გია მარიამიძის ბლოგი

დემოკრატია თუ მრევლოკრატია?

დემოკრატია თუ მრევლოკრატია?

სსრკ-ს დაშლის შედეგად საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და უკვე 20 წელზე მეტია სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ვცდილობთ. 1990-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკური დისკურსის მთავარი საკითხი ასე ჟღერდა: ჯერ დემოკრატია, თუ ჯერ დამოუკიდებლობა? იმდროინდელი ხელისუფლება თვლიდა, რომ ჯერ სახელმწიფო უნდა გაძლიერდეს, დემოკრატიაზე ფიქრი ამის შემდგომ არის შესაძლებელი. გამსახურდიას მთავრობა სამხედრო გადატრიალების შედეგად დაემხო, მის ადგილას მოსული სამხედრო საბჭო კი, საკუთარ ლეგიტიმაციას სწორედ დემოკრატიის დამყარების ლოზუნგით ცდილობდა. შემდგომ იყო ქაოსი და ხანგრძლივი სტაბილიზაციის პერიოდი. შევარდნაძის მმართველობა „ვარდების რევოლუციამ’’ „სახლში გაისტუმრა’’ და ახალმა ხელისუფლებამ, თავის მთავარ მიზნად სახელმწიფოს მოდერნიზაცია გამოაცხადა. სააკაშვილის მთავრობის მიმართ ხშირად პრეტენზია, სწორედ მოდერნიზაციის საბაბით ქვეყნის არადემოკრატიულად მართვის გამო გამოითქმებოდა. არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება’’ თავისი პოლიტიკის მთავარ ღირსებად „ხალხისთვის მოსმენას’’ (ამაში ალბათ სატელეფონო მოსმენა არ იგულისხმება) ასახელებს და დემოკრატიას გვპირდება. 

 

დემოკრატიულ სახელმწიფოებს საერთო-უნივერსალური თვისებები ახასიათებთ, მაგრამ ამავე დროს ამ ქვეყანებს საკუთარი სპეციფიკაც აქვთ. როგორი იქნება ქართული დემოკრატია? 

 

თითქმის არავინ დაობს იმაზე, რომ არადემოკრატიული მმართველობა არ ვარგა, თუმცა არც დემოკრატიული სისტემაა უნაკლო. დემოკრატიის დამყარება თვითმიზანი არ არის; ის საშუალებაა, ინსტრუმენტია იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიო. მიზანი კი სამართლიანი, თანასწორუფლებიანი და თავისუფალი საზოგადოების შექმნაა. დემოკრატიის საჭიროება უკვე ვაღიარეთ, მაგრამ პრობლემები აქ არ მთავრდება, პირიქით, აქედან იწყება. დემოკრატია პრობლემური და რთული სისტემაა, მასში გადამწყვეტი სიტყვა ხალხს ეკუთვნის და სახელმწიფო პოლიტიკას ხალხის აზრი განაპირობებს. სწორედ ამაშია დემოკრატიის სიკეთეც და ნაკლიც. კერძოდ იმაში, რომ თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა ზოგადი ცნებებია და ყველას თავისებურად ესმის. თუ დემოკრატია გვინდა, ჯერ უნდა გავერკვეთ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს ცნებები რამდენად ღირებულია. რიგითი ქართველისათვის რას ნიშნავს თანასწორობა და რამდენად არის იგი მზად, იყოს თანასწორი, მისივე თანამოქალაქე არაქართველთან, თუ არამართლმადიდებელთან. რას ნიშნავს ქართველისთვის სამართლიანობა და მისთვის სად გადის თავისუფლბის ზღვარი. აიტანს თუ არა ის სხვის თავისუფლბას, განსხვავებულ აზრს, ზოგადად განსხვავებულობას. ჩვენი საზოგადოების ეთიკური ფასეულობები იძლევა თუ არ საშუალებას თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი სახელმწიფო შევქმნათ. სახელმწიფოს მართვის საქმეში შეიძლება თუ არა ვენდოთ, მასების კოლექტიურ გემონებას, როდესაც ცნობილია, რომ რაც მასობრივია აუცილებლად მდარე ხარისხისაა. მასობრივი მოხმარების მუსიკა, კინო, ლიტერატურა, ტელეგადაცემები, მოდა და ასე შემდეგ უხარისხოა. მაშ რატომ იქნება მასობრივი მოხმარების პოლიტიკა ხარისიანი? 

 

ხარისხის და რაოდენობის შეფარდება-სწორედ ეს არის დემოკრატიის სისტემური ნაკლი. დემოკრატიაში ყველა გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება. აქ მთავარი რაოდენობაა და არა ხარისხი. ქართული საზოგადოების ყველაზე მრავალრიცხოვანი ფენა მრევლია და არა საერო-სამოქალაქო ხასიათის ჯგუფები. არასამთავრობო ორგანიზაციები და ცალკეული სამოქალაქო აქტივისტები საზოგადოების მცირე ფენაა. მოსახლეობის უმრავლესობა თანასწორუფლებიანი, სამართლიანი და თავისუფალი საზოგადოების შექმნისთვის მზად არ არის. დემოკრატიას სამოქალაქო საზოგადოება და საშუალო კლასი ქმნის. მრევლს მხოლოდ თეოკრატიის შექმნა შეუძლია. თეოკრატია კი ჩვენთვის სახელმწიფოებრიობის დაკარგვას უდრის. 

 

ქართული დემოკრატიის სპეციფიური პრობლემა, უპასუხისმგებლო პოლიტიკური და ზოგადად, ყველა სახის ელიტაა. ჩვენი ელიტის დიდი ნაწილი სახელმწიფოს მომხმარებლის თვალით უყურებს, ყოველგვარი მისიის განცდის გარეშე, თავს ხალხის მსახურად არ გრძნობს, სახელმწიფოსგან მიაქვს და სანაცვლოდ არაფერს აძლევს. პოლიტიკოსთათვის ხელისუფლების მოპოვების და შენარჩუნების მთავარი ხერხი, სოციალური, ეთნონაციონალისტური, რელიგიური პოპულიზმია. ელიტური კლანები ხალხის გულების მონადირებას მარტივი ლოზუნგებით ახერხებენ. მოუმწიფებლობის გამო საზოგადოება ამ პოპულიზმზე ეგება, რაც ბოლოს კატასტროფული შედეგებით – ეთნო კოფლიქტებით, სამოქალაქო ომებით და მიწების დაკარგვით მთავრდება. 

 

დემოკრატია ამართლებს, როდესაც ადამიანები არა რაიმე თანდაყოლილი ნიშნით (სისხლი, ჯიში, რჯული), არამედ ინდივიდუალური, პრაგმატული ინტერესების და იდეების გამო ერთიანდებიან. ადამიანები პრინციპების ირგვლივ და არა წარმომავლობის, თუ კონფესიური კუთვნილების გამო უნდა ერთიანდებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყალიბდება მყარი უმრავლესობა, რომელსაც ხელისუფლებაში მუდმივად საკუთარი წარმომადგენლები გაჰყავს, უმცირესობის ინტერესები კი ილახება. შესაბამისად პლიურალიზმის ნაცვლად მყარდება ანტაგონისტური დემოკრატია, ანუ „უმრავლესობის დიქტატურა’’. ასეთი პრობლემა მსოფლიოს რიგ ქვეყნებში დგას, განსაკუთრებით მწვავედ ლიბანში. 

 

რაშია გამოსავალი? რა თქმა უნდა, არა დემოკრატიის უარყოფაში. როგორც ცნობილია, დემოკრატია ცუდი წყობილებაა, მაგრამ უკეთესი არ მოუგონიათ. გამოსავალი ხარისხის ამაღლებაშია. დემოკრატიისთვის მზაობა, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში, სწორი განათლების პოლიტიკით, მასმედიის საშუალებით მეცნიერების და კულტურის პოპულარიზებით, ეთიკურ თემებზე საზოგადო დისკუსიის წარმოებით უნდა ამაღლდეს. სანამ ქვეყანაში არ შეიქმნება საზოგადოების ფართო ფენა, რომელიც პოლიტიკურ კლასს ობსკურანტიზმის, შოვინიზმის, ნაირგვარი ფობიების ქადაგების უფლებას არ მისცემს, დემოკრატია ვერ დამყარდება. ასეთი საქციელი უბრალოდ სირცხვილი უნდა იყოს.

 

საზოგადოება სირცხვილის განცდის უნარით და კანონის მიმართ შიშით უნდა ფუნქციონირებდეს. ჩვენთან კი, არც ერთია და არც მეორე. კანონი შერჩევითია, უპასუხისმგებლო საქციელი კი სირცხვილად ჯერ არ ითვლება. 

 

სამოქალაქო საზოგადოება თავისთავად არ შეიქმნება. ეს პროცესი ხანგრძლივია და ბევრი რამ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე ეს ვერ მოხდება. არჩევნების შემდეგ მოხშირდა მოდერნიზაციის იდეის კრიტიკა და აქცენტი დემოკრატიის უპირატესობაზე კეთდება. დღეს საკითხი ასე დგას: ჯერ მოდერნიზაცია, თუ ჯერ დემოკრატია? ჩემი აზრით, მოდერნიზაცია აუცილებელი და გარდაუვალი პროცესია. საკამათო მხოლოდ მისი ტემპი შეიძლება იყოს. თუ მრავალფეროვან საზოგადოებაში არ გაჩნდა უნივერსალური ფასეულობები, ის, რაც ყველას გაგვაერთიანებს, დემოკრატია ვერ დამყარდება. ასეთი ფასეულობების ჩამოყალიბება კი მხოლოდ მოდერნიზაციამ შეიძლება მოიტანოს.

 

საქართველოში დემოკრატიის დამყარების შესაძლებლობაზე საუბრისას ხშირად ისმის პროვოკაციული კიზთხვა: რა, ხალხი ბნელია და დემოკრატიისთვის მზად არ არის? ჩემი აზრით, კითხვის ასე დასმა არ შეიძლება. ქართველი ერი, ისევე როგორც ყველა სხვა ერები ვითარდება. ობიექტური მიზეზების გამო ჩვენი განვითარება შეფერხდა. საჭიროა ამის აღიარება და წინ წასვლა.