გია მარიამიძის ბლოგი

“ეთიკური კოდი” მიხალკოვი და “გვაპიდარასტებენ”

“ეთიკური კოდი” მიხალკოვი და “გვაპიდარასტებენ”

აქედან სევასტოპოლამდე შორია, მაგრამ ამ ქალაქთან საერთო მაინც ბევრი გვაქვს. იქაური “ახალგაზრდობა” და ჩვენი მარად ნორჩი ინტელიგენცია ერთი და იგივე საკითხით – ევროპით და “პიდარასტებით” არიან შეწუხებული.

ჩვენებურებმა ევროპელ ჰამერბერგს კოლქტიური წერილის მეშვეობით სულ ქოქოლა აყარეს. თუმცა რუსულ-ქართული “ახალგაზრდობის” ანტიდასავლური წუხილების ისტორია გუშინ არ დაწყებულა. შორეული სსრკ-ს დროს რუსეთი დასავლეთს  კაპიტალიზმის პირობებში ადამიანისგან ადამიანის ჩაგვრის გამო საყვედურობდა. საბჭოთა სისტემამ კაპიტალიზმთან შეჯიბრს ვერ გაუძლო და ეკონომიკური მარცხის გარდაუვალობა აშკარა გახდა. რაკი მატერიალურ სფეროში არაფერი გამოვიდა, რუსულმა პროპაგანდამ ცეცხლი  სულიერების ფრონტზე გახსნა და შეიარაღებაში ახალი სიტყვა – “ბეზდუხოივნოსწ” აიღო. დასავლეთს სულიერების ნაკლებობასა და გარყვნილებაში ადანაშაულებდა. ამავე დროს თვითონ რუსეთი აბორტების, ადრეული ფეხმძიმობის, პროსტიტუციის, უპატრონოდ მიტოვებული ბავშვების, ალკოჰოლიზმის და ნარკომანის პროცენტული მაჩვენებლებით ევროპა-ამერიკას ბევრად უსწრებდა და ამჟამადაც უპირობო ლიდერია. 

 

უკვე  პუტინის დროში ე.წ. “ნარინჯისფერი რევოლუციებით” შეშინებულმა რუსეთის ხელისუფლებამ  შიდა   პროდასავლური ოპოზიციის წინააღმდგ სასწრაფო ზომები მიიღო. პროპაგანდისტულ ფრონტზე ბრძოლისთვის არსენალში  ამჯერადაც ბევრი არაფერი მოეპოვებოდათ. რუსული სახელმწიფოს პოლიტიკურ, სამართლებრივ, სოციალურ, ეკონომიკურ მომხიბვლელობაზე საუბარს აზრი არ აქვს. არავინ დაიჯერებს. დარჩა მორალი და სულიერება. ხელჩასაჭიდი თემები – გეიაღლუმები, ერთსქესიანი ქორწინებები და ბავშვების შვილად აყვანის უფლება. რუსულმა პროპაგანდამ ახალი მითების შექმნა დაიწყო. ჯერ თანამედროვე დასავლური კულტურა და პოლიტიკა მთლიანად ჰომოსექსუალობასთან გააიგივა. შემდეგ შიდა ოპოზიციასა და დასავლეთს შორის კავშირები აღმოაჩინა. რუსეთის ხელისუფლების მთავარი სამიზნე სწორედ საკუთარი პროდასავლური ოპოზიციაა. ჰომოსექსუალები ამ პოლიტიკურ ბრძოლაში უნებლიედ ისრისებიან. მსგავსი მოვლენები სტალინის მიერ წამოწყებული ანტისემიტური კამპანიის დროსაც ხდებოდა. იმ დროს სახელმწიფოსთვის საშიშ მტრებად “უჯიშო კოსმოპოლიტები” გამოცხადდნენ. კამპანიას ადამიანების დახვრეტა და რეპრესიები მოჰყვა. მიზანი მაშინაც და დღესაც ოპოზიციის განადგურებაა. პუტინმაც იგივე ხერხი გამოიყენა და რეჟიმის დამცველი პროპაგანდისტები ოპონენტებს ყოველ წამს რუსეთის „გაპიდარასტების“ მცდელობაში ადანაშაულებენ. 

 

თუმცა „პიდარასტებთან“ ბრძოლა მხოლოდ შიდა რუსული მოვლენა არ რის. რუსეთის პოლიტ-ტექნოლოგიები მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცზე ვრცელდება. იმპერიულმა პროპაგანდამ პროექტი “გვაპიდარასტებენ” ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც დანერგა. მიზანი ამ ქვეყნებში ანტიდასავლური განწყობების შექმნა იყო.როგორც ვხედავთ, საწადელს მიაღწიეს და ჰომოსექსუალობის საკითხი პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ნაწილში მთავარ სადისკუსიო საკითხად იქცა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ  რუსული იმპერიული პროპაგანდის ველში მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შანსის მქონე ქვეყნები მოექცნენ. ესენია – უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და ნაწლობრივ სომხეთიც. შუა აზიის რესპუბლიკებზე ეს გეგმა არ გავრცელდა. ასე ვთქათ, მათ არ “აპიდარასტებენ”. რა თქმა უნდა, ჰომოსექსუალები იქაც არიან, მაგრამ ამ ქვეყნებს რუსეთის ორბიტიდან გასვლის და დასავლეთთან დაახლოების შანსი არ აქვთ და იმპერიაც შესაბამისად რესურსებს ზოგავს. დუგინი ჩადის მოლდოვაში და უკრაინაში, შევჩენკო ჩამოდის საქართველოში და ორივე გეი საფრთხეზე საუბრობს. ყაზახეთში და ტაჯიკეთში ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს, მათ სხვა საფრთხეებით აშანტაჟებენ. 

 

მაგრამ შევჩენკო და დუგინი საქართველოში მოკავშირეების გარეშე ვერაფერს მოახერხებდნენ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მეხუთე კოლონის არსებობა ფაქტია. პოლიტიკოსების ნაწილი, წითელ ინტელიგენციად წოდებული ელიტა და ზოგიერთი სხვა ჯგუფები საკუთარ პოლიტიკურ ორიენტაციაში დიდი ხანია ჩამოყალიბდა. ეს ადამიანები საკუთარი  წარმატების და პრივილეგიების მოპოვება-შენარჩუნების წყაროდ რუსეთს მიიჩნევენ. ადგილობრივი ჰომოფობია რუსულზე გაცილებით ველური და პრიმიტიული გამოდგა. ეს ხალხი საკუთარ თავსაც და მოსახლეობასაც ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგიის არსებობაში აჯერებენ. თითქოს და ეს იდეოლოგია დასავლეთში ჩვენი გარყვნისთვის სპეციალურად შეიმუშავეს და თუ წინააღმდეგობა არ გავწიეთ ქართველი ერი მთლიანად „გაპიდარასტდება“.  დემაგოგები საზოგადოების ყველაზე ფაქიზ ნერვს ეხებიან, ჰომოსექსუალობას პედოფილიას უკავშირებენ და დისკუსიაში ბავშვების საკითხი შემოაქვთ. შემდეგ თემა ესქატოლოგიურ ჭრილში გადააქვთ და საყოველთაო „გაპიდარასტების“ შემდეგ ღვთისგან მოვლენილ სასჯელს და აპოკალიფსს წინასწარმეტყველებენ. 

 

„გაპიდარასტების“ საფრთხით შეშფოთებულ ადამიანებს თავისი არგუმენტები აქვთ (სხვა საქმეა ეს არგუმენტები რამდენად მყარია). დიალოგი რომ შედგეს, საკუთარი თავი  საპირისპირო მხარეს მყოფი ადამიანების ადგილას უნდა ჩააყენო და  მათი წუხილების გაგება სცადო. სრულიად გასაგებია, რომ ადამიანებს საკუთარი შვილების ბედი აღელვებთ. ხალხს  ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის არსებობა დააჯერეს და შთააგონეს, რომ მათ შვილებს და ზოგადად, ქვეყანას  საფრთხე ემუქრება. ჰომოსექსუალიზმის  საფრთხის შესახებ მითის გამომგონებლები ადამიანების გრძნობებით ცინიკურად და პრაგმატულად მანიპულირებენ. მაგრამ რაკი ეს ტალღა აგორდა და სექსუალური უმცირესობების საკითხი ლამის  ყოფნა-არყოფნის პრობლემად იქცა (ამავე უმცირესობის სურვილის გარეშე) ადრე თუ გვიან ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ძირითადი კითხვა ერთია. სექსუალური ორიენტაცია თანდაყოლილი ფენომენია თუ შეძენილი, ადამიანი ასეთად იბადება თუ რაღაცა მიზეზის გამო ხდება? ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის პოვნა შემდგომ დაპირისპირებებს მოხსნის. ადამიანები მთავარ საფრთხეს ჰომოსექსუალობის გავრცელებაში ხედავენ. სჯერათ, რომ თუ წინააღმდეგობა არ გაწიეს ჰომოსექსუალთა რიცხვი კატასტროფულად გაიზრდება. 

 

თუ ჰომოსექსუალობა თანდაყოლილია და ადამიანი ასეთად იბადება, ერის “გაპიდარასტებასთან’’ დაკავშირებით გაჩენილი შფოთვა უმიზეზო ყოფილა. ჰომოსექსუალები ყველაფრის მიუხედავად მაინც დაიბადებიან და საზოგადოებამ ამ მოვლენასთან თანაარსებობა უნდა ისწავლოს. თუ რაღაც საშუალებებით ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შეცვლა მართლაც არის შესაძლებელი, პრობლემა არსებითი ყოფილა და შფოთს მიზეზი აქვს. ჰომოსექსუალობის  თანდაყოლილ მოვლენად მიჩნევის სასარგებლოდ შემდეგი არგუმენტები არსებობს: 1 ცხოველებში გავრცელებული ჰომოსექსუალობა. ეს არგუმენტი ფაქტებით არის გამყარებული. სხვა და სხვა ჯიშის  ცხოველთა შორის გარკვეული პროცენტი ნამდვილად ჰომოსექსუალია. ცხოველები გეი აღლუმებს არ ატარებენ, არც გეი პროპაგანდა იციან რა არის  და შესაბამისად, მათ ჰომოსექსუალობას “გრანტიჭამია” “ენჯეოებს” ვერ დავაბრალებთ; 2  ერთსქესიან ოჯახებზე გაშვილებული ბავშვების შესწავლა. ზოგიერთ ქვეყნებში ერთსქესიანი წყვილები ბავშვებს საკმაო ხანია ზრდიან და მათზე მეცნიერული დაკვირვების შედეგებიც არსებობს.  თუ ჰომოსექსუალობა გადამდებია, თუ შთაგონებით, პროპაგანდით და ა.შ. სექსუალური ორიენტაცია იცვლება, ამისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი ერთსქესიანი ოჯახი იქნებოდა. ბავშვი ჰომოსექსუალ მშობლებს ყოველ დღე ხედავს  და ასეთ გარემოში ცხოვრება ფაქტობრივად მუდმივი “ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა”. მაგრამ ირკვევა, რომ ასეთ ოჯახებში გაზრდილი ბავშვები სხვა ბავშვებისგან არაფრით განსხვავდებიან. მათში ჰომოსექსუალობისკენ მიდრეკილების ალბათობა ისეთივეა, როგორც ტრადიციულ ოჯახებში. ჩემი აზრით, ეს ორი არგუმენტი დამაჯერებელია და მტყველებს იმაზე, რომ ჰომოსექსუალობა გადამდები არ არის. 

 

უნდა განვასხვაოთ ჰომოსექსუალობა და ჰომოსექსუალური პრაქტიკა. ჰომოსექსუალად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანი, რომელსაც საკუთარი სქესის მიმართ სექსუალური ლტოლვა აქვს. მაგრამ ასეთ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ჰომოსექსუალური პრაქტიკა. ის შინაგანად მაინც ჰომოსექსუალად დარჩება, მაგრამ თავშეკავების – ცელიბატის მეშვეობით სექსუალურ  აქტს არ ჩაიდენს. ეკლესია ზუსტად ასეთ გზას მიიჩნევს სწორად. ადამიანი, რომელიც თავის ბუნებას ებრძვის, ლოცულობს და გონებაში ფიქრად გავლებულს პერიოდულად ინანიებს. ესეც არჩევანია. ადამიანი თუ ამ გზას ირჩევს  ეს მისი ნებაა და ამის საშუალება უნდა ჰქონდეს (სხვა საქმეა ასეთი არჩევანი რა შედეგებს მოიტანს. საკუთარ სექსუალობასთან მუდმივი ბრძოლა ფსიქიკისთვის დამანგრეველია).  

 

მაგრამ შესაძლებელია ადამიანმა ეს გზა არ (ან ვერ) აირჩიოს. მას საკუთარ იდენტობაში გამორკვევის და სრულფასოვან  პიროვნებად ჩამოყალიბების საშუალება უნდა ჰქონდეს. ნორმალურ საზოგადოებაში ეს ორი გზა, ალტერნატივა, არჩევანი უნდა არსებობდეს. არჩევანში სექსუალური ორიენტაციის არჩევა არ იგულისხმება (ადამიანი მას არ ირჩევს) – მხოლოდ გზა. ქვეყანაში მიმდინარე დაპირისპირების მიზეზიც ეს არის. საზოგადოების დიდ ნაწილს ამ ორი გზის არსებობა არ უნდა და ადამიანს მხოლოდ ერთ გზას უტოვებს. 

 

არატოლერანტული გარემო ძალადობრივთან ერთად ამორალურიც არის. ადამიანები მუდმივად ერთმანეთს აკვირდებიან, ხმის ინტონაციაში და მანერებში “პიდარასტული” ნიშნების ამოცნობას ცდილობენ. საჯარო პირები ერთმანეთზე ჰომოსექსუალურ კომპრომატებს აგროვებენ. იქმნება ეჭვიანობის, ჭორაობის, ფარისევლობის, თვალთმაქცობის, ძალმომრეობის გარემო. ეს მდგომარეობა რომ შეიცვალოს, ადამიანს თავისი ორიენტაციის ღიად გამხელის  საშუალება უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს რომ გაბედოს, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო უნდა იყოს. განცხადებები, რომ მათ არავინ ერჩის და სახლში არ უვარდებიან, თვალთმაქცობაა. ამ ადამიანებს ორიენტაციის გამო ყოველდღიურად წინააღმდეგობა ხვდებათ ოჯახში, ქუჩაში, სასწავლებელში, სამსახურში. 

 

საჯარო დიკუსიების დროს ხშირად პრობლემა ტერმინების არასწორად გამოყენებაშია – ჰომოსექსუალობა ნორმაა, თუ ანომალია, ჯანმრთელობაა თუ ავადმყოფობა. მედიცინა ამ მოვლენას დაავადებად არ თვლის.  ნორმალური და არანორმალური კი ეთიკური ხასიათის შეფასებაა. ადამიანს უფლება აქვს ნებისმიერი მოვლენა სკუთარი გემოვნების მიხედვით შეაფასოს. მოვლენა კი ობიექტურად, ვინმეს სუბიექტური აღქმის გარეშე უნდა შეფასდეს. სწორი კითხვა კი ნორმალურობას კი არა ბუნებრიობას უნდა ეხებოდეს. ბუნებრივია ეს მოვლენა თუ არა? პასუხი მარტივია: არაბუნებრივი მოვლენა ბუნებაში ამდენ ხანს არ იარსებებდა. თავად მოვლენის არსებობის ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ბუნებრივია. ამის საპასუხოდ ისმის ხოლმე: პედოფილია ბუნებაში ასევე არსებობს და ესეც დავუშვათ? პედოფილია დასაშვებ ქცევად არასოდეს ჩაითვლება, რადგან ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობაა. სწორედ არაძალადობრივობა აძლევს ჰომოსექსუალობას ლეგალურად არსებობის უფლებას. ამ მოვლენის ეთიკურ-მორალური შეფასება კი პირადი გემოვნების საკითხია. პედოფილია შემთხვევით არ ვახსენე. ჰომოფობები ამ არგუმენტს ხშირად იყენებენ და ჰომოსექსუალობას პედოფილიასთან აკავშირებენ. არადა, სტატისტიკა სხვაზე მეტველებს. ყველა ჩადენილი და გამოძიებული კრიმინალური პედოფილური ფაქტიდან მოძალადეთა 92% ჰეტეროსექსუალი, ტრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა და არა ჰომოსექსუალი.

 

“რუსი დამიმონებს თუ ამერიკელი რა მნიშვნელობა აქვს? ისევ რუსი მირჩევნია ერთმორწმუნე  მაინც არის.” ბოლო ხანებში ეს სიტყვები საჯარო სივრცეში ხშირად ისმის. ზოგმა მართლა დაიჯერა, რომ დასავლეთი ბოლომდე გაირყვნა, ჩვენს გარყვნასაც აპირებს და სრული „გაპიდარასტებისგან“ მსოფლიოს მხოლოდ რუსეთიღა გადაარჩენს. ასევე ხშირად გაიგონებთ, რომ ევროპელებმა მატერიალური კეთილდღეობა შეიქმნეს, მაგრამ სულიერება დაკარგეს. ერთი სიტყვით რუსულმა იმპერიულმა პროპაგანდამ კარგად იმუშავა და მსგავსი სტერეოტიპების გავრცელება საქართველოშიც მოახერხა.

 

მატერიალურ კეთილდღეობას ვერ შექმნი თუ ეთიკური ფასეულობები წესრიგში არ გაქვს. ეკონომიკურ წარმატებას ვერ მიაღწევ თუ  ადამიანის სოცოცხლეს და ღირსებას, მის უნიკალურობასა და ნიჭს სათანადოდ არ აფასებ. დოვლათს სამართლიანად ვერ გადაანაწილებ თუ თანასწორობას მთავარ  ფასეულობად არ თვლი. სამართლიანი სასამართლო, სოციალური დაცვა, მიუკერძოებელი ინსტიტუციები ეთიკის შედეგია.  კორუფცია,  ნეპოტიზმი,  კლანურობა,  კანონის წინაშე უთანასწორობა, ჩინოვნიკების თავგასულობა, უსამართლობა ეთიკის არქონიდან მოდის. ამის მაგალითი რუსეთია. 

 

თუ  დასავლეთში არსებული მატერიალური და სამოქალაქო სიკეთეებით სარგებლობა გვინდა იქაური ფასეულობათა სისტემა უნდა მივიღოთ. საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ერთი ნაწილი ცალკე არ მუშაობს, ისევე როგორც ერთი ორგანო არ ფუნქციონირებს მთელი ორგანიზმის გარეშე. თანასწორობა ან ყველასთვისაა ან არავისთვის. თუ საზოგადოების ერთი ჯგუფი სეგრეგირდება უფლებრივი ზიანი სხვა ჯგუფებსაც მიადგებათ, მათ შორის იმ ჯგუფსაც, 17 მაისს რომ ადამიანებს ჩასაქოლად დასდევდა. 

 

სახელმწიფოს მთავარი კანონი – კონსტიტუცია ყველა ადამიანს თანასწორუფლებიანად მიიჩნევს, მიუხედავად მათი რასისა, ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. თანასწორობა ზოგადსაკაცობრიო ფასეულობა და საერთაშორისო სამართლის ნორმაა, მაგრამ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს რომ კონსტიტუციის ეს ნორმები მათ ზნეობრივ ფასეულობებს არ შეესაბამება. ეს ადამიანები მთელი ერის სახელით საუბრობენ და თავს ქართული “ეთიკური კოდის” დამცველებად აცხადებენ.                 

 

“ზნეობრივი ნორმა კანონზე მაღლა დგას” – მათ მიერ აჩემებულ ამ ლოზუნგში საკითხში გაურკვევლობა ვლინდება. “ეთიკური” კოდის” ცნების რუსული სივრციდან (კერძოდ, მიხალკოვის ტერმინოლოგიიდან) აქ გადმოტანაზე რომ არაფერი ვთქვათ, ზნეობრივი ნორმა კანონზე არც მაღლა, არც დაბლა და არც მის გვერდით არ დგას. ისინი სხვა და სხვა ფენომენებია. რაიმე ზნეობრივი ნორმა  შესაძლებელია ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი და ცხოვრების არსი იყოს.  მაგრამ უნდა მესმოდეს, რომ იგივე ზნეობრივი ნორმა სხვა ადამიანისთვის შეიძლება არაფერს ნიშნავდეს. ადამიანებს  ზნეობაზე განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს. კანონი ჩემი ან სხვა ადამიანის ზნეობასა და მორალზე სუბიექტურ წარმოდგენებს კი არა ჩვენს  შორის ურთიერთობებს უნდა არეგულირებდეს. ამ შემთხვევაში კანონი ზნეობის სუბიექტური აღქმისგან  ნეიტრალურია. კანონის დანიშნულება თითეული მოქალაქის მიმართ თანაბარი ზომით მოქმედებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. 

 

ნიკიტა მიხალკოვის ტერმინებით მოლაპარაკე ადამიანები ცივილიზაციის ამ ელემენტარულ პარადიგმას ვერ აცნობიერებენ და კანონის იდეის დისკრედიტაციას ცდილობენ. “რატომ უნდა დავემორჩილო 150 დეპუტატის დაწერილ კანონებს, რომელიც წარა-მარა იცვლება, ზნეობრივი კანონი კი მუდმივია”, – ასეთი მოსაზრება საჯარო სივრცეში ხშირად ისმის. რა თქმა უნდა ყოფითი ურთიერთობების რეგულაციებისთვის (მაგალითად, საგზაო წესების ან პარლამენტში ჩოხით გამოცხადების შესახებ) მიღებულ კანონებს საკრალური ბუნება არ აქვთ და მათი შეცვლა დღეგამოშვებით შეიძლება. მაგრამ საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ვინმეს სუბიექტურ მოსაზრებებზე კი არა ობიექტურ მოცემულობებზე ურყევ აპრიორებზეა დამყარებული. მათ დამკვიდრებას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დღევანდელი ცვილიზაცია მეორე მსოფლიო ომის, ნაციზმით და ფაშიზმით გამოწვეული მსხვერპლის შდეგად მიღებული მწარე გაკვეთილებიდან გამოტანილი დასკვნების შედეგია. ამ მონაპოვართან დაპირისპირება დროსთან  დაპირისპირებაა. 

 

ამა თუ იმ ტრადიციის ცუდ თუ კარგ მხარეებში გარკვევა ტრადიციონალისტური დისკურსის მეშვეობით შეუძლებელია.  ქართული ტრადიციის  უპირატესობაში ესკიმოსს ან პაპუასს ვერასოდეს დაარწმუნებ და პირიქით. ყველას თავისი ტრადიცია ურჩევნია. ტრადიციის ხარისხობრივი გააზრება მხოლოდ ცივილიზაციის გადმოსახედიდან არის შესაძლებელი. ვერასოდეს გაიგებს კანიბალი რატომ არის ადამიანის ხორცის ჭამა ცუდი ტრადიცია თუ მას სხვა ტრადიციის თვალსაზრისიდან დაუპირისპირდები. კანიბალიზმიც და ვეგეტარიანელობაც (ეს ორივე ტრადიციული მოვლენებია)  ტრადიციის თვალსაზრისით თანასწორი ფასეულობებია. საკუთარი წესის სისწორეში ორივე თანაბრად დარწმუნებულია და თავის საქციელს ორივე წინაპრების დატოვებული ადათით და კულტურით ამართლებს. კულტურულისგან განსხვავებით, ცივილიზაციური ნორმები მეცნიერულ ფაქტებს და ობიექტურ მოცემულობებს ემყარება. საქართველოში ბევრ რამეს ტრადიციით ამართლებენ. ქალის და კაცის უთანასწორობა, იერარქიულობა, სეგრეგაცია, მექრთამეობა, ნეპოტიზმი, კლანურობა, მუდმივად მამა-მარჩენალი ბელადის ძიება და ა.შ. ხშირად  ქართული მენტალიტეტით და ტრადიციით აიხსნება ხოლმე. სექსუალური უმციორესობების და ზოგადად ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენელის მეორეხარისხოვან ადამიანად მიჩნევაც ტრადიციაში გვაქვს. ასეთი “ზნეობრივი კოდი” ცივილიზაციასთან წინააღმდგობაში მოდის. შესაბამისად ამ ორიდან რომელიმე უნდა ავირჩიოთ. სიტყვიერად ცივილიზაციაზე უარის თქმა და ტრადიციების ერთგულებაზე ფიცი-მტკიცი იოლია. მაგრამ  კომპიუტერი, ზოგადად ტექნიკა, ევრორემონტი, კომფორტი, ჯიპები, მედიცინა და ა.შ.  ცივილიზაციის მონაპოვარია.. გამოდის რომ პატრიარქი გერმანიაში სამკურნაკლოდ არ უნდა დადიოდეს და საკუთარივე ნაკურთხი წყლით უნდა მკურნალობდეს.

 

ჰამერბერგის მიმართ გაგზავნილ წერილზე ხელმომწერებს ცხადი მიზნები ქონდათ. მათი მიზანი საქართველოს ცივილიზაციისგან ჩამოშორება და კვლავ რუსეთის იმპერიულ სივრცეში დაბრუნებაა. ანტიდასავლური პოლიტ-ტექნოლოგიური ხერხები მოსკოვში უკვე შექმნილია. ჩვენებური მანჯავიძე, მეჩითოვი, ამაშუკელი და სხვა ბატონები ამ  რუსულ ტექნოლოგიებს მზამზარეულს იღებენ და იყენებენ. როგორც კი საქართველოში რუსეთის მიმართ რაიმე ახალი წყენა გაჩნდება (ამჯერად ეს დვანში მავთულხლართების გავლების გამო იყო) სპეციალურად მომზადებული ადამიანები აუცილებლად შეგვახსენებენ, რომ დასავლეთი გარყვნილია და “გვაპიდარასტებენ”… თუმცა წერილის გამოქვეყნების შემდეგ გამართულ დისკუსიებს (კერძოდ, ტ.ვ. “კავკასიის’” ეთერში მოწყობილ დებატებს) ერთი კარგი შედეგიც ქონდა. საჯაროდ, პირდაპირ ეთერში “ზნეობრივი კოდის” დამცველებს და სტუდიაში წარმოდგენილ მათ ხმაურიან მხარდამჭერებს სექსულური უმცირესობის უფლებების დამცველთა მიმართ ღია აგრესიის გამოვლენისგან თავის შეკავება უწევდათ. იგივე ადამიანები ანონიმურობის შემთხვევაში სხვაგვარად მოიქცეოდნენ და ამ უმცირესობის მიმართ სხვა გამონათქვამებს გამოიყენებდნენ. ეს შემთხვევაც საჯაროობის სიკეთეზე მიგვანიშნებს. ზუსტად ამას უფრთხიან ჰომოფობები და სურთ ჰომოსექსუალობის თემა მუდმივად საზოგადოებრივი სივრცის ბნელ კუთხეში დარჩეს. იქ პრობლემის “ტაბურეტით” მოგვარება უფრო იოლია.