გია მარიამიძის ბლოგი |

მიშა მიდის ლაზიკაში

06.03.2012 | 1095 | გია მარიამიძე
მიშა მიდის ლაზიკაში

გვეშველება რამე? – წლების განმავლობაში ქართული საზოგადო-პოლიტიკური ცხოვრების მთავარი კითხვა ასე ჟღერდა. პასუხის ვარიანტები, როგორც ინტელექტუალური თამაშების ჟანრს შეშვენის, სამი იყო: კი, არა და ივერია გაბრწყინდება! მაგრამ, პოლიტიკური ცხოვრების მორიგი ციკლი დასასრულისკენ მიდის და თანამედროვეობის მთავარი კითხვა დღეს ასე ჟღერს: მიშა წავა? 

პრეზიდეტის პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას ვინც თვალი ადევნა, შეამჩნევდა, რომ ოპოზიციის გამოსვლებიც ამ თემის გარშემო ტრიალებდა. სააკაშვილის წასვლა-არწასვლა, თუ წავა – სად და თუ დარჩება – რა ფორმით და როგორ? ამაზე ბევრი საუბრობს და წერს. ეს საკითხი ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანია.

არ წავა! ამაში დარწმუნებულ ხალხს თავისი არგუმენტები აქვს: ძალაუფლებას არ დათმობს; რომ წავიდეს მისმა გუნდმა იცის, რომ ხელისუფლებას დაკარგავს და ჩადენილისთვის პასუხისგება მოუწევს და ასე შემდეგ. ხელისუფლებიდან წასვლის სასარგებლოდაც არსებობს არგუმენტი – დასავლეთი მიშას პუტინის მიბაძვას არ აპატიებს. მესამე, შუალედური ვარიანტიც არსებობს – წავა, მაგრამ ფორმალურად, ფაქტობრივად კი, ძალაუფლებას შეინარჩუნებს. ყველაზე მეტ ვარაუდებს ეს მესამე ვარიანტი იწვევს. თუ ფორმალურ-ფაქტიური გზა არჩია, ის როგორი იქნება: პარლამენტის თავმჯდომარეობა, სიმბოლური პრეზიდენტობა თუ რაიმე სხვა მდგომარეობას დაიკავებს? ამ “სხვაში” ისეთი, ნახევრად მითიური სუბსტანციები სახელდება, როგორებიცაა: ნაციონალური ლიდერი, ერის მამა და სხვები. თუმცა, ასეთი მისტიურ-მითოლოგიზირებული წინამძღოლი უკვე გვყვავს – ილია მეორე.

პარლამენტში კითხვა-პასუხების და დიალოგ-მონოლოგების დროს პრეზიდენტმა სიტყვების მარაგი სრულად გამოიყენა, ბევრი ისაუბრა, მაგრამ  პირდაპირ დასმულ კითხვებზე – მიდიხარ თუ რჩებიო? კონკრეტული პასუხი  არ გასცა. ილაპარაკა, რომ ხელისუფლება იმ პოლიტიკურ ძალას დარჩება, ვისაც ქართველი ერი აირჩევს, რომ არჩევნები ყველაზე, ყველაზე სამართლიანი იქნება და რომ მან დანამდვილებით იცის, სად იქნება და ამ დროს ლაზიკა ახსენა.

შეგახსენებთ, რომ ლაზიკა მომავალში, შავი ზღვის სანაპიროზე აშენებულ ქალაქს უნდა დაერქვას. როგორც ცნობილია, “რომი ორ დღეში არ აშენებულა” და ლაზიკას აშენებასაც წლები დასჭირდება. ამდენი საპრეზიდენტო დრო სააკაშვილს არა აქვს. ქალაქის აშენება ძვირი და ხანგრძლივი წამოწყებაა. ლოგიკურად გამოდის, რომ სააკაშვილს, როგორც მინიმუმ, მომავალი ხელისუფლება მისი კურსის და საქმის გამგრძელებლად ესახება. ოპოზიციამ “ლაზიკა” ხელისუფლების მიერ ხალხის ყურადღების მოდუნების მცდელობად და წინასაარჩევნო PR-კამპანიის ნაწილად გამოაცხადა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, ქალაქის შენებას მართლა იწყებენ.

რა თქმა უნდა, ეს ფაქტები და პარლამენტში სააკაშვილის მიმართ პირდაპირ დასმულ კითხვებზე პრეზიდენტის ორაზროვანი პასუხები საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად საკმარისი არ არის, მაგრამ, როგორც “განწყობის ფსიქოლოგიის” თეორიიდან ვიცით, ადამიანი იმას ხედავს, რაც უნდა რომ დაინახოს და არა იმას, რაც სინამდვილეში ხდება. რა ხდება სინამდვილეში, 100%-ანი სიზუსტით არავინ იცის, რადგან თითოეულ ჩვენგანს რაღაც სურვილი აქვს და “განწყობის ფსიქოლოგიის” თანახმად, ვხედავთ იმას, რაც გვსურს და არა – რაც რეალურად ხდება.

მე კი მსურს, რომ სააკაშვილმა ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლება დატოვოს და პუტინის გამოცდილება არ გიზიაროს. თუკი ასე არ მოხდა, საქართველო ძალიან დიდი ხნით განვითარების პერსპექტივას დაკარგავს და შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობასაც საფრთხე შეექმნას. პრეზიდენტმა, თავისივე გუნდიდან თავისი შემცვლელი უნდა  მონახოს და ოპოზიციას მეტ-ნაკლებად სამართლიან არჩევნებში კონკურენციის გაწევის საშუალება მისცეს. ვინ გაიმარჯვებს, ეს ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს (ამაში პრეზიდენტს ვეთანხმები… მაგრამ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ახალი ხელისუფლება ძველის მემკვიდრე უნდა იყოს. ძველს, რაც კარგი ჰქონდა, ის შეინარჩუნოს, ცუდი კი საკუთარი საქმიანობით გამოასწოროს. რაც მთავარია, თავისი მოსვლით ახალი წელთაღრიცხვა არ უნდა გამოაცხადოს და დროშის, ჰიმნის, ღერბის შეცვლით დაწყებული და კადრების მთლიანად გამოცვლით დამთავრებული, ყველაფერი  ხელახლა, ნულიდან  არ უნდა დაიწყოს.

ალბათ, სააკაშვილს ხელისუფლების დათმობა მოუწევს. რუსეთში ისევ პუტინი გაპრეზიდენტდა  და  სააკაშვილის იგივე სქემით მოქმედება დასავლეთისთვის მიუღებელი იქნება. პრეზიდენტის ხელისუფლებიდან არწასვლა ძნელი წარმოსადგენია. თუმცა, ეცდება ძალაუფლება მისივე გუნდის რომელიმე წევრს ერგოს. თუ ასე მოხდა დღევანდელი პრეზიდენტი, ეგებ, ქალაქ ლაზიკას მთავარ მშენებლად მოგვევლინოს და პარლამენტში ნათქვამი – “მე დანამდვილებით ვიცი, სადაც ვიქნები – მე ვიქნები ლაზიკაში!” – შემთხვევითი არ იყოს. ეს ვარაუდია, მეტი არაფერი. თუ ვარაუდი გამართლდა, ქვეყანა განვითარების პერსპექტივას შეინარჩუნებს. რა ერქმევა სააკაშვილის თანამდებობას – მაღალფარდოვანი ლაზიკას ჰერცოგი თუ,დაბალფარდოვანი – ლაზიკას მთავარი “პრარაბი”, ეს მეორეხარისხოვანია.

ლაზიკაში წასულ სააკაშვილს რა გავლენა ექნება მომავალ პრემიერ-მინისტრზე, პრეზიდენტზე თუ პარლამენტზე, ეს ძნელი სათქმელია.

სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა-არწასვლა დიდწილად ოპოზიციაზეც არის დამოკიდებული. თუ ძირითადი ოპოზიცია (იგივე ივანიშვილის გუნდი) თავზე ხელს აიღებს, ეროვნულ-რელიგიურ-სოციალურ პოპულიზმს გააჩაღებს და თავს ანტიდასავლურ ძალად წარმოაჩენს, სააკაშვილის ხელისუფლეებიდან  არწასვლას მძლავრად დაეხმარება. ოპოზიციას, ამ მხრივ თავის გამოჩენის შესაძლებლობა კი მრავლად ექნება, “აზიზიეს მეჩეთის” გარშემო ისტერიკა და კოლექტიური კონვურსიები უკვე დაწყებულია. არჩევნებამდე  სხვა  “გვართმევენ, გვღუპავენ, გვებრძვიან!” თემებიც მრავლად მოინახება.