სტერეოტიპების არმოყვარულმა ერთი სტერეოტიპი ამოვიჩემე: თუ ვინმესთვის, რელიგიურ თემებზე წერა და საპატრიარქოს გაქილიკება მთავარი თემაა, მას შემოქმედებითი მარაზმი აქვს. შემოქმედებითი კრიზისის დროს ძნელია შექმნა რამე ახალი და კარგი; რამე, რაც დიდი ძალისხმევის გარეშე დაიპყრობს მკითხველის ყურადღებასა და ინტერესს.
რელიგია ის თემაა, რომელსაც მუშტარი არ აკლდება და ყველა დროის საუკეთესო და უალტერნატივო სამიზნეა. მასზე ქილიკი ან სერიოზული კრიტიკა აღიქმება, როგორც ”გარეგანი” (მონღოლ-თურქები) და ”შინაგანი” (ქართველი ლიბერალები) მტრების თავდასხმა მეტაფიზიკური ქართველების ხატებზე (თანამედროვე ქართველებზე) რომლებსაც ”ნაავადარ” სარწმუნოებას ”(გვ)ეცილებიან” და ”(გვ)ართმევენ.”
მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, მართლმადიდებლური დისკურსი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს მსჭვალავს, ვცდლობ, არ ვწერო რელიგიაზე და ”სახელმწიფო” მართლმადიდებლობაზე. იმაზე ხშირად მაინც, ვიდრე საჭიროა. ამის მიზეზი ერთია: არც იოლი გზით სიარული და არც ეკლესიის ყურადღების ცენტრში ყოფნა მსურს.
დღევანდელი ტექსტი კი იმდენად არა ეკლესიას, რამდენადაც აბატ მიქელ თამარათის, ჩვენებურად კათოლიკე მღვდელ მიხეილ თამარაშვილს ეძღვნება. უფრო ზუსტად იმას, რაც მიხეილ თამარაშვილისგან დარჩა.
ჩვენს თანამედროვეობაში იშვიათია ადამიანი, ვისაც იოლი გზებით სიარული არ უყვარს, თუმცა ეს სიყვარულიც და მისწრაფებაც შეფარდებითია. საქართველოს ისტორიის ზედაპირულმა ცოდნამ კი მაფიქრებინა, რომ შრომისმოყვარე ადამიანების ნაკლებობას საქართველო ყოველთვის განიცდიდა.
2011 წლის სექტემბრის თვემ საქართველოს ისტორიის იშვიათი ადამიანი გამახსენა. ადამიანს, ვინც რუტინული შრომის ფასად იცავდა საკუთარ იდენტობას, ეძებდა ქართული კათოლიკობის წარსულს ევროპის წიგნსაცავებში და არც არაკათოლიკური ქართული დოკუმენტების მიმართ რჩებოდა გულგრილი, სიღრმისეულად არ ვიცნობთ.
მედიასაშუალებებს არ დაუმალავთ, რომ მიხეილ თამარაშვილი კათოლიკე მღვდელი იყო, არც ის დაუმალავთ, რომ მას ეკუთვნის წიგნები: ”ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის,” ”საქართველოს ეკლესიის ისტორია” და განსაკუთრებით ”პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას”. ასევე, არ დამალეს, რომ იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, ცარისტული რუსეთის მიერ ნაციონალური იდეების პროპაგანდისთვის დევნილი.
ბოლო ორი იარლიყი, იმდენად ძლიერია და ჩვენი ფსიქიკის მშობლიური მკვიდრი, იმდენად აღმატყინებელი, რომ გვაპატიებინებს მიხეილ თამარაშვილისთვის იმას, რომ კათოლიკე იყო. მისმა მშობლებმა რომ ვერ გაუძლეს ”გარეგანი მტრების,” რომის კათოლიკური ეკლესიის მსახურების, მზაკვრულ გეგმებს და ქართველობას უღალატეს. სულხან-საბა ორბელიანსა და სხვა ქართველებს კათოლიკობას ხომ პოლიტიკური გარემოების გამო პატიობენ. ეს ახლა პატიობენ, თორემ მაშინ სულხან ორბელიანი წვერით ითრიეს.
მედიას ვერ დავადანაშაულებ, განმანათლებლის ფუნქციას რომ ვერ ასრულებს (ან რად გვჭირდება განმანათლებლები?!), მაგრამ იგიც მონაწილეობს მეინსტრიმულ კარნავალში. არ დაინტერესებულან, ვთქვათ, პაზოტო ჯუზეპეს ქადაგებით მიხეილ თამარაშვილის შესახებ (ჟურნალ”ტაბულას” გარდა), მაშინ როცა სახელმწიფო თუ სამთავრობო ტელევიზიები მართლმადიდებელი უმრავლესობისთვის თევზის გახსნილების თემაზეც კი ამზადებენ სიუჟეტებს.
საინტერესოა ისიც, როგორ პროეცირდა მიხეილ თამარაშვილი ლიტერატურაში. მაგ. უჩა ბლუაშვილი, თავის წერილში ”მიხეილ თამარაშვილი”, ფაქტობრივად, არც ეხება მიხეილ თამარაშვილის კათოლიკობას, რამაც განსაზღვრა მისი ცხოვრება. ასევე, გვერდს უვლის მიხეილ თამარაშვილის გულშემატკივრისა და მასწავლებლის, კათოლიკე მღვდლის ივანე გვარამაძის სარწმუნოებას.
სამაგიეროდ, მიხეილ თამარაშვილის მოღვაწეობის ძირითად ფუნქციად სომეხი კათოლიკეებისთვის პასუხის გაცემა რჩება. სომხური კათოლიკური ეკლესია სამცხე-ჯავახეთში ეთნიკურად ქართველი კათოლიკების სომხურ გვარებზე დაწერას ცდილობდა. დღეს ეს გაგებულია არა როგორც კონკრეტული ორგანიზაციის (სომხური კათოლიკური ეკლესიის) ინტერესი, არამედ სომხების მტრობა ქართველების წინააღმდეგ. ამ პაექრობაში კი მიხეილ თამარაშვილს დიდი მისია დააკისრა თანამედროვე ქართულმა დისკურსმა.
ამდენად დარჩა მიხეილ თამარაშვილი, არა დევიანტი კათოლიკე, არამედ ქართველი საზოგადო მოღვაწე, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტმაც აუგო ”ძეგლი” – თბილისის ქუჩისთვის მისი სახელის დარქმევით. არსებობს, თევდორე მღვდლის ქუჩა თბილისში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა ოზურგეთში, ბერი თევდორეს ქუჩა ქუთაისში, მაგრამ არა აბატ მიხეილ თამარაშვილის ქუჩა. უბრალოდ მიხეილ თამარაშვილის, რადგან საჯარო სივრცე არამართლმადიდებელს ვერ დაიტევს. არამართლმადიდებლობა ქართველად ყოფნას ეწინააღმდეგება.
საინტერესოა, რას იზამდა დღეს კათოლიკე მღვდელი, რომელიც ქართულ ენაზე დაწერილ პირად წერილებს ასე აბოლოვებდა ”მღ. მიხეილ თამარაშვილი”. დამალავდა თავის კათოლიკობას? დანებდებოდა მეინსტრიმულ მართლმადიდებლობას? თვალს დახუჭავდა სადაო კათოლიკურ ეკლესიებზე?
კოსმოსში, შესაბამისად დედამიწაზეც, ასეთი წესი მოქმედებს: შინაგანი გრავიტაციის ძალით დიდი იმორჩილებს მცირეს. მჯერა, რომ აბატი მიხეილ თამარაშვილი, როგორც ენთუზიასტი მეცნიერი, დღევანდელ საქართველოში ისევე დაიწყებდა მართლმადიდებლური ეკლესიის მხილებას ეკლესიების მითვისებაში, როგორც ეს სიცოცხლეში გააკეთა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და დაარწმუნა სომეხი კათოლიკეები, რომ შეიძლება არსებობდეს კათოლიკე ქართველი.
მერე რა, რომ მაგინებელი ბევრი ეყოლებოდა, განსაკუთრებით, სახალხო მართლმადიდებლებისა და საპატრიარქოს რაზმების სახით, რომლებსაც არ სჭირდებათ ”ლიბერალების დაცული საქართველო”.
მიხეილ თამარაშვილი ხომ არ არის საქართველოს პატრიარქივით იოლი გზებით სიარულის მოყვარული. მას ხომ ”სომხების” ლანძღვას და მრავალათასიანი მიტინგების მოწყობას, საკუთარი, ქართული კათოლიკური ისტორიის გამოაშკარავება ერჩია. მას ხომ არ სჭირდებოდა სხვისი სიძულვილი საკუთარის დასაცავად და შესაყვარებლად. მას ხომ არ სჭირდებოდა ისეთი მორწმუნეები, რომლებისთვისაც გინება ანი და ჰოე იქნებოდა.
საიდან მივხვდი, რომ ილია მეორე იოლი გზებით მავალია?! სწორედ მიხეილ თამარაშვილმა “ამხილა” იგი. რეზო თაბუკაშვილის ფილმში ”კვალი ნათელი”, მიხეილ თამარაშვილის გადმოსვენებაზე ილია მეორეცაა მისული. ეს 1978 წელია. მზარდი ეროვნული მოძრაობის ფონზე, არ არსებობს მედიასაშუალებები, რომლებიც პატრიარქის თითო ქადაგებას თითო ნიუსს მიუღვნიან. არადა, მიხეილ თამარაშვილი ნამდვილი მამულიშვილია, ხალხი მის ნეშტთანაა, საჭიროა ხალხში გასვლა, გამოჩენა. საჭიროა დემონსტრირება, რომ საპატრიარქო, სრულიად საქართველოს საპატრიარქო (!!!), ეროვნული იდეების სადარაჯოზე დგას.
დღეს?.. რა ხდება დღეს?
დღეს არსებობენ მედიასაშუალებები, რომლებიც აპიარებენ… დღეს არსებობენ გუნდები, რომლებიც აგინებენ. იმათ, ვინც საპატრიარქოს გააკრიტიკებს… დღეს მიხეილ თამარაშვილი ნაკლებად აინტერესებთ, რადგან მიმღებმა მიიღო (დიდუბის პანთეონში საფლავი). გაწმინდანება არ გამოვა, კათოლიკეა ბოლოსდაბოლოს.
სამაგიეროდ, საპატრიარქოს ჰყავს მაგინებელი ”კომანდოსები” და 87 პროცენტიანი უმრავლესობა, რომლის სიტყვა და სურვილი უფრო კომპეტენტურია, ვიდრე დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ეკლესიების ისტორიას შეისწავლიდა,
ამიტომაც მიხეილ თამარაშვილის გარდაცვლებიდან მეასე წლისთავზე ილია მეორეს აღარ უქადაგია ადამიანზე, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაზეც დაწერა. დღეს არ აინტერესებთ მიხეილ თამარაშვილი, რადგან მის წიგნებს ის ადამიანები, რომელთა ჰაბიტუსი დედის გინების მეტს ვერ სწვდება, არ წაიკითხავენ.
დღეს ისევ ძალაშია საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 12 აპრილის დადგენილება №183, რომლითაც მართლმადიდებლური მონასტრები და საკულტო ნაგებობები საპატრიარქოს გადაეცა. და ამ ძეგლებში მოჰყვა სადავო ტაძრები.
და რაც მთავარია, არავინ აპირებს მიხეილ თამარაშვილის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან ”გამოძევებას”, ჩვენ ხომ ტოლერანტები ვართ.