გია მარიამიძის ბლოგი

რელიგია : მართლმადიდებელი ! პოლიტიკური შეხედულებები : ეროვნული!

რელიგია :  მართლმადიდებელი !  პოლიტიკური შეხედულებები : ეროვნული!

ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თვისება საკუთარი შინაგანი სამყაროს სხვებისთვის გაზიარების სურვილია. მოდა ჭამაზე, ვარცხნილობაზე, სამკაულზე, ტატუ, ქცევის მანერები, ჟარგონი, ეს ყველაფერი შეგნებულად თუ მიბაძვით საკუთარი მე-ს დემონტრირებაა. ვირტუალური სამყაროს არსებობამ თვითგამოხატვის დამატებითი საშუალებები წარმოშვა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ტერმინი ‘’ავატარი’’ ამის მკაფიო მაგალითია. ეს სიტყვა ინდუიზმიდან არის და  უმაღლესი  ღვთაების  გარდასახვას, მატერიალური ეპასტასის შეძენას ნიშნავს.

როგორც წესი, Facebook-ის პროფილი მის მფლობელზე კარგად მეტყველებს. პროფილის სურათები, ალბომები, პირადი მონაცემების შესახებ გამოქვეყნებული, თუ დაფარული ინფორმაცია ადამიანის თვითპოზიციონირების და სხვებისთვის თავის გაცნობის საშუალებაა. ასე ხდება გემოვნების, მიდრეკილებების, ინტერესების, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებების დეკლარირება.   ქართულენოვანი facebook-ის მომხმარებელთა უმრავლესობა თავის თავს ორთოდოქს-მართლმადიდებელად და უფრო იშვიათად ქრისტიანად ასახელებს. პოლიტიკური შეხედულებების გრაფას გასწვრივ კი ეროვნულად, ტრადიციონალისად, კონსერვატორად თვითდასახელება სჭარბობს.

მართმადიდებლური მრწამსი და ეროვნულ-ნაციონალისტური იდეები ადამიანს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს. თუ, მართლმადიდებელი და თანაც ‘’ეროვნული’’ ხარ ეს ალბათ, ქცევის ნორმებზე და ცხოვრების წესზე უნდა შეგეტყოს.

Facebook-ში მოქმედება ვირტუალური სამყაროს კანონზომიერებებით არის შეზღუდული და ტექსტური, ფოტო, აუდიო და ვიდეო ინფორმაციის გავრცელება გაზიარებაში გამოიხატება. ამ მხრივ ფბ-ში განსხვავებული არაფერი ხდება, როგორც გარეთ-ქუჩაში, აქაც, სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ ემთხვევა. ქალბატონი ორთდოქსების დიდ უმრავლესობას ჰიპერსექსუალური ფოტოებით აქვთ სავსე პროფილის ალბომები და საკუთარი მკერდის ზომა-წონას თამამად ამზეურებენ . მამრი ორთოდოქსებიც ხშირად დებენ მკვრივსაჯდომიანი ქალბატონების სურათებს და  პარალელურად, სარწმუნოების დასაცავად, გინებით ავსებენ კომენტარების გრაფას და ოპონენტებს მოკვლით ემუქრებიან. ერთი სიტყვიით, გოგოები სექსუალურობენ და ბიჭები ძველბიჭობენ.

დღეს მრევლის ყველაზე ენერგიული ნაწილი ახალგაზრდობაა, ამას ეკლესია სიამაყით აღნიშნავს ხოლმე. ამ ახალგააზდობის უდიდეს ნაწილს არ ახასიათებთ რელიგიური ასკეტიზმი და მორჩილება. მრევლის ამ ნაწილს რელიგიურს ვერ დაარქმევ, ისინი ეკლესიურები არიან. ამ ტიპის ‘’სულიერება’’ რელიგიური დოგმატების მიხედვით ცხოვრებას არ გულისხმობს, აქ მთავარი საეკლესიო, მასობრივ ღონისძიებებში და რიტუალებში მონაწილეობაა- ‘’გუშინ მამა გაბრიელის საფლავზე ვიყავით, აუ  ძალიან მაგარი იყო’’, დაახლოვებით ასეთი სულისკვეთებით. სამღვდელოებაც ხალისით მწყემსავს ასეთ, ‘’სვეცკი’’ გოგოებით და ძველი ბიჭებით დაკომპლექტებულ მრევლს, რადგან იცის, რომ ეკლესიის კეთილდღეობა ამ ახალგაზრდების ენერგიაზეც დგას. რატომ ხდება ასე ? იმიტომ, რომ სასულიერო ელიტური კასტისთვის პირველადი მიზანი მოსახლეობაზე გავლენის და პრივილეგიების შენარჩუნებაა და არა ქრისტიანობის განვრცობა.

მრავალი წელია ე. წ. წარჩინებული საზოგადოება ეროვნული იდეოლოგიის შემოღებას ითხოვს.   ამ მოთხოვნას ე.წ. უბრალო ხალხიც მხარს უჭერს. ალბათ, ამ ადამიანებს საკუთარი მოთხოვნის შინაარსი კარგად არც აქვთ გაცნობიერებული, მაგრამ ინტუიციით გრძნობენ რომ კარგ რაღაცას ითხოვენ და სამშობლოსთვის სიკეთე უნდათ. სასიამოვნოდ ჟღერს: ეროვნულ-მართლმადიდებლური იდეოლოგია.
ეს, ჯერ არ არსებული იდეოლოგია, თეზისებად ჯერ არავის ჩამოუყალიბებია, მაგრამ მისი  სულისკვეთება ისედაც გასაგებია: ქართველის და ქართულის განსაზღვრა, მისი იურიდიულად ფორმალიზება და კანონმდებლობაში ასახვა. შემდეგ, ამ ქართულის გუშაგობა და გარე გავლენებისგან დაცვა_კულტურის თვითიზოლირება. რამდენად შესაძლებელია ქართველის თუ ქართულის ზუსტად  განსაზღვრა და საინფორმაციო ხანაში, გარე გავლენებისგან იზოლირება ეს სხვა თემაა.  აქ, მოკლედ ვიტყვი_ ეს შეუძლებელია.

ეხლა სხვა საკითხზე მიდა ვისაუბრო. კერძოდ, გაუძლებენ თუ არა ცხოვრების იმ წესს და რეჟიმს ის ადამიანები, ვინც ამ იდეოლოგიის შემოღებას ითხოვენ? ენდომებათ თუ არა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება სადაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა და ნაციონალისტობა სავალდებულო? ასეთი რეჟიმი მოქალაქისგან გარკვეულ ვალდებულებებს გულისხმობს. მზად არიან ქალბატონი მორწმუნეები უარი სთქვან მანქანის მართვაზე, დაანებონ თავი პოლიტიკოსობას და სხვა საჯარო საქმიანობას, იყონ დიასახლისები და ქმარ-შვილს ემსახურონ? აბა რა ქართველი ქალის საქმეა მიტინგების გაძღოლა, დამნშავეების ადვოკატობა ან ბიზნესის წარმოება? ქალებმა უარი უნდა თქვან შარვლის, მოკლე კაბის ჩაცმაზე და ზაფხულობით ყელამდე შეკრული სამოსით უნდა იარონ. სწავლა-განათლებაზე და კარიერაზე არც უნდა იოცნებონ. კაცებმა უარი უნდა თქვან ქორწინებამდე სექზე, ზოგადად ვნებებზე, აზარტზე (მათ შორის სპორტულზე და შემოქმედებითზეც) ყოველი დაგინება-შეგინების შემდეგ ცოდვები მოსანანიებლად იარონ ტაძარში. მიუტევონ მოყვასს და ჩხუბით ურთიერთობის გარკვევის მაგიერ პატიება სთხოვონ ‘’აბიჟნიკებს’’. ორივემ, ქალმაც და კაცმაც თავი უნდა შეიკავონ გემრიელი საკვების მირთმევაზე(ნაყროვანება მომაკვდინებელი ცოდვაა) . საერთოდ, ეკლესიის აზრით ხომ ნებისმიერი სიამოვნება და  სიცოცხლით ტკბობა ღმერთისგან დაშორებაა.

ქართული საზოგადოება მზად არის უარი თქვას მოდურ სამოსზე, არ დაინტერესდეს შოუბიზნესით, ბოტოქსის ინექციებით გაახალგაზრდავება დაგმოს, პლასტიური ოპერაციები არ გაიკეთოს, შეეგუოს ცენზურას და საყვარელი ტელესერიალებს, კინოვარსკლვავებს,  ტელეგადაცემებს არ უყუროს? შესაძლებელია  ქართველებმა სასწავლებლად საზღვარგარეთ არ გაუშვან შვილები, არ გავიდნენ  ზაფხულობით პლიაჟზე,  სამოდელო ბიზნესზე მეოცნებე გოგონებმა გეგმები შეცვალონ, მსახიობებმა კი თავისი პროფესია ცოდვად მიიჩნიონ?

ეროვნულ -მართლმადიდებლური იდეოლოგიით გაბრწყინებულ ქვეყანას მრავალი ასეთი აკრძალვა მოყვება. ყელაფრის ჩამოთვლა შეუძლებელია. მოკლედ თუ ვიტყვით: მზად ვართ უარი ვთქვათ ოცდამეერთზე საუკუნეზე და მეჩვიდმეტე საუკუნეში ვიცხოვროთ? რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობის 99% ამისთვის მზად არ არის და არც არასოდეს იქნება. აბა რა საჭიროა ფარისევლობა ? ასეთ საზოგადოებაში არც ისე დიდი ხნის წინ ვცხოვრობდით. სსრკ-ს დროს, არავის სჯეროდა კომუნისტური იდეოლოგიის, მარქსიზმ-ლეინიზმის დებულებების თანახმად არავინ ცხოვრობდა, მაგრამ კომუნისტური პარტიის წევრი 400 000 ქართველი იყო..