გია მარიამიძის ბლოგი

სხვა საქართველო

სხვა საქართველო

მიიჩნევა, რომ პოლიტიკა ეკონომიკის გაგრძელებაა. განვითარებულ ქვეყნებში პოლიტურ გადაწყვეტილებებს მეტწილად ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ. მაგრამ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, მრავალრიცხოვანი საშუალო ფენის გარეშე და მოსახლეობა ეკონომიკური ინტერესების მიხედვით კლასიფიცირებული არ არის. ქართველი ამომრჩეველი ხელისუფლებისგან ეკონომიკური ან  შემოქმედებითი თვითდამკვიდრებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას არ ელის,  მისი განწყობა პასიურია და მთავრობაში მარჩენალს ხედავს. ჩვენი ამომრჩევლის მოტივაცია ეკონომიკურ-პოლიტიკურის ნაცვლად სოციალურ-იდეოლოგიურია.   

 

იქ. სადაც ეკონომიკა განუვითარებელია და თვითდამკვიდრებისთვის კონკურენტული გარემო არ არის, პრაგმატული ინტერესების ადგილს მისტიკა, შეთქმულების თეორიები, მითოლოგია და ცრურწმენები იკავებენ. ყოველდღიურ ყოფაში თუ საარჩევნო ურნასთან ადამიანები გადაწყვეტილებას სწორედ გონებაში გამჯდარი რწმენებიდან გამომდინარე იღებენ. მოსახლეობის ფენობრივ-კლასობრივ  სტრუქტურირებას სწორედ ეს რწმენები განაპირობებენ და არა მკაფიოდ ჩამოყალიბებული  რაციონალური ინტერესები.  

 

სსრკ-ს დანგრევის შედეგ სახელმწიფოს შექმნას ვცდილობთ. სახელმწიფო ერთგვარი შენობაა. ბინის შენებას სწორი გათვლები და დაგეგმარება, აშენებულს კი მოვლა სჭირდება. სახელმწიფოსაც თავისი კანონზომიერებები და წესები აქვს, რომ ააშენო და შეინარჩუნო ეს წესები უნდა დაიცვა. მშენებლობას კარგი ინჟინერ-მშენებლები, არქიტექტორები, მუშები სჭირდება და ამ საქმისთვის საუკეთესონი უნდა შეირჩეს. მათ ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ კუთვნილებას, სექსუალურ ორიენტაციას, სქესს, კანის ფერს და ა. შ. მნიშვნელობა არ აქვს. სახელმწიფო მუდმივი შრომა და შეჯიბრია, სხვა ქვეყნებთან ეკონომიკაში, კულტურაში, მეცნიერებაში, სპორტში კონკურენცია მთელი ძალების მობილიზებას მოითხოვს. წარმატების მიღწევას თითოეული მოქალაქის ენერგიის ეფექტურად გამოყენება სჭირდება და მეორეხარისხოვან თემებზე ქიშპობისთვის დროს ვერ დახარჯავ. 

 

მოქალაქის სიკარგე სახელმწიფოსთვის სარგებლის მოტანის მიხედვით იზომება, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობა განსხვავებულ და დაპირისპირებულ ჯგუფებს თამაშის წესებზე შეთანხმებას, საერთო ფასეულობების გარშემო გაერთიანებას აიძულებს. ასე იქცევა ხოლმე მოსახლეობა კულტურულ საზოგადოებად. ასეთად მათ სახელმწიფო აქცევთ. ეს რთული, წინააღმდეგობრივი, მაგრამ ნამდვილი და სისხლსავსე ცხოვრებაა რადგან მსოფლიო პროცესების მონაწილე ხდები, სუბიექტი ხარ და არა ობიექტი, შენ არსებობ და მოქმედებ. 

 

ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში სახელმწიფო არ გვქონდა და უბრალოდ ქვეყანა ვიყავით. დამოუკიდებლობის  დაკარგვასთან ერთად დავკარგეთ სახელმწიფოს შენების და მოვლის კულტურაც. შესაბამისად ჩამოგვიყალიბდა კულტურა, რომელიც ქვეყანას შეეფერება და სახელმწოფოს უპირისპირდება. ჩვენი კულტურა დღემდე ქვეყნისმიერია და არა სახელმწიფოებრივი. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ  მსოფლიო თუ რეგიონალურ პროცესებში არ ვმონაწილეობდით, გადაწყვეტილებებს ჩვენს გარეშე და ჩვენს დაუკითხავად მოსკოვი იღებდა. შესაბამისად, ჩაკვდა კულტურაც. უსახელმწიფოდ, ქვეყანაში ცხოვრების დროს არ იყო საჭირო საქართველოს ყოველი მკვიდრის საერთო საქმეში ჩაბმა, ყველა მათგანის უნარების და შესაძლებლობების გამოყენება. განსხვავებულის, სხვაგვარად მოაზროვნის ატანა. ქვეყანაში ცხოვრებამ მრავალფეროვნების მიღების საჭიროება გააქრო. 

 

დღეს აშკარაა, რომ ქვეყნისმიერი და სახელმწიფოებრივი კულტურები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ქვეყანა არაფორმალური ურთიერთობების დომინაცია, განსხვავებულის არ მიღება, იერარქიები, თვითიზოლაცია, უცხოს შიში, პროვინციალიზმი, პროგრესზე და ცვლილებებზე უარის თქმა, საკუთარი თავის იდეალიზაცია, საკუთარ თავზე მითების შეთხზვა და ილუზორულ სამყაროში ცხოვრებაა. და ეს ყველაფერი იმით არის განპირობებული, რომ სხვისი დანამატი ხარ, შენს საქციელზე პასუხისმგებლობა არ გეკისრება. არ ხარ საკუთარი ნამოქმედარის, ნაბიჯების, შემოქმედების ბატონ პატრონი და კოლექტიური საავტორო უფლებები წართმეული გაქვს.   სახელმწიფოს კულტურა საპირისპირო ხასიათისაა. თავად დამოუკიდებლად არსებობა სხვა მოთხოვნებს გიყენებს. სახელმწიფო გაიძულებს თითოეული მოქალაქის პოტენციალი ბოლომდე გამოიყენო, შესაბამისად, მათი თანასწორობა უნდა აღიარო. იძულებული ხარ  სიახლე მიიღო, რომ განვითარებას არ ჩამორჩე და კონკურენციაში არ დამარცხდე. გარემოება გკარნახობს, რომ მუდმივად საკუთარ თავზე იმუშაო, გაიზარდო, დაიხვეწო, უკეთესი გახდე, საკუთარ თავში არ ჩაიკეტო და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ფეხი აუბა, პროვინციალიზმისგან გათავისუფლდე და საკუთარ თავზე ცხადი წარმოდგენები იქონიო, ილუზიებით თავი არ გაიბრუო და თვითკრიტიკული იყო. 

 

დღეს ჩვეენი საზოგადოება ისევ გზაგასაყართან დგას. არჩევანი ამდაგვარია:  სახელმწიფო თუ ქვეყანა? დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ, მაგრამ კულტურულ კოდში ბევრი რამ გადავლახოთ და დავძლიოთ? თუ  დღეს არსებული, ქვეყნისმიერი  კულტურა შევნიარჩუნოთ და დროთა განმავლობაში დამოუკიდებლობა დავკარგოთ? რა თქმა უნდა დამკვიდრებული  ყოფითი ურთიერთობიდან, ცხოვრების წესიდან, ეთიკური ნორმებიდან, ტრადიციებიდან ზოგი რამ შესანარჩუნებელია. და რაც მთავარია უნდა შევინარჩუნოღთ საუკუნეების მანძილზე დაგროვილი შემოქმედებითი კულტურული მემკვიდრეობა: ლიტერატურა, არქიტექტურა, მხატვრობა და ასე შემდეგ, მაგრამ საზოგადოებრივი კულტურის ტრანსფორმაცია გარდაუვალია.

 

დღეს  არსებული,  ქვეეყნისმიერი კულტურის მთავარი დამცველი და ცვლილებების მოწინააღმდეგე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა. ეკლესიის წარმომადგენელი იერარქები სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ პირდაპირ არასოდეს გამოდიან, პირიქით, მათი ქადაგებები ყოველთვის პატრიოტულად ჟღერს. მაგრამ თუ ფორმას გვერდით გადავდებთ და შინაარსს დავუკვირდებით მათი სიტყვა და საქმე ანტისახელმწიფოებრივია. იერარქების ქადაგებანი ანტისისტემურობის, არაფორმალური ურთიერთობების კანონზე და სამართალზე მაღლა დაყენების, ადამიანების ხარისხობრივი დაყოფის,  უთანასწორობის დამყარებისკენ მოწოდებებია. ეკლესია  დილემას: სახელმწიფო ან ქვეყანა პირდაპირ არასოდეს აყენებს, თუმცა ნებისმიერი მისი გამოსვლა ირიბად ამ შინაარსს ატარებს. ჩვენი  სახელმწიფოებრიობისთვის მთავარი საფრთხე და გამოწვვევა  რუსეთიდან მოდის. 2008 წლის ომის შემდეგ  უხეში ძალის გამოყენების აუცილებლობა შემცირდა და რუსეთის ტაქტიკაც “რბილი ძალის” გამოყენებისკენ შეიცვალა. (რუსული ტელე არხების მაუწყებლობის განახლება ამ პროცესს ხელს უსწყობს). რუსეთიდან მართული თუ მათთან შეხმატკბილებული ადგილობრივი გავლენის ჯგუფები  სხვა და სხვა სიტყვებით ერთი და იგივე შინაარსის შეტყობინეებებს აჟღერებენ და ის ასეთი შინაარსისაა: სახელმწიფო დათმეთ და ქართველობა შეინარჩუნეთ! “ქართველობაში” კი ქვეყნისმიერი კულტურა იგულისხმება. მართლაც საინტერესოა ამ ქვეყნის მოქალაქეებს დამოუკიდებლობა და სახელმწიფო უფრო მეტად უღირთ თუ დღევანდელი ტრადიციები? დღეს, რომ გამოკითხვა ჩატარდეს უმრავლესობა ტრადიციების და ცხოვრების წესის შენარჩუნებას აირჩევს, თუ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას? ასეთი არჩევანის გაკეთება ადრე თუ გვიან მოგვიწევს.

 

სამწუხაროდ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ (განსაკუთრებით სააკაშვილის მმართველობამ, რადგან მას უფრო მეტი მოლოდინები უკავშირდებოდა) ვერ შესძლო ხალხისთვის სახელმწიფოში ცხოვრების უპირატესობები ეჩვენებინა. ამას გულაცრუება მოჰყვა და ბევრი სსრკ-ს დროს მისტირის. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგი რუსეთისთვის დამოუკიდებლობის სარფიანად მიყიდვაზე ოცნებობს.  

 

ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ  ქვეყნისეულია და იმ დროის ნოსტალგია აქვს, როდესაც საკუთარ თავზე გამოგონილი ლამაზი მითებით ვცხოვრობდით. რეალობამ დაგვანახა, რომ იდეალურები არ ვართ, საკუთარ თავზე არასასიამოვნო სიმართლეს ხშირად ვაწყდებით  და მითების მსხვრევას მტკივნეულად განვიცდით. 

 

ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ რა უნდათ? დამოუკიდებლობა, სახელმწიფო და შესაბამისად ცნობიერების განჯადოვება, ცივილიზაცია, განვითარება თუ  დღევანდელიო კულტურის, საზოგადოებრივი ურთიეთობების, ცხოვრების წესის შენარჩუნება უფრო უღირთ? მაგრამ ის უნდა გვესმოდეს, რომ უსახელმწიფოდ ცხოვრება ნამდვილი ცხოვრება არ არის, ეს ძილში არსებობაა. 

 

ხშირად ისმის ხოლმე ასეთი გამოთქმა: ქართველობას ვკარგავთ! ჩვენი დღევანდელი საზოგადოება მეტწილად სსრკ-ს დროს ჩამოყალიბდა და საბჭოურია. თუ სახელმწიფო გვინდა გვქონდეს დღეს, რომ ვართ ასეთი “ქართველობა” უნდა დავკარგოთ და სხვაგვარი ქართველები გავხდეთ. ხოდა დავკარგოთ ეს “ქართველობა”.