17 მაისის “პოგრომის” შემდგომ დღეებში თბილისის ქუჩებში არაერთი ძალადობის ფაქტი მოხდა. მიზეზი – “საეჭვო” გარეგნობა, თმის სიგრძე, მანერები, ტანსაცმლის ფერია და ა.შ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს ერთი მღვდელი და სამოქალაქო პირი ხეზე გაკრულ ფერად გულებს გლეჯენ. ვიღაცამ სარეკლამო დაფაზე გამოსახული ქალის შიშველი ფეხები გადაჯღაბნა. ფილმი კინ-ძა-ძა იქაური ფერადი შარვლების გამო არ გამახსენდა. ჩვენს სახელმწიფოში, მოვლენების არასასურველი სცენარით განითარების შემთხვევაში, ფერები ნაკლები იქნება, იერარქიები და უთანასწორობა – ბევრი.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს არც ერთ ხელისუფალს საპატრიარქოსთან კარგი ურთიერთობები არ ჰქონია. თუმცა ქვეყნის ოთხივე მმართველი გარეგნულად მეტ-ნაკლებ კეთილგანწყობას ავლენდა. გამსახურდიას დროს საპატრიარქო პოლიტიკურ პროცესებში სერიოზულ როლს ვერ თამაშობდა. მდგომარეობა ე. წ. თბილისის ომის დროს შეიცვალა, სადაც ილია მეორემ ფარულად თუ ღიად შეიარაღებული აჯანყების მომწყობთა მხარე დაიჭირა. გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ მისი მომხრეების მიტინგებზე ილია მეორეს სურათებს ხევდნენ კიდეც. პატრიარქს იარაღით დაპირისპირებული მხარეების გაშველება და მორიგება აქტიურად არ უცდია.
შევარდნაძის ხანაში საპატრიარქო ძირითადად ხელისუფლების “გაპრავებით” იყო დაკავებული. მორიგი ვითომ გადადგომის შემდეგ შევარდნაძისთვის დაბრუნების თხოვნა და მის წინ მომიტინგეთა დაჩოქება, სოხუმის დაცემის შემდეგ პრეზიდენტთან მისვლა და ხატის ჩუქება ყველას ახსოვს. პატრიარქის შევარდნაძესთან პირველი დაპირისპირება პასპორტიდან ეთნიკური კუთვნილების ამოღების გამო ნაციონალისტური წრეების და საპატრიარქოს მიერ ატეხილი ხმაურის დროს მოხდა. იყო შემთხვევა, როდესაც შევარდნაძემ პატრიარქს დაუცაცხანა კიდეც “სასულიერო პირებში მკვლელობისთვის გასამართლებულები რომ გყავთ, მათ მიხედეთო” – ბრძანა ედუარდ ამბროსის ძემ. მდგომარეობა რადიკალურად 1990-ანი წლების დასასრულს შეიცვალა, კერძოდ, იმ ხანად სკოლებში “კათოლიკობის სწავლების” შესახებ აგორებული ჭორების გამო. საპატრიარქოს წაქეზებით თბილისში სტუდენტებმა ხმაურიანი აქცია მოაწყვეს. ვინ და როგორ აპირებდა ამ “კათოლიკობის სწავლებას” ვერავინ გაარკვია, მაგრამ საპატრიარქო მას შედეგ სერიოზული პოლიტიკური ძალა გახდა და პოლიტიკაში აქტიური ჩარევა დაიწყო.
სააკაშვილის დროს რაც ხდებოდა, ყველა ხედავდა. საპატრიარქო მთავარ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალად იქცა, რაც ბიუჯეტიდან უხვად გადაცემული ფულის წყალობითაც მოხდა. პატრიარქის ხელისუფლებასთან ურთიერთობა მხოლოდ ცენტრალური მთავრობით არ შემოიფარგლება. ნახევრად სეპარატისტ ასლან აბაშიძესთან საპატრიარქოს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა და ე.წ. აჭარის რევოლუციის დროს მისი მხრდამჭერი განცხადებაც გამოაქვეყნა. თუმცა აბაშიძის რუსეთში გაქცევიდან მეორე დღეს ილია მეორემ პოზიცია შეიცვალა და ეს მოვლენა რუსთველის სიტყვებით აღწერა: ბოროტსა სძლია კეთილმაო.
17 მაისი ცალკე მოვლენა არ არის. ეს მოვლენათა ჯაჭვში ჯერ-ჯერობით ბოლო რგოლია. მაგრამ თვისობრივად განსხვავებული რგოლი. დღემდე საპატრიარქოს ასე ღიად არ განუცხადებია, რომ “ამ სახლში ის არის პატრონი”. მომავალი გვიჩვენებს ეს ქვეყანა კონსტიტუციის მიხედვით იცხოვრებს თუ საპატრიარქოს დადგენილებები, განცხადებები და მითითებები კანონზე მაღლა დადგება. დემოკრატიასა და თეოკრატიას შორის პრინციპული სხვაობა სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, საპატრიარქო საერო სახელმწიფოს იდეის შემდგომ ოკუპირებას გააგრძელებს. შეეცდება სახელმწიფო ინსტიტუტების და საზოგადოერივი ინსტიტუციების ბოლომდე დამორჩილებას, პარლამენტში კანონპროექტების წარდგენის უფლებას, სამინისტროების მუშაობაში აქტიურად ჩარევას მიაღწიოს. ის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე კონტროლის დამყარებას დიდი ხანია ცდილობს. საპატრიარქოს მოთხოვნით მოხშირდება ამა თუ იმ “არასაიმედო” ფილმების, სპეკტაკლების, სამხატვრო გამოფენების, ტელე გადაცემების, წიგნების, ჟურნალების და ა. შ. აკრძალვა-შეზღუდვები. თუ ეს ყველაფერი გაუვიდა, კონტროლი ინსტიტუციებს გასცდება და მოქალაქეების ყოფას უშუალოდ ქუჩაშიც შეეხება. ეკლესიიდან გარეთ გამოსული აქტიური მრევლი განსაზღვრავს ქუჩაში გამვლელი ქალისთვის კაბის სიგრძეს, შეხსნილი ღილების დასაშვებ რაოდენობას, ტანსაცმლის ფერს და ა.შ. კაცებისთვის თმების სიგრძე და საყურე, ორივე სქესისთვის ტატუს თუ პირსინგის ქონა და სხვა მრავალი წვრილმანი მათგან შერისხვის საბაბი გახდება. ზაფხულობით ზღვის სანაპიროზე გასვლაზე კოლექტიური კურთხევის მიღება ტრადიციად იქცევა. ქართველ გოგონებს სილამაზის კონკურსებზე და მოდების ჩვენებებზე გამოსვლა გაუჭირდებათ. ახალგაზრდობისთვის მოწყობილი მუსიკალური ფესტივალების და კონცერტების რეპერტუარი “ქართული მენტალიტეტისთვის” შესაბამისობის მიხედვით გაიფილტრება. აიკრძალება ნებისმიერი სახის სუბკულტურული მიმდინარეობები.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოხდება, თუ ამ ქვეყანაში თეოკრატიამ გაიმარჯვა, ისევე როგორც ეს დღევანდელ ირანში ხდება. თუ ამ პროცესს მოქალაქეები აქტიურად არ დაუპირისპირდნენ, საქართველოშიც იგივე განმეორდება. ნაწილობრივ ეს უკვე ხდება. საპატრიარქო ფილმებს, გამოფენებს, სპექტაკლებს, ტელეგადაცემებს, კონცერტებს უკვე წლებია კრძალავს და ხელს უშლის. 17 მაისის შემდეგ ეს უბრალოდ სხვა მასშტაბებს და ხარისხს შეიძენს. თეოკრატია ფორმალიზდება თუ არფორმალური ხასიათი ექნება, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია.
ფილმი კინ-ძა-ძა, როგორც ზემოთ ვთქვი, არათავისუფალი-იერარქიული საზოგადოების კრიტიკაზეა. იერარქია და არათანასწორობა საპატრიარქოს ოფიციალური სოციალური დოქტრინაა. მათი აზრით, თანასწორობა ბოროტებაა. თეოკრატიის პირობებში ქართველი არაქართველთან, მართლმადიდებელი არამართლმადიდებელთან, ქალი კაცთან, ჰეტეროსექსუალი ჰომოსექსუალთან და ა.შ თანასწორი არ უნდა იყოს. უთანასწორობა გადავა ქართველ, მართლმადიდებელ, ჰეტეროსექსუალ მოქალაქეებს შიგნითაც. ისინი დიდგვაროვნებად და მდაბიოებად (საპატრიარქო მონარქიის აღდგენას აპირებს) ცენტრალურ უბნებში მცხოვრებლებად და პერიფერიელებად, ქალაქელებად და სოფლელებად, ავადმყოფებად და ჯანმრთელებად (“ავადმყოფობა ცოდვების შედეგია’’- ილია მეორე. დაბადებიდან თანდაყოლილი ავადმყოფობა კი მშობლების ცოდვების შედეგი), პრივილეგირებულ ფენად და სოციალურ ფსკერად დაიყოფიან. პრივილეგირებული-მდიდარი ფენა ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან ის ყველაფერი, რაც ყველასთვის ცოდვად და დაუშვებლად იქნება ჩათვლილი, ამ ფენისთვის აკრძალული არ იქნება. ისინი ივლიან საზღვარგარეთ, მამაკაცებს ცოლებთან ერთად ეყოლებათ საყვარლები. საკუთარი გართობისთვის ივლიან ფარულ კაზინოებში და ელიტარულ ბორდელებში. ამ წრის ქალბატონებზე ეკლესიის შეხედულება ქალის საზოგადოებრივ ფუნქციაზე არ გავრცელდება. მათი ადგილი არ იქნება “კუხნაში” (დღესაც, ბევრ მათთვის სასურველ ქალს ხელისუფლებაში მოსვლაში ეხმარებიან და სადეპუტატო ოფისებს უკურთხებენ, თუმცა ამავე დროს ოფიციალურად ქალის სოციალურ და პოლიტიკურ აქტიურობას არ ამართლებენ). ელიტარული ფენისთვს აკრძალული არაფერი იქნება. სანაცვლოდ კი საკუთარი ფულით ეკლესიებს მრავლად ააგებენ. ისევე როგორც დღემდე არაერთი კორუმპირებული ჩინოვნიკი და “კანონიერი ქურდი” საპატრიარქოსგან მიღებული ინდულგენციების სანაცვლოდ ნაძარცვი ფულით ტაძრებს აშენებდა.
რაც მთავარია, ეს უთანასწორობა და ხარისხობრივი დაყოფა სტატიკური იქნება – ვინც ქვედა ფენაშია, წინ ვერასოდეს წავა და ელიტები პრივილეგიებს მუდმივად შეინარჩუნებენ. შეჭირვებულ ოჯახში დაბადებულს მთელი ცხოვრება ასეთად დარჩენა მოუწევს. დამყარდება ცენზურა და კონტროლი კულტურის სფეროში, მასმედიაში. საპატრიარქო ეთიკური და ესთეტიკური ფასეულობების თუ კრიტერიუმების განსაზღვრაზე მონოპოლიას მოიპოვებს. უმაღლეს და სასკოლო განათლებიდან რიგ მეცნიერულ დისციპლინებს ამოიღებენ, რაც ინტელექტუალურ დეგრადაციას და ქვეყნის ცივილიზაციისგან მოწყვეტას გამოიწვევს. კოლექტიური პასუხისმგებლობა იურიდიულ პრაქტიკაში დამკვიდრდება. შეთქმულების თეორიები, ფარული და ხილული მტრების ძიება პარანოიდულ დონეს მიაღწევს (თუმცა არც დღეს არის ნაკლები). დრო და დრო გამოცხადდება იბერიის გაბრწყინების თარიღები. არდამდგარი გაბრწყინება კი ჯერ კიდევ ვერ აღმოფხვრილ ცოდვებს დაბრალდება. მაგია და მისტიციზმი კიდევ უფრო მოიმატებს. რა თქმა უნდა, საპატრიარქო ამ ყველაფერს სიყვარულის სახელით გააკეთებს.
ასეთი საქართველოს ადგილი ევროპაში არ იქნება. საქართველო მსოფლიო პოლიტიკური რუკიდანაც გაქრება, რადგან საგარეო დახმარებას და მხარდაჭერას დაკარგავს. მარტოდ დარჩენილი ქვეყანა რუსეთის კლანჭებში აღმოჩნდება. დამოუკიდებლობის დაკარგვას მტრული დასავლეთისაგან თავის გადარჩენის აუცილებლობით ახსნიან.
მაგრამ ამ ქვეყნად მარადიული არაფერია. თუ საქართველოში თეოკრატია დამყარდა, პირველ ხანებში ხალხში გამოწვეული ეიფორია მალევე იმედგაცრუებით შეიცვლება. როდესაც თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე გამოსცდის ცენზურას, შეზღუდვებს, ტოტალურ კონტროლს, გარანტირებულ სოციალურ დიფერენციაციას, უპერსპექტივობას, ჩაკეტილ საზღვრებს, კულტურულ და ფიზიკურ იზოლაციონიზმს და ათას სხვა რამეს, გაჩნდება პროტესტი და წინააღმდეგობა. ირანის ისლამური რევოლუციიდან ორი ათეული წლის შემდეგ თეირანის ქუჩებში მოეწყო სტუდენტების პირველი გამოსვლები. ასეთი გამოსვლები პერიოდულად ხდება, მაგრამ ხელისუფლება სისხლში ახშობს. ადრე თუ გვიან ირანში რეჟიმი დაემხობა, ისევე როგორც დაემხო ფრანკოს, სალაზარის და სხვათა ფაშისტური რეჟიმები. საქართველოში ეს კიდევ უფრო იოლად და მალე მოხდება. ამაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, საწყენი და დასანანი დაკარგული წლებია.