ელენე ხაჭაპურიძის ბლოგი დიეტაზე

წონა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი

08.02.2013 | 1236 |
წონა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი

დღეს როგორც იქნა წავედი საჯარო ბიბლიოთეკაში. გარეთ გასვლა მართლაც გამოწვევა აღმოჩნდა. თითქოს სუფთა ჰაერზე უფრო მწვავედ ვიგრძენი, რომ მშია. სახლში დაბრუნებაზეც ვიფიქრე. სამარშუტო ტაქსში ავედი,  ბოლო გაჩერება ჩემ სახლთანაა და როცა ავდივარ თითქმის ყოველთვის ცარიელია. ამიტომ მარტივად და კომფორტულად ვთავსდები, მუსიკას  ვუსმენ აიპოდით, რომელიც ჩემი მონაპოვარია, მას შემდეგ რაც სამსახური მაქვს და ფულს მე თვითონაც გამოვიმუშავებ.


მამიდაჩემთან მივედი, მასთან ადრე ვცხოვრობდი და ბევრი ნივთი იქ მაქვს დატოვებული. იმ დიეტების წამოღება მინდოდა, რომელიც ბოლო 6 წელია ექიმებთან სიარულისას დავაგროვე.  ცილოვანი დიეტის დასრულების შემდეგ, მინდა სხვადასხვა და მრავალფეროვანი კვების რაციონი შევადგინო.  ორ სიტყვას მამიდაჩემზეც ვიტყვი. ყველაზე უცნაური ადამიანია ვინც მინახავს. ერთადერთია, რომელიც თვლის, რომ ჩემი წონის მიუხედავად არაფერს ვჭამ და პრაქტიკულად ვშიმშილობ. ასევე ერთადერთია, ვინც თვლის, რომ მხოლოდ 5 დან 10 კილომდე დაკლება მჭირდება 😀


მამიდაჩემისგან წამოსული გავემართე საჯაროსკენ. ისევ სამარშუტო ტაქსში ავედი, ამჯერად ნახევრად სავსეში. ნახევრადსავსეს არაუშავს, პრობლემას მგზავრების ჩვევა რომ არ ქმნიდეს. ტრანსპორტში ახვალ და რას ხედავ?– ორ ადგილიან სკამებზე თითო ადამიანი ზის და ყველა კიდეში. სხვა გზა არ გაქვს, მიდიხარ და თხოვ ფანჯრის მხარეს გადაგიშვას, რატომღაც ხშირად ბრაზდებიან.  ასე დაემართა დღეს ჩემ გვერდით მჯდომსაც. გადამიშვითთქო რომ ვუთხარი. პრეტენზიული სახით შემომხედა, ეტყობა იფიქრა რაღა ჩემთან მოხვედიო, არადა აბსოლუტურად  შემთხვევითი მივადექი. ყველაზე ტრაგიკული ის იყო, რომ ოდნავ მიწია ფეხები და ვითომ გზა გამითავისუფლა. ვუთხარი  აქ ვერ გავეტევი და იქნებ გამატაროთთქო. კიდევ ოდნავ მიწია ფეხები, არაფრით არ ადგა. რეალურად პატარა სივრცე იყო ისევ.  რა უნდა მექნა? ვცადე, უკან გიგანტური ზურგჩანთა მქონდა მოკიდებული, ლეპტოპით, რომელიც იმ გოგონას გვარიანად მოხვდა, მაგრამ ბოდიში აღარ მოვუხადე. უკვე მეც გაბრაზებული ვიყავი, თან ხომ გავაფრთხილე.


არ ვიცი, ან კიდეში ჯდომას უნდა გადაეჩვიონ ან ადამიანის გატარება ისწავლონ. მერე მივხვდი, რომ ეს გატარება, ფეხზე ადგომა და გზის დათმობა, რომ ეზარებათ, მაგიტომ სხდებიან ზუსტად კიდეში, იმ იმედით, რომ სამარშუტო ტაქსის შევსებამდე  მათი დანიშნულების ადგილილთან მივა ტრანსპორტი. ყველა ამოსული კი სხვადასხვა სკამებზე დასხდებიან, კიდეში და ცალ–ცალკე. ან ვერ ითავლისწინებენ სხვა ადამიანის ზედმეტ წონას და ჰგონიათ, რომ ერთ სანტიმეტრზე მიწეული ფეხებით სივრცეს უთავისუფლებენ.


გაბრაზებული მთელი გზა ვიხსენებდი ტარნსპორტში რა გადამხდენია. ქუთაისში ყველაზე ცუდი ინცინდენტი შემემთხვა. ერთმა მძღოლმა, როდესაც შუა ივლისში, გადავსებული სამარშუტო ტაქსი ხმამაღლა გავაპროტესტე, მომახალა შენ ორისას უნდა იხდიდე, ორი ადამიანის ადგილს იკავებო. ამ ამბის მერე, როცა ქუთაისში ვარ, სულ ფეხით დავდივარ.


საღამოს, ჩემ საყვარელ ადგილას ვიყავი. ეს ადგილი სავსეა ტკბილეულობითა და გემრიელი ნაყინებით, თუმცა მხოლოდ ყავა დავლიე, ისიც უშაქრო.


წინ კი გრძელი და უძილო ღამეა, კვლევის პროექტი მაქვს დასაწერი :)))