1. უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროპის ნაწილი საკუთარი ნება-სურვილით გახდებიან; 2. ევრაზიის კავშირში მათი ნების საწინააღმდეგოდ გააწევრიანებენ. შუალედური ვარიანტი და მესამე გზა არ არსებობს. რუსეთი მეზობელ სახელმწიფოებს დაუფარავად აშანტაჟებს და თავისუფალი არჩევანის საშუალებას არ აძლევს. მან უკრაინა განვითარების გზას დროებით, სომხეთი კი დიდი ხნით ჩამოაშორა. მოლდოვაზე ეკონომიკურ და სამხედრო ზეწოლას ანხორციელებს. საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულებაც ვიცით. რამდენიმე დღის წინ ერევანში ჩასულმა პუტინმა კი რუსეთი კავკასიის ბატონ-პატრონად გამოაცხადა.
ევროკავშირი და ევრაზიის კავშირი – ეს ორი სიტყვა მსგავსად ჟღერს, მაგრამ შინაარსი საპირისპირო აქვთ. ცხოვრების დონის, მოქალაქის სოციალურად დაცვით, ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების დაფასების მხრივ, რა თქმა უნდა, ევრაზიული კავშირი ევროკავშირთან დიდი ანგარიშით აგებს. თუმცა ამ ორ გაერთიანებას შორის სხვაობა უფრო ღრმაა და საკუთარი თავის შეცნობასთან, გააზრებასთან, ნამდვილობის მოპოვებასთან არის დაკავშირებული. კოლექტიური თუ ინდივიდუალური თვითგამორკვევა მხოლოდ თავისუფალ გარემოში არის შესაძლებელი. თუ საზოგადოებაში სხვა და სხვა იდეების ჭიდილი არ არის, მრავალფეროვნება და განსხვავებულობა არ არსებობს, საზოგადოების ერთი ჯგუფს ჭეშმარიტების ფლობაზე მონოპოლია აქვს მოპოვებული და დანარჩენებს მტრად აცხადებს, ავტორიტეტები კი უკრიტიკო ხდებიან, ასეთი საზოგადოება ძალიან მალე რეალობის აღქმას კარგავს და თავისსავე გამოგონილ მითიურ, ილუზორულ სამყაროში ცხოვრებას იწყებს. ქვეყანა მთლიანად ძილბურანში და კოლექტიურ თრობაში ეშვება, რაც ბოლოს აუცილებლად კატასტროფით და ტრაგედიით მთავრდება. მხოლოდ თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი საკუთარი თავი დაინახო ისეთი როგორიც სინამდვილეში ხარ. დაინახო კარგიც და ცუდიც, თუნდაც ეს ცუდი მხარე დასანახად არსასიამოვნო იყოს. მითების, ლეგენდების, პათეტიკის, ტყუილის მომთვრალო და ძილბურანის სამყაროდან თავის დაღწევა სხვაგვარად შეუძლებელია.
ევროპის კავშირი თავისუფალ ერთა და სახელმწიფოთა გაერთიანებაა. იქ უზარმაზარ გერმანიას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, პატარა სლოვენიას თუ კიდევ უფრო პატარა ლიხტენშტეინს თანაბარი უფლებები და საკუთარი ხმა აქვთ. იქ გაწევრიანებული ყველა ქვეყანა თავისუფალად მოქმედებს, გადაწყვეტილებას იღებს და ამ კავშირის ნებისმიერ დროს დატოვებაც შეუძლია. შესაბამისად, ევროპის ნაწილად ყოფნა საკუთარი ნამდვილობის, საკუთარი თავის უფლად ყოფნის შესაძლებლობაა.
რუსული ევრაზიული კავშირი ამ ყველაფრის ანტიპოდი, უარმყოფელი, სხვა მეორადი სამყაროა. ამ გაერთიანებაში გადაწყვეტილებებს ერთი ქვეყანა იღებს და ყველა დანარჩენი ეთანხმება. ხოლო ვინც არდათანხმებას გაბედავს, უმალვე მოხვდება ცხვირ-პირში სადამსჯელო მუშტი.
ევროკავშირი ყველა მისი წევრის საერთო საქმე, ერთობლივი პროექტია. ევრაზიული კავშირი რუსეთის ექსკლუზიური კუთვნილებაა, მისი მრავალსაუკუნოვანი მესიანისტური იმპერიის ხელახლა აღდგენის გეეგმა.
არათავისუფალ სახელმწიფოში თავისუფალი საზოგადოება ვერ დაიბადება. ასეთ ქვეყანაში შესაბამისი კულტურა, კოლექტიური ფსიქოლოგია ყალიბდება. არათავისუფალი საზოგადოება თავის მხრივ არათავისუფალ ადამიანს აყალიბებს. ასეთ პირობებში სპეციფიური თავისუფლების მოძულე ადამიანის ტიპი ყალიბდება. ასეთი ადამიანებისგან შემდგარ საზოგადოებას რეალობის აღქმის უნარი ეკარგება და ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს. მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.
ევრაზიული კავშირი სახელმწიფოთა შორის ბატონყმური ურთიერთობის და შედეგად არათავისუფალი საზოგადოებების გაერთიანებაა. რუსეთი მის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფოში თავისუფალი ადამიანების არსებობას ვერ შეეგუება რადგან ასეთები მის იმპერიულ მესიანიზმს არასოდეს ირწმუნებენ. ამ გაერთიანებაში შემსვლელ სახელმწიფოთა პოლიტიკურმა ელიტებმა ხელისუფლების სამუდამოდ შენარჩუნების მანიას საკუთარი ერების განვითარება ანაცვალეს და ალკოჰოლური თრობის, მძიმე ნარკოტიკით გამოთაყვანების, საღათას ძილში ჩავარდნის, ილუზიების, მითების სიყალბის და ფარისევლობის სამყაროში საცხოვრებლად გასწირეს. ასეთი იყო საბჭოთა კავშირი სადაც ბევრი ჩვენგანი ცხოვრობდა, დროს ატარებდა, ქეიფობდა, იაფ რესურსს მოიხმარდა და შეიძლება თავს კარგადაც გრძნობდა, მაგრამ ეს არსებობა არ იყო ნამდვილი. ჩვენ, საკუთარი ბედის განმსაზღვრელი, ყოფიერების მაკონსტრუირებელი, ისტორიის სუბიქტი არ ვიყავით. ჩვენი ენერგია საკუთარ თავზე მითების გამოგონებაში, ილუზიების თხზვაში, სუფრაზე სადღეგრძელოებით თავის ქებაში იხარჯებოდა. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ გადატანილი ყველა ტრაგედია, ომები, სიდუხჭირე, დაპირისპირებები, ტკივილები სწორედ ამ მოჯადოვებული მდგომარეობიდან რეალურ სამყაროში გადასვლის და განჯადოვების შედეგია. ეს პროცესი მტკივნეულია და ჯერ არ დასრულებულა.
ჩვენზეა დამოკიდებული რეალობას გავუძლებთ და გამოფხიზლებას გავაგრძელებთ თუ მოვდუნდებით, მოვეშვებით და ძილბურანს, არაფხიზელ მდგომარეობას დავუბრუნდებით. კრემლის ჯადოქრები უქმად დროს არ კარგავენ და შხამიან ყვავილებს ჩვენს მიწაზე უხვად თესავენ. ამ თესლისთვის ნოყიერი ნიადაგი ისევ ჩვენივე სისუსტეები და უგუნურებაა. ევროკავშირში ასოცირებული წევრობის თარიღის მოახლოვბასთან ერთად ჩვენში ევროპის გარყვნილობასა და რუსეთის ზნეობრიობაზე საუბრები მოიმატებს.
ის ყალბი და ილუზორული მძინარეთი, სადაც ქართველ ადამიანს ამყოფებენ, მიმზიდველი იმის გამოა, რომ იქ ყველაზე უკეთესები, მაგრები, ნიჭიერები, წმინდები, ღვთისგან რჩეულები ვართ. ამ სიზმრებში ყველა სხვა ჩვენთან შედარებით ნაკლულია, ჩვენ კი სამუდამო უპირატესობა გვაქვს მოპოვებული. ასეთი მდგომაეობა სასიამოვნოა და ამ სიამოვნების დაკარგვა ბევრს არ უნდა. ნარკოტიკმა და თრიაქმა მიჩვევა იცის, მაგრამ სიზმარში და ჰალუცინაციებში, რაც არ უნდა მაგარი იყო, რეალურ სამყაროში არაფერი ხარ – შენი არსებობაც კი არავინ იცის.
ცოტა ხნის წინ “კარენოი თბლისელებმა” თქვეს, რომ თბილისი სათუთი თემაა, თბილისელობის გენი არსებობს. აქ არ დაბადებული დედაქალაქის მერი არ უნდა იყოსო. მმკ-ს წარმომადგენელმა მღვდელმა გვამცნო, რომ ქართველი მუსლიმები ქართველები არ არიან, რადგან ჩვენი წინაპრები მუსლიმანებს ებრძოდნენო. ასევე, ცოტა ხნის წინ პატრიარქმა ბრძანა, რომ მეორედ მოსვლისას ქრისტე კაცობრიობას ქართულ ენაზე განიკითხავს. ამ დღებში კი იგივე მმკ-ს წარმომადგენლები ებრაული დღესასწაულის აღნიშვნისას თავისუფლების მოედანზე მივარდნენ და დებოში მოაწყვეს.
ეს ყველაფერი არაფხიზელი ცნობიერების გადმონაშთებია. არანაირი უპირატესობა და გენეტიკური აღმატებულობა თბილისელს არათბილისელზე (და პირიქით) არა აქვს. დედაქალაქის მერმა კი საქალაქო მეურნეობა უნდა მართოს და არა “გარადსკოი ჯიგარი”.
ქართველი ის არის, ვისაც საქართველო სამშობლოდ მიაჩნია და საკუთარ ბედს ამ ქვეყანას უკავშირებს. მუსლიმების გარდა ძველად ქართველები ქრისტიანებთანაც იბრძოდნენ და არც თუ იშვიათად ერთმანეთსაც არ ინდობდნენ. შუა საუკუნეები დიდი ხანია დასრულდა და დღეს “ბაში აჩუკის” “გიორგი სააკაძის” და სხვა ქართული ფილმების ნახვით მიღებული შთაბეჭდილებებით საუბარი სისულელეა. ისლამის მტრად წარმოჩენა და რეალური ერთმორწმუნე მტრის-რუსეთის ქება-დიდება მავნებლობაა. საქართველოსთვის ისტორიულადაც და ბოლო 20 წლის განმავლობაშიც არა ერთი მუსლიმი სარწმუნოების ადამიანი (ქართველიც და სხვა წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეც) იბრძოდა. ბოლო ათწლეულებში გადატანილ ომებს ბევრი მათგანი შეეწირა კიდეც და მათი არაქართველებად და არაპატრიოტებად მოხსენიება უმსგავსობაა.
ქრისტეს მოქართულეობაზე და მეორედ მოსვლის დროინდელ ლინგვისტურ სეპარატიზმზე კი საუბარიც არ ღირს. ეს აზრი იმდენად აბსურდული სიზმრის შინაარსიაა.
ყველა ებრაელის ქრისტეს შეურაცხყოფაში დადანაშაულება, ფაშისტების პოპულარული ხერხია და მმკ-ელებიც ამას აკეთებენ. 2000 წლის წინ მომხდრ ქრისტეს ჯვარცმაში 2600 წლის წინ საქართველოში დასახლებული ებრაელების დადანაშაულება გაუგონარი უგუნურებაა. ან რანაირად უნდა იყოს რაიმეში დამნაშავე ერი? დანაშაულს კონკრეტული ადამიანები სჩადიან. ყველა ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილი მოჯადოებული ცნობიერებით ცხოვრობს, მათი ფსიქიკა და შინაგანი სამყარო ზღაპრის ლოგიკით არის მოწყობილი. ისინი სიმბოლურ და რეალურ ფაქტებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ, ბუნებრივ მოვლენებს მისტიურ მნიშვნელობას ანიჭებენ, შეთქმულების თეორიების სჯერათ და ყველგან ჭინკები, მაჯლაჯუნები და სხვა ზღაპრული არსებები ელანდებათ. მათი რელიგიურობა პრიმიტიული მისტიციზმია, სადაც სიტყვას, რიტუალს და სიმბოლიკას ჯადოსნური ძალა აქვს. მათთვის “მამაო ჩვენო” იგივეა, რაც “სიმ სიმ გაიღე”- იტყვი და სასწაულიც მოხდება, ჯადოსნური წერიგის დარღვევა კი ბუნებრივ კატასტროფებს იწვევს, ფეხქვეშ მიწა შეინძრევა, ციდან გოგირდი და წურწუმი დაგვეპნევა, რადგან ღმერთი ბრაზიანი ჩაფარია. აქედან გამომდინარეობს შესაბამისი რეაქციაც: პრეზიდენტმა ებრაული სანთელი არ უნდა აანთოს, რადგან ერთადერთი ჭეშმარიტი სანთელი ჩვენია – ბავშვური შიში იმისა, ვაი თუ სხვისი საკრალური სიტყვა, რიტუალი და სიმბოლიკაც ჯადოსნური ძალის მქონე გამოდგეს და ჩვენსას აჯობოს. ასეთი გულუბრყვილობა, რა თქმა უნდა, მათ წინამძღოლებს არ ეხებათ, ისინი საკმაოდ ანგარიშიანები და ცინკურები არიან და ამ “მეზღაპრეობით” ცხოვრებას ზღაპრულად იწყობენ.
როგორც ზღაპრიდან ვიცით, მძინარე მზეთუნახავთან ლამაზი პრინცი ბოლოს მაინც მიდის და აღვიძებს. ზღაპარი “ჰეფი ენდით” მთავრდება. თუმცა რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი სხვანაირად მოხდეს და პრინცს ბოროტმა ჯადოქარმა აჯობოს. ეს ჯადოქრები რა თქმა უნდა თავისას არ მოიშლიან – ქართველ მუსლიმებს ლოცვას აუკრძალავენ, ებრაელებს სინაგოგის გარეთ გამოჩენას დაუშლიან, ჰომოსექსუალებს ტაბურეტით გამოეკიდებიან და ზოგადად ნებისმირ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს მტრად გამოაცხადებენ. მთელ საზოგადოებას აიძულებენ ეს ყველაფერი ნორმად ჩაითვალოს. ასეთ ქვეყანასთან კი ცივილიზებული სამყარო საქმეს არ დაიჭერს და დასავლეთი უბრალოდ დაგვემშვიდობება. მის ადგილას კი რუსეთი მოვა თავისი ევრაზიული კავშირით. თვითმარქვია ჯადოქრების მიზანიც ეს არის. იმედია, ეს ადამიანები საწადელს ვერ მიაღწევენ და ასე არ მოხდება.