალა. სისხლისგან დაიცალა – “უბედური შემთხვევააო”. სისხლისგან დაცლის მიზეზი კი მედიკამენტური აბორტი გახდა. ექიმმა წამალი მისცა, თან “გააფრთხილა” – ცოტა სისხლი წამოგივა, ეგ არაფერიო და სახლში გაუშვა. მარინა სისხლისგან დაიწრიტა საკუთარივე ამერიკელი მეუღლის თვალწინ. როცა მისი სხეული გალურჯდა, ქმარმა მხოლოდ მაშინ გამოუძახა სასწრაფოს. არც იმ ღამის 911 – ის ზარი, არც ქალის სიკვდილის სიუჟეტი, არც სა The View -ე გამხდარა და არც სხვა რამ სასკანდალო-საეპატაჟო. ლალის სხეული არ იყო საჯარო, მისი კვერცხუჯრედი – არაფერი, მათ შორის არც სატელევიზიო (ცხელი თემა). იგი ისევე “უპატრონოდ”, უეთეროდ მიიცვალა, როგორც სხვა ასეულობით ათასი, მილიონობით წავა ამ სამყაროდან. მათ შორის Maury-სა და Jerry Springer –ის გადაცემების არა სამადამტიუსო სხეულები. ლალის საქართველოში მყოფი მშობლების შვილის სხეულზე მისაწვდომობა და უცნაური სიკვდილის საქმის ხელახალი გამოძიება ისეთ ტრივიალურ, არავარსკვლავურ დეტალებთან იყო დაკავშირებული, რომ ამაზე “აღარც კი ღირდა” ყურადღების გამახვილება: ამერიკული ვიზა და რამოდენიმე ათეული ათასი დოლარი. ამიტომაც მოკვდა ეს საქმე ისევე უეთეროდ, როგორც თავად ლალი. მისი სხეული “მათთვის” “ჩვენი” არ იყო და არც ერთ “ძაღლს” მის სადარაჯოდ “არ ეცალა” . . .
2008 – ში, როცა ნიუ-იორკში რუსულ უბან “ბრაიტონზე” ამერიკაში რამდენიმე თვის ჩამოსული 30 წლის ფეხმძიმე ნათია გ. ქმრის თანდასწრებით ნარკოტიკების ქვეშ მყოფი მძღოლის მიერ მართულმა მანქანამ გაიტანა, ადგილობროვმა გაზეთმა Daily News -მა უბედური შემთხვევა პატარა მინაწერით აღნიშნა. საგაზეთო ქაღალდზე მარცხენა ქვედა კუთხეში დაღუპულის სხეულის საიდენტიფიკაციო სახელ-გვარი, ინიციალებიც კი არ ეწერა, არც ის, რომ ქალი ბავშვს ელოდებოდა. სამაგიეროდ, კრიმინალურ დეპეშას მომხდარის ადგილი, მანქანის მარკა, ნარკომანის გვარ – სახელი, კრიმინალური C.V., მისი “ლათინოსური” წარმომავლობა და დანაშაულის დროს ნარკოტიკების ქვეშ მყოფობა არ დავიწყებია. უსულო ნათიას საპასპორტო მონაცემები გაზეთისთვის თუნდაც ინფორმაციის სისრულისთვის აღნიშვნის “ღირსი” ვერ გახდა, რადგან კორესპონდენტისთვის მსხვერპლი “იმათი”, ანუ “უცხო სხეული” იყო, ხოლო “იმათი “ჩვენი” – კრიმინალის ჩამდენი ადამიანი. ნათიას სხეული საავადმყოფოს პროზექტურაში რამდენიმე დღე იყო დასვენებული. რომ არა კეთილმოწყალე ქართველები და აშშ-ში საქართველოს საელჩო, ღმერთმა უწყის, “ჩვენი” ნათიას ცხედარი სად იქნებოდა ახლა. იგი ისევე “უსახელოდ” დაიღუპა, როგორც ლალი.
ამას წინათ რუსთავი 2– ის ერთ-ერთი “კურიერი” აჭარაში ზღვაში ნაპოვნი ახალშობილის გვამის ჩვენებით დაიწყო. უპატრონო, ორი წუთის განმავლობაში სველი ცხედარი ხან ნატურალისტურად აჩვენეს, ხანაც – თეთრნაჭერგადაფარებული. წამით საჯარო მზერისთვის “ღია”, უსახელ-გვარო ხორცის გროვა “მრავლისმთქმელად” სიუჟეტის დამთავრებისთანავე გაქრა და დამხრჩვალის თუ ჯერ მოკლულის და მერე წყალში გადაგდებულის თემა ამით “ამოიწურა”. მეხსიერებას შემორჩა არა იმდენად ის, თუ რას აკეთებს პოლიცია საქმის გამოსაძიებლად, ან რას გვიამბობს გვამის ხმელეთზე გამომტანი გოგონა, რაზე მეტყველებს სტატისტიკა საქართველოში “უკანონო” ბავშვების მყოლ ქალებსა და, ერთი კლასიკოსისა არ იყოს, “მილანის ღამეების პროდუქტებზე”, რამდენადაც დიქტორის მორალისტურ-იმპერატიული “ინფორმაცია” და ვიდეოკამერაზე “ჭიპლარით” მიერთებული უმწეო სხეული. ასე შეიქმნა “ახალი ამბავი”. ეთერის დროს ბავშვის გვამს, როგორც “სკანდალის” გზავნილს, ადრენალინიანი რეაქცია უნდა გამოეწვია, რომელიც არა მამამ, კაცმა, არამედ დედამ, ქალმა დიქტორმა ტელევიზიის გათვლებით ასპროცენტიანად შოკირებულ მაყურებელს უკარნახა. რუსთავი 2 –ს ჰგონია, რომ ტაბუ მოხსნა, სენსაცია “ქმნა” . . . ამიტომ ამ უღმერთოდ განწირული, უმწეო, შიშველი და თანაც ჭიპლარიანი “შოკის” ხათრით ბოლოსკენ გადადო სეისმოლოგების ცნობა იმის თაოაბზე, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი. დედიშობილა სხეული გადაიქცა სატელევიზიო-საბუკლეტე “მრავლისმეტყველ” კლიშედ, როცა სიუჟეტის ბოლოს ან სტატიის ფონად ნანაცარტუტარ – ნაომარ ადგილას ან სანაგვეზე ხელ ან ფეხმოგლეჯილი თოჯინა ან პლუშის სათამაშო დათუნია სამყაროს დაუნდობლობის, ამაოებათა ამაოებისა და მთხრობელის, ამ შემთხვევაში კამერის (ტელეარხის) სევდიანი სიბრძნის საილუსტრაციოდ “ფიქსირდება”. მაგრამ აქ თავად “ვუაერისტული მოწყობილობაა” დაუნდობელად მოძალადე, ცივი და ცინიკური, როგორც ერიკ სტილის წინააღმდეგობრივი ფილმი The Bridge (“ხიდი“), როცა მისი კამერა სიკვდილ–სოცოცხლეს შორის მყოფ თვითმკვლელთა სან-ფრანცისკოს Golden Gate Bridge – დან არასუპერმენულ ფრენას ცივსისხლიანად იღებს. რამოდენიმე ხნის წინათ მე დავუკავშირდი ერიკ სტილს, მაგრამ მან ჩემი “ტენდენციური” კითხვები დაიწუნა და ამიტომ საუბარზე უარი განმიცხადა.
ქვიშაზე დაგდებული სხეულის ჩვენებით რუსთავი 2 – მა ჩათვალა, რომ ეს მისი ეკრანის ჭეშმარიტების “მომენტი” იყო. შესავლად კი დაედო დიქტორის ვერდიქტი, რომ საზოგადოების ნაწილი დედისადმი კანონის გამკაცრებას ითხოვს. პროგრამა-მაქსიმუმი – მყისიერი ეფექტი წარმატებით იქნა შესრულებული. თუმცა არ ჩანდა, კონკრეტულად რომელი “პუბლიკა” ითხოვას ამას; რაღაზე ფიქრობს მეორე, მესამე და დანარჩენი ნაწილი; ითხოვს თუ არა ეს ეფემერული ხალხი, ღვთისმშობლის წილხვედრ და არც ისე დიდი ხნის წინათ “ქალის კულტის” ქვეყანაში ბავშვის მამის მოძიებასა და პასუხისმგებლობის განაწილებას; თუ ქალისადმი კანონი იმიტომ უნდა გამკაცრდეს, რომ იგი კვერცხუჯრედისა და ფერტილობის უნარის მატარებელია ქალი ჯერ ეჭვმიტანილია, თუ უკვე დამნაშავე? ცოცხალია კი? ზღვის ფსკერზე ან სანაპიროდან შორს ხომ არ აგდია-ტივტივებს, ოღონდ უჭიპლაროდ? ფიქრობს კი ეს და ის საზოგადოება, რომ იგი კვლავ ძერჟინსკივით რკინისებრ პარტიარქალურია და ისეთივე დაუნდობელი, როგორც რუსთავი 2 – ის კამერა, რომელიც დახტის დასასვენებლად ჩამოსული ხალხით სავსე პლიაჟსა და პატარას გვამს შორის; როგორ თავსდება ამ კანონის გამკაცრება სამედიცინო კრიმინოლოგიასთან და საპატრიარქოს მიერ გაცხადებულ ინიციატივასთან, მესამე ბავშვის ყოლის შემთხვევაში უწმინდესი და უნეტარესი “ნამატის” ნათლია გახდეს? ეხება თუ არა ეს ქალის ყველა მესამე ახალდაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, თუ მხოლოდ მესამეს ოფიციალური, ჯვარდაწერილი ქორწინებიდან თუ არაოფიცილურიდანაც და ა.შ. თორემ პატარა რომ იმთავითვე მართლმადიდებელი უნდა იყოს, ამ “პოსტულატს” წყალი არ გაუვა. . . სხვათა შორის, ამ უცნაურმა ინიციატივამ, სწორედ რომ “საზოგადოების გარკვეულ ნაწილში” გამოიწვია არაერთმნიშველოვანი მოსაზრებები, მაგრამ “მოგუდული”. . . ისევე, როგორც დასავლეთში, რაზეც ბრიტანულმა გაზეთმა The Gurdian –მა დაწერა.
მერე კი რუსთავი 2 – ის “მეინსტრიმულ – ჩანასახოვანი” სიუჟეტი დაბალანსებული იქნა “სიცოცხლის დამამკვიდრებელი” კადრებით ღეროვანი უჯრედების სარგებლიანობის შესახებ, რომელიც ამ არხმა ადრეც აჩვენა. აბა, სხვაგვარად როგორ უნდა დასრულებულიყო კანონის გასამკაცრებელ-კრიმინალური თემა, თუ არა ოპტიმისტურ-პროგრესული “ჰეპი-ენდით”? კონტრაცეპტივების “სიცოცხლის არადამმკვიდრებელ” რეკლამასა და სპეციალისტების მსჯელობას ასე უადგილოდ ხომ არ ჩართავდნენ, მით უმეტეს, როცა საპატრიარქოს პოზიცია “დემოგრაფიის დამგდებ” აბებთან და კონდომებთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილია და გადასინჯვას არ ექვემდებარება. ასე რომ, შემდეგ “ჭიპლარამდე” . . . ***
როცა ირანში არჩევნებთან დაკავშირებული ტრაგიკული ვნებათა ღელვის დროს მოკლულ ახალდაზრდა ქალს ნედა აღა-სოლთანს ცხვირ – პირიდან ორხაზად სისხლი წამოუვიდა და თვალები გადაუტრიალდა, მაყურებელთა რეაქციის გამოცნობა რთული არ იყო. ეს კადრები და მათი სატელევიზიო თუ საინტერნეტო სივრცეში გაუთავებელი ტრიალი აჰმადინეჯადის “დასასამარებლად” იყო საჭირო. პოზიცია – ცუდი, ძალიან ცუდი, ოპოზოცია – კარგი, ძალიან კარგი. ნედას სხეული თითქოს მისი “ჰუმანისტური” სიკვდილით აჰმადინეჯადის პოლიტიკური სიკვდილისა და ირანის ტოტალიტარიზმის “კორექტული” ჩვენებისთვის იყო გამზადებული, საჭირო დროსა და ადგილას. გვამად გადაქცეული მამაკაცების გარემოცვაში, უჩადროდ, ჯინსის შარვალში გადაშლილი ფეხებით იწვა (კაბა რომ სცმოდა, ასეთივე “მრავალგანზომილებიანი” იქნებოდა კადრები?). მის მკერდსაც უნდა შეხებოდნენ გულის მასაჟისას. . . მას მერე, რაც CNN-მა ქალის კვდომის კადრები რამდენჯერმე აჩვენა, მერე ნედას სახისთვის საეთერო ლაქის დადება გადაწყვიტა. ეთიკურად. მაგრამ, არა გადაშლილი ფეხებისთვის. მკვდარი ქალის სხეულის სხვა ნაწილები საჯარო გახდა, სახე – დრობით პრივატული. ეფექტი მიღწეული იყო. ხალხი მსხვერპლია, აჰმადინეჯადი მტარვალია, მუსავი – დემოკრატი დისიდენტი-რეფორმატორი, რახან ნედა აღა-სოლთანი მოკლეს. სხეული გახდა მხატვრულ-დოკუმენტური ნარატივი, თანაც მძლავრი პოლიტიკური სიმბოლო და ამასთან, ნედას (სპარსულად “ხმას” ნიშნავს) სახელიც ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. თითქოს სცენარით ასეც უნდა ყოფილიყო. ამბობდნენ, საბრალო, აპოლიტიკური ნედა იქ შემთხვევით მოხვდაო; მუსიკის მასწავლებელთან ერთად მანქანაში იჯდაო, დასცხაო ზაფხულის თაკარაში და მანქანიდან გადმოვიდაო; ბიძამისს თუ მამამისს ახლდაო და ა.შ. მერე გვამცნეს, რომ პროზექტურიდან სხეულის გამოსახსნელად ფულის გადახდა დასჭირდა ოჯახსო; მერე ნედას სხეულს მისი შინაგანი ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის იყენებენო და სადონორედ გამოყენების ნებართვისთვის ჭირისუფლებს მიმართესო; ისინიც, ოღონდ ნედა დროზე დაესაფლავებინათ, მაშინვე დასთანხმდნენო და ა.შ. სიკვდილის მერე ირანის პოლიტიკური პროტესტის სიმბოლო ქალის სხეულმა მთლად ანა ნიკოლის გვამის მსგავსად არა, მაგრამ კვლავ უცნაურად, მარტივ მამრავლებად, თუმცა “სადონორე-სასარგებლო” ორგანოებად დანაწევრება დაიწყო, შეიძლება სულაც დეზინფორმაციულად, მაგრამ არა მთლად ისე მოდერნისტულ-აჩქარებულად, როგორც ეს გეოგრაფიულად სხვაგან მყოფ საჯარო სხეულებს ემართებათ. რადგან ირანში სხეული ჯერ კიდევ სატელევიზიო ტაბუა, მაგრამ არა ცხვირი, რომლის ფორმასაც ირანელი ქალები წამდაუწუმ “ითანამედროვებენ”. არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ნედას ცხვირიც ვერ გადაურჩა “გაევროპელებას”. სიკვიდილის მერე დიდად აღარავის დააინტერესა: ნედა უბრალოდ იდგა იქ, სადაც სხვები ანუ პუბლიკა ირეოდა თუ არა . . . ირანში 46 მილიონი ამომრჩეველია, ერთ-ერთი ნედა იყო, ხოლო პროტესტანტები, როგორც ამბობენ, – ნახევარი მილიონი. იყო კი ნედა პროტესტანტი? თუ სნაიპერისა და ბედის უკუღმართობის შემთხვევითი მსხვერპლი? მირ – ჰოსეინ მუსავი არც ქალთა უფლებებისთვის (მის წინასაარჩევნო კამპანიაში მისი ცოლის გამოჩენა უფრო პიარაქცია იყო, ვიდრე გაეროს SEDAW-ით დაინტერესება) და არც სხვა დასავლური ფასეულობებისთვის იბრძოდა. მეტიც, მისი პრემიერ – მინისტრობის დროს იგი CNN -ისა და ინტერნეტის სამშობლოს ამერიკას, რომლის ახლანდელმა პრეზიდენტმა არაორაზროვნად დაგმო ირანელი დემონსტრანტების დარბევა, “დიდ სატანას” უწოდებდა და დასავლეთს ანტიდასავლური ლოზუნგებით დაამახსოვრა თავი. მუსავი არც ისრაელთან მეგობრობასა და არც ატომური იარაღის წარმოების შეჩერებას აპირებდა. თანაც აჰმადინეჯადის პოლიტიკური მეტოქის ბიოგრაფიაში ტერორისტული ორგანიზაცია “ჰესბოლას” შექმნაში უშუალო მონაწილეობის მიღების ფურცელიც არსებობს. “ჰესბოლას” ჯარისკაცები, ისევე, როგორც ავღანელი თალიბები, ლინჩის წესით თუ თავიანთი “შარიათით” რუმბივით აგორებენ მოკლულ ადამიანის სხეულებს. მაშ, ვის შეეწირა 26 წლის ჯინსებიანი ნედა აღა-სოლთანი? ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. საეკრანო ეფექტი დიდის დაძაბვის გარეშე მიღწეულია. ნედას სხეული მის პატრონს აღარ ეკუთვნის. იგი საჯაროა და პოლიტიკურ მიზანშეწონილობის ტექსტად გადაქცეული. მეტი ხომ არც არაფერი იყო საჭირო მისგან. ნედა ევა სენ – კლერივით თვალგახელილი მოკვდა, ოღონდ 9 გრამი შიგ გულში მოხვდა, მოკვდა ქუჩაში და არა მაქმანებიან საღამურში, რბილსა და თეთრ, ქათქათა საწოლში. მას არაცისფერი თვალები ჰქონდა. ჰო, კიდევ ერთი დეტალი: ევა სენ-კლერისგან განსხვავებით, ნედამ და მისმა “საპროტესტო სახემ” ინტერნეტ-ენციკლოპედიაში Wikipedia სამუდამოდ დაიდო ბინა. “რა ლამაზი ყოფილაო!” – ატყდა ღილაკების ჩხაკაჩხუკი საინტერნეტო თანამეგობრობაში, “სადაა ჩვენი ნედაო?” – ასეთი სლოგანებით აივსო მედია. უცხო ნედა უცებ “ჩვენი” გახდა . . .
***
ამერიკაში 25 ივნისის შემდგომ ჯექსონის სიკვდილისგან მიყენებული ეგზალტირებული შოკი -კარნავალის ფონზე საუბარი მიმდინარეობს არა იმაზე, კონკრეტულად თუ რა სახის მუსიკას ასრულებდა და ქმნიდა იგი, არამედ იმაზე, იყო თუ არა იგი წამლებზე (ტკივილგამაყუჩებლებზე) პათოლოგიურად დამოკიდებული, ვინ იყვნენ მისი ექიმები, რამდენი “გრემი” აიღო, რამდენი დახარჯა ქველმოქმედებაზე, რამდენნულიანი იყო მის უძრავ ქონებაზე დაწესებული გადასახადის აღმნიშვნელი ციფრი, რამდენი ბილეთი გაიყიდა ბრიტანეთში ივლისში დაგეგმილ გამოსამშვიდობებელ კონცერტებზე, დაუგროვდებოდა თუ არა მას 50 კონცერტით (თითო დღეში ერთი მილიონი დოლარის მოგებას ვარაუდობდნენ) ვალების დასაფარი თანხა, რა ღირდა ბილეთი მის პერფორმანს-გასვენებაზე, რამდენს გაუმართლა და ბილეთი ინტრენეტით შეიძინა, რა თანხა შევიდა ლოს-ანჯელესის ბიუჯეტში ჯექსონთან გამოსამშვიდობებელი კონცერტის გამოისობით, რა ღირდა მისი მოოქროვილი კუბო, სად არის მისი სხეული – სად დაასაფლავეს, ამოიღეს თუ არა გული და ტვინი, იყო თუ არა პედოფილი და ვინ იქნება მისი სამი შვილის მეურვე. პირადად მე არასოდეს ვყოფილვარ მაიკლ ჯოზეფ ჯექსონის თაყვანისმცემელი, მაგრამ ვაღიარებ, რომ იგი იყო სასცენო ფენომენი, უფრო სწორად კი, 1980-90 იანების ნიჭიერი “პოპ-დივა-აიდოლი” (მარტო “თრილერი” რად ღირს), რომელიც ინერციით XXI საუკუნეშიც გადმოვიდა, მაგრამ მაინც წინა საუკუნის “კონსერვად” და ბრენდად დარჩა. მან საუკუნის ზღვარს ფიზიკურად კი გადააბიჯა, მაგრამ არა – ათასწლეულისას. ამგვარი გადაბიჯება და “შენელებული კადრით” დროის გაჩერება მხოლოდ მითსა და კინემატოგრაფს ძალუძს. მოკვდა და თავისი გამხდარი სხეულით ფენომენოლოგიური არსიც დაკარგა და მთლიანობაც, რადგან ისევ დანაწევრება დაიწყო. თუმცაღა უდავოდ არსებულ ბარიერებს თავისი ბრჭყვილა თეთრი წინდებითა და “ინსპექტორებით” გადააბიჯა. მაგრამ ეს ბარიერი იყო არა იმდენად ვოკალური, გნებავთ საცეკვაო, რამდენადაც უფრო სქესთან და ხატთანდაკავშირებული . მისი მასკულინური მაღალი ფალცეტ – დისკანტი არ ჰგავდა არც სმოკი რობინსონის, არც მარვინ გაიეს, არც ფრანკ ლემონის ტემბრს და ვერც დაემსგავსებოდა, რადგანაც ჯექსონის ხმა, ზემოთ ჩამოთვლილთა იმიჯებისგან განსხვავებით, მისი სხეულის რითმის, პლასტიკური ოპერაციებით ნატანჯი ცხვირისა და მასზე მუდმივად აკრული ნიღბის, ხუჭუჭა თუ გასწორებული გრძელი თმების, აბრჭყვიალებული, თითქოს მამაკაცური სამხრეულებიანი “გუსარსკებით”, კოსტუმის მკლავზე უცნაური წარმოშობის სამკლაურით, დიდი ხელთათმანის, ცეკვის დროს ფეხებშუა ხელის ტაცების (თითქოს თავის სქესობრივ მიკუთვნებულობას უსვამდა ხაზს), პირჯვარის გადაწერის რითმ-სექციისა და შიგადაშიგ შეკივლებების გარეშე წარმოუდგენელია. მისი სახე ნელ – ნელა ნიღაბს დაემსგავსა და თავისი ცხოვრების სტილითაც ასეთივე ნიღაბს ამოფარებული “ანდროგენი” გახდა. ნიღაბი ხომ ყველაზე მრავლისმეტყველია. ამიტომაც ქალებისმადევარი მაჩო-ბიჭუნას იმიჯის შენარჩუნებაში მას ვერც სუსტმა პროდუქციამ – მარლონ ბრანდოს მონაწილეობით გადაღებულმა კლიპმა უშველა. ადრე კი თითქოს “არაუშავდა”, როცა სამუსიკო რგოლებში ღამის ქუჩებში სიყვარულის ასახსნელად ფიზიკურად მის მსგავს “კნაჭა გოგონებს” დასდევდა. ახლა კი მარლონ ბრანდო თითქოს ჯონი დეპის მიერ შექმნილი “დონ ჟუანიდან” გადმოვიდა. მაგრამ ამაოდ. “თრილერის” ეფექტი ვერ განმეორდა. . .
მაიკლი თავის ინფანტილურობითა და ბავშვობაში დაბრუნებზე გაუთავებელი ოცნებით ვერც მთლად მეფე მათიუშ პირველი გახდა და ვერც მთლად მუსიკის ახალი მოციქული – გურუ. ჯექსონის ტრანსგენდერული ეროტიკული ხმა ბავშვი-მოზარდის ფილტვებითა და სახმო იოგებით იქმნებოდა, ხოლო მისი სხეული – მის საბრენდო “მთვარის სიარულსა” და 20 წლის წინანდელ დაშტამპულ მოძრაობებს ვერ გასცდა. არ ვიცი, სახით ვის უნდოდა, რომ დამსაგავსებოდა: დედას, მიშელ პფაიფერს, ოდრი ჰეფბერნს, უცხოპლანეტელ – ჰუმანოიდს თუ ლოლიტას. ალბათ, გახსოვთ, თითქმის ასეთივე მაღალი ხმის პატრონი, იტალიელი მოზარდი რობერტინო ლორეტი დაკაცებასთან ერთად სცენიდან რომ გაქრა და ამიტომ მის სხეულს საჯაროობა “არ დაემუქრა”. ჯექსონების ოჯახსა და მის თაყვანისმცემლებს მისი გაქრობა არ უნდოდათ, ისევე, როგორც თავად მას. მას სიცოცხლის უფლება ჰქონდა, მაგრამ არა სიცოცხლეშივე სასცენო, Public დასასრულის უფლება. ფაქტია, რომ მაიკლის სახემ და სხეულმა საბოლოოდ დაკარგა შუახნის მამაკაცის კი არა, საერთოდ მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნები, “წარმატებულად” გადაიქცა მესამე სქესად და XXI – ში თავისი ექსპერიმენტული გარეგნობისა და პედოფილ – სკანდალების სავიზიტო ბარათი უფრო გახდა, ვიდრე “ჯექსონ ხუთისა” და “თრილერის” სოლისტი. მისი “ცოდვიანი ჰაეროვნების” ნათელი მაგალითია ჯექსონი და მისი პირველი ცოლი ლიზა მარია პრესლი კლიპში You Are Not Alone (“შენ არა ხარ მარტო”. საქართველოში მისი “შარჟი “ – “ჩემო სანთელოც” კი გაჩნდა), სადაც ანტიკურ ფონზე, მარმარილოს სვეტებთან ორი, თითქმის ამ სვეტებისვე ფერის შიშველი სხეული ჩანს. ჯექსონი შავი გიპიურის პერანგში გულგაღეღილი ტრიალებს, თითქმის იმის დასამტკიცებლად, რომ იგი მდედრობითი სქესის არაა. მაგრამ ორივეს სხეული უფრო ლესბოსურ დუეტს ჰგავს, ვიდრე – ჰეტეროს.
თავის შემდგომ ცოლთან, ექთან – დერმატოლოგ დები როუსთან და შვილებთან გადაღებულ სურათებზე პოპის მეფე ამ ქალის უფროს ქალიშვილს უფრო ჰგავს, ვიდრე ქმარს. იმასაც ამბობენ, ცოლი იმისთვის ითხოვა, ცისფერობა რომ არ მიეწებებინათო. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ მისი სატელევიზიოდ გაგულახდილებული “მეგობრები”. ცოლიც მთლად კარგი დედა “არ შეხვდა”. ამბობენ, 1,5 თუ 4 მილიონი აიღო ქმრისგან, ფაქტობრივად, შვილებზე უარი თქვაო და ახლა, მილიონერი ექს-მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თითქოს კვლავ აღეძრა მშობლის ინსტინქტიო. რაც მთავარია, ჯექსონის სიყვარულის ნაყოფებს წყალში დახრჩობა და ტივტივის პერსპქტივა არასოდეს დამუქრებიათ და არც მათ ფოტოსურათს იხილავდა ვინმე –ის დნმ-ური გადაცემაში. თუმცა მაიკლი ძველ ჰიტში “ბილი ჯინ” მთელს მსოფლიოს ამცნობდა, რომ ვიღაც პრეტენზიული ქალის (სახელად ბილი ჯინი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას შვილი ჯექსონისგან ჰყავდა) ბიჭი მისი შვილი არაა, ამიტომ მამობაზე უარს ვამბობო; რაც არ ყოფილა, არ ყოფილაო. თუმცა ეს სიმღერა უფრო მაიკლის ჯერ არდაკარგული მასკულინური იდენტობის ხაზგასასმელად შეიქმნა, ვიდრე აბეზარი ქალების მოსაშორებლად, რომლებიც თავგამოდებით ამტკიცებდნენ, რომ სწორედ პოპის მეფე იყო მათი კვერცხუჯრედის მეწყვილე.
პრესლი-ჯექსონის კლიპი ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის კულტუროლოგიური თვალსაზირისით, თავისი ერთი – ორი ეპიზოდით, რომელიც ზოგ ჩანაწერში არის, ზოგან – არა. ამ ვიდეორგოლში მაიკლ ჯექსონის უსქესო სხეულს დიდი, თეთრი, ანგელოზის ფრთები გამოებმება. ერთგან კი “ანგელოზი’ ჩანჩქერის ფონზე წყალში დგას, ხოლო წყლის ზედაპირის ხაზი წელს ქვემოთ ჩადის, მაგრამ პიკანტური ადგილი, რომელზეც ცეკვის დროს იგი ხელს იტაცებდა ხოლმე, იქ არ “აღმოჩნდება” . . . ამჯერად საჯაროდ გამოტანილი სხეულს თითქოს აკლია ის, რაც ადრე მის სქესობრივ მიკუთვნებულობას აღნიშნავდა. გენიალური მხატვრების ტილოებზეც ანგელოზებს ხომ მაინც გაარჩევ – ვინ ბიჭია და ვინ – გოგო. მაგრამ მაიკლი სულ სხვა “აღმოჩნდა”. 25 ივნისს კი მოხდა ის, რაც არაერთხელ მომხდარა. მაიკლის საეკრანო “ანგელოზისთვის” სიცოცხლე და გრძნობის ორგანო, გული, აქილევსის ქუსლი აღმოჩნდა. თეთრი ანგელოზი-ნარცისი (მისი და ლათოია ხელოვნურად ითეთრებდა თავს), ოდესღაც შავკანიანი, სიმღერა “შავი – თეთრის” მომღერალი, ქალური თმის ვარცხნილობით, შავი ფანქრით დახატული თვალებითა და წითელი ტუჩებით, მასკარადული ორსქესიანობით, კათოლიკური ეკლესიის კასტრატი მგალობლის ვოკალური ამბივალენტური ხმით ეკრანიდან ყველას ჰპირდება, რომ ის, როგორც არც მთლად ეგზიუპერის პატარა პრინცი (თავის ორივე ვაჟს დანომრილი “პრინცები” შეარქვა), მაგრამ უბიწო ანგელოზი, არასოდეს მიგატოვებთ. XVII – XVIII საუკუნეებში კასტრატები ევროპის კულტურული ფენომენი იყო, რომელმაც რომანტიზმის ეპოქის დასრულებასთან ერთად თავისი ფუნქცია და განსაკუთრებული, უზადო აურა დაკარგა. XX- XXI საუკუნეების მიჯნაზე კი ეს ხატი თითქოს დაბრუნდა და უცნაურად გაყიდვადი და მომგებიანი გახდა. თუმცა ბარაკ ობამას არჩევის შემდეგ გარკვეული დროით მოდაში შავკანიანობა და გამოწეული ყურები შემოვიდა, მაგრამ ანგელოზი ტილოებზეც და სიზმრებშიც ხომ თეთრკანიანია, ამიტომ ჯექსონის შავ-თეთრი “გარდამავლობა” უფრო ეპატაჟური, გამძლე და სიმბოლური აღმოჩნდა, ვიდრე ამერიკის სხვა მას-სიმბოლიკა. მარტინ ლუთერ კინგის (King “მეფეს” ნიშნავს) ორმა შვილმა ჯექსონს ლამის მამამისის ჩანაფიქრის ასრულება მიაწერა, ხოლო შავკანიანმა კონგრესმენმა შეილა ჯექსონ ლიმ საერთოდაც კონგრესის სპიკერს მაიკლ ჯექსონის დამსახურებისა და მისი ამერიკის სიმბოლოდ აღიარებისათვის სპეციალური რეზოლუციის მიღება მოსთხოვა; რომ არა ჯექსონიო, ახლა არც ობამა გვეყოლებოდა პრეზიდენტადო. სამაგიეროდ, პოპის მეფეს სხვა პოლიტიკური ფიგურა, ისიც გვარად “მეფე”, რესპუბლიკელი თეთრკანიანი პეტერ კინგი აუჯანყდა და აყვირდა: ეს კაცი პედოფილი იყოო, რის სიმბოლო, რა სიმბოლო, ხომ არ გაგიჟდითო!? . . .
ჯექსონების მიერ მათი ოჯახის წევრის დაღუპვის დღიდან დაწყებული საეკრანო მარათონი ახლაც გრძელდება. მამა, ძმები და დები სხვადასხვა სცენაზე ჩარჩოში ჩასმულ სერთიფიკატებს მადლიერებით იღებენ, ინტერვიუებს იძლევიან, მაგრამ “მთავარანგელოზის” ლეგიტიმაციისთვის ეს არ კმარა. ამისთვის მკვდრეთით აღდგომაა საჭირო. ამიტომაც მისი ოჯახის მეგობარი წითელვარდებიანი კუბოს წინ განწირული ხმით გაჰყვიროდა: “მაიკლ ადექი, მაიკლ ადექი!”. ერთხელ ჯონ ლენონმა დიდი ხნის წინათ სკანდალური რამ განაცხადა: “ბითლზი” იესო ქრისტეზე პუპულარული არისო” და შემდგომ საყოველთაო აღშფოთების ფონზე თავის სიტყვებს მორგებული კორექტურა-ცენზურა გაუკეთა. ახლა მაიკლ ჯექსონის პოპულარობაზე სიტყვის თქმის ჯერიც მოვიდა. იმ დღეს ტელევიზიით ერთმა თვალცრემლიანმა აფრო-ამერიკელმა თაყვანისმცემელმა ქალმა ამოიგმინა: ”ჯექსონი სიყვარული იყოო და თუ ღმერთი სიყვარულია, მაშინ . . . “ და სატელევიზიო სიუჟეტი დროზე “გაჩერდა”.
ჯექსონი ცხოვრებაშივე დინამიკურ ცვილის ფუგურად იქცა, მაგრამ მას ბარბარა უოლთერის მსგავსადაც კი არ უნდოდა 50 წლის ასაკის გადაბიჯება. აკი ვერც გადააბიჯა და მანამ განუტევა სული, სანამ იმ 50 კონცერტიდან რომელიმეს სცენაზე ან მის მიღმა, ალბათ, აუცილებლად უსულოდ დაეცემოდა და Live – ში სულს განუტევებდა. აი, მაშინ ახდებოდა მეფის სასცენო სიკვდილის “დამმესიჯებელი”, დამSMSებელი, „ტელედამპირაპირებელი” მედიის ოცნება.
მაიკლ ჯექსნონმა 1980 – იან წლებში პრეზიდენტ რეიგანისგან ოდესღაც ჯანსაღი, “ცუდი და კარგი” წამლებისგან თავისუფალი ცხოვრების სტილის გამო ჩარჩოიანი დიპლომი მიიღო, ისევე, როგორც ელვის პრესლიმ – ნიქსონისგან. ქვეყნისა და მუსიკის პირველი პირები უცნაურ კონტრასტს ქმნიდნენ. საბრალო ანა ნიკოლ სმითი. იგი, ბუნებრივია, პოლტიკურ მადლიერებას არ დაიმსახურებდა. მაგრამ პრესლი და ჯექსონი (ანა ნიკოლ სმითიც) იმ ცხოვრების წესიდან, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტები და თაყვანისმცემლების უმრავლესობა გულისხმობდნენ, თავიანთი ხანმოკლე ცხოვრების ბოლოს ძალიან შორს იყვნენ, თუმცა ორივეს სიკვდილს თითქმის ერთნაირი ეკონომიკა “მოჰყვა”. მკვდარი ელვისი თავისი ალბომების გაყიდვით ბარე ორ ცოცხალ ვარსკვლავს კვლავ სჯობს, რასაც ვერ ვიტყვით სმითის საეკრანო და “საფლეიბოო” მემკვიდრეობაზე. სიკვდილის მერე პოპის მეფის ალბომების გაყიდვადობაც “ავარდა”. ასე რომ, ჯექსონმა საკუთარ თავს ელვის პრესლის ანალოგიური მომავალი თურმე “სწორად დაუსახა”. როკ-ენ-როლის მეფის უძრავი ქონების იმპერიას Graceland (სიტყვასიტყვით – “ნატიფი მიწა”) ჰქვია, პოპმუსიკის მეფისას – Neverland (სიტყვასიტყვით“არასოდეს მიწა” – ბავშობაში ჩარჩენილი პიტერ პენის ტერიტორია). ორივეს სიკვდილის შემდეგ კი მანტრების მსგავსი სიტყვები: წამლების დასახელებები, დიაგნოზები, მკვლელობის ვერსიები და ა.შ. კვლავ “გამოცოცხლდნენ”. ელვის პრესლის შვილთან, ლიზა მარიასთან ქორწინებით ჯექსონი “რჩეულთა საჯარო სხეულს” – როკ –ენ როლის სისხლსა და ხორცს “შეეხო”, თუმცა ეს ქორწინება “უნაყოფო” აღმოჩნდა. მათ შვილები – პრინცები და პრინცესები არ შეეძინათ. შვილები ჯექსონს არასაჯარო სხეულის მქონე არარომანტიკული პროფესიის ქალმა “მისცა”.
იხილეთ გაგრძლება