გია მარიამიძის ბლოგი

სავარდო და სამაისო

სავარდო და სამაისო

თუმცა ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება ევოლუციას განიცდის. ადრე ჰომოსექსუალებს ჩაქოლვას უპირებდნენ, შემდეგ მხოლოდ ქვეყნიდან გასახლებით კმაყოფილდებოდნენ. დღეს კი მიდგომა დაახლოებით ასეთია: იყვნენ თავისთვის, სახალხოდ ნუ გამოჩნდებიან და პროპაგანდას ნუ გასწევენო. სწორედ ეს ყბადაღებული პროპაგანდა გახდა მთავარი სადისკუსიო თემა. ამაზე საუბრობენ საერო და სასულიერო პირები.

 

დეკანოზმა თეოდორე გაგნიძემ 17 მაისს დაგეგმილ აქციას ვრცელი ვიდეო ლექცია-ქადაგებაც კი მიუძღვნა. ლექციის დროს თეოდორე გაგნიძემ რიგი სექსუალური დევიაციები, კერძოდ კი, პედოფილია და ზოოფილია რატომღაც ჰომოსექსუალობის თანაზომად მოვლენებად დაასახელა (სექსუალური უმცირესობის უფლებებზე კამათის დროს პედოფილიის და სხვა კრიმინალური ქმედებების ხსენება ახალი არ არის, ამგვარ ხრიკს სხვებიც ხშირად მიმართავენ). თეოდორე გაგნიძე შიშობს, რომ თუ დაგეგმილი აქცია ძირშივე არ აღიკვეთა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უბედურება (პედოფილია, ზოოფილია) ფეხს მოიკიდებს და ასევე, უფლებებს მოითხოვს. 

 

ამ ქადაგების არსი ადამიანის, როგორც გონიერი არსების ეჭვქვეშ დაყენებაა. თეოდორე გაგნიძე ადამიანის სახეობით თვისებას – გონებას არ აღიარებს და ფასეულობად არ მიიჩნევს. მას არ სჯერა კულტურის უნარისა, ზომიერების ზღვარი დასაშვები და დაუშვებელი გაარჩიოს. სინამდვილეში კი დასაშვების და დაუშვებელის ბოროტების და სიკეთის გარჩევა შესაძლებელია. ბოროტებაა იქ, სადაც დაზარალებული მხარე არსებობს, სადაც ადამიანს მეორე ადამიანის მიერ ზიანი ადგება. პედოფილია და ზოოფილია ყოველთვის დანაშაულად ჩაითვლება, რადგან ამ შემთხვევაში ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანს (არსებას) ზიანი ადგება.

 

პედოფილი სექსუალურ კავშირს ბავშვთან ამყარებს და მასზე ძალადობს. ზოოფილი სექსუალურ კავშირს ცხოველთან ამყარებს, ცხოველს კი ვერასოდეს შევეკითხებით, სურს მას ეს თუ არა. ჰომოსექსუალური კავშირი (ისევე როგორც ჰეტეროსექსუალური) ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ნებაყოფლობითი აქტია. შესაბამისად, დაზარალებული მხარე არ არსებობს. ადამიანებს შეგვიძლია დასაშვები და დაუშვებელი ერთმანეთისგან გავარჩიოთ, რაც ბატონ გაგნიძეს სამწუხაროდ არ ესმის. არ ესმის ასევე ის, რომ საქართველო თეოკრატიული სახელმწიფო არ არის და რელიგიური დოგმატების მიხედვით ცხოვრება ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო. სავალდებულო მხოლოდ კანონის დაცვაა. ბატონ გაგნიძეს აქვს უფლება ჰომოსექსუალობა ცოდვად შეაფასოს ისევე როგორც ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება, მას დაუჯერონ ან არ დაუჯერონ. სხვათაშორის, ევროპის სახელმწიფოებში და აშშ-ში პედოფილია სასტიკად ისჯება, საქართველოში კი არასრულწლოვანი ბავშვების გათხოვება ისტორიულად ნორმა იყო. დღეს კი არასრულწლოვანი ბავშვების პროსტიტუცია იშვიათობა არ არის. ევროპა და აშშ იმის გამო ვახსენე, რომ ე.წ. “გარყვნილების” წყაროდ ჩვენში მათ მიიჩნევენ. სინამდვილეში კი ევროპის ქვეყნები და აშშ ამ და სხვა სადისკუსიო საკითხებში ზომიერების და ზღვარის სწორად გავლების კარგი მაგალითებია. მეცნიერება და საგნისადმი გონივრული მიდგომა უნივერსალური მოვლენაა. შესაბამისად, დაუშვებელის და დასაშვების გარჩევა ჩვენც შეგვიძლია. პირადად მე არ ვემხრობი ერთსქესიანი წყვილის მიერ ბავშვის შვილად აყვანას და ამის არგუმენტირებაც შემიძლია, მაგრამ სექსუალურ უმცირეობებს ყველა სხვა უფლება უნდა ჰქონდეთ. 

 

ჰომოსექსუალიზმის ე. წ. “პროპაგანდა” არარსებული მოვლენა და ირაციონალური შიშია. თითქოსდა, ამ აგიტაცია-პროპაგანდის გამო სულ უფრო მეტი ადამიანი ქართველობას და ჰეტეროსექსუალობას დაკარგავს. ზოგი ამაში ქართველი ერის წინააღმდეგ შეთქმულებასაც ხედავს და ჰგონია, რომ კულისებს მიღმა ძალები განგებ  “გაგვაპიდარასტებენ”. ჩვენ უნიკალურები არ ვართ და მსგავსი დისკურსი სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობდა. ამ საკითხებს მეცნიერები დიდი ხანია სწავლობენ და ცნობილია, რომ ჰომოსექსუალები მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან შეფარდებით ყველა ქვეყანაში დაახლოებით ერთი და იგივე პროცენტია. უნდა ვინმეს თუ არ უნდა, ჰომოსექსუალიზმი ყოველთვის იყო და იქნება. არავითარი პროპაგანდა თუ კონტრპროპაგანდა ამ პროცენტს არც ამცირებს და არც ზრდის. 

 

არცთუ იშვიათად სასულიერო პირები სექსუალური უმცირესობების საკითხის მისტიფიცირებას ცდილობენ. არავითარი მიწისძვრები, გვალვები, ქარიშხლები და სხვა ბუნებრივი მოვლენები ადამიანის მიერ ცოდვების ჩადენასთან კავშირში არ არის. ეს ნებისმიერი შერაცხადი ადამიანისთვის ცხადი უნდა იყოს (რა ითვლება ცოდვად და რამდენად სამართლიანად, ეს კიდევ მეორე საკითხია).  საფრანგეთში ერთსქესიანი ქორწინებები დაკანონებულია, მაგრამ მიწისძვრები და გოგირდის წვიმები არ შეინიშნება. თუ ირანის პრეზიდენტ აჰმადინეჯადს დავუჯერებთ, მის ქვეყანაში ჰომოსექსუალები არ არსებობენ. მაგრამ ყოველი შემთვევისთვის კანონმდებლობით მათი სიკვდილით დასჯა მაინც გათვალისწინებულია. მიუხედავად ასეთი “სიწმინდისა” ირანში მიწისძვრები და სტიქიური უბედურებები ხშირია. ალბათ, ადვილი შესამჩნევია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც უმცირესობების მიმართ დამოკიდებულება ტოლერანტულია, სიცოცხლის დონე და ცხოვრების ხანგრძლივობა მაღალია. სამღვდელოების მიერ ხალხის ღვთის სასჯელით დაშინება კოლექტიური პასუხისმგებლობის ქადაგება და ფაშიზმია. ღმერთი არ შეიძლება ტერორისტად მიგაჩნდეს, რომელიც დამნაშავეს და უნდანაშაულოს არ არჩევს, მიწისძვრებს აწყობს და ყველას განურჩევლად ანადგურებს. 

 

17 მაისის აქცია სექსუალურ უფლებებს არ ეხება (როგორც ეს ზოგს ჰგონია). საკუთარი სექსუალური ცხოვრების საზოგადოებასთან  შეთანხმება და ნებართვის მიღება აბსურდია. აქცია საზოგადო-პოლიტიკური ხასიათისაა და მისი მონაწილეები სამოქალაქო უფლებებს ითხოვენ – არც მეტს და არც ნაკლებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა მოქალაქეს თანასწორი უფლება აქვს, მათ შორის შეკრების უფლებაც. აქციის მოწყობაში ხელის შეშლით კი მათ შეკრების უფლება ერთმევათ. არადა, მოწინააღმდეგე მხარე სულ იმეორებს, რომ ჰომოსექსუალების უფლებები საქართველოში არ ირღვევაო. დაგეგმილი აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება, აქციისთვის ხელის შეშლა კი სწორედ ჰომოფობიური ქმედება და  მათი  უფლების ხელყოფაა. აქციის გამართვის და პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენების უფლება ყველას: სექსუალურ უმცირესობას და უმრავლესობას, ჰომოფილებს და  ჰომოფობებს თანაბრად უნდა ჰქონდეთ. მაგრამ ეს ძალადობის და ძალადობისკენ მოწოდების გარეშე უნდა მოხდეს. იმედია, პოლიცია თავის მოვალეობას კარგად შეასრულებს და ძალადობას არ დაუშვებს.