პოსტების წერა კარგი თერაპიაა, შიმშილის შეგრძნების გამო დავიწყე წერა და იმედია სანამ დავასრულებ გამივლის. დღეს სამსახურში ვიყავი, ჩემი რეჟიმი ცოტა შეიცვალა. ნეტგაზეთში, ადრე კვირის დღეებში ვმუშაობდი, ახლა მხოლოდ შაბათ–კვირას. საერთოდ ძალიან რთულია დიეტის და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსება, თუ ვინმე არ გიმზადებს საჭმელს და შენ ნაცვლად არ ზრუნავს კვების რაციონზე, მე კი ამ ფუფუნებას მოკლებული ვარ. ამიტომ ვმუშაობ ისეთი რეჟიმით, რომ ჩემი დიეტა არ დაზარალდეს.
ძალიან უცნაურია, როცა მუშაობ და თანამშრომლებს ძირითადად ვერ ნახულობ, ისინი კვირის სამუშაო დღეებში არიან რედაქციაში, მე კი შაბათ–კვირას. ნესტანმა, ჩვენმა რედაქტორმა მითხრა, პოსტი დაწერეო, რადგან როცა არ ვწერ, ჰგონია, რომ ვარღვევ. ნესტანი არ არის ერთადერთი ვინც ასე ფიქრობს. ყოველთვის მხვდება ინბოქსში წერილები, კორექტული, მაგრამ სტრიქონებს მიღმა ნაგულისხმევი “შიშით”, რომ შესაძლოა დიეტა დავარღვიე და ამიტომ არ ვწერ პოსტებს. ისე გულწრფელად თუ გეტყვით, დარღვევით არა მაგრამ, გუშინ დიეტას ოდნავ გადავუხვიე და მოხარშული წიწიბურას ნაცვლად ორცხობილა ვჭამე. ვერ გეტყვით, რომ განსაკუთრებულად განვიცდი, რადგან კმაყოფილი ვარ იმით, რომ უფრო “გრანდიოზულად” არ ავცდი დღიურ გეგმას.
ბედის ირონიით, ანი მეკითხება ორცხობილას თუ შევჭამ, ვპასუხობ, რომ არა, რადგან გუშინ უკვე ვჭამე. ანი ტოსტერში პურის ნაჭრებს აწყობს და ძალიან გემრიელი სუნი ტრიალებს ჩვენ სამზარეულოში, მერე თეფშზე დებს ორ ნაჭერს და ალბათ, წამის მეასედში გახუხული პურს უკვე ვღეჭავ. მოკლედ ორცხობილამ უკვე მეორედ მაჯობა.
გუშინ, გრიშას ვუთხარი, ორცხობილა ვჭამეთქო, ცოტა ხნის შემდეგ მითხრა, რომ პოსტს ელოდება, სადაც დავწერ ამის შესახებ. არ ვაპირებდი საერთოდ თქმას, რადგან დიდ მნიშვნელობას მართლა ვერ ვანიჭებ. იმედი მაქვს არც თქვენ მიანიჭებთ:)
პ.ს. შიმშილის გრძნობამ მართლაც გამიარა, თან მხოლოდ ერთი ორცხობლის დახმარებით.