გია მარიამიძის ბლოგი

მე რომ ჟურნალისტი ვიყო

მე რომ ჟურნალისტი ვიყო

 

ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა სანახაობრივი თვალსაზრისით საინტერესო იყო – კარგი შოუ გამოვიდა, მაგრამ ჟურნალისტების მიერ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა არ დასმულა. მაგალითად, აი, ეს კითხვები:

1. ბატონი ივანიშვილი რუსეთში გაყიდული ბიზნესიდან მიღებულ ფულს იქვე, რუსეთში დატოვებს თუ ქვეყნის გარეთ გაიტანს? ქონების გაყიდვის შესახებ განცხადება სწორედ იმის დემონსტრირება იყო, რომ ივანიშვილი რუსეთზე დამოკიდებული არ არის. შესაბამიდად ფული იქ არ უნდა დატოვოს.

2. გატანის შემთხვევაში, რატომ დაუშვებს რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან მილიარდზე მეტი თანხის გადინებას თუ ეს მის ინტერესში არ შედის? (სადავო არ უნდა იყოს, რომ თუ რუსეთის ხელისუფლება მოისურვებს ამ ოდენობის თანხას ქვეყნიდან არავის გაატანინებს).

3. რომელი ქვეყნის კომპანიებსა თუ ფონდებშია განთავსებული ივანიშვილის ქონების დანარჩენი, არარუსული ნაწილი და აპირებს თუ არა იგი ამის თაობაზე ინფორმაციის გაავრცელებას?

4. ივანიშვილმა ქველმოქმედების და სააკაშვილის ხელისუფლების პირდაპირი დაფინანსების შედეგად მილიარდზე მეტი ლარი დახარჯა. ამ დახმარება-დაფინანსების თაობაზე ადრეც იყო ცნობილი. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ხელისუფლებამაც კარგად იცოდა. რით აიხსნება ის ფაქტი, რომ კრემლი სააკაშვილის დამფინანსებელ ივანიშვილს რუსეთის ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოებაში ხელს არ უშლიდა? ამ ფულით ხომ სააკაშვილი ხეირობდა?

5. ბოლო კითხვა არაფაქტობრივი, არამედ შეფასებითია. უამბიციო ადამიანი ვერ მიაღწევდა იმდენს, რასაც ბატონმა ივანიშვილმა მიაღწია. მისი თვითშეფასება მისსავე წერილებში კარგად სჩანს. ის ამბობს, რომ ხელისუფლებას ომის დაწყება გადააფიქრებინა, ხშირად ყვება მის მიერ ბიზნესში მიღწეულ წარმატებებზე, ელცინის გაპრეზიდენტებაში მის წვლილზე და ა. შ.

წლების მანძილზე სააკაშვილი ივანიშვილის ფულით აშენებულ ობიექტებს ხელისუფლების მიღწევად ასაღებდა. ეს, ფაქტობრივად, სხვისი დამსახურების მითვისება-მოპარვაა. რატომ ითმენდა ამ ყველაფერს ისეთი ამბიციური ადამიანი როგორიც ბატონი ივანიშვილია, ამას ვინმე ხომ არ ავალდებულებდა? ეს კითხვა ბუნებრივად ჩნდება და ამ ‘’ვინმეში’’ რუსეთის ხელისუფლებას ვგულისხმობ. ივანიშვილი, უხვი ქველმოქმედებით შეძენილ მორალურ კაპირალს პოლიტიკაში გამოსაყენებლად ხომ არ აგროვდებოდა?

ბატონ ივანიშვილს არ უყვას როდესაც მის რუსეთთან კავშირზე ეკითხებიან. დანამდვილებით არავინ იცის ეს კავშირი არსებობს თუ არა. ხელისუფლება ამ თემას პროპაგანდისთვის იყენებს და ამით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. ეს პოლიტიკური თამაშია და ამას ყველა ხედავს. თუმცა, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, ეგოიზმისა და ქვენააზრების გარეშე ეს კითხვები ბუნებრივად უნდა გაუჩნდეს. რუსეთი მართლაც გვესაზღვრება, მართლაც ჩვენი მტერია და ჩვენი ტერიტორიებიც აქვს მიტაცებული. რისკი იმდენად დიდია, რომ ყველაფერი, სადაც რუსეთი ოდნავ მაინცაა გარეული, ‘’მიკროსკოპულ’’ დონეზე უნდა იყოს გამოკვლეული.

ჩემი აზრით, ჟურნალისტები სწორედ ამ და სხვა კითხვებს უნდა სვამდნენ. პინგვინთა, ბეღურათა და მერცხალთა დიალექტიკა ცოტა ხნით მოითმენს. თავისთვად ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას მეტოქე გამოუჩნდა, კარგია. კონკურენცია საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ ხელისუფლება ზედმეტად არ გათამამდეს, რადგან როცა იგი მეტისმეტად თვითდაჯერებულია. „უცნაურ“ გადაწყვეტილებებსაც იღებს. მაგალითად ისეთს, როგორიც ნაგვისა და ელექტროენერგიის გადასახადის გაერთიანებაა. კიდევ გადამეტებულ ძალას იყენებს, როდესაც ეს საჭირო არ არის, ‘’შერჩევითი სამართალიც’’ არ არის ჩვენში იშვიათობა, არც კანონზე მაღა მდგომი ადამიანების რიცხვია ცოტა და ასე შემდეგ, მის ყველა ავადობას აქ ვერ ჩამოვთვლი. კონკურენცია სასარგებლოა თუ კონკურენტულ მხარეებს ერთი მიზანი აქვთ და ამ მიზნის განხორციელებისთვის კონკურირებენ. ამიტომ სწორედ ეს არის გასარკვევი: რა მიზანი აქვს ‘’ქართულ ოცნებას’’? გაგრძელდება თუ არა სახელმწიფოს დასავლური კურსი? რუსეთის ზეწოლით ნატოში შესვლაზე უარს ვამბობთ თუ არა? ევროკავშირთან ‘’სამეზობლო გეგმას’’ მივსდევთ თუ არა? ევროკავშირის ასოცირებულ წევრობას ვაპირებთ თუ არა? და ზოგადად, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვრჩებით თუ ჩვენი მომავალი რუსეთის ექსკლუზიური გავლენის სფეროში ყოფნა და ‘’ევრაზიის კავშირის’’ ნაწილად ქცევაა.