ორივე ძალა საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია . ვინ გაიმარჯვებს ცხადი არ არის და ამ საკითხზე პროგნოზების გაკეთება სოციოლოგების საქმეა. მაგრამ რა მოხდება ნაციონალური მოძრაობის თუ ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში? ამის დასანახად საკმარისი ინფორმცია უკვე არის.
ნაციონალური მოძრაობა ქვეყანას საკმაოდ დიდი ხანია მართავს და ხელისუფლების შენარჩუნების შემთხვევაში მისი მართვის სტილი ალბათ ბევრად არ შეიცვლება. აქ მთავარი საკითხი მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია. წავა თუ დარჩება? თუ დარჩება რა თანამდებობას დაიკავებს? ძალაუფლების დათმობის შემთხვევაში რით დაკავდება და ხელისუფლებაზე გავლენას შეინარჩუნებს თუ არა? სააკაშვილთან დაკავშირებით ეს და სხვა კითხვები ჩნდება. დღევანდელი პრეზიდნეტი სავარაუდოდ ხელისუფლებაში უხეშად დარჩენისგან თავს შეიკავებს, მაგრამ შესაძლებელია ძალაუფლება მის მიერ მართულ მემკვიდრეს გადასცეს, რაც ფაქტიურად ხელისუფლებაში დარჩენას ნიშნავს. ქვეყნის მართვის ამგვარი კონფიგურაცია საფრთხის შემქმნელია. გამორიცხული არ არის, რომ ერთ დღესაც ფორმალური და ფაქტიური ხელისუფალნი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გარდა ამისა, დასავლეთი სააკაშვილის ხელისუფლებაში შენიღბულად დარჩენას ალბათ არ მოიწონებს და სახელმწიფოს მართვის ამგვარ ფორმას არ მიესალმება. ამით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა შემცირდება. და რაც მთავარია სააკაშვილის ხელისუფლებაზე გავლენა პოზიტოური ვერ იქნება. დღევანდელმა პრეზდენტმა საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა. 2007 წლის შემდეგ ხელისფლებას არც ერთი საფუძვლიანი რეფორმა არ წამოუწყია და მხოლოდ დროის გაყვანით არის დაკავებული. სააკაშვილი დიდი ხანია რეფორმატორი აღარ არის. წლიდან წლამდე, პარლამენტში ანგარიშის ჩაბარების დროს მსგავს ტექტებს კითხულობს. რაიონებში მოგზაურობისას ხალხის წინაშე ერთი და იგივე გაზეპირებულ სიტყვებს იმეორებს. დიდი ხანია მას არც ერთი საინტერესო ინიციატივა არ წამოუყენებია. ის უბრალოდ კომიკურ ფიგურად იქცა. ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში ამ ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების ერთად-ერთი საშუალება სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლაა.
ქართულ ოცნებას სახელმწიფოს მართვის გამოცდილება არ აქვს და მის ანგარიშზე შეუსრულებელი დაპირებები არ ირიცხება. შესაბამისად ამ ძალას პოლიტიკურ პრეტენზიებს ვერ წავუყენებთ. მათ მიმართ პრეტენზიები მხოლოდ ესთეტიური და ეთიკური ხასიათიისაა. ივანიშვილის თანამებრძოლი, ცნობადი (ორსახოვანი) სახეები, ბერას სიმღერები კაცურ-კაცობაზე და ქართულ სისხლზე, მიტინგებზე წარმოთქმული სიტყვები, რომ ივანიშვილი ‘’ქართული ორნამენტით მორთული ხონჩით მოსიარულე ზღაპრის გმირია, რომელიც სოფელ სოფელ ადამიანების ოცნებებს აგროვებს ‘’, ეს სხვა და ამგვარი პათეტიკა წარსულ დროს გახსენებს და არასასიამოვნო ასოციაციებს აღძრავს. მაგრამ ეგ კიდევ არაფერი. უფრო მნიშვნელოვანია ამ ძალის გამარჯვების შემთხვევაში შევარდნაძის დროს გაფურჩქნული ავი ტრადიციები აღდგება თუ არა? მხედველობაში მაქვს ინტელიგენციის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სააკაშვილის მმართველობის დროს სახელოვნებო სექტებში გაერთიანებული ელიტარული ინტელიგენტების ხელისუფლებაზე გავლენა შესუსტდა. დღევანდელი ხელისუფლების კარზეც ტრიალებენ სხვა და სხვა ელიტური ჯგუფები, მაგრამ სხვაობა ის არის, რომ სააკაშვილის სახელოვნებო ელიტასთან დამოკიდებულება ფავორიტიზმში ვლინდება და ამ ადამიანებს ერისთვის ჭკუის დარიგების ფუნქცია არ აქვთ. საქართველომ სახადი სახელად “სსრკ“ მოიხადა, მაგრამ საბჭოური ელიტარული ინტელიგენცია ქვეყნის სახეზე ნაყვავილარად შემორჩა. ბოლო წლებში ამ ადამიანებმა ხალხის დამოძღვრის და ეთიუკრი ნორმების ქადაგების ექსლუზიური უფლება დაკარგეს. ასევე დაკარგეს მატერიალური პრივილეგიები რაც მათი ხელისუფლებაზე განაწყენების მთავარი მიზეზიც გახდა. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ მწერალთა კავშირის წევრებს შორის ფულის, შენობის თუ ავტომობილების განაწილების დროს ამტყდარ ცემა-ტყეპის ცქერის ‘’სიამოვნებისგან’’ განვთავისუფლდით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა დროებით. ინტელიგენტები ისევ გამოცოცხლდნენ, მათ მიერ ნაღვაწი ‘’ჩემი კუკარაჩები’’ ისევ პოლიტიკურ კაპიტალად იქცა და ძველი სქემა ამოქმედდა: დილით სკამი საღამოს ფული, საღამოს სკამი დილით ფული. ზემოთ ნახსენები მათი ფასეულობები სინამდვილეში ფასეულობები სულაც არ არის. ელიტარიზმი, რელიგიაზე სპკულაციები, ურაპატრიოტიზმი, ნაირგვარი ფობიები, იზოლაციონიზმი, შეთმულებების თეორიები, ეთნონაციონალიზმი ანტიფასეულობებია და ქვეყნისთვის დამანგრეველი თან.
ქართული ოცნების მიმართ ერთი პოლიტიკური სახის ეჭვიც არსებობს. ამ მოძრაობაში ურთიერთ გამოომრიცხავი ორიენტაციის ხალხია გაერთიანებული. როგორც წინა გამოცდილებიდან ვიცით ასეთი გაერთიანებები ხელისუფლებაში მოსვლმდე მტკიცეა, მაგრამ მოსვლის შემდეგ ერთმანთს უპირისპირდებიან და იშლებიან. გაუგებარია რა აქვთ საერთო ძიძიგურს, სანიკიძეს, ლორთქიფანიძეს და მისთანებს ალასანიასთან, უსუფაშვილთან, ხიდაშელთან,ბერძენიშვილებთან. ერთნი არქაიზაციის, იზოლაციონიზმის, ანტიდასავლურობის მომხრენი არიან. მეორენი კი განვითარებაზე, მოდერნულობაზე და პროდასავლურობაზე დებენ თავს. მათი, ერთად პარლამენტში შესვლის შემდეგ დადგება რუტინა და ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების დრო. ქვეყნის განვიტარების გზებს კი ისინი განსხვავებულად ხედავენ. ესე იგი დაპირისპირება გარდაუვალია და როგორც დარვინის თეორიიდან ვიცით იმარჯვებს არა ის ვინც უკეთესია არამედ ის ვინც გარემოს უკეთ შეეგუება. გარემო კი სამწუხაროდ რეგრესის ძალებისთვის უფრო ხელსაყრელია. ასევე დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის შემდეგ თანამდებობის დატოვებას აპირებს.. ამგვარი სვლის აფსურდულობაზე, რომ არაფერი ვთქვათ ის საფრთხის შემცველია. მის ირგვლივ გაერთიანებული, განსხვავებული ხედვების მქონე ძალები უმალ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება. თანაც გაუგებარია ივანიშვილი 2 წელიწადში დაპირებების შესრულებას როგორ აპირებს. ამგვარი გაცხადება ან ხალხზე შთაბეჭდილების მოსახდენი პოპულიზმია ან უფრო უარესი-არაადეკვატურობა.
ცალკე საკითხია ამ ორი პოლიტიკური ძალის ეკლესიასთან დამოკიდებულება. ხელისუფლების ეკლესიასთან ურთიერთობებზე, მის მიერ სასულიერო პირებისთვის ნაბოძებ ჯიპებზე და ბიუჯეტიდან გამოყოფილ მილიონებზე ისედაც ბევრი ითქვა და გამეორება ზედმეტია. სიახლე კი ის არის, რომ ‘’ქართულ ოცნებას’’ მხარდამჭერად აპოკალიფტური წინასწარმეტყველებებით და რუსეთთან სადომაზოხისტური სიყვარულით განთქმული ეპისკოპოსი, მეუფე იობი გამოუჩნდა. იობის ქადაგებებს თუ ვენდობით 2013 წელს აპოკალიფსი გველის და მისი პოლიტიკური გააქტიურება უცნაურია. რაღა დროს არჩევნებზე ფიქრია თუ ცოტა ხანში ქვეყნიერების აღსასრული დადგება? იმედია მეუფე იობი დაპირებას არ შეასრულებს და ‘’ბოლო ჟამს’’ გადაავადებს. ხელისუფლებას და ოპოზიციას კი პირიქით, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება უნდა მოვთხოვოთ..