სცენარს ჩვენი ნება და გონება არ “წერს”. სიზმარში ჩვენი ეგო – “მე” (ანალიზი, გააზრება) შემცირებულია და ფსიქიკის მეორე ნაწილი – “ის” (ემოციები, სურვილები, ინსტიქტები) მძლავრობენ.
ცხადში დანახული, გაგონილი, განცდილი სიზმარში ნანახზე აისახება. მაგრამ სიზმრებიდან მიღებული შთაბეჭდილებებიც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე და ზოგადად კულტურაზე. პირობითად კულტურა ორგვარად – სიზმრისეულად და მოფხიზლედ შეიძლება დაიყოს. თრობა, გონების დაბინდვა, გაბრუება – ეს სიტყვები ძილის მსგავსად სიფხიზლის ანტონიმებია. ფხიზელი კულტურა გონებისმიერი, რაციონალური, განსჯითია. ძილისა კი ემოციური, იმპულსური, ირაციონალური, მითებისკენ მიდრეკილი.
ალბათ, შემთხვევითი არ იყო გასული საუკუნის დასასრულს სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებში საქართველოში გაჩენილი “გამოღვიძების” მეტაფორა. იმ დროს დამოუკიდებლობის მოთხოვნა ერის გამოღვიძებასთან იგივდებოდა რუსულ იმპერიაში გატარებული წლები კი ძილთან – არანამდვილ ცხოვრებასთან. საქართველომ თავისუფლება მიიღო. მაგრამ მალევე უფრო ღრმა ძილს მიეცა. ალბათ ყველას გვინახავს ისეთი სიზმარი, როდესაც გძინავს და ხვდები, რომ რაც ახლა ხდება ნამდვილი არ არის და ეს ყველაფერი სიზმარია. ის “გამოღვიძებაც” სინამდვილეში სიზმარი იყო. გვესიზმრა, რომ გვძინავს და გავიღვიძეთ სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ცხადში არ მომხდარა და ძილი ისევ გავაგრძელეთ.
საქართველო დღესაც სიზმარში, გონებადაბინდული, არაფხიზელ მდგომარეობაში ცხოვრობს. საზოგადო თუ ყოფითი ურთიერთობები მისტიკის, მაგიის, ჯადოქრობის ბურუსშია გახვეული. რაციონალური არგუმენტი და საკითხისადმი მეცნიერული მიდგომა მარგინალიზებულია. საყოფაცხოვრებო თუ ეკლესიური მისტიკით გადავსებულია ტელე –რადიო ეთერი თუ გაზეთის ფურცლები. დღე არ გავა ქვეყანაში რაიმე სასწაული არ მოხდეს. “ნიჭიერი” ქართველი გამომგონებლები წყალზე მომუშავე ძრავას ქმნიან, არქეოლოგები გველეშაპის და დევის ძვლებს პოულობენ, ვიღაცა ქუჩაში ალქაჯებს და უცხოპლანეტელებს აწყდება, ზოგი კი ცაში ანგელოზებს ხედავს. მირონმდენი და მოტირალი ხატები, ტაძრის კედლებიდან “მოლაპარაკე” ფრესკები, ყველა დაავადებისგან განმკურნავი ზეთი და ნაკურთხი წყალი. სპონტანური სასწაული, გეგმიური სასწაულლი, სასწაული გამოძახებით. სიზმრისეული არაფხიზელი ყოფა და მოჯადოვებული-მაგიური ცნობიერება ჩვენი დღევანდელი კულტურის მთავარი თვისებაა.
საზოგადოებაში უამრავი დიდი და პატარა კონფლიქტები წარმოიშობა და ეს ბუნებრივი პროცესია. ჩვენს საზოგადოებაში ფუნდამენტური კონფლიქტი რაციონალურ აზროვნებასა და მითიურ ცნობიერებას შორის მიმდინარეობს. ამაღელვებელია იმის განცდა, რომ რჩეულ ერის შვილი ხარ, შენს სამშობლოს ღვთისმშობელი მფარველობს და ქრისტე მეორედ მოსვლისას, კაცობრიობას შენს ენაზე განიკითხავს. მაგრამ ეს ილუზია და მითია. მითიდან გამოსვლა ყოველთვის მტკივნეულია. მწარეა იმის განცდა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და სამყაროში თავის დამკივიდება საკუთარი შესაძლებლობების წყალობით უნდა მოახერხო. მაგრამ ნამდვილი ცხოვრება ეს არის. სხვა ყველაფერი სიზმარია..
კულტურის ისტორია რამდენიმე ეტაპად იყოფა. ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები, აღორძინების ხანა, მოდერნი და პოსტმოდერნი. შუა საუკუნეების ტრადიციული საზოგადოების ცხოვრების წესს, მის ეთიკურ ნორმებს მთლიანად რელიგია განსაზღვრავდა. ადამიანი ბუნებრივად ცხოვრობდა ტრადიციებით ისე, რომ ამას არც იაზრებდა, რადგან მისივე საზოგადოების შიგნით სხვაგვარი ცხოვრების წესი, ალტერნატივა, არჩევანი, არ არსებობდა. არ არსებობდა რაიმე სხვა, რასთანაც გაბატონებული ფასეულობების შედარება იქნებოდა შესაძლებელი. ამქვეყნიური ცხოვრების ერადაერთი საზრისი მარადიული ცხოვრებისთვის მზადებაში იყო. ყველაფერი რაც ირგვლივ ხდებოდა ღვთის ნებად მიიჩნეოდა. სამყაროში ადამიანის როლი მინიმუმამდე იყო დაყვანილი. მაგრამ აღორძინების ხანასთან ერთად არსებული წესრიგის შეცვლის დრო დადგა. ადამიანმა ამქვეყნიური, მიწიერი ცხოვრების დაფასება ისწავლა. შემოქმედებაში, შემეცნებაში, ქმნაში ცხოვრების საზრისი დაინახა. დაიბადა ახალი ხელოვნება, მეცნიერება, ფილოსოფია.
Cogito ergo sum – ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ ! დიდი ფრანგი ფილოსოფოსის რენე დეკარტის ეს გამოთქმა დღეს ყველამ იცის. დეკარტი რაციონალიზმის მამამთავარია. დღევანდელი ევროპული (და არა მარტო) ცივილიზაცია კარტეზიანულ რაციონალიზმზე დგას. ამ სიტყვებით დეკარტმა საკუთარი არსებობის დამადასტურებელი უტყუარი ფაქტი აღმოაჩინა. დეკარტი ამბობდა : ეჭვქვეშ დააყენე ნებისმიერი ჭეშმარიტება და გააზრების გარეშე არაფერი მიიღო. დაეჭვდი სამყაროს და საკუთარი თავის არსებობაშიც კი რადგან შესაძლებელია ეს ყველაფერი ილუზია იყოს. ერთადაერთი რაც უეჭველია ეს თვითონ დაეჭვების ფაქტია-ის ნამდვილად ხდება. დეკარტმა კაცობრიობის აზროვნებაში შემოიტანა სუბიექტ-ობიექტის ცნებები. სუბიექტი-ადამიანი და ობიექტი- გარშემო სამყარო. ტრადიციულ საზოგადოებაში ადამიანი როგორც სუბიექტი არ არსებოდა. ადამიანი თავის თავს სამყაროს შემსწავლელ სუბიექტად არ მოიაზრებდა და შესაბამისად საგნის ობიექტივაციის საკითხიც არ არსებობდა. როდესაც ვამბობთ: არაობიექტური ჟურნალისტი, ობიექტური ტელევიზია და ასე შემდეგ დეკარტის ფილოსოფიურ ტერმინებს ვიმეორებთ ხოლმე.
დასავლეთში ეპოქების მონაცვლეობა და განვითარება გარკვეული ლოგიკის მიხედვით მოხდა. ანტიკური მრავალღმერთიანობა მონოთეისტურმა შუასაუკუნეებმა შეცვალა. შუა საუკუნეები აღორძინებამ, მოდერნმა და განმანათლებლობამ. შუასაუკუნეების რელიგიური კონცეპტები მოდერნის პოზიტივისტურმა, რაციონალურმა სტრუქტურებმა შეცვალა. საქართველომ განმანათლებლობის ხანა გამოტოვა და მოდერნიზაცია ვერ გაიარა. ქართველი ეთნოსი სამოქალაქო ნაციად დღემდე ვერ ჩამოყალიბდა. მაგრამ კალენდარული დროის მიხედვით 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. ცივილიზაციის ტექნოლოგიურ მიღწევებს სიხარულით ვიღებთ. კომფორტი, საზღვარგარეთ მოგზაურობა, უცხოური ბრენდების მოხმარება გვიყვარს. თუმცა ის მთავარი რამაც ეს ყველაფერი შექმნა-რაციონალიზმმა და საღმა აზრმა ჩვენს საზოგადოებაში ფეხი ვერ მოიკიდა. აქ ყველა ეპოქისთვის დამახასიათებელი კონცეპტები ერთად არსებობენ. არსებობენ არა თუ სოციუმში, ცალკეული ადამიანების გონებაშიც კი მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეპტები ურთიერთ გამომრიცხავებია. შეუთავსებელის შეთავსება ქართული კულტურის მთავარი თვისება გახდა. ყველა მაგალითის გახსენება და ჩამოთვლა შეუძლებელიც კი არის. ყველაზე მკაფიო მაგალითი მაინც საქალწულე აპკის აღდგენის გავრცელებული პრაქტიკაა. აქ ყველაზე უკეთ სჩანს თანამედროვე ტექნოლოგიის მეშვეობით არქაული ტრადიციის შენარჩუნების მცდელობა. ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე რომ უდროობის ხანაში ვცხოვრობთ.
გერმანელმა მეცნიერმა მაქს ვებერმა სოციოლოგიაში ტერმინი “განჯადოვება” შემოიტანა. განჯადოვება საზოგადო დისკურსიდან მაგიის, მისტიკის განდევნას და სანაცვლოდ რაციონალიზმის, საღი აზრის შემოტანას ნიშნავს. პირად ცხოვრებაში ადამიანს ნებისმიერი ცრურწმენის თუ რწმენის ქონის უფლება აქვს. მაგრამ იგივე ადამიანი საზოგადოების წევრიც არის. საზოგადოება კი განსხვავბული სუბიექტების, ჯგუფების, ერთობაა. შესაბამისად კონფლიქტები გარდაუვალია. სასურველია დაპირისპირებები დისკუსიის მეშვეობით, გონივრული არგუმენტების მოხმობით, ძალადობის გარეშე გვარდებოდეს. კამათის დროს ჭეშმარიტება ყოველთვის არ იბადება. მხოლოდ მაშინ თუ დაპირისპირებული მხარეებს ვერიფიცირებადი (რისი გადამოწმებაც შესაძლებელია) არგუმენტები მოაქვთ. გადმოდის თუ არა ზეციდან მადლი, არის თუ არა ესა თუ ის მოვლენა ღვთის ნება-ასეთ საკითხებზე ექსპერიმენტალური მეთოდით დაკვირვება პრინციპულად შეუძლებელია. მაშასადამე ისინი არგუმენტად არ ვარგანან.
ჩვენი საზოგადოების ირაციონალურობის მთავარი წყარო რელიგიაა. უფრო ზუსტად, რელიგიურობის სპეციფიური ფორმა. სსრკ-ში ხანგრძლივი ცხოვრებიდან მიღებული უნარ-ჩვევები დღემდე არ დაგვიკარგავს. სწორედ იმ დროს ვისწავლეთ ყველაფრის მიმართ მომხმარებლური მიდგომა. დღევანდელი, ერთი შეხედვით რელიგიურობა და ფანატიზმიც სინამდვილეში ეს მომხმარებლობაა – ღრმა პროვინციალიზმის და არასრულფასოვნების კომპლექსის შედეგი და კოლექტიური ნარცისიზმის გამოვლინება.