გია მარიამიძის ბლოგი

37 მანეთიანი სამოთხე

37 მანეთიანი სამოთხე

რა დრო იყო? პარასკევს 37 მანეთად ბილეთს ავიღებდი, მოსკოვში გადავფრინდბოდი, „ვიგულავებდი“ და ორშაბათს უკვე სახლში ვიყავი-ძირითადად ასე იხსენებს ქართველების მამრობითი ნაწილი სსრკ-ში გატარებულ წლებს. დრო გავიდა, ადამიანებმა ცუდი დაივიწყეს და მეხსიერებას შემორჩა უპირატესობის დატკბილული გემო, რომელსაც ტიპიური ქართველი ასევე ტიპიური რუსის მიმართ განიცდიდა. ქართველი რუსს სჯაბნიდა სქელი ჯიბით, ტესტოსტერონის რაოდეობით სისხლში, ასისტემურობით და კანონების გვერდის ავლით, კოლექტივიზმით, ტემპერამენტით, ჭამა-სმით და სიცოცხლის ხანგრძლივობით.




ამ ჰარი-ჰარალე ‘’სამოთხით’’ და ‘’ჩრდილოეთიდან ამოსული მზით’’ გამთბარი საქართველო სინამდვილეში ვერც ამჩნევდა, რომ საბჭოთა სამოთხეში კი არა, ხელოვნურ სათბურში ცხოვრობდა. ის ურთიერთობები, რომელსაც ბევრი მისტირის, არაბუნებრივი იყო. ქართველების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ჩრდილოვანი ეკონომიკის ხარჯზე ცხოვრობდა. ყველაფერი: საზრისები, იდეები, ურთიერთობები, ნაწარმი საქონელი, დიპლომები ყალბი და უშინაარსო იყო. სათბურში, ყვველაფრით მომარაგებული ქართველი არ კონკურირებდა, არაფერს არ ქმნიდა და შესაბამისად არც სხვის შექმნილს აფასებდა. ხშირად მინახავს იმ დროს ქუჩაში გადაგდებული პური. ტიპიური სცენა: ადამიანი მაღაზიიდან შინ ბრუნდება, ხელში რამდენიმე პური უკავია და ერთი ძირს უვარდება, ფეხს მიჰკრავს ამ დავარდნილ პურს და გზას აგრძელებს. არ ვიცი დღეს  შესაძლებელია იგივე მოხდეს თუ არა, მაგრამ მგონია, რომ ვიცი რატომ ხდებოდა ეს მაშინ_ ის პური სხვისი შრომის შედეგი იყო. საქართველო მუქთად ბოძებულ პურს სჭამდა, ოფლს მის შექმნაში არ ღვრიდა და შესაბამისად გადასაგდებადაც არ ენანებოდა. ეს პური რუსული იყო. რუსეთი კი მის სანაცვლოდ ჩვენგან, სხვა, უფრო მნიშვნელოვანს იღებდა. სხვაგვარად არ არსებობს_როდესაც რაიმეს იღებ სანაცვლო უნდა გასცე კიდეც. რუსეთისგან მორთმეული ‘’სამოთხე’’ სინამდვილეში ძალიან ძვირად, საკუთარი ‘’სახელის’’, საავტორო უფლებების, საკუთარი თავის დაკარგვის ფასად გვიჯდებოდა. დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ მავანნი ყველაფერს ქართულს ებრძვიან, გადაგვარებას გვიპირებენ და საერთოდ ქართველობას გვართმევენ. ქართველობა სინამდვილეში სსრკ-ს დროს გვქონდა წართმეული. ამის დანახვა დღესაც შეიძლება, იმდროინდელი დაავადებების სიმპტომები ჯერ კიდევ შემოგვრჩა. მსოფლიო მასშტაბით ვინც კი შავგვრემანი იყო და ქართველს რაიმეთი წააგავდა, ქართული სისხლი და გენი ვუპოვეთ ‘’ბებია ჰყავდა ქართველი’’-ს პრინციპით.



სათბურ-სამოთხეში სხვა მავნე ჩვევებიც ბლომად შევიძინეთ. მუდმივად მტრების გამოგონება, მითებით ცხოვრება, ყველაფრის იმიტირება და თვალთმაქცობა, იდეებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა_ყველა მოვლენის ჩამოთვლა დიდ დროს მოითხოვს.



როგორც ცნობილია სათბურმა, რომ იმუშაოს და ყვავილებმა იხარონ საწვავია საჭირო. როგორც კი ის გამოილევა სათბური ცივდება და ყველაფერი ჭკნება. ეს ჭკნობა, ამ 20 წლის მანძილზე, ჩვენი თვალით ვნახეთ. საუბედუროდ გადაჭარბებული ყოფილა მითი ჩვენს დედა-შვილობაზე: უამრავი ბავშვი მათხოვრობით ირჩენს თავს და ქუჩაში იზამთრებს. გახშირდა ჩვილ ბავშვთა მიტოვების და ქუჩაში დატოვება. პანსიონატებში მიტოვებული მოხუცებიც ბევრია, რომლებსაც შვილები ჰყავთ, მაგრამ არ პატრონობენ.  არც სიტყვას არ ჰქონია ფასი, მუდმივად „გადაგდება- გადმოგდებაზე“ საუბრობენ პოლიტიკოსები. დაიმსხვრა წარმოდგენები ავტორიტეტებზე და თითზე ჩამოსათვლელი საზოგადო მოღვაწე დარჩა, ვისაც თავი ტყუილით და თვალთმაქცობით არ შეურცხვენია. დაიმსხვრა მითი მებრძოლ ქართველზე (ერთი ჩვენი რომ 12 თათარს ამარცხებდა), ყველა ომი წავაგეთ. დაიმსხვრა მითი ქალის კულტზე და პატივისცემაზე_ბევრი ქალი შრომობს და ქმარი კი სახლში ზის, რადგან ეთაკილება „ისეთი“ შრომა.



მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არიან შვილებზე გადაყოლილი მშობლები, არ არიან მოხუცი მშობლის მოსიყვარულე შვილები,  ან არ დარჩნენ მებრძოლი ადამიანები. რა თქმა უნდა კარგიც ბევრი არის და სინამდვილეში კარგი ცუდზე მეტია (სხვაგვარად ვერც ვიარსებებდით).



სათბურის დანგრევამ ხელოვნურიდან ბუნებრივ მდგმარეობაში ჩაგვაყენა. თუმცა ჯერ კიდევ არ დამსხვრეულა ის მთავარი, რაც საბჭოთა-რუსულ იმპერიაში ცხოვრებას მოჰყვა: ჩვენს თავზე ზედმეტი წარმოდგენები და საკუთარი თავის გაფეტიშება. მუქთა სითბო შემცირდა, ადამიანები მის მოსაპოვებლად მწვავე კონკურენციაში ჩაებნენ და სარგებლიანი მდგომარეობის მოპოვება-შენარჩუნებაში აგერ უკვე 20 წელია ერთმანეთს არ ინდობენ.


საქართველო ამჟამად ბუნებრივ მდგომარეობაშია_სათბური დამთავრდა, მაგრამ ჯერ საკუთარი ხელით „სითბოს“ მოპოვება ვერ ვისწავლეთ. ადრე ყველაფერი მუქთად გვეძლეოდა, კონკურენცია არ იყო საჭირო და ყალბ სამოთხეში ვცხოვრობდით. სათბურში მცხოვრებთა ურთიერთობის, თითქოსდა მყარმა, წესებმა ოდნავ აციებასაც ვერ გაუძლო და გადარჩენისთვის მკაცრ ბრძოლაში გადაიზარდა. დღეს ყველაფრის მოსაპოვებლად შეჯიბრი გვიწევს და ამ შეჯიბრის სამართლიან კონკურენციად გადაქცევა ვერ ვისწავლეთ, სადაც ის გაიმარჯვებს ვინც ღირსია, დამარცხებულს კი ყოველთვის ექნება მეორე შანსი.



ძველი ცხოვრება ანომალია იყო. „ჭამა და სექსი“ კი ბლომად გვქონდა, მაგრამ თავისუფლების დათმობის სანაცვლოდ.



მუქთა პურის სანაცვლოდ, თავისუფლების დათმობის სურვილი დღესაც დიდია და ეს იმის ბრალია, რომ ნამდვილი თავისუფლების გემო დღემდე არ ვიცით. დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრების 20 წელი, თავისუფლების შეყვარებისთვის ცოტაა. როგორც ერთი ცნობილი წიგნიდან ვიცით ამისთვის 40 წელიწადია სჭირო. ეს ყოველდღიურ მეტყველებაშიც შეიმჩნევა_ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებს, ადამიანები რატომღაც „საჩუქრად’’ მოიხსენიებენ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი მათი საკუთრებაა. მოსახლეობის დიდ ნაწილში, სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება ორ უკიდურესობაში გამოიხატება_ნაწილს მიაჩნია, რომ მათ მიმართ, სახელმწიფოს უსაზღვრო ვალდებულება აქვს და სახურავზე კრამიტიც მან უნდა შეუსწოროს; მეორე ნაწილისთვის კი ხელისუფალი მამა- მარჩენალია და პურისა და სანახაობის სანაცვლოდ ყველაფერში ეთანხმება, რასაც ხელისუფლება სათავისოდ კარგად იყენებს.



ივანიშვილის, მითოლოგიიდან, პოლიტიკაში გადაბარგების შემდეგ ფულის მუქთად მიღების ახალი გზა გამოჩნდა. მდიდარი კაცი ქეყანას, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საკუთარი ჯიბიდან მილიარდების დახარჯვას პირდება. ხალხიც მუქთი ფულის მოლოდინშია და არ ფიქრობს, რომ თუ ასე მოხდა, ივანიშვილის სახით, დაქირავებული ჩინოვნიკის ნაცვლად მეფეს მიიღებს. მეფე კი ნაზირ-ვეზირებისა და ყმების გარეშე არ არსებობს. უმაღლესი ხელისუფალი, ბიუჯეტის გვერდის ავლით, საკუთარ სახსრებს ხარჯავდეს ანომალიაა. ასეთ პირობებში, ხელისუფალი მოქალაქის მიმართ ანგარიშ-ვალდებული აღარ იქნება, მოქალაქე ხელისუფლებას პასუხს ვეღარ მოსთხოვს და მის ქვეშევრდომად იქცევა.

ალბათ შემთხვევითი დამთხვევა არ არის, რომ ქართულ ენაში, მოწეულ მოსავალს „ჭირნახული“ ეწოდება. ჭირნახული, ანუ ჭირით-ტანჯვით მოწეულიო. საკუთარი გონებით და ხელებით რაიმეს შექმნა ყოველთვის ძნელია, მაგრამ ამ ძალისხმევისათვის ჯილდო თავისუფლებაა.