გია მარიამიძის ბლოგი

Русская рулетка

Русская рулетка

ჟენევაში საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლები – აბაშიძე და კარასინი ერთმანეთს შეხვდნენ. ამჯერადაც მომლაპარაკებელი მხარეები არათნასწორ მდგომარეობაში არიან – ქართული მხარე ითხოვს, რუსეთი კი მოითხოვს. ჩვენი სათხოვარი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეშვებაა. დიდი მეზობლის ჩვენს მიმართ მოთხოვნა კი 20 წელია არ იცვლება -საქართველომ სუვერენიტეტი რუსეთის სასარგებლოდ უნდა დათმოს, დასავლურ ორიეტაციაზე უარი სთქვას და ჩრდილოელ მეზობელს დაექვემდებაროს.

 

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ქართული აგროპროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება იყო. ახალი ხელისუფლება ეკონომიკის ამ სექტორში ერთი მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს და სოფლის მეურნეობის განვითარებას პოდუქციის რუსეთში გასაღებას უკავშირებს. მაგრამ რუსეთისგან რაიმე რომ მიიღო სანაცვლოდ რაღაცა უნდა გასცე. რისი დათმობა მოგვიწევს და რა გვაქვს დასათმობი, როდესაც რუსეთი წვრილმანებს არ ჯერდება და სანაცვლოდ ქართულ სახელმწიფოს ითხოვს? რუსული მხარის მიერ წინასწარ გაჟღერებული “ოკუპაციის მუზეუმის” დახურვის და სხვა მოთხვნები ამ მიზნის მიღწევაზეა გათვლილი. 

 

რა თქმა უნდა კარგია, როდესაც საკუთარი პროდუქციის გასაღების ბაზარს ეძებ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსეთს ჩვენს მიმართ ეკონომიკური ინტერესები ნაკლებად აქვს. რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ კომპლექსური შეიძლება იყოს. ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთერთობების დამყარება, პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში პარტნიორობის გარეშე შეუძლებელია. ის ქართულ პროდუქციას თავის ბაზარზე მხოლოდ ამაზე გათვლით შეუშვებს. ჩვენი მხარეც საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს რა უნდა. თუ აქცენტს რუსეთის ბაზარზე ვაკეთებთ და ეს ქვეყანა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ხდება, დასავლეთთან ინტეგრირებას და ნატოში შესვლას როგორ მოვახერხებთ? რუსეთს როცა მოესურვება ჩვენი პროდუქციის შეტანას ისევ შეაჩერებს და ეკონომიკურ კრიზისს ვერ გადავურჩებით. რუსეთთან ვაჭრობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მის პოლიტიკურ ინტერესებს ითვალისწინებ და მის გავლენას ექვემდებარები. ჩრდილოელ მეზობელთან გრძელვადიანი და ინტენსიური ვაჭრობა გაამართლებს, თუ ამ ქვეყანას ჩვენს პოლიტიკურ ბედსაც დავუკავშირებთ, სხვა შემთხვევაში ურთიერთობა მოკლევადიანი იქნება და სავალალო შედეგებით დამთავრდება. 

 

უკეთესი იქნებოდა, წინასაარჩევნოდ დაპირებული მილიარდი დოლარი აგრო პროდუქციის ხარისხის გაზრდაზეც დაიხარჯოს და სხვა, უფრო საიმედო ბაზრებზე გატანა მოხდეს. რუსეთთან უნდა ვივაჭროთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობის შენარჩუნების მეტ და მყარ გარანტიებს მივაღწევთ. 

 

ახალი ხელისუფლება აფხაზეთის გავლით რუსეთთან რკინიგზის გახსნაზეც საუბრობს. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა : ტვირთების საბაჟო შემოწმება სად მოხდება? აფხაზები რუსეთის საზღვართან არ მიგვიშვებენ. ე. ი. საბაჟო პუნქტი აფხაზეთ-სამეგრელოს საზღვართან უნდა გაიხსნას, რაც ირიბად აფხაზეთის აღიარებას ნიშნავს. რკინიგზა საქართველოზე გავლით სომხეთს უკავშირდება, სადაც რუსეთს სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული. მათი მომარაგება დიდი ხანია რუსეთისთვის პრობლემური საკითხია. დროთა განმავლობაში რუსეთი ამ ბაზების ჩვენი რკინიგზით მომარაგებას მოინდომებს და ცუდ მდგომარეობში აღმოვჩნდებით. თუ დავთანხმდით, აზერბაიჯანთან სტრატეგიულ მოკავშირეობას დავკარგავთ; უარის შემთხვევაში კი, სომხეთს გავანაწყენებთ. თუ მხედველობაში მივიღებთ, ირანში მოსალოდნელ საომარ მოქმედებებს და აზერბაიჯან-სომხეთის შესაძლებელ სამხედრო დაპირისპირებას, სამხედრო ბაზების ჩვენი რკინიგზით მომარაგების საკითხი აუცილებლად დადგება. 

 

სააკაშვილის რიტორიკაში რუსეთს დიდი დრო ეთმობოდა. იყო ამის საჭიროება, თუ არ იყო, სააკაშვილი ამ ქვეყანას გამუდმებით ახსენებდა. ამან ხალხში დაღლა გამოიწვია და მგრძნობელობა მოადუნა. მაგრამ ეს არაფერს ცვლის, რუსეთიდან მომავალი საფრთხე ობიექტური რეალობაა. რუსეთის ოფიციალურად გაცხადებული მიზანი ევრაზიის კავშირის შექმნაა, სადაც ჩვენც მიგვათვალეს, ისე, რომ არაფერი უკითხავთ. ცივ ომში დამარცხების ტრავმა რუსული პოლიტიკური კლასის მთავარი მამოძრავებელი ემოციაა. თუმცა იმპერიის აღდგენას მხოლოდ ემოციური საფუძველი არა აქვს, აქ პრაგმატული გათვლებიც დევს. თანამედროვე პირობებით თვითკმარი ეკონომიკა რომ გქონდეს, მოსახლეობის რაოდენობა 250-დან 300 მილიონამდე უნდა იყოს. რუსეთში სულ 140 მილიონია და ყოველწლიურად 1 მილიონით იკლებს. შესაბამისად, უკრაინის, ბელორუსიის, ყაზახეთის, შუა აზიის რესპუბლიკების და კავკასიის გარეშე რუსეთს ზესახელმწიფოდ ქცევის შანსი არ აქვს. ამის სურვილი კი დიდია, იმდენად დიდი, რომ გაჭირვების მიუხედავად უამრავ ფულს “იმპერიულ პროექტებში” ხარჯავს. მაგალითისთვის, მან არმიის გადაიარაღებაზე 23 ტრილიონი რუბლის გამოყოფა გადაწყვიტა. ეს რუსეთის მშპ-სთვის ასტრონომიული თანხაა. იმპერიული პროექტისთვის იხარჯება ფინანსური და პოლიტიკური რესურსი, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსეთის ხელშეწყობით ღვივდება სეპარატიზმი, ხდება ელიტების მოსყიდვა, ხორციელდება საინფორმაციო დივერსია და ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ დასავლეთი ცუდია და ერთადერთი ხსნა რუსეთშია. ის დადებითიც კი, რაც რუსეთს აქვს – მდიდარი კულტურა, იმპერიულ პროექტს ემსახურება. შეიქმნა რუსული კულტურის პოპულარიზაციის ინსტიტუტი, რომელსაც ბატ. ნიკონოვი და ქ-ნი ნაროჩნინსკაია მეთაურობენ (ორივე ცნობილი იმპერიალისტია. ნიკონოვი შთამომავლობით, ის სსრკ-ს, სტალინის დროინდელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოლოტოვის შვილიშვილია). საქართველოს ტერიტორიის კონტროლის გარეშე კი იმპერიის აღდგენა შეუძლებელია. შუა აზიის და კავკასიის სახელმწიფოებს დასავლეთთან დაკავშირება მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე გავლით შეუძლიათ. ბუნებრივი რესურსების, ამ რეგიონებიდან, გატანაც ამ გზით არის შესაძლებელი, რაც რუსეთს ძალიან არ უნდა.

 

ბოლო გამოკითხვებით ჩვენი მოსახლეობის 20% რუსეთში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს და ვინც ხედავს მათი ნაწილიც მიიჩნევს,  რომ საფრთხე გაზვიადებულია. რას მოგვიტანს რუსეთის ორბიტაზე გადასვლა, რიგითი მოქალაქე მხოლოდ მაშინ შეიგრძნობს, თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია დასავლურიდან რუსეთისკენ გადაიხარა. წინასწარ კი იმის თქმა შეიძლება, რომ ეს საქართველოს სრულ არქაიზაციას გამოიწვევს. დიდი ხნით გაუქმდება ყველანაირი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. რუსეთის მიერ აქ დანიშნული ელიტისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრის დაშვება მიუღებელი იქნება. გაუქმდება ყველანაირი არჩევნები, რადგან  სარისკო იქნება ხელისუფლებაში პროდასავლური პარტიის მოსვლა. აიკრძალება ოპოზიცია და ხელისუფლების კრიტიკა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და ის მცირე პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები, რომელიც დღეს გვაქვს სანატრელი გაგვიხდება. დღვანდელი მოცემულობით, საქართველოს მოქალაქეს სტრასბურგში ჩივილის საშუალება აქვს და არაერთმა იჩივლა კიდეც. არასამთავრო ორგანიზაციებს შეუძლიათ დასავლელ პარტნოიორებთან ხმის მიწვდენა და ამით ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა. ხალხს შეუძლია მიტინგის და მანიფესტაციის გამართვა (ხშირად რისკის ფასად, მგრამ მაინც). რუსეთის ქვეშევრდომობის პირობებში ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება, რადგან მოსკოვში ვერ იჩივლებ და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის კრემლს ვერ მიმართავ, თვითონ არიან უფლებების დამრღვევები და ძალაუფლების უზურპატორები. რუსეთის გავლენის ქვეშ მოხვედრის შემთხვევაში საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა გაათმაგდება და ამას ჩრდილოელი მეზობელი ხელს შეუწყობს, რადგან ეს დასავლეთისგან ჩვენი იზოლირების მოკლესი გზაა. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ცნებები: თანასწორობა, სამაართლიანობა, თავისუფლება ყველას დაგვავიწყდება, უფრო სწორედ დაგვაგვიწყებენ. 

 

მომავალი წლების განმავლობაში რუსული იმპერიული ძალის ზეწოლა ჩვენზე გაგრძელდება და გაძლიერდება, ამჯერად სხვა (საინფორმციო და პროპაგანდისტული) ხერხებით და მეთოდებით. ამისთვის გამოიყენებენ მასმედიას, საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, ადგილობრივ საბჭოთა ინტელიგენციას და ასე შემდეგ. ამ ძალის პირისპირ კი დაბნეული ხალხი დგას, რომელსაც რუსული საფრთხე გადაჭრბებული ეჩვენება.

 

ძველი თაობის ბევრ ქართველს რუსეთის მიმართ ნოსტალგია აქვს. ახალმა თაობამ კი ეს ქვეყანა ნაკლებად იცის. საბჭოეთის დრო დამთავრდა და 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენაც ისტორიას ჩაბარდა. სსრკ-ს დროს კულტივირებული, მდიდარი და ამაყი ქართველის მითი გახუნდა და მისი ადგილი ახალმა მითებმა დაიკავა. რუსი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილის, ქართველებთან და ზოგადად კავკასიელებთან დამოკიდებულება რასისტულია. მათთვის კავკასიელი არასრულფასოვანი არსება, მეორე ხარისხოვანი ადამიანია. ეს დამოკიდებულება ხალხში მოარულ გამოთქმებშიც ვლინდება: Чурки, Черножопые და ასე შემდეგ. ამ სიტყვებს გუგლის საძიებოში თუ შეიტანთ უამრავი კავკასიელის არასასიამოვნო ფოტოს გიჩვენებთ. მეტროპოლიაში, ჩვენს შესახებ შეთხზული, ის საბჭოეთის დროინდელი მითიც არ იყო მაინც და მაინც საამაყო. მაშინაც იმპერიის დანამატად და არასრულფასოვან ერად ვითვლებოდით ცენტრისთვის. იმ დროს დაყვავებით, მოფერებით და  “შაქრის ნატეხით” დასაჩუქრებით გვმართავდნენ. დიდი სხვაობა არ არის დაშინებით და დაცინვით ზემოქმედებენ შენზე, თუ კომპლიმენტებით გაბრუებენ; ორივე შემთხვევაში მეორეხარისხოვან არსებად გთვლიან. ერთადერთი ნორმალური მდგომარეობა თავისუფლებაა, თუმცა მისთვის “ძვირი ფასის” გადახდაა საჭირო. თავისუფლება კი დასავლეთთან კავშირის შემთხვევაში გვექნება; ბევრად მეტი თავისუფლება, ვიდრე რუსეთის მოკავშირედ ყოფნის შემთხვევაში.

 

რუსული თამაშის “რუსული რულეტის” დროს, იარაღის ბარაბანში ერთი ტყვია დევს და გადარჩენის შანსი არის. რუსეთთან პოლიტიკური თამაში კი მომაკვდინებელია, რადგან რევოლვერში ხუთივე ტყვია დევს და გადარჩენა შეუძლებელია. ახალი ხელისუფლება ამ თამაშში არ უნდა ჩაებას. უარეს შემთხვევაში კი მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს ამის უფლება არ უნდა მისცეს.