ხელისუფლება მის კერძო საქმეებში არ ერევა. ამ მხრივ გამონაკლისი არ ვართ, თანამედროვე სახელმწიფოები ასე არიან მოწყობილი. თუმცა ამგვარი პოლიტიკური სისტემა ქვეყანაში იდეოლოგიის (იდეოლოგიების) არსებობას არ გამორიცხავს. ფასეულობათა სისტემა და ღირებულებების იერარქია ნებისმიერ საზოგადოებას აქვს. ამ “იდეოლოგიას” ტრადიციები, სამყაროს შესახებ წარმოდგენები, საზოგადო და ყოფითი ურთიერთობის ტიპი აყალიბებს. ჩვენს შემთხვევაში დომინანტური “იდეოლოგია” ერთი მხრივ თვითონ ხალხის (პირველ რიგში ელიტების) და მეორე მხრივ, ყველაზე მძლავრი საზოგადოებრივი ინსტიტუტის – ეკლესიის ძალისხმევით იქმნება. ყოფითი და საზოგადოებრივი კულტურის სივრცე ამ ორი ნაკადის შერწყმით ყალიბდება.
“იდეოლოგიის” “ხალხური” ნაწილი მეტწილად საბჭოური მემკვიდრეობის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში დღეს დამკვიდრებულ ტრადიციებს ისტორიულობა მიეწერება და თავს წინაპართა უძველესი ადათ-წესების მემკვიდრედ მივიჩნევთ, სინამდვილეში შინაარსით ჩვენი კულტურა საბჭოურია. ისტორიულობა მხოლოდ იმიტაციაა. აწმყო დროში ხელოვნურად კონსტრუირებულ ტრადიციებს დროითი ხარისხი ენიჭება. საქართველო არც აქ არის გამონაკლისი, წარსულის აწმყოში შექმნა და “მრავალსაუკუნოვანი” ტრადიციების გამოგონება ზოგადსაკაცობრიო მოვლენაა. მეცნიერება ტრადიციულ საზოგადოებას და ტრადიციონალიზმს განსხვავებულ მოვლენებად მიიჩნევს. პრემოდერული ხანის ადამიანი ტრადიციულ საზოგადოებაში ცხოვრობდა ისე, რომ თავის თავს ტრადიციაში და ტრადიციას ზოგადად არ იაზრებდა. ადამიანი მითებში, ლეგენდებში, თქმულებებში, რწმენებში ბუნებრივად არსებობდა. ტრადიციონალიზმი კი შედარებით თანამედროვე მოვლენაა და არქაიკიდან განსხვავებით აქ ადამიანი ტრადიციების ხელოვნურ კონსტრუირებას ახდენს.
ტრადიციებს და ცხოვრების წესს დიდწილად ბუნებრივი ფაქტორები აყალიბებს. ბუნებრივთან ერთად ხელოვნური -სახელმწიფო სისტემაც კულტურის ფორმირების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. რუსეთის იმპერიაში ცხოვრების 200-მა და განსაკუთრებით ბოლო 70-წლიანმა საბჭოურმა გამოცდილებამ ქართული მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. დიდი ხანი ქართველს საკუთარი სახელმწიფო არ ჰქონია. ის საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა და შესაბამისად, კულტურაც კოლონიური ტიპის მივიღეთ სპეციფიკური კომპლექსებით და წუხილებით. ასეთი კულტურის მთავარი თვისება პარაზიტიზმია. ქართველს არ უწევდა რთული სისტემების მართვა, გრძელვადიანი გეგმარება და სტრატეგიების განსაზღვრა. არაფრის კეთებამ (უფრო სწორედ კეთების იმიტაციამ) შესაბამისი შედეგი გამოიღო – ცხოვრება დროსტარების მუდმივ პროცესად იქცა. საგნებმა შინაარსი დაკარგეს და იმიტაცია, სიმულაცია, სიყალბე ცხოვრების წესად იქცა. საკუთარი სახელმწიფოს არქონამ, მსოფლიო პროცესებიდან გამოთიშვამ, ისტორიის შექმნიდან ქვეყნის ჩამოცილებამ ვირტუალური რეალობის შექმნას შეუწყო ხელი და ნაციონალურმა ენერგიამ საკუთარ თავზე მითების შეთხზვაში იპოვა ნუგეში. ქართველი ადამიანის მოქმედების არეალად სუფრა იქცა. საკუთარი განსაკუთრებულობის მტკიცება, ტრაბახი, დიადი ისტორიის გახსენება სუფრაზე თვითდამკვიდრების აუცილებელი ატრიბუტი იყო და არის.
ქართველი ადამიანის ქცევის მოდელად სხვაზე უპირატესობის მოპოვება გახდა. უპირატესობა კოლექტიური, გვაროვნული, ეთნიკური, ტერიტორიული, წარმომავლობითი და ა.შ. ნიშნით, რაც მემკვიდრეობით გერგო, შენი ხელით არ შეგიქმნია, არ დაგიმსახურებია. სხვაზე უპირატესობის განცდით სიამოვნების მიღებისკენ სწრაფვა მთავარ მამოძრავებელ “ლიბიდოიზურ” სტიმულად იქცა. საკუთარი გვარი, ჯიში, წარმომავლობა, ოჯახიშვილობა, კაცურ-კაცობა და ა.შ. ფეტიშად იქცა. ჩამოყალიბდა მოქეიფე, დროის მატარებელი, ამაყი ადამიანის ტიპი, რომელიც თვითტკბობას არის მიცემული, საკუთარ თავზე გამოგონილი მითებით ყველა სხვაზე უპირატესობას გრძნობს და ამ სიამოვნებას არაფრით დათმობს.
ასეთი ტიპის ადამიანებისთვის თაყვანისცემის მთავარი ობიექტი ძალაა. ძალა, რომელიც სხვას ერევა და მხოლოდ ამის გამოა სიმართლე მის მხარეს – “ვინც მაგარი, ის მართალის” პრინციპით. ჩვენს საზოგადოებაში მუდმივად მოხეტიალე სტალინის ლანდი არ არის შემთხვევითი. სტალინი – ძლიერი ადამიანი, რომელიც არავის ინდობს და სუსტებს ანადგურებს. ამ ფენომენს თუ აღქმად შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ ძალის კულტი არა მომეტებული ძლიერების, არამედ სისუსტის გამოვლინებაა. ნებისმიერი ჰიპერბოლიზება შინაგანი დეფექტის და უკმარისობის შედეგია. ძალას იმიტომ ეთაყვანები, რომ სუსტი ხარ.
ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესები სწორედ ასეთი ტიპის სუბიექტების რეალობაზე რეაგირების შედეგია. სხვა კონფესიების, ეთნიკური გჯუფების, სექსუალური ორიენტაციის და ზოგადად განსხვავებულის მიმართ აგრესია სწორედ თანასწორობის საკითხს უკავშირდება. დომინანტ ტიპაჟს სხვა ჯგუფების უფლებების აღიარება უჭირს. მათ თავის თანასწორად ვერ იღებს, რადგან ამით სიამოვნების მიღების საშუალებას, “ნარკოტიკს” სახელად “უპირატესობა”-ს დაკარგავს. ამ ტიპის ადამიანების ცხოვრების აზრი საკუთარი განსაკუთრებულობის განცდაში მდგომარეობს და ჰგონია, რომ ვიღაცა ამ ბედნიერებას ართმევს. დომინანტი ტიპაჟი თავს იცავს. ტაბურეტით ჰომოსექსუალს დასდევს, მუსლიმს მინარეთის დადგმას უშლის, პოლიტიკოსთა შორის არაქართულ გენს ეძებს და ამხელს. ყველგან საკუთარი იდენტობის მიმართ მტრულ ზრახვებს და შეთქმულებებს ხედავს.
სამხრეთული თბილი კლიმატის გამო საქართველოში საზოგადო პროცესები მეტწილად ქუჩაში და არა შენობებში მიედინება. კულტურა ქუჩის, უბნის, მოედნის და არა დარბაზის, სტუდიის, აუდიტორიისა. ადამიანი დაბადებიდანვე ერთვება ამ უბნურ-ქუჩურ ურთიერთობებში, სადაც ქცევის მთავარი მოდელი ასევე სხვაზე უპირატესობის მოპოვებაა. ამაში უცნაური არაფერია და ეს ალბათ ნორმალური პროცესიც არის, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქუჩური სუბკულტურა დომინანტ კულტურას შეერწყა და საზოგადოების სხვა – პოლიტიკის, ფორმალური ურთიერთობების, აკადემიურ, არტისტულ და სხვა სფეროებში გადაინაცვლა. პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები საჯარო სფეროში ძველბიჭური ინტონაციებით საუბრობენ და საქმეს არჩევენ. ტელევიზორიდან ყოველ დღე იხილავთ “მობლატავე” ე.წ. ცნობად სახეებს პოლიტიკიდან, ხელოვნებიდან, სპორტიდან თუ სხვა სფეროებიდან საჯარო სივრცისთვის შეუსაბამო მანერებით და ინტონაციით.
მოხდა ერთი შეხედვით უცნაური რამ. ქუჩურ-უბნური კულტურა მთავარ საზოგადოებრივ ინსტიტუტს – ეკლესიას შეერწყა. მათ ერთმანეთი შეითვისეს და ერთურთი “გაამდიდრეს”. თუმცა ეკლესიაზე საბჭოთა ხელისუფლების და
КГБ-ს გავლენებს თუ გავითვალისწინებთ უცნაური აქ არაფერია. სიმბიოზი ურთიერთმომგებიანი გამოდგა. ქუჩურმა კულტურამ ეკლესიისგან საკრალური ლეგიტიმაცია შეიძინა. ეკლესიამ კი დამცველად მრევლი და ძველი ბიჭებისგან შემდგარი ბანდ-ფორმირებები მიიღო. ეს სიმბიოზი მოქმედებაში ამა წლის 17 მაისს ვიხელეთ, როდესაც მოძველბიჭო პოლიტიკოსებს, სასულიერო პირებს და ათი ათასიან ნავარჯიშებ მრევლს პოლიციამ რამდენიმე ათეული ადამიანი საჯიჯგნად და ჩასაქოლად მიუგდო. სამწუხაროდ, არც სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის არის ამგვარი მენტალიტეტი უცხო და ეს ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა.
ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ერთის მხრივ მოკრიმინალო-მოძველბიჭო სამღვდელოება და მეორეს მხრივ მორწმუნე ძველი ბიჭების ამალა. ასეთ კომბინაციაში რელიგიამ ნამდვილობა დაკარგა და იდეოლოგიად იქცა. სწორედ ამგვარად იდეოლოგიზებული მასა ადგენს დღის წესრიგს ამ ქვეყანაში.
“ძალიან ხშირად ლაპარაკობენ მოსახლეობის უმცირესობის დაცვაზე, რომ უმცირესობას გააჩნია თავისი უფლებები, ძალიან იშვიათად ფიქრობს ვინმე, რომ უმრავლესობასაც უნდა დაცვა. უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში უფრო დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობა”, –
ეს სიტყვები პატრიარქმა ილია მეორემ ცოტა ხნის წინ ბრძანა. ბუნებაში არ არსებობს უმრავლესობის ან უმცირესობის უფლებები. არსებობს ადამიანის უფლება. სხვადასხვა ჯგუფებს სპეციალური უფლებები კი არა თანასწორობა სჭირდებათ. უთანასწორობა უსამართლობაა. უსამართლობა კი არასტაბილურობის, დაპირისპირებების, ქვეყნის დასუსტების და დანგრევის მიზეზია. ილია მეორეს ქადაგება სწორედ ზემოთნახსენებ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების გამოხატულებაა. ასეთი გამოსვლებით პატრიარქი სახელმწიფოს დანგრევას და დაშლას უწყობს ხელს.