გია მარიამიძის ბლოგი

ორი გზა, ერთ რუსეთი

ორი გზა, ერთ რუსეთი

რამდენიმე დღეში ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ახალ პარლამენტს აირჩევენ. ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” დაპირებებს უხვად არიგებდა. სამედიცინო დაზღვევა, სოფლის აყვავება, 1000 ლარიანი ვაუჩერი, სამართლიანობა, დემოკრატია და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უფასოდ. ამასთან ერთად ორივე მხარე ხალხს სხვა და სხვა რეალური თუ მითიური საფრთხეებით აშინებდა. “ნაციონალური მოძრაობა” მისი დამარცხების შემთხვევაში ქვეყნის წარსულში დაბრუნებას წინასწარმეტყველებს. “ქართული ოცნება” კი საკუთარ გამარჯვებას ქართველობის შენარჩუნებასა და ერის გადაგვარების პროცესის შეჩერებას უავშირებს. წინასაარჩევნო რიტორიკაში რუსეთს მთავარი ადგილი ეკავა. ბევრს რუსეთის ხშირი ხსენება მობეზრდა, ზოგს აღიზიანებს, მოსახლეობის 20% კი ამ ქვეყნიდან ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს. ერთი რამ უდაოა, არჩევნების მიუხედავად რუსეთი ისევ გვესაზღვრება, ჩვენი ტერიტორიების 20% დაპყრობილი აქვს და დანარჩენის მიმართ არაჯანსაღ ინტერესს ინარჩუნებს.

 

ივანიშვილის პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მილიარდელის რუსეთთან საეჭვო კავშირებზე საუბარი არ წყდება. ბრალდებები პოლიტიკური ხასიათისაა არგუმენტები ირიბი და მათი დაჯერება არდაჯერება გემოვნების საკითხია. მართლაც არის თუ არა ბ. ივანიშვილი რუსეთთან დაკავშირებული და კრემლის გეგმით მოქმედებს თუ არა, ამის დასაბუთება ძნელია. ერთი რამ კი ცხადია, მისი გამარჯვების შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი რუსეთის სასარგებლოდ შესუსტდება. ამის თქმის საფუძველს მოვლენათა განვითარების ლოგიკა და თავად ივანიშვილის განცხადებები იძლევა.

 

რუსეთთან უთიერთობების გამოსწორება და ვაჭრობის განახლება “ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებაა. ამ დაპირების შესრულება ჩვენი მხრიდან რუსეთისთვის საპასუხო დათმობების გარეშე შეუძლებელია. გარდა ამისა საკმარისია ამ პოლიტიკური ძალის საარჩევნო სიას და მაჟორიტარობის კანდიდატებს გადავხედოთ და მივხვდებით, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტის კოლექტიური პოლიტიკური გემოვნება რადიკალურად შეიცვლება. დეპუტატობის კანდიდატებს შორის უმრავლესობის რიტორიკა და ქცევა შორს დგას დასავლეთში მიღებული პოლიტ კორექტულობის სტანდარტებისგან. არჩევნების წინა პერიოდში ბ. ივანიშვილს არაერთხელ მოუწია მისი გარემოცვიდან გაკეთებული ქსენოფობიური გამონათქვამების გამო განმარტებების გაკეთება და ზოგი ერთს ბოდიშიც მოახდევინა. მას შემდეგ რაც ეს ადამიანები სადეპუტატო ადგილებს დაისაკუთრებენ ლიდერის მიმართ ნაკლებად დამჯერები გახდებიან და საკუთარ ფობიებს უკვე პარლამენტის სახაზინო მიკროფონებიდან მოგვასმენინებენ. ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებების მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება რაც ქვეყნის თვითიზოლირებას გამოიწვევს. ალბათ იოლი მისახვედრია დასავლეთის მიერ გამოთავისუფლებულ სიცარიელეს ვინ შეავსებს-რუსეთი.

 

“ნაციონალური მოძრაობა” რუსეთის მიმართ მკვეთრი ანტიიმპერიალისტური რიტორიკით გამოირჩევა. თუმცა მისმა 9 წლიანმა მმართველობამ დასავლეთთან ვერ მიგვაახლოვა. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა შორი პერსპექტივაა. დასავლური ფასეულობები ქართული პოლიტიკის და საზოგადო ყოფის ყოველდღიურ პრაქტიკად ვერ იქცა. პირიქით, მათი დისკრედიტაცია მოხდა და ამის მიზეზი ის არის, რომ ხალხი ხელისუფლებას დასავლეთის მიერ მოვლენილ მმართველობად განიხილავს. შესაბამისად, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ნამდვილი თუ მითიური ნეგატივი ავტომატიურად დასავლეთს მიეწერება. ხელისუფლებამ მოსახლეობას ლიბერალური დემოკრატიის სიკეთეები ვერ დაანახა. არ არსებობს სოციალური სამართლიანობა, ვერტიკალური მობილურობა, სოციალური ლიფტები, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები და ბევრი სხვა რამ. არ შეიქმნა ეთიკური და მატერიალური ფასეულობები, რომლებიც ეთნონაციონალისტურ და ფუნდამენტალისტურ სტეროტიპებს გაანეიტრალებდა. “ნაციონალური მოძრაობა” დმეოკრატიული პროცედურების უგულებელყოფას მოდერნიზაციის ჩატარების აუცილბლობით ხსნიდა. შედეგად არც დემოკრატია გვაქვს და არც მოდერნული საზოგადოება გავხდით. მოდერნიზაციის ჩატარების საბაბით სააკაშვილი ხელისუფლებიდან წასვლას კიდევ დიდი ხანი არ აპირებს.

 

მომავლის წინასწარმეტყველება მკითხავებს და მაგებს მივანდოთ, მაგრამ თუ ნაციონალურმა მოძრაობამ კვლავ გაიმარჯვა და თუ ჩვეული პოლიტიკა გააგრძელა ძნელი მისახვედრი არ არის რა მოხდება. ალბათ ეკონომიკური კეთილდღეობა არ დამყარდება. კონტროლირებადი მსხვილი ბიზნესი ინოვაციებს ვერ ქმნის-მას ეს არ სჭირდება. ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ფართო მასებზე ნაკლებად აისახება. ნიჭიერი ახალგაზრდობა საკუთარი უნარების რეალიზების საშუალებას ამ ქვეყანაში ვერ მოახერებს, რადგან ერთად ერთი სოციალური ლიფტი მმართველი პარტიის წევრობაა. ასეთ ქვეყნებში უკმაყოფილება დიდი ხნის განმავლობაში მწიფდება და ერთ დღესაც დაგროვილი უარყოფითი ენერგია სახალხო აჯანყებად იქცევა. ეს ცოტა ხნის წინ ‘’არაბული გაზაფხულის’’ დროს ვნახეთ. სახალხო მღელვარებას შიდა სახელისუფლებო ინტრიგებიც ერთვის ხოლმე და მმართველი უხეში ფორმით იცვლება. რამდენი წლის იქნება იმ დროს სააკაშვილი? 55-ის, 65-ის თუ მეტის ეს ტექნიკუერი საკითხია. ბუნტის შემდეგ არეულ-დარეულ ქვეყანაში წესრიგს ალბათ ისევ რუსეთი დაამყარებს.

 

ამგვარად, “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” გზები რუსეთისკენ მიდის და სხვაობა მხოლოდ ამ გზების მანძილშია -ერთი უფრო მოკლეა, მეორე – უფრო გრძელი.