გია მარიამიძის ბლოგი

საზოგადოებრივი აბორტი

საზოგადოებრივი აბორტი

სტუდენტური  პროტესტი 18 სექტემბერს  დაიწყო.  მიზეზი  ისევ ხელისუფლების თვითნებობა იყო – ამჯერად უნივერსიტეტში.  ციხეებიდან გამოტანილი შემზარავი ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ მღელვარებამ და სტუდენტთა რაოდენობამ იმატა. ორგანიზებულობა,  მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოთხოვნები, პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირება პროტესტის დახვეწილობაზე მეტყველებდა. ბევრს ამ აქციებმა სამოალაქო საზოგადოების დაბადების იმედი გაუჩინა.

        

 

ყველაფერი  უარყოფითი, რაც  ქვეყანაში  ხდება  გარდა ხელისუფალთა პიროვნული თვისებებისა, ხელისუფლებაზე  საზოგადოებრივი კონტროლის არ ქონამ განაპირობა. არ არსეობდა მძლავრი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მას ყოველდღიურად, პუნქტობრივად გააკონტროლებდა. ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთადერთი  საშუალება ქუჩა იყო. ქუჩა კი კონტროლის ეპიზოდური და უხეში ფორმაა. ქუჩიდან  მინისტრის გადაყენების  მოთხოვნა და  ამის მიღწევაც შესაძლებელია,  მაგრამ მიტინგის საშუალებით რეფორმის ჩატარებაზე თვალყურის მიდევნებას და  გაკონტროლებას ვერ მოახერხებ. ამისთვის კვალიფიციური და ორგანიზებული საზოგადოებაა საჭირო. სწორედ ასეთი საზოგადოების დაბადების წინაპირობა იყო სტუდნტების ქუჩაში გასვლა. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ სტუდენტებმა სხვა და სხვა პარტიული სიმბოლიკით საკუთარი  რიგების ‘’დაბინძურება’’ არ ისურვეს. ეს ფაქტი იმედისმომცემია – დარჩება “ნაციონალური  მოძრაობა” ხელისუფლებაში, თუ მას სხვა პარტია შეცვლის საზოგადოების ხელისუფლებაზე კონტროლი გაგრძელდება. კეთილი ხელისუფალი არ არებობს, ნებისმიერი ძალაუფლება ბოროტებაა და ის იმდენს გაბედავს, რამდენსაც საზოგადოება გააბედინებს. ადამიანის უფლებების დამცველები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ადამიანის უფლებების დამრღვევები ხდებიან. ამის მაგალითები მრავლად ვიცით. ძალაუფლების მქონეთაგან მოწყალების იმედი არ უნდა გქონდეს, მოწყალედ ისინი ჩვენ თვითონ, იძულებით უნდა ვაქციოთ. 

        

 

სწორედ სტუდენტობაა ის ძალა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ბირთვად უნდა იქცეს, ამისთვის მათ ცოდნაც და ენერგიაც საკმარისი აქვთ. ეს მოძრაობა უნდა გაგრძელდეს და რაც მთავარია, უფრო დახვეწილი ფორმები უნდა მიიღოს. კერძოდ:  სტუდენტებმა საკუთარ რიგებიდან უნდა შეარჩიონ ადამიანების ჯგუფი – მათი წარმომადგენლობა. სტუდენტურმა მოძრაობამ ხელისუფლება უნდა აიძულოს განახორციელოს  ცვლილებებები და მათ  თვალი უნდა  მიადევნოს. საზოგადოებამ  ხელისუფლებას დანაშაულის ჩადენის უფლებას არ უნდა მისცეს. შესაცვლელი და გამოსასწორებელი კი  ბევრია. ქვეყანაში არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი არ მოქმედებს. 

 

        

ეს ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო თუ მძლავრი, მრავალრიცხოვანი სტუდენტური პროტესტი გაგრძელდებოდა. მაგრამ ეს არ მოხდა. პატრიარქმა სტუდენტები ჯერ დალოცა შემდე კი დაშლისკენ მოუწოდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პატრიარქი ერის სულიერ ლიდერობასთან ერთად პოლიტიკური ინტრიგანიც არის. ასეთი სახის მოწოდება ხელისუფლებას და მის მთავარ კონკურენტ ‘’ქართულ ოცნებას’’ თანაბრად აწყობდათ.

 

        

‘’ოცნებამ’’  შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა არ გადადგომის საკითხიც პოლიტიკურ მომგებიანობას შეუსაბამა (ახალაიას გადადგომას აქტიურად არ ითხოვდნენ, წინასაარჩევნოდ დისკრედიტირებული მინისტრი უფრო აწყობდათ) არც ხელისუფლებას და არც ‘’ ქართულ ოცნებას’’  არ სჭირდება  საზოგადოება და ორივეს დიდი უმრავლესობით პარლამენტის დაკავება სურთ. პატრიარქის მოწოდებაზე დამორჩილებით  გამოწეული პაუზის შემდეგ  პროტესტი განახლდა და ეგზოტიკური ფორმაც შეიძინა. სტუდენტებმა რუსთაველის პროსპექტზე სამღვდელოებასთან ერთად  მწყობრი ნაბიჯით ჩაიარეს.  სამოქალაქო საზოგადოების დაბადება აბორტის მეშვეობით აღიკვეთა. ბავშვის დაბადება  მშობელებისთვის – “ნაციონალური მოძრობისთვის” და “ქართული ოცნებისთვის” თანაბრად არასასურველი იყო, ილია მეორემ კი გინეკოლოგის როლი შეასრულა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ბავშვს დაბადება თვითონაც არ სდომებია. 

        

 

ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკა: კლანურობა, ელიტური კორუფცია, შერჩევითი სამართალი, ფავორიტიზმი, თანხების უმიზნო ფლანგვა, სოციალური უთანასწორობა, უსამართლობა და სხვა მსგავსი მოვლენები ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი ‘’ფასეულობებია’’. ამ კულტურას კი დიდწილად ეკლესია განაპირობებს. სწორედ ეკლესია ქადაგებს, რომ ადამიანები თანასწორნი არ უნდა იყვნენ, რომ თანასწორუფლებიანობა ბოროტებაა და იერარქიულობა სიკეთე. ეკლესია ქადაგებს სხვა და სხვა უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობას. ეკლესია გვეუბნება, რომ თავისუფლება ბოროტებაა და მორჩილება სიკეთე, რომ მხოლოდ მათ მიერ  დადგენილი სტანდარტს მორგებულნი არიან ქართველები და არასტანდარტულები კი ‘’ნასხლავები’’. ყველა ის ბოროტება, რასაც ხელისუფლება სჩადის სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ ამ ქვეყანაში ყოველი ადამიანის სიცოცხლე მთავარ ფასეულობად არ ითვლება და თანასწორობის მიღწევა ჩვენი მიზანი არ არის. სამოქალაქო საოგადოება იმ დღეს დაიბდება როდესაც ადამიანები (ამ შემთხვევაში სტუდენტები) სასულიერო თუ საერო ბელადებს მოიცილებენ და საკუთარი გონებით და სინდისით იმოქმედებენ.