რამდენიმე დღის განმავლობაში ორმოქმედებიანი
დადგმის, სახელად
New Dances PLUS: Edition 2013
(
„ახალ ცეკვებს პლუს: 2013 წლის გამოშვება“
)
, მეორე მოქმედებაში
პინას ქორეოგრაფიული „სტრავისნკის“ „გალა – გათამაშებამდე“, ჩემი აზრით, სწორედ
ბაუშის ლეგენდარული
არაორდინარული სტილით შთაგონებული და ყველა საბალეტო კონვენციის დამრღვევი სხვა „პროტესტანტი“ ქორეოგრაფების მსოფლიო პრემიერებიც მიმდინარეობდა: ტაკეჰირო უეიამას „ნაკამურაია“ (
XVIII
საუკუნის იაპონური თეატრის „კაბუკი“ ცნობილი მსახიობის სახელი), ბრაიან ბრუქსის „ნაკადი“ და დარელ გრანდ მოულტრის „სიმყარის თესლები“. სხვათა შორის, იმ დღეს პინა
ბაუშის „დასავლეთის ქარის“ ამერიკული პრემიერაც შედგა.
ამ დადგმის შესახებ მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ლოურენს როდესმა განაცხადა, რომ „ეს არის ძველისა და ახლის უნიკალური ნაზავი“.
როცა წინა დღეებში ნიუ იორკის “სითი ბალეტში” ჯორჯ ბალანჩინის „ბალანჩინის მცირე მოთხრობებს“ და „მაკნატუნას“ ნახავ, ხოლო
მეორე დღეს – პინა ბაუშის „სიგიჟეებს“ აჰყვები, როგორც იტყვიან, ასეთ შემთხვევაში, „კონტრასტულ შხაპს“ განსაკუთრებულად გრძნობ. ჯულიარდის მოცეკვავეები არასაბალეტო ფორმებში, საზაფხულო და ნახევრად სპორტულ ტანსაცმელში, ქალები და
კაცები ჩითის,
მაქსი ქვედაბოლოებში და აბრეშუმის ფერად მაისურებში, „სამოქალაქო“ ტანსაცმელში შემოსილნი
აკრობატიკა –ტანვარჯიშისა და წმინდა წყლის არტის ზღვარზე – სადაც მოცეკვავეები შიშველი ტერფებით დარბიან და … უსოლისტო ბალეტი ანდა მხოლოდ ხუთწუთიანი სოლისტთა წყვილი. პინაბაუშური სტილი, როცა ყველა მოცეკვავე მთავარია, ყოველგვარი იერარქიის გარეშე… და მთავარია თავად მოცეკვავის ფანტაზიაც,
რომელსაც პინა არასოდეს ახშობდა.
დროდადრო გგონია, რომ ასე ქუჩაშიც,
სახლშიც და სამსახურშიც იმოძრავებ, თუ… ელემენტარული რამ – საცეკვაო სივრცე გექნება. შეგიძლია იცეკვო და იმოძრაო ასევე, ანდა სხვაგვარად და არა მარტო იმიტომ, რომ შეიძლება შემთხვევით პარტერში მჯდომს თითქმის ზუსტად ისე გაცვია, როგორც სცენაზე მოძრავ ადამიანს, ანდა შორეულ ბავშვობაში თავად ცეკვავდი და დგამდი კიდეც; არამედ იმიტომაც, რომ ბავშვობაში სწორედ ამაზე ოცნებობდი და გაუბედავად ფიქრობდი, რომ მაია პლისეცკაიას, ალისია ალონსოს თუ ვახტანგ ჭაბუკიანის მოძრაობების გარდა კიდევ არსებობდა სხვაგვარი ბალეტი. და სწორედ ასეთად წარმოგედგინა ბალეტი. ანუ სხვაგვარად. ჰოდა, ზიხარ და ვერ გაგიგია, უნდა გიხაროდეს თუ გწყინდეს, რომ შენი ხატები, რომელსაც ასე ელოლიავებოდი, ცხვირწინ აგცანცლეს, ასე კარგად და მარტივად შეკრეს–შეფუთეს და მასზე ბილეთები გაყიდეს… ზიხარ და უსმენ/უყურებ თუ უყურებ/უსმენ ლუ რიდის „სრულყოფილი დღის“ თუ მაქს რიჩთერის მუსიკაზე დადგმულ საცეკვაო–სასიყვარულო–სევდიან–სახალისო ეპიზოდებს და იცი, რომ ჯერ კიდევ როდის იყავი დარწმუნებული, რომ ბალეტის ცეკვა სწორედ ასე შეიძლებოდა, „სინგლ–შლაგერებზეც“, კინოფილმების მუსიკაზე ანდა ყველანაირი მუსიკის ეკლექტიკურ შეხამებაზე და… არა მხოლოდ ფიგურული სრიალის დროს.
პინა ბაუშს არასოდეს მიუნიჭებია დიდი მნიშვნელობა „კლასიკური“ და „პოპულარული“ მუსიკის სხვაობისთვის. ერთია ვიმ ვენდერსის ფილმისგან („პინა“.2011) მიღებული შთაბეჭდილება, როცა პინას გახსენებაზე ჯუნ მიაკეს რიტმული და ძარღვიანი სტოკატოები გესმის; მეორე – პინას ცნობილი სიტყვები: „ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს თუ როგორ მოძრაობენ ადამიანები, მე მაინტერესებს რა ამოძრავებთ მათ“ და მესამე – როცა ეს ორდინარული არაორდინარული მოძრაობები შენს თვალწინაა, გესმის მსახიობების (მოცეკვავეების) სუნთქვა, მათი შეძახილები, გგონია, ახლა ლაპარაკს, მონოლოგებს და სიმღერასაც დაიწყებენ და თვალით ეძებ იმ მოცეკვავეს, რომელთანაც შენი თავის გაიგივება შეგიძლია.
სცენიდან კი საოცარი თავისუფლება იღვრება სხეულის ულიმიტო ემოციურობითა და გულუხვობით… და საკუთარ მეხსიერებში დაძვრები, რათა მსგავსი მოძებნო, სად გინახავს სულ პირველად თუნდაც ამგვარის მცირე ანალოგი, ქარაგმა და რატომღაც გონება „ვესტსაიდური ისტორიას“ გახსენებს. გგონია, რომ სკრუპულოზური სინქრონულობის მიუხედავად, აქ არანაირი ქორეოგრაფია არ მოქმედებს. ადამიანები უბრალოდ დარბიან, ეშინიათ, პანიკაში ვარდებიან, უყვართ, ენატრებათ, ჩხუბობენ, მარტოობისგან გოდებენ, ეხებიან ერთმანეთს; ერთმანეთს მიწაზე/იატაკზე მიათრევენ ან მიასრიალებენ და ხანდახან ინტუიციით უწყობენ ერთმანეთს ფეხებს, ხელებს, თითებს, მხრებს, თმებს… და ნანობ, რომ ხუთი თუ მეტი წლის წინათ სუბიექტურ – ობიექტური მიზეზების გამო ბრუკლინის სამუსიკო აკადემისთვის (BAM)
ვერ მოიცალე, რომ პინას თეატრის გასტროლებს დასწრებოდი, სადაც, ალბათ, თავადაც აუცილებლად იქნებოდა… არადა, იგი ამერიკის შტატებიდან მხოლოდ ნიუ იორკსა და კალიფორნიას სწყალობდა. ამ სოლიდურ ინსტიტუტთან პინას ოცდაათწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირდებდა და სწორედ
BAM-
შია დაცული ბაუშის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ყველაზე დიდი არქივი. ბუნებრივია, გერმანიის შემდეგ.
1958 წელს პინა ბაუში, რომელმაც გერმანიაში გრანტი მიიპოვა, ნიუ იორკში სასწავლებლად გაემგზავრა. ჯორჯ ბალანჩინის ქალაქში, სადაც კლასიკურ ბალეტს ეთაყვანებოდნენ. იგი სასწავლო კურსს ჯულიარდის სკოლაში გადიოდა და ახლა ამ „2013–ის გამოშვების“ პერფორმანსით ის თითქოს კვლავ დაუბრუნდა თავის ოკეანისგადაღმელ ალმა-მატერს, სადაც სასცენო ხელოვნებას ასწავლდნენ ენტონი ტიუდორი, ჟოზე ლიმონი, მარგრეტ კრასკი და სხვა არტისტები. ისინი, რომელთა გამო დიდი ვაშლის ქალაქი საბალეტო ხელოვნების მექად გადაიქცა. ერთწლიანი სწავლის დასრულების შემდეგ პინამ ნიუ იორკში დარჩენა მოინდომა, მაგრამ სახსრები არ ჰქონდა, ამიტომ ტიუდორმა მას მეტროპოლიტენ ოპერაში სამუშაო შესთავაზა.
ჯულიარდის სკოლამ „ახალ ცეკვებს პლუს: 2013 წლის გამოშვების“
Wind von West
–ი პინა ბაუშისა და სხვა გერმანული ფონდების ხელშეწყობით განახორციელა. დადგმაში ჯულიარდის სტუდენტების გარდა,
Folkwangschule
–ელებიც (ფოლკვანგის თანამედროვე ცეკვის ხელოვნებათა ინსტიტუტის უნივერსიტეტი) მონაწილეობდნენ. ეს პროექტი კი
ჯერ კიდევ 1970-იან წლებში პინასთან მომუშავე იმ სამი მოცეკვავის მენტორობის საშუალებით განახორციელა, რომლებმაც ქორეოგრაფია პინასგან ისწავლეს. სწორედ მათ შეარჩიეს ამერიკელი მოცეკვავეები. სტრავინსკის კანტატის პინასეულ ვერსიას კი რეკონსტრუქცია დასჭირდა და ამიტომ ორგანიზატორები იძულებული იყვნენ არქივში შემორჩენილი ვიდეომასალისგან არაერთი ეპიზოდი აღედგინათ. რაც შეეხება სხვა ქორეოგრაფების მონაწილეობას: თავად ეს პროექტი 2003 წელს ლოურენს როდესმა დააარსა, რომლის მიზანი გახლდათ თითოეული სასწავლო კლასისთვის ახალგაზრდა ჯულიარდელი და სხვა მოწვეული ქორეოგრაფების დადგმების განხორციელება. მაგალითად, ტაკეჰირო უეიამამ თავისი „ნაკამურაია“, ასე ვთქვათ, „პირველკლასელებთან“ დადგა, ბრაიან ბრუქსმა – „მეორეებთან“, დარელ გრანდ მოულტრიმ– „მესამეებთან“, ხოლო „დასავლეთის ქარის“ წარდგინებაში სწავლის ოთხწლიანი გამოცდილების მქონენი მონაწილოებდნენ, თუმცაღა არა მარტო ისინი.
მართა გრეჰემისა და ლესტერ ჰორტონის საბალეტო სკოლისგან განსხვავებით – პინა ბაუშის ქორეოგარფია ამერიკულ საცეკვაო სკოლებში, როგორც აუცილებელი „საგანი“, არ ისწავლება. ამის წონიანი მიზეზიც არსებობს. პინა თავის მოსწავლეებს იმპროვიზაციის უნარს უღვივებდა და სცენაზე მათ ინდივიდუალიზმს აქეზებდა, ასე რომ, მისი ერთი კონკრეტული სპექტაკლის ქორეოგრაფიის ერთადერთი „ვერსია“ არ არსებობს. იმპროვიზაციის მოტრფიალე – ის კი არა, თავის მოცეკვავეების თუ რაიმე არ მოწონდა – ამას უფრო მეტად სხეულის მოძრაობით თუ იგნორირებით აგრძნობინებდა, ვიდრე სიტყვით.
პრემიერის დღეს სტრავინსკის კანტატა „წმინდა გაზაფხულიდან“ ასევე ჯულიარდის მუსიკოსებმა შეასრულეს. ორკესტრისა და ვოკალური პარტიის შესრულების ფონზე ყველაზე ცხადად გრძნობ, რომ ლამის ცნობიერების გახლეჩვის ზღვარზე ხარ, რადგანაც ეს „ყოფა–ცხოვრებითი“ მოძრაობები გადახლართული ხელოვნებასთან შენი, შენ გვერდზე მსხდომისა და პინა ბაუშისაა, რომელიც თითქოს აქვე დარბაზში ზის და შეუძლია სიმღერაც, პიესის მოქმედი გმირის მონოლოგის წარმოთქმაც და ცეკვაც. სცენაზე კი ეს ენა და ხმა „უბრალოდ“ სხეულის დრამატულობის თანდაყოლილი ნიჭის თუ შეძენილი უნარ–ჩვევის გამო სულ სხვაგვარ სუბსტანციად გადაიქცევა.
„ვიცეკვოთ, ვიცეკვოთ – თორემ დავიკარგებით“ – ესეც პინა ბაუშის სიტყვებია…