სოსო დოლიძის ბლოგი

რატომ მინდა მონარქია

27.07.2011 | 1175 |
რატომ  მინდა მონარქია

რატომ  მინდა მონარქიაამ ბოლო დროს ბევრი საუბარია მონარქიის შესახებ.  უფრო სწორად ცოტა ხნის წინ უფრო იყო,  ბოლო ხანებში კი ცოტა მინელდა. ალბათ მას მერე, რაც ჩვენი ”მეფისა” და შორენას ურთიერთობის დეტალები გახდა ცნობილი.  ჩვენი ”მეფე” ქალს კერავდა ცოლად გამომყევი და მანქანას გაჩუქებო, ნუ ყოველ შემთხვევაში შორენა ასე ჰუბნობს.   არადა ამ შორენასიც გამკვირვებია რა. ერთი ორი გალაწუნება როგორ ვერ უნდა აიტანო, ჩვენი ”მეფე” გირტყამს ბოლოს და ბოლოს. ხუმრობა იქეთ იყოს, თემას გადავუხვიე…

იყო (და არის) მოსაზრებები, რომ მეფე თუ გადაგვარჩენს, თორემ წასულია ჩვენი საქმე. მომისმენია ასევე, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ, არ გაამართლა ამ პრეზიდენტის ინსტიტუტმა და მონარქიაა ჩვენი ბოლო ნათელი წერტილიო.  ერთს კი ნამდვილად ვხედავ, აშკარადაა მონარქია და ეკლესია გადაჯაჭვული.  სწორედ ეკლესიით ცდილობენ ამ ინსტიტუტის საკრალიზაციას. ნუ ზოგადად ხომ ვიცით, რომ ბაგრატიონები ღვთიური წარმოშობის დინასტიაა, ეს ასეა წყალი არ გაუვა მაგ ამბავს.

მოკლედ არგუმენტები ბევრია, მე ჩემს მოტივს მოვიყვან, თუ რატომ მინდა საქართველოში იყოს მონარქიული მმართველობა. ცოტა შორიდან დავიწყებ:

ბავშობიდანვე მიტაცებდა სათავგადასავლო ჟანრის ლიტერატურა. ახლა ნაკლებად და ბავშობაში მეტად ვკითხულობდი ამ ჟანრის წიგნებს. მაინ რიდი, ჟიულ ვერნი, ალექსანდრე დიუმა და ა. შ. ჩემი საყვარელი ავტორები იყვნენ. სულ ვცდილობდი წიგნებში ნანახი რეალობაში გადმომეტანა. აი მაგალითად ”განძის კუნძულის” წაკითხვის შემდეგ ცალი თვალი ავიხვიე და მეკობრეს დავემსგავსე. ”საიდუმლო კუნძულის” წაკითხვის შემდეგ პატარა გამოქვაბული გამოვთხარე, ”უთაო მხედარის” წაკითხვის შემდეგ მეზობელს დავდევდი თავის მოსაჭრელად და ვერაფერი რომ ვერ გავაწყვე პატარა უთაო საფრთხობელა გავაკეთე. მოკლედ, რომ იტყვიან ”იდეინი” ბავშვი ვიყავი. მაგრამ ერთი ოცნება (ბავშობისდროინდელი, თორემ აუხდენელ ოცნებებს რა დალევს) მაინც დამრჩა ”ხინჯად” გულში. მრავალი წიგნი წამიკითხავს, რომელიც მეფის კარის ინტრიგებს ასახავს. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ”სამი მუშკეტერი” და განსაკუთრებით ”ოცი წლის შემდეგაა” სადაც ძალიან საინტერესოდაა ასახული სამეფო კარის ინტრიგები, ბრძოლა სავარძლისათვის, ბრძოლა მეფის მხარდასაჭერად თუ მეფის წინააღმდეგ.  მოკლედ ჩემი აუხდენელი ოცნება მეფის ჩამოგდებაა, ან მინიმუმ მეფის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობა.

აი წარმოიდგინე, გვყავს მეფე, რომლითაც ხარ უკმაყოფილო და გასული ხარ აჯანყებულებთან ერთად და სკანდირებ ”ძირს მეფე, ძირს მეფე, ძირს მეფე”. თქვენი არ ვიცი და ეს პროცედურა ჩემთვის რომანტიზმის მწვერვალია. 
მოკლედ მარტო ჩემს თავზეც არ ვფიქრობ, ჩვენ ხომ ზოგადად გვიყვარს აქციები არა? თან ამ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულმა აქციებმა მოჭამა თავისი დრო. ახალი სისხლი გვჭირდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ მეფის ჩამოსაგდებად ყველა დაირაზმება.

ჰა, რას იტყვით? ცუდი იდეაა ხელმწიფის ჩამოგდება? მე ჩემი მითქვამს…