ერთხელ, როცა მე და ჩემი უცხოელი მეგობარი გოგო საქართველოზე და აქ მცხოვრებ ქალებზე ვლაპარაკობდით, მან მკითხა:
-დარიან, რამდენი კაცია ამ ქვეყანაში OK ქალს რო ყავდეს?
-OK? ხუთი, ალბათ.
-წელიწადში?
-წელიწადში არა, მთელი ცხოვრების მანძილზე. საერთოდაც, ეს ხუთიც გადავაჭარბე – ვუპასუხე ღიმილით.
სექსი და სტატისტიკა საქართველოში ვერ მეგობრობენ. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებიდან, სტუდენტების გამოკითხვა მახსენდება, სადაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ქალურმა სისუსტემ და კდემამოსილებამ, მამაკაცურ სიძლიერესა და ბაქიაობასთან ერთად.
თუკი ერთი წუთით მაინც წარმოვიდგენთ, რომ ეს კვლევა ამ საუკუნეში კი არა, გაცილებით სხვა დროს ჩატარდა და მაშასადამე, გვაქვს უფლება ვთქვათ სიტყვა სექსი და გვაქვს უფლება, გვქონდეს სექსი, შეგვიძლია თუ არა ვუპასუხოთ ჩემი უცხოელი მეგობრის კითხვას ამ ფორმულირებით. აქვს თუ არა მნიშვნელობა რა რაოდენობის ადამიანთან გექნება სექსი?
მე ქალს, თუ მე კაცს, წელიწადში 5 პარტნიორი მეყოლება, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე ხუთი, განსაზღვრავს თუ არა ჩემს სტატუსს ამ საზოგადოებაში?
საზოგადოებაზე, მეზობლებზე, მეგობრებზე და მათ მშობლებზე ბევრი რომ არ ვიფიქროთ, განგვსაზღვრავს თუ არა ჩვენ?
ვფიქრობ, რომ სექსი ათავისუფლებს. მჯერა, რომ კარგი სექსი თუ არ გაბედნიერებს, არც გაუბედურებს. ფაქტობრივად, ღმერთივითაა, არც გეხმარება და არც ხელს გიშლის.
მაგრამ ეს, ზოგადად, სექსი.
მეგობარი მყავს ფეისბუქზე. ამბობს, რომ დღეში სამი პარტნიორი ჰყავს. ერთთან შეხვედრა არ აქვს დამთავრებული, მეორეს უთანხმდება. ერთგვარად მითოლოგიური პერსონაჟია. პირობითად Michael Fucker. მის არნახული რაოდენობით პარტნიორზე ყველა და ყოველთვის საუბრობს. თითქმის არ მახსენდება ვინმეს, მსგავსი ქცევის მქონე ადამიანების გარდა, მაიკლის „ჰობი“ პოზიტიურ ტონში მოეხსენიოს. ზოგი მის „მორალს“ უტევს, ზოგიც მის „გაქანებას“, ზოგსაც არ სჯერა მისი ისტორიების. არადა, ფაქერის მეგობრები ამბობენ, რომ ზუსტად იციან, ფაქერი არ იტყუება.
საოცარი ფრაზაც მოვისმინე. ამდენი სექსით მალე დაბერდებაო.
სექსისგან დაბერების თეორიაზე აქამდე არაფერი გამეგო, მაგრამ ამ თეორიის მნიშვნელოვანი კომპონენტი ისაა, რომ თურმე ბევრი პარტნიორის ცვლისგან ბერდები. რაღაცნაირად სახე გემანჭება, გეტყობა, რომ გაცრეცილი ფურცელივით ხარ.
ვინ და როდის შეამოწმა გაცრეცილი ფურცლის თეორია, წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ ამ მითიურ ქვეყანაში ფაქერზე ასეც ფიქრობენ.
სექსი ყოველდღე, სხვადასხვა ადამიანთან ამორალურია? ეს რა გავბედე? როგორ ვიფიქრე, რომ ეს შეიძლება „ნორმალური“ იყოს?
არადა, სიტყვა ნორმალური ხომ ისეთივე სუბიექტური კატეგორიაა, როგორიც ლამაზი და მშვენიერი. სხვადასხვა დროს „უმრავლესობა“ ამ ტერმინში სხვადასხვა მნიშვნელობას დებს. კოლექტიური აზროვნებისგან ცალკე მდგომი ინდივიდისთვის კი ნორმალური, წესით, ჭეშმარიტად სუბიექტური ან საერთოდ არ არსებული კატეგორია უნდა იყოს. ასე, რომ, ამ თემაზე საუბარს დროებით შევეშვათ.
უმრავლესობის მიერ განსაზღვრული „ნორმალურის“ კრიტიკა არ მიფიქრია. საშინლად მოსაწყენია. ვიცით, რომ:
- ტრადიციები
- რელიგიები
- მორალი(ები)
- ოჯახი
- საზოგადოება
და სხვა გაუგებარი კატეგორიები, რომელიც თავისთავად არავითარ აზრს არ ატარებს. თუმცა ამავდროულად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანები მას გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე პირად სურვილებს და პირად დამოკიდებულებებს გარემოს და საკუთარი თავის მიმართ.
ამ დაწესებულ ჩარჩოებში თავამოყოფილ ქალებს კი თითქოს „სრულიად ბუნებრივად“ ეზღუდებათ სექსუალური სურვილები.
დიახ, მდედრებში რთულადაა საქმე. ე.წ. თავისუფალი ქალებიც კი კითხვაზე, რამდენი კაცი/ქალი გყავდა, პასუხს თავს არიდებენ.
ისე, ეს რა კითხვაა, რამდენი გაქვს ხელფასივით უხერხული. მაგრამ თუ განზოგადების წესის მარკ ტვენისეულ განსაზღვრებას ბოდიშის მოხდით დავარღვევთ და ვიტყვით, რომ მამრები მეტობისკენ ამრგვალებენ, ან საერთოდ ჩმახავენ ამბებს მითიურ ქალებზე, დაე, ქალებმაც მოჩმახონ. პირდაპირ მაიკლ ფაქერი შეაბან და სიის გრძელ ჩამონათვალს მისი გვარიც მიამატონ. ასე დააღწევენ კიდეც თავს კატეგორიას „სუსტი“.
მაგრამ არა. ეს მანდილის გადმონაშთები ვერაფრით გააქრეს ამ ქალებმა, ამ ქვეყანაში.
ქალი, რომელსაც სექსი უყვარს, არსებობს, რა თქმა უნდა არსებობს. თუმცა ან ისეთივე უხილავია, როგორც ყველა ლესბოსელი ამ ქვეყანაში, ან სექსში ფულს იღებს, ან მასზე ამბობენ, რომ გიჟია.
სექსის სიყვარული ნიშნავს, რომ შენ სექსი გიყვარს. და არ ნიშნავს, რომ სექსი გიყვარს მხოლოდ მაშინ, როცა პარტნიორის სიყვარული გაყვარებს სექსს. თუ როგორც არის. ამ ქვეყანაში ქალების დიდი ნაწილი ხომ ფიქრობს: სექსი და სიყვარული ერთმანეთს უდრის.
არა და არა.
წარმოიდგინეთ, რა მაგარია. ხვდებით ყოფილ შეყვარებულს, მიდიხართ სახლში. ზედმეტი სენტიმენტების გარეშე გაქვთ სექსი. ხვდები, რომ ილუზიური საბურველის, სიყვარულის გარეშეც გქონდა ორგაზმი. სულაც არ მოგინდა სექსის შემდეგ მის მკერდზე გარინდება. ადექი, სიგარეტი მოწიე. ერთი სული გქონდა როდის დააღწევდი თავს მის არსებობას შენს გარშემო. არადა, კარგი სექსი გქონდა.
მერე სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ გახსენდება. როცა კერი ყოფილ შეყვარებულთან ორალური სექსის შემდეგ, პარტნიორის შეთავაზებაზე მის სიამოვნებაზეც იზრუნოს, კერი პასუხობს, რომ სამსახურში ეჩქარება, სახლიდან გამოსული კი ამბობს: I had sex like a man.
დიახ, ეს სექსისტური ფრაზაა, მაგრამ იმ მომენტში კერი მართალი იყო და მართალი იყავი შენც და მართალი იქნება ყველა, ვინც ოდესმე, პირველად მოაშორებს ტოლობის ნიშანს სექსს და სიყვარულს.
ნებისმიერ სასურველ ადამიანთან შეიძლება გქონდეს სექსი. იქ, სადაც ორმხრივი მიზიდულობაა, ამ მიზიდულობის სახლში წაღებას და მასტურბაციად ქცევას, ალბათ, ჯობია ეს მიზიდულობა ორმხრივი ორგაზმით დასრულდეს.
რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა. მაგრამ აი, დღეში სამი სასურველი ადამიანის პოვნა კი თითქმის წარმოუდგენლად მეჩვენება. ბოლოს და ბოლოს ამდენი თავისუფალი, სექსუალურად გახსნილი და მიმზიდველი ადამიანი რომ ცხოვრობდეს ამ ქვეყანაში, ამ ბლოგის წერასაც არ ექნებოდა განსაკუთრებული აზრი.