ბავშვობიდან მესმოდა, რომ პარტია (კომუნისტური) არის „ ჩვენი ეპოქის ტვინი, ღირსება და სინდისი“. იმ პერიოდში ციცერონიდან და ლუთერიდან ვიდრე ფუჩიკამდე და ტოლსტოიმდე სინდისის იმდენი დეფინიცია წავიკითხე და მოვისმინე, რომ კონკრეტულად ვერაფერი დავიმახსოვრე. უბრალოდ, ჩემამდე „დავიდა“, რომ სინდისი ურიგო კი არა, არამედ უაღრესად და პრინციპულად, ლამის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და თანაც კარგი რამაა. უმაგისოდ, ანუ უსინდისოდ არსებობა შეუძლებლია. რომ იგი ვითარცა უკანასკნელი ხელმოსაჭიდი ხავსია, რისკენაც ადამიანს (თუ შერჩა ოდნავი სინდისი) უნდა მოუწოდო, რათა ბოროტი, მატყუარა, ამორალური და აგრესიული კი არა, კეთილი, გულწრფელი, მორალური და სათნო გახდეს. იგი ერთგვარი „დოგსოპულო, შენ დედა (სინდისი) გყავსავითაა (გაქვსავითაა)?“. ანუ სინდისი ჟანგბადივითაა. ჟანგბადივით კი არა, ჟანგბადია. საქართველოს ისტორიის ერთ მშვენიერ დილას ჩვენი პოსტსაბჭოური რელიგიური ვნებები ზოგადსაკაცობრიო, ჰიპურ ფრაზამდე „ღმერთი სიყვარულია“ ავიდა – დავიდა და ახლა ამ ფრაზას ისე გაიძახიან, როგორც ადრე – „მშვიდობა, მეგობრობა, თანასწორობა, კომუნიზმი“ გაჰყვიროდნენ. ისევ რეალური სიყვარულის, ამ სიყვარულის ყოველგვარი დამამტკიცებელი საბუთის, ანუ საქმის გარეშე. მერე სინდისმა ფეხი აიდგა და პოლიტბიუროს თუ რამკიან/ურამკო ქურდების გამგეობა – სხდომებიდან საპატრიარქოში გადაინაცვლა. თუმცა შემდგომ, ჩემი დაკვირვებით, აღმოჩნდა, რომ ეს „სუბსტანცია“ სახელად „სინდისი“ არც ისე სავალდებულო და არც ისე მოთხოვნად–„კონვერტირებადი ვალუტა“ ყოფილა,. ანუ მთლად ჟანგბადიც ვერაა. იგი ოზონივითაა, რომელიც ამჟამად ხვრელს წარმოადგენს; რომელიც ხან დიდდება, ხანაც პატარავდება და ამიტომაც ეს გახვრეტილ – დაცხრილული „ელასტიკი“ ზემოდან ნიშნის მოგებით დაგვყურებს. მაგრამ, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, პრაქტიკულად, სიცოცხლე–ცხოვრება მის ქვეშ შესაძლებელი კი არა, მშვენიერიც ყოფილა. აკი, ვცოცხლობთ – ვცხოვრობთ კიდეც. მეტ–ნაკლები მშვენიერებით. ჩვენებური პოსტკოლონიელი ჰომოსაპიენსი ასე ფიქრობს: მთავარია, რომ ინგრიდ მიხაელსონის სიმღერის „I Just Wanna Be Ok, Be Ok, Be Ok” არ იყოს, რომელიც ქართულ ტელეარხებზე რომელიღაც პროდუქტის რეკლამასაც ადევს, OK იყოს ის/ისინი, ვისაც ამ “ოკეობის” უფლება რაღაც ჩვენთვის უხილავ–შეუცნობი დამსახურების გამო აქვს მინიჭებული… ჩვენ კი, ლამაზად, ნეტარად და სათნოდ მოტყუებულნი დავტკბებით იგივე ლამაზად, ნეტარად და სათნოდ შექმნილი მითითა და მათით, რადგან თუ ისინი OK იქნებიან, ჩვენც „გავოკევდებით“. სიტყვაში „ისინი“ ამჯერად „სასულიერო პირების“ გარკვეულ კატეგორიას ვგულისხმობ. „ახალი ქართველების“ კასტას. თუმცა ზოგადად სამეტყველო რეპერტუარში ტერმინების „სასულიერო“ და, მითუმეტეს, ზედ მიბმული „პირის“ ერთად მოხსენიება კამათის საგანიც შეიძლება გახდეს (არა მარტო „პირის“ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან ასიცირების გამო). თუნდაც იმიტომ, რომ არ ვიცით, თუ როგორ ტრანსფორმირდება ფიზიკური პირი სულიერად, უფრო სწორად, სასულიეროდ. დღის განმავლობაში როდისა და რამდენ ხანსაა იგი ფიზიკური პირი და როდისა და რამდენ ხანს – სასულიერო.
მგონი, მარქსი საუბრობდა „პრივილიგებულ სინდისზე“ და კიდევ იმაზე, რომ სინდისი მონარქსა და რესპუბლიკელს, დარვინისტსა თუ ეთეისტს სხვადასხვა აქვთ. ვეთანხმები. განსაკუთრებით – მონარქის ამბავში. მონარქისტული სინდისი. თუნდაც კონსტიტუციურ – მონარქისტული. ან პატრიარქის. პატრიარქალური სინდისი. მრევლის სინდისი სხვაა, პატრიარქის – სხვა. მათი შუალედური რგოლის – სხვა. უკვე დიდი ხანია ვფიქრობ, ჩვენებური, ქართული ეკლესია და ეკლესიურობა როგორი პოლიტიკური ორიენტაციის სინდისისაა. მემარცხენეა თუ მემარჯვენე? ის კი არა, ადრე თავში უფრო მკრეხელური აზრებიც კი მიტრიალებდა. ღმერთი ცენტრისტი, აპოლიტიკური თუ პოლიტიკურად ანგაჟირებულია? ფემინისტი რომ არაა, ამას დიდი ხანია მივხვდი. რადგან ვერაფერი გავიგე მისი სამართლის არა მარტო გენდერულში, არამედ სხვა საკითხებშიც. კონკრეტულად აქ და ამჟამად არსებულ დედამიწაზე. იმ სამყაროდან კი ბლოგი კი არა, სუპერმოკლე ესემესიც კი ჯერ არავის გამოუგზავნია, ამიტომაც ისევ ჩემი, ჯერ კიდევ ცოცხალი თვალით ნანახს, ყურით მოსმენილს, ნაფიქრალსა და განცდილს გიზიარებთ. ქართული გაგების ბიზნესის არ იყოს, პოლიტიკური სცენაც „განსაკუთრებული“ სინდისიერებით გამოირჩევა. ერთგვარი ქართული პონტი. მემარჯვენე მემარჯვენეს არ ჰგავს, მემარცხენე – მემარცხენეს. ტყუიან. თუმცა ორივენი და, ფაქტობრივად, ყველანი გაიძახიან, რომ სწორედ მისი გზა მიგვიყვანს ტაძრამდე. ეს ტაძარი კი ისე ძვირი უჯდება გადასახადების უბრალო მოკვდავ გადამხდელს, რომ ტაძრის მშენებლების სულზე კომპრომატებისა და ანტიკომპრომატების მოსმენის თავი კი არა, მისავათებულ–ქანცგაწყვეტილი გზის პირზე ფულიანი კეთილი სამარიტელის მოლოდინში აგდია. სამაგიეროდ, მართლმადიდებელი ოფიციოზია მიუსავათებელი, თანაც მსოფლმხედველობით ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენეც იმავდროულად. უძრავ–მოძრავი ქონება, საბანკო ანგარიში თუ ნაღდი ფული, როგორც ეკლესიის არსებობის წესი, ადრე დიდად არ იქცევდა ყურადღებას, რადგან სსრკ–ს არსებობის დროს თვალში არავის ეჩხირებოდა. საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ კი ითვლება, რომ ის, რაც ღმერთის სახელს უკავშირდება, არ შეიძლება ეკონომიკურ აქატივობასთან იყოს შეჭიდული. ეკონომიკა ხომ ამქვეყნიური ვნებაა და, წესით, სულს, სასულიეროს და მის „პირს“ არ უნდა უკავშირდებოდეს. ცნება „სულის ეკოლოგია“ არსებობს, მაგრამ არა „სულის ეკონომიკა“. ის, რაც უწონო სულს არ ეხება, ღმერთს, რწმენასა და ეკლესიას როგორღა უნდა ეთვისებოდეს? ქონება ხომ წონისა და „კაპიტალისტური“ სტატუსის კატეგორიაა. ცნება კაპიტალისტი კი დასავლური ცნებაა, კილოგრამებითა და კვადრატული მეტრებით აიწონ–გაიზომება და ლამის „უსინდისოს“ ნიშნავს. ჩემი მოკრძალებული აზრით კი, თუ ეკლესიას რაიმე მისია აქვს დედამიწაზე, მათ შორის, რასაკვირველია, ჰუმანური, იგი უპირველეს ყოვლისა ადამიანში სოციალური პასუხისმგებლობის, თანასწორობის, უსამართლობაზე რეაგირების გრძნობის ჩასახვასა და განვითარებას უნდა ემსახურებოდეს და არა სხვათა, განსხვავებულთა, რაოდენობით მცირეთა, უქონელთა თუ მარგიანლიზებულთა „გაჩოჩებას“, თანაც მრევლის ინფანტილური ფსალმუნიზაციის ფონზე. თუნდაც რელიგიურ – პოლიტკორექტულად. სოციალური პასუხისმგებლობა კი საერთო უნდა იყოს როგორც მორწმუნეთათვის, ასევე ათეისტებისთვის, როგორც ტორტ–ნამცხვრების ინდმეწარმეებისთვის, ასევე ტურიზმის სამინისტროს ბუღალტრისთვის. და ამისთვის სულაც არაა აუცილებელი, თავიანთი სამუშაო ადგილი ხატებით, სასანთლეებით იყოს მორთული, კვირაში სამჯერ იმარხულონ, მამაოსგან კურთხევა მიიღონ, ანდა ბუღალტრის კაბინეტში კედლები სველი ჯვრებით „მორთონ“ იმის საჩვენებლად, რომ „ადგილის დედა“ ნაკურთხია, ზეგარდმო დაცულია და ის ფულიც (ეროვნულიცა და უცხოური ვალუტაც), რომელიც კარაქიანი პურისთვის და კიდევ „ათასი“ წვირილმაინისთვისაა საჭირო, „ზემოდანაა“ ბოძებული. სინდისიერება არა მარტო ქადაგებებში უნდა იგრძნობოდეს, არამედ იმ ქმედით მაგალითებშიც, რასაც თავად საპატრიარქო, ერთი კონკრეტული ეკლესია და მღვდელი იძლევა. ქონება – ბიუჯეტზე ეკლესიის მიბმის პოლიტეკონომია კი მას, ფაქტობრივად, ცდუნების თეორეტიკოსად და პრაქტიკოსად გადააქცევს. არადა, სოციალური პასუხისმგებლობა, გნებავთ, სინდისი მხოლოდ ქადაგება კი არა, არამედ საქმეა. კერძოდ კი, კეთილი საქმე და არა ქვეყნის გადაქცევა ეკლესიების დეველოპერულ კომპანიად. თორემ მქადაგებლებსა და საქადაგებელს რა გამოლევს. ფაქტია, რომ დღევანდელი ქართული ეკლესია ვერც სულიერების და ვერ სამოქალაქო ინსტიტუტის სტატუსზე „ვერ ქაჩავს“ . . . ქაჩავს „სინდისიან“ მაღალი ტექნოლოგიის ავტომანქანებზე, დაკანონებულ უძრავ ქონებაზე, ძვირიან საჩუქრებზე, ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, მაგრამ – არა „უსინდისო“ შარვლიან ქალზე, ანდა ესკლესიასა და ღმერთს „მიბარებულ“ მაწანწალა ბავშვზე. ორივე შემთხვევაში დრეს – კოდი ნეოპატრიარქალურს ემორჩილება. ჩვენი საზოგადოება დაჭკვიანდა და თავის ნდობის ვოტუმს სინდისიერთა შორის ბრძნულ–კონფორმისტულად ანაწილებს: პოლიცია და ეკლესია. თუმცა ამ ორი ინსტიტუტის ერთმანეთისადმი ნდობის საკითხი ჯერ არავის გამოუკვლევია–გაურკვევია. არც ის, თუ როგორ თანამშრომლობდა სსრკ –ს დროს ეროვნული იდენტიფიკაციის მატარებელი ეკლესია „არაეროვნულ“ „კაგებესთან“. ყოველგვარი კონკორდატის გარეშე. მაგრამ სოციალისტური „გაზ 24“ – ებითა და კაპიტალისტური ჯიპებით, რადგან სულიერი, პარტიული და ნაციონალური უსაფრთხოება რამ გაყო… ჩვენი უახლოესი ისტორიის ბნელ (უდენობა) და ნათელ (დენიანობა) წლებში დედა – ეკლესიას არაოფიციალური სტატისტიკით არც ისე ცოტა კანონიერი ქურდი, ისე – რა ქურდი, ფულის გამთეთრებელი მამა – კრიმინალი შეეკედლა და შეერწყა; საპატრიარქოსთან დაახლოება კი ფულის „სულიერად“ გარეცხვის, შესაბამისად, ბიზნესის ლეგალურად წარმოებისა და ლოცვებში ექსკლუზიურად მოხსენიების საწინდარი გახდა. ამ დროს კი სასულიერო პირები თავიანთი ლეგალურად კურთხეული, „სულიერი“ ბიზნესითა და „ობშიაგით“ ოლიგარქებს ძალიან „უცნაურად“ დაემსგავსნენ. ტაძრის, რომლისკენაც გეზი საყოველთაო მოქალაქეობრივი უნდა ყოფილიყო, მშენებელთა შორის სულის ინტილიგენტ ინჟინერთა, (უფრო სწორად, ინვესტორთა) საპატიო სიაში არაერთ ისეთ სახელ–გვარს მოჰკრავთ დასაბრმავებელ თვალს, რომ თმები ყალყზე დაგიდგებათ. არადა, ადრე ესენი ყვლეფდნენ მრევლს თუ პოტენციურ მრევლს, მერე გაყვლეფილების ფულით ტაძრები აშენეს და მრევლის ხსენების გარეშე ამ ტაძრების სამახსვრო დაფაზე ამოიტვიფრნენ. „ამოტვიფრულების“ ანუ ხელშეუხებლების ჯიბით ჩვენი სანდობი პოლიციის არდაინტერესება, თავისთავად, სწორედ რომ „ექსკლუზიურად“ საინტერესო თემა უნდა იყოს. სხვათა შორის, ქართული, ჩამკვდარი საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვისაც. თუმცა სრულიად ლოგიკურია, როდესაც ვარდების რევოლუციამდელი ტელეგადაცემა „60 წუთის“ წამყვანს იმავე ტელეარხზე ახლა პოსტვარდული „ბიზნეს–კურიერი“ მიჰყავს . ყველას უნდა, რომ OK იყოს. ვერ გაამტყუნებ. ყველას სჭირდება Satisfaction (დაკმაყოფილება). ამ სიტყვის მეორე ნაწილზე ისეთი ექსპრესიული აქცენტით და პირმოღებული A – თი, როგორსაც მიკ ჯაგერის არასასულიერო პირი გამოსცემს. თუ არადა, მოგვიწევს The Rolling Stones – ივით ბედზე ჰიტურად ჩივილი: I Can’t Get No Satisfaction…
ამას წინათ ქართული ტელევიზიით ნაჩვენებ ახალ ამბებში საკმაოდ თვალშისაცემი იყო ჟანრობრივად განსხვავებული სიუჟეტების კონტრასტი: უწამლობის გამო გველის ნაკბენით გარდაცვლილი ბავშვი; მერე მეორე ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში რეანიმატოლოგიური აპარატის უქონლობის გამო დაიღუპა; რომელიღაც ეკლესიის მშენებლობისათვის შესაგროვებელი თანხის ტელერეკლამა თავისი საბანკო ანგარიშის მითითებით; მერე სვეტიცხოვლობას პომპეზურად გარემონტებული ჩვენი ისტორიულ–კულტურულ–რელიგიური ძეგლი, პატრიარქისა და პრეზიდენტის რევერანსები და გარეთ „მიშა, მიშას!“ ძახილი. სვეტიცხოველთან უცხო მანქანების (საპატრიაქაროს ავტოფარეხის მძიმე არტილერია – მანქანებს ეს არ ეხებათ, რადგან მოსაგვარებელიც არაფერი იყო) პარკინგის საკითხი ასე თუ ისე მოწესრიგდა. აი, ტაძრის ეზოში კი შეკრებილთ „მიშა, მიშას!“ მაგივრად, „ილია, ილია!“ რომ არ უნდა თუ უნდა ეყვირათ, ეს ჯერ საერო და სასულიერო „სფეროს“ პატრიარქებმა ვერ განსაზღვრეს. ნიუ–იორკში მაღაზიების, „კოოპერატივების“, კორპორაციების შენობების, ანუ ბიზნესების წინ პარკირების წესებიც მკაცრად განსაზღვრულია. ანუ გადაადგილების საშუალების (ხანდახან მაინც მგონია, რომ „ავტომობილი ფუფუნებაა“) ოთხი საბურავის დაყენების უფლება მხოლოდ ამ კონკრეტული ბიზნესის მფლობელს აქვს. ოღონდ ქალაქის კანონის თანახმად და არა ზეპირსიტყვიერად. საპატრიარქოც იგივე კაპიტალისტურ – სამოქალაქო, ოღონდ დაუწერელ წესს იყენებს. ქუჩაში სადგომი შენი თუ არაა, ნურც მიუახლოვდები. დაახლოებით ასე: „ანტიგიურზინი“ მხოლოდ რჩეულთათვის მოიძებნება.
3 წლის წინათ ნიუ–იორკში ქართული ეკლესიის მშენებლობის საქმეში ქართული მრევლის მიერ გაღებული თანხა ეკლესიის კარზე იყო გაკრული. გრანტიორთა გვარ – სახელი თანხის კლების მიხედვით იყო ჩამოწიკწიკებული. ჩემი თვალით რომ არ მენახა, ალბათ, არც დავიჯერებდი. არც იმას დავიჯერებდი, რომ ჩვენი ეკლესიის ადმინისტრაცია ნიუ–იორკელ ქართველებს ორი კვირის ხელფასის მოტანას სთხოვდა. მშობლიური თანასწორობის პილიტიკის პატრიარქატი და პატრიარქები დაძმაკაცებული „პერსონალური ქრისტეებით“ (Depeche Mode) თავის პერსონალურ სინდისს აწვებიან. ბიბლიური მცნებების რეფრენი კი კარაოკეს ქვეშ ნამღერიც არაა. იგი ყველაზე უხარისხო ფონოგრამას ემსგავსება. აი, რესტორნებში რომ „მღერიან“ მომღერლები. მუსიკა ჩართულია, „სოლისტი“ კი ამ დროს თავის პირად საქმეებს იგვარებს: მობილურზე ლაპარაკობს, ქალ–თამადას შორიდან ეფლირტავება, ანდა ღრეობის დროს კეთილი რიგითი მოქეიფის მიერ თეფშზე მირთმეულ ხაჭაპურსა და მწნილს შეექცევა. მოშივდა და რა ქნას? თან მუშაობს, ანუ „მღერის“, თან ჭამს. უფრო სწორად, ვინც არ მუშაობს, ის ჭამს. ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ფონოგრამის ტექსტის ტაქტში უკვე პირის გაღებაც ეზარებათ. რისთვის შეიწუხონ თავი? სახარება ხომ „მუდმივმღერი“ ფონოგრამასავითაა. მთავარია, დენი არ წავიდეს. თორემ დარჩება დარბაზი ჭურჭლის გადალაგება–ალაგება–გადაწოდების ხმაურისა და ხუთი სადღეგრძელოს შემდეგ „ჭურუმე – შენი/ჩემი დედა მვტყნ. “ შეძახილებით არეული სუფრისა თუ მონასტრის ამარა.
ქართული ეკლესიის ქონებრივი დავები, მისი მატერიალური სიმდიდრე, პოზოცია/ოპოზიციის სახელმწიფოსგან გამოყოფილი ეკლესიის მთავრებთან დაახლოება, ბიზნეს და სამოდელო სელებრითებთან და ფულის გამთეთრებლებთან არტურ კესტლერის ერთ გამონათქვას მაგონებს: „ომი ამჟამად კომუნისტებსა და ყოფილ კომუნისტებს შორის მიმდინარეობს“. ომიც წმინდათაწმინდაა, ჯვაროსნული. ისევე, როგორც საპატრიარქოს ტერიტორია. არა ღია, არც ნახევრად ღია, არამედ – დახურული. იქ „შესტოი ოტძელს“ (ეკონომიკური დანაშაულის განყოფილება) არავინ შეუშვებს. იქ ხომ სულის განყოფილება თუ დეპარტამენტია. ზეციურ კანცელარიაში ყველაფერი მოგვარებული, ფუნქციადელეგირებული, ნაკურთხი და ცხონებულია. იქაურ ჩინოვნიკობასა და ბიუროკრატიას სხვა ხიბლი და ვნება აქვს. მათი ტყუილი ლამაზი, ნეტარი და სათნოა. მრევლს არ ეპატიება ის, რაც ეპატიებათ მას, ვისაც ოფიციალური სათნოების „ლიცენზია“ აქვს, ან ამ ლიცენზიას გასცემს ან ჰყიდის. მრევლი მუდმივ სინანულში უნდა იყოს, რათა მანიპულირების კარგ საშუალებად გადაიქცეს. ევას ყოველთვის უნდა შეახსენო, რა უმსგავსობა და უწესობა ჩაიდინა. ადამსაც უნდა გაჰკრა შიგადაშიგ და კაენობა წამოაძახო და კაცია–ადამიანი ლუარსაბ თათქარიძის მოახლე ლამაზისეულივით დააწიოკო. სხვაგვარად, ეგრერიგად სათნოდ როგორ მოატყუილებ? ანდა სამუდამო ცხონების გარანტიას როგორ მისცემ? ამბობენ, ჩვენი საჯარო ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი თავიდან ყველას გულუხვად აჭმევდაო. პოზიციას (მათ შორის, ბუნებრივია, შსს–საც), ოპოზიციასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასაცო. მერე აქედან მხოლოდ ერთ–ერთი აირჩია მეგზურად და წააგო. არასწორი არჩევანი არც ისე მარტივი რამაა. იგი არა მარტო ჯანმრთელობისთვისაა საზიანო, არამედ ფატალურიც შეიძლება აღმოჩნდეს. განსაკუთრებით, როცა ქვეყნის „მართლმადიდებლური“ მოდერნიზაციის ფონზე შეუარიაღებელი თავლით ჩანს, რომ „რწმენის“ ბერლუსკონიზაცია მატერიალურად ურიგო რამ არ უნდა იყოს. პირიქით, ძალიან კომფორტული და OK –ური ყოფილა. განსაკუთრებით, როცა ვიკილიქსიზაციის საშიშროება არსაიდანაა. მოიპარავ, ნაქურდალის ნახევარს თუ არა, 10 პროცენტს მთავარ მღვდელს აჩუქებ, იგივე წაუქველმოქმედებ ანუ მოინანიებ და . . ა. შ. შემდეგ დიდ მარხვამდე.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ადამიანის უფლებების „ანტიქრისტიანულ – მასონურ“ საყოველთაო დეკლარაციის პუნქტებს ურიგოდ სულაც არ იყენებს და იგი თავისი სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების უფლებას კონსტიტუციურად რეალიზებს, ანუ ისე, როგორც ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე. ამავე დროს ყოველთვისაა მზად, თავისი მკაცრად მორალური იმპერატივი სწორედ ამ ადამიანის უსინდისო უფლებებთან დაკავშირებით გააცხადოს და მის ტრანსლირებას მედიითა და ქადაგებებში გულმოდგინედ შეუდგეს. როგორც წესი, ამგვარი განცხადებების მეინსტრიმ–პათოსი არა შემწყნარებლობა და ყბადაღებული ფრაზა „ღმერთი სიყვარულია“, არამედ ასეთი ტექსტი და ქვეტექსტია: „ისინი არიან უსინდისოები, ჩვენ კი – სინდისიანები“. უფრო სწორად – სინდისიანთა შორის ყველაზე სინდისიანები. ცნებაში „ისინი“, როგორც წესი, დასავლეთი, დასავლური ღირებულებები თუ დასავლური კულტურის „აგენტები“ იგულისხმებიან. მაგალითად, ავიღოთ „ალეხანდროაკვიატებული“ ლედი გაგა. უცებ წარმოვიდგინე, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მაგალითად, ვინმე ჰოლივუდ–ბოლივუდელმა „დააინვესტორა“ ფილმი რომელიმე ქართველ დევნილზე, რუსეთთან დაპირისპირებისას ეთნიკურ ნიადაგზე გაჩაღებული ომის მსხვერპლზე, რომელმაც ჯოჯოხეთი გაიარა, დაავადდა, თბილისში კი ქოხიდანაც გამოასახლეს და პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. უკაცრავად, მოვწყდი რეალობას. ვერ შევნიშნე, რომ ფინალი მთლად ჰეპი ენდურ–ჰოლივუდურად არ გამომივიდა, მაგრამ სცენარის ბიზნეს–გეგმის უპრობლემო „გაჰეპიენდება“ სავსებით შესაძლებელია. ლედი გაგა თბილისში რომ ჩამოვიდეს, დარწმუნებული ვარ, მის ეგზოტიკურ – ტურსიტული ტურის მარშრუტში ჩვენი მენეჯერები უწმინდესსა და უნეტარესთან შეხვედრას აუცილებლად დაგეგმავენ. ჰოდა, ლესბოსელი ლედი, სავარაუდოდ, იტყოდა, რომ ეს რა სტუმართმოყვარე და რა პერსპექტულად ევროპელ–ამერიკელ ხალხში აღმოვჩნდი, რა ჰუმანურ–ცივილიზებულში, ლამაზია ეს ქალაქიცა და პატრიარქის რეზიდენციის დარბაზების დიზაინიც, მძიმეწონიანი ჭაღებიცა და ეგზოტიკური ლარნაკებიც. მათ შორის პატრიარქის საყვარელი მასალისგან – მარტორქისგან. აქ, ალბათ, ბევრი საქველმოქმედო საავადმყოფო ფუნქციონირებს, მათ შორის ასე მდიდრულად მორთული საპატრიარქოსა და ამდენი ეკლესიის მშენებელის საბანკო ანგარიშის ქოლგის ქვეშ (მახოვს წლების წინ საპატრიარქო უფასო სამშობიარო სახლს კურირებდა, რომელმაც მშობიარეთა და ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობით გაითქვა სახელი). ლედი გაგა კი თავისას იტყვის, რომ მის სექსუალურად ტოლერანტულ, შესაბამისად, „უსინდისო“ კაპიტალისტურ სამშობლო აშშ–შიც ფუნქციონირებს საქველმოქმედო საავადმყოფოები, რომლებიც არალეგალებსაც ემსახურებიან. არსებობს, მაგალითად, რონალდ მაკდონალდის საქველმოქმედო საბავშვო საავადმყოფოების ქსელი, სადაც მთელი მსოფლიოდან ავადმყოფ ბავშვებს უფასოდ მკურნალობენ. მათ სიცოცხლეს კი ამერიკის ბიუჯეტი კი არა, არამედ ქველმოქმედი ადამიანები უნარჩუნებენ. განა კრიმინალები? განა მხოლოდ ცნობილი ბიზნესმენები? რომ ისინი არ უყურებენ სახელმწიფოს ნებას და მის სამართლიანობასა და გასოციალურებას. ისინი არაფერს ელოდებიან, არაფერს ათეთრებენ. უბრალოდ, აკეთებენ იმას, რასაც მათ არავინ აიძულებთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ათესიტებიც კი. ისინი ნებაყოფლობით ქველმოქმდებენ. ქონების ბოლშევიკურად, შესაბამისად, ძმურ–თანაბრად განაწილების გარეშე. ისინი ფულს არ რეცხავენ. მათ შემოსავალ–გასავალს სახელმწოფო მკაცრად აკონტოლებს. მათი ბიზნესი ღია ტეროტორიაა. არა ნახევრად ღია. არა – დახურული. არამედ – ღია. ლედი გაგას პროფესია კი უბრალოდ დასავლური „უსინიდისო“ მასკულტურაა. არც მეტი და არც ნაკლები. და სწორედ ეს „უსინდისო ამორალური“ ხალხი ეხმარება მათ, ვისაც სახელმწოფო ვერ ეხმარება. ჩვენი ეკლესია კი დასავლურ მასკულტრასა და ზოგადად განათლება – კულტურას არმაგედონად წარმოსახავს, მაშინ, როცა თავისი წილხვედრობის არგუმენტით მარჯვედ სარგებლობს იმავე მატერიალური სიკეთეებით, როგორითაც „უსინდისო“, გალედიგაგებული არაწილხვედრი კაპიტალისტები.
კრიმინალებისა და ღვთის რისხვის მეხამრიდების – სამართალ–წესრიგის დამცველებისა და საპატრიარქოს კარზე ძღვენთმირთმევის თუ ხარკის აკრეფის რიტუალის ისტორიას არაერთი ქართულ – რუსულ – უცხოური არაკრიმინალი, ნახევრად თუ სრულად კრიმინალი ბიზნესმენის გვარ–სახელი შემორჩება. ივნისში, ფაქტობრივად, ერთდოულად ჩეხეთის მედიამ, პრესამ 21 ივნისს საზოგადოების ყურადღება ერთი ქართული და კრიმინალური წარმომავლობის მოსკოველ ბიზნესმენ თანგიზ ხარებავას მიაპყრო. ეს კაცი ერთ დროს უძველესი ხატების ქურდობაზე იყო გაციმბირებული. მერე კოლექციონერობას მიჰყო ხელი. მისი ორი ძმა, ალექსანდრე და ვახტანგი საქართველოში ცნობილი უცხოური ბრენდების Hugo Boss, Ermenegildo Zegna და მაღაზია „გარდერობი“ სავაჭრო ქსელების ფლობით არიან ცნობილნი და იმითაც, რომ „პო ხოდუ“ საპატრიარქოსაც არ ივიწყებენ და არც შსს–საცო. ეს ორი ინსტიტუტი ხომ ერთმანეთის „ძმადნაფიცები“ არიან. ნდობისა და „კრუგოვაია პარუკას“ ამბავში. „ბოროტი ენები“ ხარებავასა და პრეზიდენტის ცალმხრივ სასაჩუქრო მეგობრობაზეც საუბრობენ. 2009– ში თენგიზ ხარებავას მეგობარი და თანამეინახე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი „მეტაფიზიკოსი“ და გაზეთ „ასავალ–დასავალის“ კოლუმნისტი, „სახალხო მოძრაობა საქართველოს გადარჩენისთვის“ წევრი მალხაზ გველუკაშვილი დააპტიმრეს და ციხეში უკრეს თავი. მაშინ ამბობდნენ, რომ ხარებავები გვარიანად წველეს, რათა თავი დაეძვრინათ. ახლაც არ აკლებენო. გველუკაშვილი კი იქ მიაბრძანეს, სადაც ჯერ არს. უბრალოდ, თენგიზ ხარებავა საქართველოში ვერ ჩამოდის. თორემ პატრიარქის დავალებით, ალბათ, ბერ – მონაზვნები დაჩოქილები მის გვარ–სახელს ტოპ–ლოცვებში მოიხსენიებენ. ცოდვებს მონანიება უნდა. ბიზნესს კი დალოცვა. ამიტომ რა ეთავისტკივილება? სპეცლოცვების შეკვეთა საქართველოს საზღვრებს გარედანაც შეიძლება. ღვთის მადლი ხომ არ სცნობს საზღვრებს. ვანოს კი ვინ რას გაუგებს. დღეს გწოვს, ხვალ – ჩაგაჯენს. ძღვენი იძღვნება, ქარავანი მიდის. საქართველოში მყოფ ხარებავებს ბორჯომსა და აჭარაში სასტუმრობი აქვთ, ყვარელსა და თერჯოლაში ბიძინა ივანიშვილისგან მეღვინეობის ბიზნესი უყიდიათ და ახალი ბრენდიც შეუქმნიათ. ღვინოს „ხარება“ დაარქვეს თუ გადაარქვეს. შარშან უწმინდესმა და უნეტარესმაც არ დაიზარა და რუსთაველზე საფირმო მაღაზია „მეღვინეობა ხარება“–ს პრეზენტაციაზე მისულა. აკი, დაულოცავს კიდეც ყურძნის ნაჟური . ხარებავები ამაყობენ თურმე: ჩვენს სახელზე სამების ერთი ზარია ჩამოსხმულიო, ზედ ჩვენი გვარია ამოტვიფრულიო; საქართველოში კი მათივე დაფინანსებით გამოსული ქართველ თავად–აზნაურთა სიის აღმნუსხველ წიგნში საკუთარი გვარიც შეუტანიათ. ალბათ, მალე დროშა, გერბი და ჰიმნიც ექნებათ. საცა აბაშიძე და ბაგრატიონია, იქ ხარებავაც მოიხსენიეთო. გვარიც ხომ ბრენდია. აზნაური და წილხვედრობა რამ გაყო? და საერთოდ მიამიტ ადამიანს უცნაურად შეიძლევა მოეჩვენოს ილია მეორისა და ხარებავების ურთიერთობა. მაგრამ თუ დავუკვირდებით, ამ ურთიერთობას საკმაოდ კარგი, მაგრამ კაპიტალისტურად ანუ „უსინდისოდ“ მატერიალურ – ანგარებიანი საფუძველი აქვს. ფული. ამბობენ, როცა ილია მეორე საზღავრგარეთ თავისი ამალით მიემგზავრება, ქართული წარმოშობის ბიზნესმენები მთელი მსოფლიოდან მასთან შესახვედრად დაიძვრებიან, რათა სწორედ პატრიარქისგან, ანუ უმაღლესი წყალობისგან მიიღონ თავინთი ბიზნესის ლოცვა–კურთხევა. როგორც ჩანს, ამ ლოცვას ექსტრასენს მალხაზ გველუკაშვილის ხილვებზე უფრო მეტი ძალა აქვს. გველუკაშვილი, როგორც სუსტი რგოლი, „ჩამოწერეს“. მაგ უბედურმა თავისი ბედი ვერ იწინასწარმეტყველა, ცუდი ლელა კაკულია (ესეც პატრიარქთან დაახლოებული ფიგურა) აღმოჩნდა, ღმერთთან და შსს – სთან ვერ იშუამდგომლა და, აბა, ხარებავების ბედს, უფრო სწორად, მათი ბიზნესის წარმატებას როგორღა განსაზღვრავდა? საზღვარგარეთ კი ბიზნესმენების დალოცვის რიტუალი ყველგან შეიძლება ჩატარდეს. ვის სად მოუხერხდება. სასტუმროში თუ მის გარეთ. ამგვარი ფეტიშიზმის შედეგი კი ისაა, რომ პატრიარქისა და მისი ამალის ბარგისგან ცარიელი თვითმფრინავი სამშობლოში საჩუქრებით დატვირთული ბრუნდება. ბიზნესმენები, წესით, ფორმალურად ფულს ეკლესია–მოანსტერების მშენებლობა – შენახვას სწირავენ, რათა უფრო მეტი „სასულიერო სახლი“ გაჩნდეს, მათი გვარ–სახელი სამუდამოდ ამოიტვიფროს, აშენებულის კართან კი უფრო მეტმა სხვადასხვა ასაკის მაწანწანწალამ იწანწალოს და წანწალით თავისი ბიზნესი გაქაჩოს. იქნება და, ბოლო-ბოლო, „ანტიგიურზინის“ ფული თავადვე იშოვოს და საერთოდ ისეთ უბანში დასახლდეს, სადაც შხამიანი გველ–გველეშაპებისგან მარტო წმინდა გიორგისადმი ლოცვა კია არა, არამედ ეკო თუ სანიტარული უსაფრთხოების პირობები დაიცავს. რეალურად კი პატრიარქის მომლოცველები პატრიარქთან შეხვედრის შანსს იტოვებენ, რადგან, ეტყობა, დაცდილი აქვთ: მისგან დალოცვილებს მომგებიანი, პერსპქტულ ბიზნეს – გარიგებები გამოსდით და ამიტომაც, არც მთლად „ადიოს, ამიგოს!“, არამედ – „ნახვამდის, პატრიარქო, შემდეგ ჩამოსვლამდე“. ანუ შემდეგ ინვესტიციამდე. თუ ოფშორამდე. ჰო, ამ ხარებავებსაც აქვთ თავიანთი ოფშორი, ერთგვარი შავი ხვრელი. თანაც ერთგვარი საერთაშორისო ოფშორი. Virginia Islands. იქიდან შეგიძლია იყიდო რაც სულსა და გულს გაუხარდება. ღვთის კანონითაც და უმისოდაც. გინდ სამედიცინო ხელსაწყოების მწარმოებელი ძველი კომპანია შვეიცარიაში და გინდ ფარმაცევტული – რუსეთში , გინდ 4 მილიონ ევროდ – ჩეხეთის ისტორიული ძეგლი, ან კომერციული ბანკის შენობა (Byvala Commerce Bank) კარლოვი ვარში, პრაღის ცენტში ფეშენებელური ბინა ან ჰამბურგში – მდიდრული ვილა. მაგრამ ჩეხები რატომღაც შეჩქვიფდნენ და ახლა იან ჰუსისა და ვაცლავ ჰაველის სამშობლოს ფინანსთა სამინისტრო ფულის გათეთრების მიზნით „სოტბის“ აუქციონზე შეძენილი სასახლე „ჰრუბა სკალას“ მყიდველის, თენგიზ ხარებავას ფულის წარმომავლობას სწავლობს. რუს ოლიგარქებს უყვართ ჩეხეთი და იქაური უძრავი ქონება: სასახლეები – ტაძრები – სასტუმროები. და არა მარტო ჩეხეთის. აი, ჩეხების მეხსიერებაში კი 1968 წელი ასე ადვილად არ ამოიძირკვა, ამიტომ მოძმე სლავი, მაგრამ არაერთმორწმუნე ერის ფულების ჩეხეთში დაბანდებას ყურადღებით ადევნებენ თვალ–ყურს. ივნისში გაზეთში Mlada Fronta Dnes დაიბეჭდა ჟურნალისტ იაროსლავ ჰორჟენის სტატია სათაურით „ფინანსთა სამინისტრი „ჰრუბა სკალას“ მყიდველის ბინძური ფულის შესაძლო სამრეცხაოს ამოწმებს“. ცნობილია, რომ ეს სასახლე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონფისკაციას დაექვამდებარა და სასახლეში კომუნისტებმა დასასვენებლი სახლი მოაწყეს. მისმა შემდგომმა მეპატრონემ კი კოსმეტიკური რემონტი წამოიწყო, რომელიც კვლავ მიმდინარეობს. ხარებავა კი „ჰრუბა სკალაში“ 20– 25 მილიონი ევროს ჩადებას და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდ გადაკეთებას აპირებს. ავტორი წერს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით სასახლე იყიდა ფირმა „Tenmar 95” (მფლობელთა შემოკლებული სახელები–ი.მ.), რომლის მეპატრონეები არიან „მარიკა უგრეხელიძე საქართველოდან და თენგიზ ხარებავა რუსეთის ფედერაციიდან“. „ჰრუბა – სკალას“ მამასახლისი იან ჰრუშკა ამბობს, რომ, სამწუხაროდ, იქ მცხოვრებთ ამ ფირმაზე კარგი არაფერი სმენიათ; არ არიან მოხარული ამ სასახლის გაყიდვითა და სასტუმროდ გადაკეთების იდეით. მითუმეტეს, რომ სასახლის პირვანდელ მეპატრონეს ამდაგვარი იდეა სულაც არ ჰქონდათო…
ჩვენი „გაბრწყინებული იბერიის“ ტაძრის თავდაპირველ შემქნელებსაც არ ჰქონდათ ამდაგვარი იდეა. მაგრამ მერე ყველაფერი „მოწესრიგდა“. მისია შესრულდა. ბიზნესი ბიზნესობს, მაწანწალები დაწანწალებენ, გველი გველობს (განსაკუთრებით „ანტიგიურზინის“ პირობებში), პატრიარქი პატრიარქობს, მრევლი მრევლობს. ჩვენებურ ეკლესიური სინდისი კი მთლად ლუკ ბესონის „მეხუთე ელემენტივით“ ნათელ ფერებში გადაწყვეტილი სულ არ ყოფილა. იგი არც ოზონის ხვრელივით მომუქო – ბაცია. იგი შავი