დღევანდელი საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირში დაიბადა. ვინც სსრკ-ს არსებობის ბოლო ათწლეულები თავისი თვალით ნახა, იმ სახელმწიფოს იდეოლოგიური და სისტემური გადაგვარება კარგად ემახსოვრება. ტოტალური იდეოლოგიები პრაქტიკაში განხოორციელების შემდეგ ხშირად საკუთარი თავის საპირისპირო მოვლენად იქცევიან ხოლმე. საბჭოთა კავშირი საკუთარ თავს ხალხთა ძმურ ერთობაზე და თანასწორობაზე დამყარებულ სოციალისტურ სამოთხედ მიიჩნევდა. რწმენად ქცეული იდეის გამო იმ ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო. სახელმწიფო იდეოლოგია სავალდებულო და იძულებითი გახდა. მხოლოდ ერთი აზრის და იდეოლოგიის გაბატონებამ დროთა განმავლობაში სოციალიზმის კეთილშობილი იდეა გამოფიტა. მისი აღარავის სჯეროდა. თანასწორობის მაგივრად საბჭოთა კავშირში თანამედროვე ფორმის ფეოდალიზმი დამყარდა.
ამგვარი გადაგვარების მაგალითი ბევრია. ეს მოვლენა ლიტერატურაშიც აისახა და ჟანრი “ანტიუტოპია” გაჩნდა. საქართველოს დღევანდელი ყოფაც ანტიუტოპიურია. ჩვენში საზოგადო კულტურას და ურთიერთობების სტილს მეტწილად ეკლესია განსაზღვრავს. სიტყვით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ასი პროცენტი, ქრისტიანია. მაგრამ ხშირად ქრისტიანობის სახელით ქრისტეს მოძღვრების გამომრიცხავი მოვლენები ხდება. საპატრიარქოს და ცალკეული სასულიერო პირების მხრიდან ტოტალიტარული სექტისთვის დამახასიათებელი რიტორიკა ისმის. სექტანტური ცნობიერებისთვის დამახასიათებელი თვისებები: საკუთარ წარმოდგენებში ჩაკეტვა და განსხვავებული აზრის არმიღება, სასულიერო პირისგან უპირობო ავტორიტეტის შექმნა და მათი გაკულტება – აშკარაა.
ეკლესიის და საპატრიარქოს ძალა რამდენიმე საყრდენზე დგას: შიში, ჯადოქრობა, ფორმალიზმი, სხვაზე უპირატესობის მტკიცება და შოვინიზმი – ამ ბერკეტებით მეშვეობით იმართება მრევლი.
შიში
“შიში შეიქმს სიყვარულსა’’ – ეს ემოცია ადამიანის ფსიქიკური რეაქციის და ქცევის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია. სიკვდილის ყოვლისმომცველი და ტოტალური შიშით მანიპულირება მასების მართვის ეფექტური ხერხია. ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დგება დღე, როდესაც სრულად აცნობიერებ, რომ მოკვდავი ხარ. რელიგიისკენ პირველადი ბიძგი სწორედ ამ განცდის შედეგია. ადვილი შესამჩნევია, რომ სამღვდელოების მიერ ნაქადაგები სიტყვები მრევლში სწორედ შიშის გამოწვევაზეა გათვლილი. ქადაგება თუ სატელევიზიო საუბარი მუდმივად ღვთიური სასჯელის, ცოდვების გამო ზეციდან მოვლენილი უბედურებებისა და აპოკალიფსის გარშემო ტრიალებს. თურმე 2002 წლის თბილისში მომხდარი ძლიერი მიწისძვრა ტელევიზორში გაშვებულმა “მკრეხელურმა’’ ფილმმა გამოიწვია. იაპონია ღმერთმა ცოდვების გამო ცუნამით დასაჯა. “ტიტანიკი” ურწმუნობის გამო ღმერთმა ჩაძირა და ა.შ. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა 17 მაისს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის დაგეგმვას ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვა დაუკავშირა. “ავადმყოფობა ცოდვების შედეგია” – ეს სიტყვები პატრიარქს არაერთხელ უთქვამს. მათთვის ღმერთი ბრაზიანი, აგრესიული, მრისხანე არსებაა, რომელიც ადამიანების მიერ ჩადენილ ცოდვებს ითვლის და როგორც კი ამ ცოდვების საჭირო რაოდენობა დაგროვდება ყველას ხოცავს. მიწისძვრებს, ცუნამებს იწვევს და თქვენ წარმოიდგინეთ თალიბების ხელით ტერორისტულ აქტებსაც კი აწყობს. კლავს, ვინც ცოდვის ჩადენა მოასწრო და ვისაც არაფერი დაუშავებია. უცოდველ ბავშვებს, ახლადდაბადებულ და დედის მუცლადმყოფ ჩვილებს, ორსულ ქალებს განურჩევლად კლავს. შენობებს ანგრევს, დედამიწას წარღვნის წყლებით ტბორავს, ყველას ერთად სრესს, ჭყლეტს და ახრჩობს. უცოდველ შინაურ თუ გარეულ ცხოველებს და მცენარეებსაც ზედ მოაყოლებს.
გადაგვარება სახეზეა. ქრისტე არ შეიძლება ასეთი ღმერთი იყოს. ქრისტიანს არ შეიძლება ეს სჯეროდეს. მაგრამ სჯერათ!
მაგია და ჯადოქრობა
ცნობილია, რომ ქრისტეს მისი მიმდევრები სასწაულის მოხდენას სთხოვდნენ. მათთვის სასწაული ქრისტეს ნამდვილობის დამადასტურებელი ფაქტი იყო – სასწაულს მოახდენ, ესე იგი მესია ხარ. დღევანდელი მრევლის დიდი ნაწილიც ეკლესიისგან მაგიურ სანახაობას ითხოვს. მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება მათთვის ეკლესიის წიაღში მომხდარი სასწაულით დასტურდება. საბაზრო კანონის თანახმად, მოთხოვნა მიწოდებას წარმოშობს. ეკლესიაც მოთხოვნას პასუხობს და მრევლს მირონმდენ ხატებს, ყოველგვარი დაავადების მკურნავ ნაკურთხ წყალს და ზეთს, შენობებიდან, ნივთებიდნ თუ ადამიანთა სხეულებიდან ეშმაკების განდევნას და სხვა მრავალგვარ მისტიკას სთავაზობს. მაგიური ცნობიერება იმდენად მომძლავრდა, რომ ადამიანები ყოველდღიურ ყოფაში, თუ პოლიტიკურ მოვლენებში მისტიკურ კვალს ხედავენ. პრეზიდენტ შევარდნაძის ინაუგურაციის დროს ცაზე გამოსახული ცისარტყელა თურმე ღვთის ნიშანი ყოფილა (ასე ბრძანა პატრიარქმა), ტაძარში შეფრენილი მტრედი ღმერთს გამოუგზავნია. სააკაშვილსაც არაერთხელ უთქვამს, რომ მასზე თავდასხმას ცდილობდნენ და ღმერთმა ტერორისტებს ხელი შეუშალა.
ცისარტყელა ხშირად ჩნდება, მტრედიც ბევრი დაფრინავს, მაგრამ ამაში მისტიკური არაფერია. არც ნაკურთხი წყალი, მირონი და ზეთი კურნავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო, საავადმყოფოები და აფთიაქები არ დაგვჭირდებოდა. თუ სასწაულებს ვენდობით ეს ყველაფერი რა საჭიროა?! თვით პატრიარქიც მეცნიერებას უფრო ენდობა და გერმანიის კლინიკებში მკურნალობს. ხშირად მსმენია, რომ ღმერთი მისტიური სუბსტანციებით მხოლოდ ღრმადმორწმუნეებს კურნავს. თუ ასეა გამოდის, რომ პატრიარქი ილია მეორე მცირედმორწმუნე ყოფილა. ამდენი მაგია და მისტიციზმი უკვე კოლექტიურ შეშლილობასა და სიგიჟეში გადადის. შეშლილობის მკაფიო მაგალითი ამ დღეებში მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა პედაგოგმა ქუთაისის საგამოცდო ცენტრი სკანდალით დატოვა. პედაგოგმა საგამოცდო მაგიდების განლაგებაში “მხეცის ნიშანი” აღმოაჩინა.
უპირატესობა
აშშ-ს პრეზიდენტ ბუშის თბილისში თავისუფლების მოედანზე ხალხთან შეხვედრის დროს ტერორისტმა ყუმბარა ისროლა. ტერაქტი ვერ შედგა, ყუმბარა არ აფეთქდა. ეს ამბავი რელიგიური პოლემიკის საგანი გახდა. ზოგნი ამბობდნენ, რომ ყუმბარის არაფეთქებაში ღმერთის ხელი ურევია. ზოგნი მომხდარს ასაფეთქებელი მოწყობილობის უვარგისობით ხსნიდნენ. კამათს წერტილი საპატრიარქომ დაუსვა და ყუმბარის არაფეთქებაში ღვთიური ძალის ჩარევა გამორიცხა (აბა, არამართლმადიდებელი ბუშისთვის ღმერთი რატომ გაირჯებოდა?). ეს საკუთარი უნიკალურობის და სხვაზე უპირატესობის მტკიცების ერთი მაგალითი იყო. სიმრავლის გამო სხვა მაგალითებს ვერ ჩამოთვლი. თუმცა რაღა მაგალითებია საჭირო ეკლესია მუდმივად ქადაგებს, რომ მხოლოდ მართლმადიდებლები გადარჩებიან და ყველა სხვას ჯოჯოხეთი ელის. მათი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე რას აკეთებდა. იყო თუ არა სინდისიერი, შეეძლო თუ არა სხვისი ტკივილის გაზიარება, ცდილობდა თუ არა სხვას დახმარებოდა. ადამიანის კეთილი საქმეები არაფერს ნიშნავს. მას ჯოჯოხეღთი ელის, თუ მოძღვარი არ ჰყავდა, ზიარებაზე არ დადიოდა და არ მარხულობდა. ერთი სიტყვით მართლმადიდებელი არ იყო. მთავარი რიტუალი და სიმბოლიკაა. თუ ეკლესიური არ ხარ, ვერ გადარჩები. ასე ფიქრობს ეკლესია და ასეთ აზროვნებას შოვინიზმი ჰქვია.
ჩვენი ეკლესიის სამყაროზე და ღმერთზე წარმოდგენები ამდაგვარია: ღმერთი მრისხანეა და ცოდვილებს ანადგურებს. მისგან სამუდამო სასუფეველს მხოლოდ მართლმადიდებლები მიიღებენ. თუ გინდა გადარჩე მოძღვარს დაუჯერე, რიტუალები შეასრულე და რაციონალურად არ იაზროვნო.
ქრისტიანობის არსი ყველაზე უკეთ ჯვარზე გაკრული ქრისტეს მიერ საკუთარ მწამებლებზე ნათქვამ სიტყვებში ვლინდება. ეს სიტყვები ქრისტიანობის ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას მაქსიმალურად გამოხატავენ. ქრისტესთვის ბუნებრივი ადამიანი მხოლოდ კეთილი ადამიანია. ბოროტება მისთვის ბუნებრიობის დაკარგვაა. ქრისტეს მისი მწამებლები ეცოდება, რადგან მათ საკუთარი თავი დაკარგეს და “არ უწყიან რას სჩადიან”. მოძულე ადამიანს არ ესმის რას სჩადის, ის პასუხისმგებელი სუბიექტი აღარ არის. მაგრამ საკუთარ თავთან დაბრუნება გვიანი არასოდეს არ არის. ქრისტე ბუნებადაკარგულ ადამიანში მის საწყის – კეთილ მდგომარეობას ხედავს. ეს ჰუმანიზმის უკიდურესი გამოვლინებაა. ნამდვილი ქრისტიანობა ასეთი უნდა იყოს. ჩვენში გავრცელებული რელიგურობა კი ძველი აღთქმისდროინდელი დამსჯელი ღმერთის, ჯადოქრობის და შოვინიზმის ნაზავია.
სხვა და სხვა სასულიერო პირების ქადაგებების მიხედვით “ბოლო ჟამი” კარს მოგვადგა. ეს ადამიანები “მხეცის ნიშანზე” და აპოკალიფსზე მუდმივად საუბრობენ. ანტიქრისტეს და სატანას კი ქრისტეზე ხშირად ახსენებენ. სასულიერო პირები ძირითადად სხვა და სხვა ჰოლივუდური ფილმების ფრაგმენტებს ჰყვებიან და ამას წინასწარმეტყველებად ასაღებენ. თურმე რუსეთის ტერიტორიაზე ანტიქრისტე დაიბადება. გაიზრდება, დავაჟკაცდება, წავა ამერიკაში და ამ ქვეყნის პრეზიდენტი გახდება (არადა, კანონით სხვა ქვეყანაში დაბადებულს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ეკრძალება). თურმე მსოფლიო მმართველობის ერთ ხელში მოქცევის მიზნით მასონებმა გლობალიზაცია ჩაიფიქრეს. მმართველი, რა თქმა უნდა, რუსეთში დაბადებული და გაამერიკელებული სატანა იქნება. შემდეგ კაცობრიობა არნახული მასშტაბის ცოდვაში ჩავარდება. მსოფლიო გაირყვნება, გაფუჭდება და გათახსირდება. ერთი სიტყვით, კაცობრიობა ფინთი გახდება. მხოლოდ ჩვენი ქვეყანა გადარჩება ამ ცოდვილ პლანეტაზე. ჩვენღა ვიქნებით წმინდა კუნძული ცოდვის ოკეანეში. სამი წელი იპრეზიდენტებს სატანა და მის მეფობას ქრისტეს მეორედ მოვლა დაასრულებს. რა თქმა უნდა, ქრისტე საქართველოში მოვა (შინნაზარდი “წინასწარმეტყველები” მეორედ მოსვლის ლოკალიზებას ახერხებენ რაიონსაც კი ასახელებენ) ქრისტე რუს-ამერიკელ სატანას დაამარცხებს და კაცობრიობას ქართულ ენაზე განიკითხავს.
ასეთი ზღაპარებით მოზარდების მოტყუება იოლად ხდება, რაგან რჩეული ერის ნაწილად საკუთარი თავის განცდა სასიამოვნოა. არც მეტი არც ნაკლები შენს ქვეყანაში სამყაროს ბედი წყდება. აღარ გჭირდება ინდივიდუალური ძალისხმევა და შრომა, საკუთარი ხელით წარმატების მიღწევა. ასე და ამგვარად ინდივიდი კვდება და ქრება – შეგიძლია ქართველობით იამაყო. არადა, ადამიანს წარმატება და სიამაყის განცდა ჰაერივით სჭირდება. ჰოდა, საამაყო საბაბი უკვე გამზადებული დევს, ის უბრალოდ უნდა დაიჯერო. სამღვდელოების მიერ ახალგაზრდების ფსიქიკაზე ამგვარი მარტივი მანიპულაციებით ეკლესიაში უკვე რამდენიმე თაობის ინდოქტრინაცია მოხდა.
ერთხელ რადიოში ერთი ევროპელის აფრიკაში მოგზაურობის უცნაური ამბავი მოვისმინე. მოგზაურს აბორიგენების კულტურის მიმართ ინტერესი და მისი გაცნობის სურვილი ამოძრავებდა. მან ერთ სოფელში ადგილობრივი მოსახლების რელიგიური სიწმინდე ნახა. თაყვანისცემის ობიექტი რკინის დაჭეჭყილი ჟანგიანი კონსერვის ქილა ოყო. ამ ტომის მცხოვრებთა რწმენით ქილა ზეციდან ჩამოვარდა და ესე იგი ღმერთის მიერ არის ნასროლი. ათეული წლების წინ ცარიელი ქილა სავარაუდოდ მცირე ზომის თვითმფრინავიდან გადმოაგდეს, რომელიც მაღალ სიმაღლეზე მიფრინავდა. იმ ხანად ადგილობრივებს არც თვითმფრინავი ენახათ, არც კონსერვი. ზეციდან ჩამოვარდნილი საგანი ღმერთის ნიშნად ჩათვალეს, საკურთხეველ ქვაზე დაასვენეს და მასზე ლოცვა დაიწყეს. მას მერე ათწლეულები გავიდა და ქილა სიწმინდედ იქცა. ამ სოფლის მოსახლეობამ დღეს უკვე იცის, რომ კონსევის ქილები მსოფლიოში მილიონობით იწამოება და თვითმფრინავებს ღმერთთან კავშირი არ აქვთ. მაგრამ რწმენას არ ღალატობენ და ტრადიციას ინახავენ. ჟანგიანი რკინის ნაჭრისა სწამთ.
ჩვენი ქცევაც ზოგჯერ ამ აფრიკელების საქციელს გავს. სხვა ქვეყნები ახალ ცოდნას, ტექნოლოგიებს, სოციალურ სისტემებს ქმნიან. ჩვენ კი გაურკვეველ ისტორიულ მოვლენებს, ივერიის გაბრწყინებას თუ ანტიქრისტეს მოსვლას ველოდებით, ყველგან 666 გველანდება და კონსევის ჟანგიანი ქილის შემყურე ადამიანებად გამოვიყურებით.