არცერთი წელი გავა ისე, რომ საზოგადოების ნაწილი რომელიმე პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ არ დაირაზმოს. მაგრამ საინტერესოა, რით უპირისპირდებიან მას? ავამუშაოთ ჩვენი ისტორიული მეხსიერება და მრავლად გაგვახსენდება ისეთი საპროტესო აქციები, რომელთა მონაწილეებმა შეკრების მიზეზიც კი არ იცოდნენ, არათუ – მიზანი.
ყველაზე საუკეთესო ხელისუფალი არის ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად მართავს, მაგრამ ჯერ საზოგადოება უნდა გაიზარდოს ისე, რომ მისი მომავალი უთვალყუროდ არ მიანდოს რომელიმე მამულიშვილს და მის პარტიას. სწორედ მაშინ გვეყოლება საუკეთესო ხელისუფლება, როცა მასზე სრული კონტროლი გვექნება.
კვირაზე მეტი ხანია, მთელი ერი ბჭობს თემაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ადამიანების წამების ამსახველ ვიდეომასალაზე… დღეს სახელმწიფოს მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს იყო მისი წინამორბედის მიერ შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა, წინა ხელისუფალი კი ამბობს, რომ ცალკეული ბოროტმოქმედები მისი წინამორბედი მმართველი გუნდიდან იყვნენ გადმოყოლილები, და ალბათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირველი ქართველური ტომების ქურუმებამდე ჩააღწევს. ფსიქოლოგი ფილიპ ზიმბარდო კი ჩვენს მდგომარეობას ერთ წინადადებაში იუველირული სიზუსტით აღწერს: „ თუ ადამიანებს მისცემთ ძალაუფლებას ზედამხედველობის გარეშე – ეს ძალადობის რეცეპტია.“
დღეს ეს ტრაგიკული ვიდეომასალა პოლიტიკური ვაჭრობის საგნად არის ქცეული. შინაგან საქმეთა სამინისტროში იმართება ამ კადრების დახურული ჩვენებები, სადაც იწვევენ საზოგადოების რჩეულ ნაწილს, აწყობენ ასევე დახურულ დისკუსიებს და გაპოხილ საზოგადოებას საკენკად უყრიან მოწვეული სტუმრების ემოციებს. უგონოდ მყოფი საზოგადოებაც ზეპირი მონაყოლით მსჯელობს და ასამართლებს სისტემას. და ზუსტად აქ და ახლა ვუშვებთ შეცდომას, როცა არცერთი ჩვენგანი არ ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას იმ ნაწამები და მოკლული ადამიანების წინაშე, რომლებიც ჩვენს მიერ არ გაკონტროლებულმა სისტემამ იმსხვერპლა. რა თქმა უნდა წინა ხელისუფლებამ იცოდა, რაც ხდებოდა დილეგებში და მათ დაუშვეს რომ ეს მომხდარიყო. მაგრამ ორჯერ უფრო მძიმეა ჩემი, როგორც სამოქალაქო საზოგადეობის წევრის სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან მე ვიცოდი, რომ ადამიანებს ჩაგრავდნენ, და ვიცოდი ისიც, რომ ჩვენმა ხელისუფალმაც იცოდა ეს.
ახლა გვეძლევა შანსი, რომ აღარ დავუშვათ ყველაზე მნიშვნელოვანი – ადამიანის უფლებების დარღვევა. უნდა დავიწყოთ ხელისუფალის ძალაუფლების კონტროლი, რათა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები არ აღმოჩნდეს საწყისი დღე ახალი ძალადობრივი ესტაფეტისა. მაგრამ მე ვერ დავინახე ადამიანის დაცული უფლებები 17 მაისს. და ვერ ვხედავ ვერც დღეს, როცა თქვენ ძალაუფლების ხიბლში ხართ გადავარდნილნი.