გია მარიამიძის ბლოგი |

მიმინო მყავდა, მიყვარდა

15.10.2011 | 1111 | გია მარიამიძე
მიმინო მყავდა, მიყვარდა

დიდი ხნის წინ,   1983 წლის ,ერთ მზიან  დღეს, საქართველომ რუსეთთან გიორგიევსკის ტრაქტატის დადების 200 წლისთავი იზეიმა. არ ვიცი, რა ხდებოდა დედაქალაქში, მაგრამ ჩემი, თბილისიდან სულ რაღაც 90 კილომეტრით მოცილებული ქალაქი, ის დღეები „კაპიტალისტურ’’ ქვეყანას, იგივე „ფირმას’’ დაემსგავსა. ქალაქი მოირთო, შეიღება, მოპირკეთდა და რაც მთავარია, ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ,დროებით ჩადგმული, წითელი   ჯიხურებიდან  იყიდებოდა დეფიციტური „ჟიგულიოსკის’’ ლუდი, ბუტერბროდები და ათასი სხვა სასუსნავი.  რაც,  სხვა დროს ,მაღაზიებში  არ იშოვებოდა. ის „დღესასწაული’’ უცნაური რამ იყო:  ვცხოვრობდით ბოლშევიკურ სახელმწიფოში, რომელშიც ცარისტული ხანა  იგმობოდა. მაგრამ  რუსეთთან ტრაქტატის დადების დღე გვაზეიმეს. ჩვენც, ჩვენი დარდიმანდი ხასიათის გამო, იაფ დროსტარებაზე  უარი არ ვთქვით და „ვიგულავეთ’’.

მას შემდეგ ბევრმა წელმა გაიარა, აღარც სსრკ-ში ვართ და რუსეთთან მიერთებასაც აღარ ვზეიმობთ. უფრო მეტიც, ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს. საბჭოთა იმპერია დაინგრა, მაგრამ  იმპერიული და კოლონიური კომპლექსები არსად წასულა. იმპერიის ძლევამოსილება სამხედრო ძალაზე დგას, თუმცა არმიაზე უფრო ქმედითი სუბსტანციაც არსებობს. მას აღლუმზე, ტანკივით ვერ ჩამოატარებ, მაგრამ ეს უხილავი ძალა  ტანკზე ძლიერი: ქართული ხასიათის,  მენტალიტეტის ცოდნა და ამ ცოდნის წყალობით ჩვენი მანიპულირებაა. რუსეთი, ჩვენს ხასიათს არა მარტო სწავლობდა, ქმნიდა კიდეც და ამისთვის – კინოს, თეატრს, მონუმენტურ სკულპტურას, ლიტერატურას, პუბლიცისტიკას, ტელევიზიას, რადიოს, გაზეთს იყენებდა. რუსეთი,  კულტურის საშუალებით მუდმივად ძერწავდა ქართველის ტიპაჟს. ის  ზოგჯერ საქებარი, ზოგჯერ დამცინავი იყო,  საჭიროების შესაბამისად.

ცარიზმის დროს, იმპერია უფრო მეტად  სამხედრო ძალის მეშვეობით მოქმედებდა, თუმცა კულტურულ პოლიტიკასაც ახორციელებდა -თეატრიც კი შეგვიქმნა ტიფლისში. რუსეთმა  მსხნელის  და ცივილიზაციის შემომტანის როლი კარგად მოირგო.

გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკური ხელისუფლებისთვის ‘’ხელოვნების დარგებს  შორის უმთავრესი’’ -კინო, საბჭოთა პროპაგანდის მთავარი ხერხი და  ცნობიერების  მანიპულირების  ქმედითი საშუალება გახდა. საბჭოური ფილმების  გმირები   „ახალი ადამიანები’’ გახდნენ. მათი ეროვნება, მეორე ხარისხოვან ან  „ახალ ადამიანად’’ გადაქცევის გზაზე, სიცოცხლის  „შუალედური ფორმა’’ იყო.  მოგვიანებით,  საბჭოთა კინოში ლოკალურ, ქართულ სივრცეში მოქმედი, ქართველი გმირებიც გაჩდნენ.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაციონალური პოლიტიკა შეიცვალა. გაჩნდნენ,   საკავშირო მაშტაბის, „ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური’’ კინოგმირებიც.  ეს ფილმები ხოტბას ასხამდნენ მთიელ, ამაყ  კავკასიელს, რომელიც შიდა და გარე მტერს უმკლავდება, კოლექტივიზაციისთვის იბრძვის და სოციალიზმს აშენებს.  დიად საბჭოეთს, მეომარი ქართველის ხატ–სახე დასჭირდა და კინო–ეკრანებზე გამოვიდა  ‘’გიორგი სააკაძე ‘’, რომელიც მთელმა სსრკ-მ  ნახა.  მეომარი ქართველის ხატ–სახე ომის შემდგომ წლებშიც კულტივირდებოდა ყველგან, სადაც ქართველი ჩანდა.  ის,  კარგი მეომარი იყო.

პოპულარულ, პოლონურ სერიალში „ოთხი ტანკისტი და ერთი ძაღლი’’,  ოთხიდან ერთი  ტანკისტი ქართველი იყო.  ეგოროვის და ქანთარიას რაიხსტაგზე დროშის  გამოფენის კადრებიც ყველას ნანახი აქვს. თუმცა,  ყველამ არ იცის, რომ ეს კადრები  დადგმულია და არა დოკუმენტური. ამ ტიპის ქართველის, ყველაზე ცნობილი ნიმუში მაინც „ჯარისკაცის მამა’’ – გიორგი მახარაშვილია. რეჟისორმა დიდი  ფანტაზია გამოიჩინა და ისტორიული მოვლენა გააყალბა : ლენინგრადის განმათავისუფლებლების წინ მახარაშვილი „ჩააყენა“ და ქალაქი პირველს „ააღებინა’’ .

ფილმში ყოველი ღობე მახარაშვილი გოდერძის გმირობას გვამცნობს . მან აქ პირველმა გაიარაო. ქართველი ერი სიამაყით ივსებოდა ამ ტყუილების ნახვის დროს და ჯარისკაცის მამას ძეგლიც კი დაუდგა. არადა ფილმის ამ გმირს, თუ კრიტიკული თვალით დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის, ქართველზე რუსის წარმოდგენის განსახიერებაა. მის სიტყვებში გონების ნატამალი არ არის, მხოლოდ ალალი ემოციებია, ზუსტად ისეთია, საბჭოთა-რუსულ იმპერიას  რომ სჭირდება: გულუბრყვილო, სენტიმენტალური, მიამიტი  ბავშვი, რომელსაც იოლად ატარებ შენს ჭკუაზე.

გავიდა დრო.  ომის თემა  მიილია, იმპერიის ნაციონალურმა პოლიტიკამ ახალი გმირის საჭიროება იგრძნო და  ისიც გაჩნდა – „მიმინო“.  ვალიკო მიზანდარი,  გიორგი მახარაშვილის გაუმჯობესებული ვარიანტი – იდიოტი, ჰარიჰარალე ტიპი. მას დიდი ულვაშები აქვს, უზარმაზარი, „აეროპორტად’’ წოდებული ქუდი ახურავს  და სიგარეტის ელეგანტურად მოწევისას გამვლელ, რუს, ფერხორციან ქალებს უკანალზე თვალს აყოლებს. მოსკოვში ჩასული ხათაბალაში გაეხვევა, ფული შემოეჭმევა, მაგრამ გამყიდველს ხურდას მაინც არ ართმევს.  ბოლოს ბედს ეწევა –„დიდ ავიაციაში’’ მოხვდება.  მაგრამ მშობელი მთები მოენატრება და შინ  ბრუნდება. ქართველის მიმინოსეული,  „ოფიციალურად  მიღებული’’  ტიპაჟი, რუს-საბჭოთა ხალხის წარმოდგენებში არსებულისგან დიდად  განსხვავდებოდა.  იქ,   ქართველს, უკვე დიდი ხანია ფულით ჯიბე გამოტენილ, ახურებულ, კრიმინალისკენ მიდრეკილ ტიპად თვლიდნენ, თუმცა  მიმინო მაინც პოპულარული გახდა.  ფილმიდან, ფრაზები და უშველებელი  ქუდით,  ულვაშიანი, კარიკატურული ‘’გრუზინი’’  რუსეთში დღემდე შემორჩა.

გავიდა ხანი.  „პერესტროიკამ’’  სიტყვის თავისუფლება მოიტანა და ქართველის,   რუს ხალხში გამჯდარი სახე  ტელე და კინო ეკრანზე გადავიდა. რუსულ,  კოლექტიურ ცნობიერებაში კრიმინალი, მდიდარი, მაჩო ქართველის სახე  სუსტმა, დახლთან მანდარინების ან ყვავილების გასაყიდად მდგარმა  ქართველმა   შეცვალა.  მას, სულ ცოტა რამ ეხერხება: კლიენტი მოატყუოს, დამპალი მანდარინი მიყიდოს და დახლთან ჩავლილ რუს ქალებს „ლამაზო მოდი, იფად მოგცემო’’ მიაძახოს. იმდროინდელ  სტერეოტიპებს,  დღეს მივიწყებული რუსული ჯგუფი „ბელი ორიოლი’’ კარგად გამოხატავს.

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, რუსული ტელეარხების კრიმინალურ ქრონიკებში: ჯიბის ქურდმა, ქალზე მოძალადე, პირგაუპარსავმა ქართველმა  „საპატიო’’ პირველი ადგილი დაიკავა. ნიშანდობლივი ის იყო, რომ ქართველი კრიმინალების ეკრანზე მოხშირება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის დაძაბვას ზუსტად ემთხვევოდა. (ეს არა მარტო ქართველებთან დაკავშირებით ხდება).

სსრკ დაიშალა, მაგრამ ძველი სტერეოტიპები არსად გამქრალა. რამდენიმე წლის წინ, რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის დროს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ბატონმა ივანოვმა პირდაპირ ბრძანა: რაც მეტი ქართველი დეპორტირდება, მით ნაკლები იქნება მოსკოვის ქუჩებში ‘’ბარსეტოჩნიკებიო’’ (რუსულად ჯიბგირს და ჩანთების ამომცარიელებელს ნიშნავს) .

რუსეთში, ქართველის სახე ,  სახლიდან გამოქცეული ლტოლვილი და სამუშაოს მაძიებელი  „გოსტარბაიტერიც’’ არის.   რუსულ არხებზე  პოპულარიზებული, ქართველი კანონიერი ქურდების მოკლე „სეზონიც’’ გვახსოვს.  ისინი თურმე მოსკოვის კაზინოებს ფლობენ და ნაშოვნ ფულს საქართველოს მთავრობას უგზავნიან.  ერთერთი  ოპერაციის  დროს,  ტელევიზიით ნაჩვენებ, ვინმე საქართველოს ხელისუფლებაზე მომუშვე, საბანკო მაქინატორს ,არც მეტი არც ნაკლები, 9 მილიარდი დოლარი უპოვეს .  „აი ხალხო სად მიდის თქვენი ფულებიო’’,  ასეთი ინტონაცია გასდევდა იმ  ‘’ოპერაციას.’

სულ ბოლოს, რუსეთმა 2008 წლის ომის დროს და ომის შემდეგ ახალი – მშიშარა და ბრძოლის ველიდან გაქცეულის იმიჯი მოგვარგო. ომის შემდეგ სამი წელი გავიდა. დღეს საქართველოს რუსეთთან ბევრი აღარაფერი აკავშირებს.

ჩვენსა და რუსეთს შორის, ასიმეტრიული ურთიერთზეგავლენის  პრობლემა არც ატომურ იარაღშია და არც რუსეთის სიდიდეში. პრობლემა ცნობიერებისმიერია – რუსული ელიტა და რიგითი რუსი  ქართველზე ინტელექტუალურ უპირატესობას გრძნობს…

კოლონიალიზმი მხოლოდ  სამხედრო უპირატესობაზე არ დგას.  სამხედრო  ძალა საშუალებაა, მეტი არაფერი. საქმე ინტელექტუალურ, ორგანიზაციულ, კულტურულ  უპირატესობაშია. რუსეთი,  ჩვენი ცივილიზატორის და გადამრჩენის როლში იყო და დღესაც ცდილობს იგივე როლი ითამაშოს. ამჯერად უკვე  დასავლეთისგან სურს ჩვენი  გადარჩენა. რუსულ პოლიტიკურ წრეებში ფართოდ არის გავრცელებული  ე. წ. ევრაზიული კავშირის იდეა.. რუსეთი  ტერიტორიების შემოკრებით (სადაც ჩვენც შევდივართ) მსოფლიო პოლიტიკის პოლუსად ქცევას აპირებენ, ჩვენი ინტერესი კი ის არის, რომ დაგვეხსნას და მშიდობიანად ცხოვრება გვაცალოს. რუსეთი,  თავს მხოლოდ ჩვენზე ინტელექტუალური უპირატესობის განცდის დაკარგვასთან ერთად დაგვანებებს.

სამწუხაროდ,  ჩვენი ელიტის დიდი ნაწილი, თავისი ქცევით,  უმყარებს მათ ამ უპირატესობის განცდას. თითქმის ყოველი,  საჯარო ტელე–დებატების დროს რუსული მხარე ქართულს ამარცხებს. რუსულ არხებზე გამართულ დებატებში  კი დაგვცინიან და მასხრად გვიგდებენ.

ამ დღეებში,  თბილისში „მიმინოს’’ ძეგლი დადგეს. ამ ძეგლის იდეა „ხალხთა შორის’’ მეგობრობის წარმოჩენა ყოფილა. სინამდვილეში კი, მიმინოს  მსგავსი ფილმები სიცილ-სიცილით,  ხალხებს შორის სტერეოტიპების წარმოშობას უწყობს ხელს. ვალიკო და რუბიკჯანი ისევ ჩვენთან არიან !