გია მარიამიძის ბლოგი |

ვარდის მურაბა

06.06.2012 | 1134 | გია მარიამიძე
ვარდის მურაბა

ვარდების რევოლუცია, 2003 წელი, ასოშეიტედ პრესის ფოტო
ვარდების რევოლუცია, 2003 წელი, ასოშეიტედ პრესის ფოტო

9 წლის განმავლობაში, ჩემი აზრით, რამდენიმე უდავოდ პოზიტიური და ისტორიული მოვლენა მოხდა. მათ შორის ერთი-ერთი მთავარი, აჭარაში კვაზისეპარატისტული ხელისუფლების მოცილება და ამით სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაა. მეორე-რუსული ბაზების ბათუმიდან, ახალქალაქიდან და თბილისიდან გაყვანა. 


ხელისუფლების მიღწევად მიჩნეული ელექტროენერგიით მომარაგება, ქალაქების ცენტრალური უბნების მოპირკეთება, დაგებული გზები, კომუნიკაციები, ზოგადად ინფრასტრუქტურის განახლება ისედაც ხშირად ითქმება, მაგრამ კიდევ ერთხელ ხსენებად ღირს. ზოგადად, სახელისუფლებო აპარატი უფრო ორგანიზებული გახდა, მომსახურებას გამართულად ანხორციელებს, ყოფითი კორუფცია შემცირდა და ვერშემდგარი სახელმწიფო აღარ ვართ-ეს უდავოდ მიღწევებია.


მაგრამ ეს ყველაფერი ფორმას ეხება, შინაარსობრივად კი რა შეიცვალა? ბევრი არაფერი. სახელმწიფოს მდგრადობა ისევ პიროვნულ ფაქტორზეა დამყარებული. ვერ შეიქმნა მდგრადობის მთავარი პირობა-საშუალო კლასი და თვითკმარი სამოქალაქო საზოგადოება. არ გვაქვს ხელისუფლებისგან, ოპოზიციისგან, თუ გავლენის სხვა ცენტრებისგან თანაბრად დაშორიშორებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები. შესაბამისად არ არსებობს სამართლიანი ‘’თამაშის წესები’’ და კონკურენცია; რაც მუდმივად დესტაბილიზაიის წყაროა. ქართული სახემლმწიფო, ჯერ კიდევ, არ დგას კულტურაზე, არ არსებობს სახელმწიფოებრივი ცნობიერების მატარებელი ადამიანების კრიტიკული მასა. სამოქალაქო საზოგადოების ნაცვლად, კლანური საზოგადოება გვაქვს და საჯარო აქტივობა დამოუკიდებელი მოქალაქეების ინიციატივების ნაცვლად, კლანებს შორის დაპირისპირებით და გავლენის სფეროების გადანაწილებით არის განპირობებული. ვერ მოხერხდა მთავარი ღირებულების-ქვეყანაში თავისუფალი მოქალაქის ჩამოყალიბება. დღევანდელ ყოფას, სიმბოლიკას, რიტუალებს და გარეგნულ ნიშნებს თუ მოვაცილებთ, დავინახავთ, რომ ჩვენი ცხოვრების წესი ისევ საბჭოურია. საზოგადო პროცესები ისევ ერთი ცენტრიდან იმართება, ფინანსური რესურსი და ადმინისტრაციული ბერკეტები ისევ ერთ ხელშია მოქცეული. კულტურა, შოუბიზნესი, სპორტი,მასმედია, მეცნიერება პოლიტიკის დანამატია და აქ მოღვაწე „ელიტებს“ ხელისუფლების მიმართ ლოიალობის ვალდებულება აკისრიათ. არცერთი ეს სფერო თვითკმარი არ არის, მთლიანად ხელისუფლებაზე, თუ სხვა გავლენის ცენტრებზეა დამოკიდებული და უნებლიედ პოლიტიკური თამაშების და ძალაუფლებისათვის ბრძოლის მონაწილე ხდება. შესაბამისად, პროფესიონალიზმზე მნიშვნელოვანი, ძლიერთა ამა ქვეყნისათა მიმართ ერთგულებაა, რაც ნეგატიურ სელექციას წარმოშობს, სამართლიან კონკურენციას ხელს უშლის და განვითარებას აფერხებს.გარდა ამისა,  თავისუფალი სასამართლო და კანონის წინაშე თანასწორობა მიუღწეველ ოცნებად რჩება და ქვეეყანაში ჯერ კიდევ არიან კანონზე მაღლა მდგომი ადამიანები.


იდეების ნაცვლად, პიროვნებების მიმართ მსახურება, კონფორმიზმის და მედროვეობის წყაროა. საბჭოური იდეოლოგიური კონტროლი მოიშალა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ მოქალაქის კონტროლი დარჩა. კონტროლის განხრციელების ხერხები შეიცვალა მხოლოდ. საბჭოთა, ტოტალიტარული კონტროლის, პირად ცხოვრებაში ჩარევის და რეპრესიული აპრატის გამოყენების მექანიზმი, შინაურულმა, უბნურ-ნათესაურ, სამეგობრო-კლანურმა კონტროლის სისტემამ ჩაანაცვლა. ეს სისტემა განსაკუთრებით მცირე თემში-რაიონებში და სოფლებში მოქმდებს. ადგილობრივ ხელისუფალთა ყურადღების მიღმა არაფერი რჩება, კარგად იციან, ვინ, სად რა სთქვა და მოქალაქეზე ზემოქმედების ბერკეტებიც საკმაოდ გააჩნიათ.


თავისუფალი საზოგადოება არჩევანის-ალტერნატივის მრავალფეროვნებაა. დღეს საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანს არჩევანის მხოლოდ ორი გზა აქვს, ან ხელისუფლებასთან, ან მის კონკურენტებთან სიახლოვე. სოციალურად აქტიური ადამიანისათვის, დამოუკიდებლად, საკუთარ პროფესიაში რეალიზება და წარმატების მიღწევა, ამ სქემაში მონაწილეობის გარეშე, თითქმის შეუძლებელია.


და მაინც ხელისუფლების მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მან მოდერნიზაციისა და კულტურული ტრასფორმაციის ნაცვლად, სტრატეგიულ მიზნად ტერიტორიების დაბრუნება დაისახა. შესაბამისად, რესურსები, განათლდების სისტემის ძირეული ცვლილებისა და სამაქალაქო საზოგადოების გაძლიერების ნაცვლად, შეიარაღებას მოხმარდა. ამ სტრატეგიის მიზანი გასაგებია- ტერიტორიების დაბრუნების შემთხვევაში ხელისუფალი გმირი ხდება, ისტორიის სახელმძღვანელოებში დავით აღმაშენებელის გვერდით, საპატიო ადგილს იკავებს. და რაც მთავარია, ამის შემდეგ კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინება საჭირო აღარ არის, ხელისუფლებაში სამუდამოდ შეიძლდბა დარჩენა.. მოდერნიზაცია კი უმადური საქმეა, ნამოღვაწარს სწრაფად არ დაგიფასებენ და თუ მიზანს მიაღწიე და საზოგადოების განვითარებას ხელი შეუწყე, ეს საზოგადოება თავის დროზე სახლში გაგიშვებს, რაც განვითარების მთავარი მაჩვენებელიც იქნება.


თუმცა ხელისუფლებას მოდერნიზაცის და კულტურული ტრანსფორმაციის საქმეში წვლილის შეტანა ჯერ კიდევ შეუძლია. სახელმწიფოს ფორმირების პროცესში, სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა, ანუ რაიმე ფორმით ხელისუფლებაში დარჩენაზე უარის თქმა… რაც არ გამორიცხავს მისივე გუნდის არჩევნებში მონაწილეობას და გამარჯვებასაც კი.