ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან |

ოცდახუთცენტიანები ჯეიკობისთვის, ევასთვის…

22.12.2011 | 1026 | ია მერკვილაძე
ოცდახუთცენტიანები  ჯეიკობისთვის, ევასთვის…

(ციკლიდან „შვიდი და მეტი მიზეზი, თუ რატომ მიყვარს ნიუ იორკი“)

 

გასულ კვირას სპეციალურად დავიარე ჩემი ქუჩის პერიმეტრი. მაინეტერესებდა, „ჩემს“ ჯეიკობს კიდევ სად ვნახავდი: ბიბლიოთეკა, ფოსტა, მობილური ტელეფონების მაღაზია, კომპიუტერული ცენტრი, „ლოუნდრომატი“ (სამრეცხაო); ტანსაცმლის, ხილ–ბოსტნეულის, ათასი წვრილმანის (აქ მათ „ჩინელების მაღაზიებს“ უწიდებენ) მაღაზიები; პატარა კაფეები და პიცერიები; თევზის დახლები, ჭურჭლის მაღაზიები და ორი ბანკი. აქედან რამდენიმე მათგანის სალარო განყოფილებასთან ორად გაკეცილი მუყაოს თეთრი „დაფა“ იდგა, საიდანაც პატარა ჯეიკობი მიღიმოდა. ჯეიკობს ლეიკემია, ანდა ლიმფომა აქვს, ან ორივე ერთად. ალბათ კი არა, როგორც წესი… სურათის გვერდით ერთდოლარიანების (აქ 25–ცენტიანის ჩადებაცაა შესაძლებელი), ქვემოთ კი 25–ცენტიანების ზომის ჯიბიანი წრეებია ამოჭრილი, სადაც 25–ცენტიანის ჩადება ძალიან ადვილადაა შესაძლებელი. რასაკვირველია, იმ ერთდოლარიანში 25 ცენტიც მოთავსდება. ეს თანხა ჯეიკობის დაავადების სამკურნალო საშუალების სინთეზირებას ანდა მეთოდის დანერგვას უნდა მოხმარდეს. იქვეა ამ ორგანიზაციის – „ლეიკემიისა და ლიმფომის საზოგადოება“ – ვებგვერდი. წითლად აწერია: „თქვენი მხარდაჭერა რეალურად გვეხმარება“, კიდევ – „თითოეული დოლარი მკურნალობის საშუალებას გვაახლოებს“ და გვერდით… წითელი ფერის წვეთი. თუ ყველა ცარიელი რგოლი შეივსო, მაშინ 15 დოლარზე ცოტა მეტი გროვდება… რა არის ეს 15 დოლარი, გაიფიქრებს ადამიანი. არც არაფერი. მეტროთი მგზავრობა (ორი გზა) 5 დოლარი ღირს…

პატარა ევა გადარჩა. გადარჩა კიდეც და სიმსივნისგანაც სრულად განიკურნა. აქ გადარჩენილებს Cancer Survivor–ს უწოდებენ, სრულად განკურნებულებს კი – Censer Free (სიმსივნისგან თავისუფალი). ეს Free თითქოს უკონტექსტოდ ჟღერს. ევას მამასაც ლეიკემია ჰქონია. მამა–შვილი ორივე იბრძვის. ევამ სამუდამოდ დაამარცხა. მამამისმა – ჯერ ვერ. იბრძვიან სისხლის გათეთრების თუ სისხლის კიბოს წინააღმდეგ. სიტყვათშეთანხმება– „სისხლის უკანასკნელი წვეთი“– აქ მართლა უკანასკნელი შეიძლება აღმოჩნდეს… სოცოცხლისთვის იბრძვიან, სისხლის გასაწითლებლად, წვეთების „გასამრავლებლად“… მათთან და მათ ოჯახთან ერთად სახელმწიფო ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, არასახელმწიფო ორგანიზაციები, მედია და 25 ცენტის გამცემი ადამიანებიც იბრძვიან. ერთად.

მიკვირს, როცა ვიგებ, რომ დატვირთული გენეტიკის მიუხედავად, ევას მშობლები რისკზე მიდიან და ევას დაიკო შეეძინება. ევა „ლეიკემიისა და ლიმფომის საზოგადოების“ წლის გოგონად დაასახელეს. „თქვენი დამსახურებაა, რომ მე განვიკურნე“ – ამბობს ევა. „თქვენი დამსახურებაა, რომ მამა ლეიკემიას ებრძვის“ – აგრძელებს ევა. ევა შემოწირულობის გაკეთებას სთხოვს ადამიანებს. განა, მხოლოდ მამისთვის… ძალიან მტკივნეულია, როცა ტელევიზიით სიმსივნით დაავადებულ, თმაგაცვენილ, გამხდარ ბავშვებს აჩვენებენ. გინდა, რომ თვალები დახუჭო, ხელები ყურებზე მიიჭირო ანდა სხვა არხზე გადართო. ეს „სისხლის ინსტიტუტების“ სარეკლამო რგოლებია. ვიცი, რომ ისინი არსებობენ. ყველამ იცის, მაგრამ ამ „რგოლის“ ბოლომდე ყურებას რკინის ნერვებზე უფრო მეტი რამ სჭირდება. და უცებ „ბიგმაკის“ რეკლამაა: კარგად დაგანაყრებთ, არ ინანებთო, თანაც იაფადო და უცებ გამხდარი პატარას სახეზე ორი გაფართოებული თვალი… თან როცა ხელს უთმო თავზე გადაისვამს… არადა, ამ „ბიგმაკების“ გასაღების ადგილებშიც შეხვდებით 25– ცენტიანების „დაფებს“.

მტკივნეულია, როცა მუყაოს კონტეინერში რძეს ან რაიმე პროდუქტს ყიდულობ და ზედ დაკარგული ბავშვის სურათია: თუ დაინახოთ ასეთი და ასეთი ვინმე, ამ ფერის, ამ სიმაღლის, ამდენი წლის, ამა და ამ წელსა და თვეს დაკარული, დარეკეთ 911 – ზეო… სად არიან, რატომ იკარგებიან, როგორ იკარგებიან, რანაირად ქრებიან… ამ „ტარას“ ის მაინც დააწერონ მერე, აი, ვეძებეთ–ვეძებეთ და ვიპოვეთო… სახეებს ვერ ვიმახსოვრებ. თითქოს ერთმანეთს ჰგვანან… რომც შემხვდნენ, ანდა სად უნდა შემხვდნენ, ვიცნობ კი?…

 

გუშინ საღამოს ნიუ იორკში გვარიანად მოწვიმა. როგორ წესი, უქოლგოდ ვიყავი. თანაც სახლიდან მოშორებით… წვიმისგან დასამალად პირველსავე ღია პიცერიაში სახელად „Pizza Trio” შევედი. რასაკვირველია, ცხელი პიცის დასაგემოვნებლად და იქ ისევ „ჩემი“ ჯეიკობი, ისევ სალაროსთან „დამხვდა“. ისევ ისე იღიმის… „თქვენც გყავთ ჯეიკობი? – ვკითხე პიცა–გაის. კიო… „ლეიკემიის ორგანიზაციის“ წარმომადგენლები ჩამოივლიან ხოლმე და გვირიგებენო „ჯეიკობებსო“ . მერე, როცა „დაფა“ ივსება, ფულს იღებენ და ჯეიკობი მზადა ახალი 25–ცენტიანებისთვისო… ანდა ჩვენც ვათავისუფლებთ წრეებს ფულისგან და ვინახავთ ჯეიკობისთვისო. „მალ–მალე ივსება?“– ვკითხე. „გააჩნია, იმ დღეს როგორ მიდის ჩვენი ბიზნესი. თუ ბევრი ხალხია, დაფაც მალე ივსება. თუ არადა…“ „შეიძლება, გადავიღო ჯეიკობი?“– ვკითხე გამყიდველს. კი, რასაკვირველიაო. მენეჯერსაც გაუხარდებაო. მენეჯერი კი იქვე მაგიდასთან მჯდომი დიდი და ფუმფულა ქალი აღმოჩნდა, რომელიც უზარმაზარ „ლაზანიას“ მიირთმევდა, ვიღაცას ტელეფონზე ნახევრადხრინწიანი ხმით ხმამაღლა ესაუბრებოდა, იცინოდა და თან ჩემსა და მამაკაცის საუბარს თვალს ადევნებდა. მენეჯერმა აქეთური–იქეთური, თავის ბიზნესზე და ზამთრის სიცივეებზე წაიწუწუნა. „გარეთ წვიმსო, ჯერ არ ვიკეტებით, იყავით, იქნებ მალე გადაიღოსო, აგერ ტელევიზორს უყურეთო“ – შემომთავაზა. დიდ ეკრანზე რაღაც კულინარული შოუ ტრიალებდა. იქაც ხმამაღლა იცინოდნენ და ქვაბებში რაღაც ათუხთუხებულს ურევდნენ. „ტრიოს“ მენეჯერმა მადლობა გადამიხადა ჯეიკობისთვის, მადლობა პიცის გამოცო და დაამატა: „ჩემი პიცერია ყველაზე კარგი პიცერიაა, აი, გახედე ამ კედელს, რამდენი სერთიფიკატები მაქვსო“. „პიცაც კარგი გაქვთ – მეთქი“, პიცერიის სოლიდურობისა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის საქმეში მისი წვლილის დამამტკიცებელ ერთ–ერთ საბუთს ფოტო გადავუღე და შევპირდი, რომ შორეულ ჯორჯიასაც გავაგებინებდი მისი სანაქებო პიცის ამბავს… ფუმფულამ კი პიცერიის „ბუკლეტი“ გამომატანა. ზედ წითელი ალუბალი თუ ბალი ეხატა. „დაგვირეკეთ, – მომაძახა, – სახლში ზუსტად 5 წუთში ცხელ–ცხელს მოგართმევთო“. აღარ მითქვამს, რომ მე თქვენი უბნის არა ვარ–მეთქი…

სახლთან ღვინის მაღაზიაში შევირბინე და იქაც სალაროსთან „ჩემი“ ჯეიკობი იღიმებოდა. მისი „დაფა“ წითელ Casa del Toro – ს მაღალ ბოთლზე იყო მიყრდნობილი… კარგი ღვინოა, ჩილედან. ჰოდა, ჯეიკობ, გესმის? გთხოვ, თუ ღმერთი გწამს და თუ არ გწამს, მაინც გთხოვ, შემპირდი, რომ ამ მსუყე, მუქ–მუქ წითელ Cabernet Sauvignon–ს ჩემთან ერთად თუ არა, შენი შვილიშვილის ქორწილში აუცილებლად, აუცილებლად, აუცილებლად დაურტყამ…