გია მარიამიძის ბლოგი

მხიარული სასამართლო

მხიარული სასამართლო

გასული საუკუნის მიწურულს ქვეყანაში სასამართლო რეფორმა დაიწყო. იყვნენ რეფორმატორები და რეფორმის მოწინააღმდეგენი. ერთმა რეფორმატორმა პოლიტიკოსმა სსრკ-დან რუდიმენტად შემორჩენილი სასამართლო სისტემის დასახასიათებლად ფ. კაფკას რომანი “პროცესი” მოიშველია. რომანი ე.წ. რიგითი ადამიანის დაუცველობაზეა სისტემის წინაშე, სადაც სასამართლო პროცესი უსაშველოდ იწელება, მის მიმართ წაყენებული ბრალი კი გაურკვეველი და ბურუსით მოცულია. 

 

რეფორმა პირველ ხანებში წარმატებული გამოდგა. შემდგომ, იგივე პოლიტიკოსი პრეზიდენტი გახდა და მისი მმართველობის ხანაში სასამართლო დამოუკიდებლობას ვერ ეღირსა. 

 

მაგრამ დღეს მიმდინარე გახმაურებულ სასამართლო პროცესებს კაფკასეული დრამატიზმი მაინც გაკრავს. თუმცა გროტესკული ელფერით და სამხრეთული ტემპერამენტისთვის დამახასიათებელი ტრაგი-კომიკური ჭკუამხიარულებით. მაგალითად, 17 მაისის საქმე. სასამართლო სხდომების დანიშვნა-გადადებები, ბრალდებული სასულიერო პირების მიერ ადვოკატის აყვანაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ “ადვოკატი რა ჩემზე ჭკვიანია?!”  ორთვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილების შეცვლა და მათზე უფრო “ჭკვიანი” ადვოკატების მონახვა (რაც რთული არ არის ამ სასულიერო პირების გონებრივ შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ). “ჭკვიანმა” ადვოკატებმა უმალ სხდომის გადადება მოითხოვეს იმ მოტივით, რომ საქმეს არ იცნობდნენ. თხოვნა დაკმაყოფილდა, სასამართლო გარჩევის თარიღი გადაიდო. ერთი თვის შემდეგ პროცესი განახლდა. ამჯერად მოსამართლემ იყოჩაღა და ერთ-ერთი სასულიერო პირს ბრალდება მოუხსნა. გამართლებულ და კმაყოფილ “მამაოს” ამჯერად არავისთვის უგინებია და დახოცვითაც არავის დამუქრებია. მისდამი კრიტიკულად განწყობილ “გზააბნეულ” ადამიანებს ცოდვების მონანიებისკენ და ეკლესიის წიაღში დაბრუნებისკენ დიდსულოვნად მოუწოდა. 

 

მეორე სასულიერო პირის მიმართ პროცესი გრძელდება. ის კამერების წინ ამჯერად “ტაბურეტით” არ გამოჩენილა. თუმცა ერთმა მისმა კოლეგამ შავი იუმორის ქონა გამოამჟღავნა და სასამართლოს შენობის წინ “ტაბურეტკისმაგვარი“ საგნით ხელში დასეირნობდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ბრალდებული “მამაოების” ნაირგვარი ჯამბაზებით დაკომპლექტებული გულშემატკივართა ფან-კლუბი, რომლებიც გასასამართლებელ პირებს სხდომებზე “პადდეჟკას” აძლევენ და მხარში უდგანან ხოლმე. 

 

ეს  სასამართლო პროცესი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანარეკლი და დაავადების სიმპტომია. დაავადება სახელმწიფოს უუნარობასა და ატროფიაში მდგომარეობს. ხელისუფლებას კანონის შესრულების ნება არ აქვს და გარკვეული ჯგუფების და ინსტიტუციების განაწყენებას ერიდება. სახეცვლილი ფორმით, მაგრამ დღესაც შერჩევითი სამართალი ხორციელდება – ერთი ჯგუფის წარმომადგენლის ძალადობრივ ქცევაზე ხელისუფლება თვალს ხუჭავს, სხვას  კი გაცილებით მსუბუქი კანონდარღვევა არ ეპატიება (პირველი მაისის სტუდენტური დემონსტრაციის დაშლა და ჩვიდმეტ მაისს მომხდარ ველურობაზე არასაკმარისი რეაგირება). უმოქმედობით სამართალდამცავები უკანონობის წახალისებას ახდენენ (მუსლიმებისთვის ლოცვაში ხელის შეშლის არაერთი ძალადობრივი ფაქტი…) 

 

პარლამენტის ადამიანთა უფლებების კომიტეტის წევრთა დიდ ნაწილს ადამიანზე და მის უფლებებზე წარმოდგენა არ აქვთ. ამ კომიტეტის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წევრმა (ფოფხაძემ) ისიც კი განაცხადა, რომ ერთი ჯგუფის მიერ სხვა ჯგუფის დისკრიმინაციისას წარმოქმილ კონფლიქტში სახელმწიფო ვერ ჩაერევა, რადგან ის მიუმხრობელი მხარე უნდა იყოსო. და ეს სიტყვები 17 მაისის მოვლენებს ეხებოდა. პარლამენტის წევრი ისეთივე აბსურდულ “აზრებს” იმეორებს, რომლებიც რიგითი მოქალაქეების მხრიდან ტელევიზიით ხშირად ისმის. დანაშაულის აღკვეთის დროს პოლიციელი  კანონს იცავს. ამით ის სამართალის მხარეს დგას და დამნაშავის თუ დაზარალებულის ვინაობაზე არ ფიქრობს. ასეთი ლოგიკით მკვლელსაც შეუძლია პოლიციას და სახელმწიფოს მიკერძოებულობაში დასდოს ბრალი, რადგან მათ მოკლულის მხარე დაიჭირეს და მკვლელს დანაშაულისთვის პასუხი აგებინეს. 

 

მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს ამ ქვეყანაში მათგან განსხვავებული ადამიანების არსებობის ფაქტიც საკუთარი უფლებების დარღვევად მიაჩნია. რელიგიური დაპირისპირება არაერთ სოფელში მოხდა. მართლმადიდებლები თვლიან, რომ მუსლიმის მიერ საკუთარ სალოცავში ლოცვა მართლმადიდებელთა უფლების დარღვევაა. იგივეს იმეორებენ პარლამენტარებიც “ქართული ოცნებიდან”. თუმცა  რომელი უფლება დაირღვა და როგორ ჟღერს ამ უფლების სახელწოდება ეს ადამიანები ვერ ამბობენ, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. “არ მომწონს” – ეს უფლება კი არა ახირებაა. ბევრი რამ შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ადამიანის უფლებებს  კანონი და საღი აზრი არეგულირებს და არა ვინმეს ახირებები. ხელისუფლებამ კანონი უნდა დაიცვას და ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს მისი უფლებების რეალიზაციის საშუალება მისცეს. 

 

დღეს სახელმწიფოს არსებობისთვის მთავარი გამოწვევა ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებაში ვლინდება. ხელისუფლების  ქმედებებში კარგად ჩანს, რომ ის უპირატესად  “უმრავლესობის” ინტერესების დაკმაოფილებაზე ზრუნავს. ფაქტობრივად, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დღის წერიგს მთელი ქვეყნის და ყველა ქართველის სახელით მოლაპარაკე ორგანიზებული ბრბო ადგენს. ეს მდგომარეობა დამღუპველია. პროცესები თუ ამგვარად განვითარდა  საზოგადოების პრიმიტივიზება, გაველურება და შეგედეგად მსოფლიო პოლიტიკური კონტექსტიდან ამოვარდნა გარდაუვალი გახდება. ამ შემთხვევაში “უმრავლესობაში” მხოლოდ რაოდენობითი კატეგორია არ იგულისხმება. უმრავლესობა – როგორც ხარისხობრივი კატეგორია, რეალობის პერცეპციული აღქმა და აპერცეპცირების უუნარობა, რეფლექსები რეფლექსიის ნაცვლად, სენსიგიბელობა ინტელიგიბელობის მაგიერ. ზოგადად, პრიმორდიალისტური ცნობიერების გაბატონება და კონსტრუქტივიზმის უარყოფა. მასის გემოვნების დაკმაყოფილებით ქვეყნის მართვა დეგრადირების გზაზე დადგომას ნიშნავს. ადამიანის ამგვარი ტიპის საზოგადოებაში დომინირება ქვეყნისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია. 

 

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ციხისძირში მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს სასამართლო საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. ადამიანის ცემა, ფსევდორელიგიური მოტივებით, სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ ცინიკურად მოპყრობა, ჯვრის თან ქონაზე მათი  შემოწმება მსუბუქი დანაშაული ყოფილა. წინ ე.წ. “ტაბურეტკიანი” მამაოს სასამართლო პროცესია და აქ საბოლოოდ გაირკვევა ამ  ხელისუფლებას სახელმწიფოს მართვის უნარი აქვს თუ არა.