გია მარიამიძის ბლოგი

დინამო, დინამო !

დინამო, დინამო !

გია მარიამიძე
გია მარიამიძე

 პოლიტიკური პარტიები თუ ცალკეული პირები პირდაპირ თუ ირიბად ანტიდასავლურ განწყობებს ავლენენ.  “ეს არის ევროპა და ამერიკა?  ეს გვინდა საქართველოში შემოვიდეს? ”  ასეთი  განზოგადებები სოციალურ ქსელებში  გავრცელებულ ათასგვარ ტყუილ-მართალს მოჰყვება ხოლმე. პროპაგანდამ იმუშავა და მოსახლეობის ნაწილში დასავლეთის მიმართ ირაციონალური შიშები გაჩნდა.

ჩვენებურ, შინნაზარდ ანტიამერიკანიზმს თავისი მოკლე ისტორია აქვს.  “დღეს ყველას აღარ ჰგონია, რომ ამერიკა კარგია, ჩვენ შევძელით და ხალხში დასავლეთის მიმართ უნდობლობა გავაჩინეთ’’ – საკუთარი მოღვაწეობა დაახლოებით ასე შეაფასა   ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარე ბ. გოგუაძემ თავის ერთ-ერთ გამოსვლაში. უმიზეზოდ არაფერი ხდება. მოსახლეობის ნაწილში გაჩენილი ანტიდასავლური განწყობები კონკრეტული ადამიანების საქმიანობის  შედეგია. ამ ადამიანებისთვის  შთაგონების და  ფულის შოვნის წყარო რუსეთია. მაგრამ რუსეთი ვერაფერს გახდებოდა ეს პრიმიტიული პროპაგანდა ხალხის გარკვეულ ნაწილში ნოყიერ ნიადაგს რომ არ პოულობდეს.

მოსკოველ პოლიტ-ტექნოლოგიებით დაკავებულ ინსტიტუტებს და იდეოლოგიურ ცენტრებს  სერიოზული სამუშაოს გაწევა უწევთ.  დასავლეთის საწინააღმდეგო რაციონალური არგუმენტების მოფიქრება ობიექტურად რთული ამოცანაა. ვერ დაამტკიცებ, რომ დასავლურ სახელმწიფო ინტიტუტებს რუსული ჩინოვნიკური აღვირახსნილობა სჯობს, რომ თავისუფალი სასამართლო რუსულ „ ბასმანურ მართლმსაჯულებას“ ჩამოუვარდება, რომ  სამართლიან არჩევნებზე და დემოკრატიაზე უკეთესი  პუტინის უცვლელი მმართველობაა, რომ სიტყვისა და  გამოხატვის თავისუფლებებს რუსული ცენზურა სჯობს, რომ სოციალურ მობილურობაზე უკეთესი კლანური სისტემაა, რომ  სამოქალაქო საზოგადოება და გამართული ინფრასტრუქტურა ცუდი, ხოლო  რუსული дураки и дороги  კარგი.   „რომ“-ის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

როდესაც რაციონალური არგუმენტები ილევა სადისკუსიო სივრცეს მითოლოგია იკავებს. მითოსი ლოგოსის ნაცვლად და ჩნდება  ლოზუნგი: „დასავლეთში სულიერება არ არის“ . რუსეთში გაჩენილი ამ ლოზუნგის ჩვენშიც ბევრს სჯერა. მაგრამ ფაქტები სხვაზე მეტყველებენ. ქურდობების, მკვლელობების, ბავშვთა სიკვდილიანობის, მშობლების მიერ შვილების მიტოვების, კორუფციის, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, პროსტიტუციისა და სხვა ქმედებათა პროცენტული მაჩვენებლებით  რუსეთი ევოპას და დასავლეთს  ბევრად უსწრებს.

თუმცა ჩვენში გავრცელებულ ანტიდასავლურ განწყობებს მხოლოდ PR ტექნოლოგიები არ განაპირობებენ. საქმე არც კულტურულ სხვაობებშია. პრობლემა მეტ წილად ფსიქოლოგიურია. ნებისმიერი ადამიანისთვის  წარმატება, გამარჯვება, ბარიერის გადალახვა, საკუთარ ძალებში და თავში დარწმუნება სასიცოცხლო მოთხოვნილებაა. მხოლოდ ასე შეიძლება გაუმკლავდეს ადამიანი ყოფიერების აუტანლობას. პიროვნება თვითდამკვიდრების პროცესში მარტოა და ეს გზა  მკაცრად ინდივიდუალურია. თუმცა გამარჯვებები და თავდაჯერებულობა  კოლექტივს-ერსაც სჭირდება. კოლექტიური ანუ ეროვნული მიღწევები ცოტა გვაქვს. უფრო სწორად თითქმის არ გვაქვს. ომებს ვაგებთ, ეფექტურ ეკონომიკას ვერ ვქმნით, ვერაფერს ხელშესახებს ვერ  ვაწარმოებთ რითიც ვიამაყებდით,  სოციალურ პრობლემებს ვერ ვაგვარებთ, საკუთარი ქვეყნის ბუნებას და ეკოლოგიას ვერ ვპატრონობთ, დოვლათის სამართლიანად გადანაწილებას და ზოგადად სამართლიანი „თამაშის წესების“დამკვიდრებას ვერ ვახერხებთ და საერთოდ  ფეხბურთში ბოლო დიდი გამარჯვება 1981 წელს მოვიპოვეთ და 32 წლის წინანდელი გამარჯვბით ვამაყობთ.  ‘’აწმყო თუ არ გწყალობს’’ -ეს სიმღერა არაოფიციალურ ეროვნულ ჰიმნად ვაქციეთ. როდესაც  რეალობა არასასიამოვნოა მისი შეცვლა უნდა სცადო. ჩვენ კი ამის მაგივრად პარარელური რეალობა გამოვიგონეთ და იქ ვცხოვრობთ. ეს გამოგონილი რეალობა  მთლიანად მითოლოგიზებულ წარსულზე დგას. იქ ყველაფერში ჩემპიონები ვართ: 1 ქართველი 12 „თათარს“ ამარცხებს და დიდგორის ბრძოლაში იმარჯვებს, 100 000 მოწამე ერთდროულად თავს წირავს და მსოფლიო რეკორდს ამყარებს, მსოფლიოში პირველი დამწერლობას ვქმნით, ყურძენს პირველები ვწურავთ, პურს პირველები ვაცხობთ და საერთოდაც ქართულ ფუტკარს ყველაზე გრძელი ხორთუმი აქვს. მითოლოგიურ სამყაროში ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა ვართ და ეს  მიწა უფლის კვართს ინახავს. სტალინი კი საჯიშე ქართველია.

 მაგრამ წარმოსახვითი სამყარო რაც არ უნდა მრავალფერვანი და ძლიერი იყოს რეალობასთან შეჯახებისთანავე საპნის ბუშტივით სკდება. რეალობა გაიძულებს სიმართლეს თვალი გაუსწორო და შენი თავი დაინახო ისეთი როგორიც ხარ. დასავლეთის მიმართ ქვეცნობიერი შიშისა და სიძულვილის მიზეზი სწორედ ეს არის – ის საკუთარ თავს ნამდვილს განახებს. ბევრი ჩვენგანისთვის  აუტანელია საკუთარ თავზე, იმ ერთობაზე, რომელსაც ეკუთვნი, სიმართლის გათავისება. იმის დაჯერება, რომ ჩვეულებრივი ერის წარმომადგენელი,  ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და წარსულით სიამაყის ნაცვლად საკუთარი აწმყო შენი ხელებით უნდა შექმნა. კოლექტიური ნარცისიზმი გვძლევს  და ისევ სიმართლეგარეულ ტყუილში და წარსულის მითებით გაჯერებულ აწმყოში ცხოვრება გვირჩევნია. ნებისმიერი შეხსენება იმის, რომ ჩვეულებრვები ვართ გვაღიზიანებს და აგრესიულს გვხდის.

ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის სამიზნე სწორედ ამ ცნობიერების მატარებელი ადამიანები არიან. ქართველთა კოლექტიური  ცნობიერების არგანჯადიება, მოჯადოებულ მდგომარეობაში რაც შეიძლება დიდ ხანს შენარჩუნება  რუსეთის პირდაპირი ინტერესია და მისი ძალისხმევა სწორედ აქეთ იქნება მიმართული.

მტრის სპეცსამსახურებმა ახალ პროპაგანდისტულ ხერხს მიაკვლიეს. ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად შემოგდებული ეს პროპაგანდისტული ხრიკი ე.წ.  ‘’ჰომოსექსუალიზმის საფრთხეა’’. რუსეთმა მოახერხა და ჰომოსექსუალიზმი მთავარ სადისკუსიო თემად აქცია. ადამიანის არსებობის ეს ერთი ელემენტი და პერიფერიული ფრაგმენტი ცენტრალურ, ყოფნა-არყოფნის საკითხად გადააქცია. დასავლეთში გეი მოძრაობა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. მეცნიერული კვლევები გვაჩვენებს, რომ  ამ სექსუალურ ორიენტაციას მთელი პოპულაციის გარკვეული პროცენტი მიეკუთვნება – რც მეტი და არც ნაკლები. მაგრამ ანტიდასავლური პროპაგანდა საკითხს ისე წარმოაჩენს, თითქოს ‘’საფრთხე’’ საყოველთაოა და თუ არ დავირაზმეთ უკლებლივ ყველა ჰომოსექსუალად ვიქცევით. ქართულ რეალობაში ამ საკითხმა თავისი ტრაგი-კომიკური ელფერი შეიძინა „გვაპიდარატებენ! “-ლოზუნგის სახით.  რუსულ-იმპერიული პროპაგანდის მთავარ გამტარად საქართველოში საპატრიარქო იქცა.  სასულიერო პირები ანტიდასავლურ აზრებს პირდაპირ ამბიონებიდან ქადაგებენ.  თუმცა საპატრიარქოს და რუსეთის „კოჰაბიტაცია“ მხოლოდ ამ თემით არ შემოიფარგლება. ფაქტობრივად საპტარიარქო  რუსეთის ევრაზიულ-იმპერიული იდეის მთავარი დასაყრდენია.

სექსუალური ორიენტაციის საკითხი პოლიტიკური მიზნებით საქართველოში პირველად ასლან აბაშიძემ გამოიყენა. გავიდა დრო და  ჰომოფობიური კამპანიის მეორე ტალღა ბ. გულაშვილმა დაიწყო. მისი პოლიტიკური ორგანიზაციის  რიტორიკა ჰომოსექსუალობის გარშემო ტრიალებდა და რუსეთში მიმდინარე ტენდენციებთან მყარად იყო სინქრონიზებული. პრორუსული ორიენტაციის ძალებს ფაქტობრივად სალაპარაკო არაფერი აქვთ. რუსეთი იდეურად გაკოტრებული ქვეყანაა. 21-ე საუკუნეში მე- 19 საუკუნის იმპერიული პარადიგმებით მოქმედება წარუმატებლობისთვის წინასწარ არის განწირული,  რადგან  დროს 2 საუკუნით ჩამორჩება. რუსეთს ერთადერთ სალაპარაკო თემად ჰომოსექსუალიზმის საფრთხე დარჩა. იმპერიის იდეოლოგები (დუგინი და სხვები) სატელევიზიო გამოსვლებში რაზეც არ უნდა ლაპარაკობდნენ ბოლოს  აუცილებლად ჰომოსექსუალიზმის  საფრთხეზე გადადიან და ანტიდასავლურ პროპაგანდას იწყებენ. ამ ყველაფერმა კომიკური ფორმა მიიღო და სასაცილო იქნებოდა საქმე ასე ტრაგიკულად რომ არ იყოს.

 

საკუთარი ყოფნა-არყოფნის  გეიაღლუმის ჩატარება-არჩატარებასთან დაკავშირება კომიკურია. ამ ადამიანებმა  სახელმწიფო იდეოლოგიად ჰომოფობია აქციეს. სავალალო კიდევ ის არის, რომ ამ საკითხის სადისკუსიო სივრცეში შემომგდებ იდეოლოგთათვის ეს მხოლოდ იმპერიული თამაშია. მათი თამაში კი ბევრისთვის ცხოვრების აზრად იქცა. როდესაც ესა თუ ის ქართული თუ რუსული საინფორმაციო რესურსი დასავლეთის გარყვნილების შესახებ ინფორმაციას გვაჩეჩებს უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტექნოლოგიური მანქანა ჩვენით მანიპულირებს. სამწუხაროდ ასეთ ინფორმაციას მუშტარი ჰყავს და ადამიანები ამით საკუთარ კოლექტიურ ეგოს იკმაყოფილებენ.

საქმე კი სინამდვილეში მარტივადაა. ან შევთანხმდებით, რომ ყველა ადამიანი ადამიანია ან  ცივილიზაციას და განვითარებას დიდი ხნით ავცდებით.

 

მაგრამ საქმე იმაშიც არის, რომ ზემოთხსენებული მითოლოგიური ცნობიერება თანასწორობას ფასეულობად ვერ აღიარებს. ასეთი ცნობიერებისთვის საზოგადოებაში მარგინალიზებული და დაჩაგრული  ჯგფების  არსებობა აუცილებელი პირობაა. მითოლოგიური  ცნობიერების ადამიანისთვის იერარქია,  ზემოთმდგომის მიმართ მორჩილება და ქვედა საფეხურზე მდგომთა ჩაგვრა ბუნებრივი მდგომარეობაა. როგორც ვიცით მონა თავისუფლებაზე კი არა  მონების ყოლაზე ოცნებობს.  რასის, წარმომავლობის, კონფესიური კუთვნილების, სქესის,  სექსუალური ორიენტაციის  მიუხედავად თუ ყველა ადამიანს შენს  თანასწორად ჩათვლი მითოლოგიზებული სამყარო დაინგრევა.  

წინსვლის და განვითარების მთავარი შემაფერხებელი და ამავე დროს რუსულ-ევრაზიულ-იმპერიული  სივრცისკენ მიზიდულობის მიზეზი  რეალობიდან გაქცევა და დიადი წარსულის მითებით ცხოვრებაა. ამ მოცემულობას, რომ თავი დავაღწიოთ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და თავი არაფრით მოვიტყუოთ.  

 

და  ჩვენმა საფეხბურთო გუნდმა კიდევ უნდა გაიმარჯვოს, რომ ჩვენი ძალების ვირწმუნოთ.