გია მარიამიძის ბლოგი

წამგებიანი ლატარია

წამგებიანი ლატარია

თუმცა საქართველოში არის ერთი ლატარიის კომპანია, რომლის მოღვაწეობა ყველა კონკურენტს ჩრდილავს. ეს კომპანია არავის არ ჰგავს და თამაშის ორიგინალური წესებით გამოირჩევა. იღბლიანი მოგებულის პოვნა ჭირს, მაგრამ ვერც წაგებით უკმაყოფილოს იპოვით. გათამაშებული პრიზების სახეობა და რაოდენობა გაურკვეველია. ეს შემოსავლიანი კომპანია კი სახელმწიფოს გადასახადებს არ უხდის. ამის მიუხედავად თამაშის მსურველი ბევრია და ბიზნესი ყვავის. კომპანიის  წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ ის  ადამიანებს მთავარ პრიზად მარადიულ არსებობას პირდება. ამაზე მნიშვნელოვანი ადამიანს რა უნდა გინდოდეს? ამქვეყნიური სასრული არსებობის შემდეგ მარადისობაში სულის ცხონება გრანდიოზული პრიზია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიისგან გაცემული პრიზი და დანაპირების შესრულება ჯერ თვალით არავის უნახავს (იმ ქვეყნიდან ჯერ არავინ დაბრუნებულა), გათამაშებას მუშტარი არ აკლდება. 

ამ გრანდიოზული მეტაფიზიკური პრიზის გარდა, ფირმა ფიზიკური-მატერიალური სახის პრიზებსაც  ათამაშებს: ავადმყოფობის განკურნება, შვილის უმაღლესში მოწყობა, პირად ცხოვრებაში წარმატებები და აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნებაც კი.  

 

ამ  კომპანიის სახელწოდება საპატრიარქოა. საპატრიარქომ მოახერხა და ქვეყანაში ყველაზე მომგებიანი კომპანია შექმნა. გათამაშების მონაწილე ადამიანისთვის “მომგებიანი ბილეთი” სურვილების ასრულებაა. ლატარიის გამთამაშებელი კომპანია კი მრევლს სურვილების ასრულებას სასწაულების მოხდენის გზით პირდება. 

 

ე.წ. სასწაულის ფენომენი თავისი არსით შეუცნობადი მოვლენაა. ის თავის თავში ყოველთვის ბუნდოვანებას შეიცავს. მისი ვერიფიკაცია-გადამოწმება შეუძლებელია. ყოფა-ცხოვრებაში მომხდარ უჩვეულო მოვლენებს, ნიშნების და ფაქტების შემთხვევით დამთხვევას, იღბლიანობას, განსაცდელიდან თუ უბედური შემთხვევიდან უვნებლად გამოსვლას, ერთი შეხედვით შეუძლებელის მიღწევას, მომავლის განჭვრეტას, რეალური ფაქტების მითოლოგიზებას თუ თავისებურად ინტერპრეტირებას და სხვა ამგვარ მოვლენებს ადამიანები სასწაულს არქმევენ ხოლმე. ბუნდოვანების გამო შეუძლებელია დადგინდეს ამა თუ იმ მოვლენაში მართლაც ზებუნებრივი ძალების ხელი ურევია თუ ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ბრალია. ბუნდოვანების ან ჩვენივე შეზღუდულობის გამო ადამიანები მოვლენებს ლოგიკის კანონებით ვერ ვხსნით და მომხდარს ღვთის ნებას მივაწერთ. ამგვარი ყოფითი ე.წ. სასწაულები ჩვენი გონებისთვის ყოველთვის მოუხელთებელია და მისი არსებობა არარსებობის დადგენა შეუძლებელი ხდება.

 

მაგრამ სულ სხვაა ეკლესიური “სასწაულები”. ეკლესია ყოფითისგან განსხვავებით ყოველთვის მოსახელთებელი, ადვილად შესამჩნევი, ფიქსირებადი “სასწაულების” პრეზენტაციას ახდენს. მირონმდენი, ხელთუქმნელი, სწრაფშემსმენი ხატები, მკურნავი ნაკურთხი წყალი, ზეთი და მიწა წმინდანის საფლავიდან, უხრწნელი გვამები, აღგომის დღესასწაულზე გეგმიური ცეცხლის გადმოსვლა და ა.შ. ეს სასწაულები მრევლზე მაგიურ ზემოქმედებას ახდენს და მასებში რელიგურ ექსტაზს იწვევს. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს სასწაულები მაინც საშუალებაა და საბოლოო მიზნამდე შუალედური რგოლის ფუნქციას ასრულებენ. სასწაულის საკუთარი თვალით ნახვის სურვილი ბუნებრივი და გასაგებია – ის ღმერთის არსებობის დამადასტურებელი ფაქტია. ღმერთისთვის საკუთარი პრობლემების მოგვარების თხოვნა კი შემდგომი ეტაპი და დამატებითი ბონუსი. 

 

უამრავი გეგმიური თუ სპონტანური “სასწაულებით” ეკლესია სინამდვილეში ამ ფენომენის დამიწებას და დემისტიფიცირებას ახდენს. სასწაული იმდენად ყოველდღიურ რუტინად იქცა, რომ იდუმალებაც კი დაკარგა. სასწაულები გეგმიურად, რეგულარულად და გეგმაზომიერად ქარხნული წესით იწარმოება. ის მომსახურების,  სერვისის სფეროდ იქცა. შეგიძლიათ სასწაულის მატარებელი სუბსტრატი შეუკვეთოთ და მოგემსახურებიან:  კურთხევას მოგცემენ, სასწაულმოქმედ ზეთს მოგყიდიან, ხატიდან გამოდენილ მირონს გაცხებენ და სურვილის შემთხვევაში თქვენში ჩასახულ ეშმაკსაც კი განდევნიან. ეკლესიაში ფაქტობრივად სხვადასხვა სპეციალიზაციის დიპლომირებული ჯადოქრები მუშაობენ. ჯადოქრები შედეგზე გარანტიას არ იძლევიან და თუ ვერ განიკურნეთ, ჩათქმული სურვილი არ აგიხდათ, უნივერსიტეტში ვერ ჩაირიცხეთ, ნაკურთხი ბურთით საფეხბურთო ნაკრებმა თამაში ვერ მოიგო, ერთი სიტყვით თუ ლატარიის ბილეთი მომგებიანი არ გამოდგა, კომპანია აქაც მაგიას მოიშველიებს და ყველაფერს მისტიკით ახსნის. “თუ რწმენით მოითხოვ, მოგეცემაო” – მას ყველაფერზე უნივერსალური პაუხი აქვს. რაკი არ მოგეცათ და ბილეთი არაფერში გამოგადგათ თქვენი ბრალი ყოფილა -საკმარისი რწმენა არ აღმოგაჩნდათ. რწმენის ქონაში, როგორც წესი, საეკლესიო რიტუალების ზედმიწევნით დაცვა იგულისხება. მეტი უნდა ეზიაროთ, მეტი ილოცოთ, მოძღვრისგან მეტი კურთხევა მიიღოთ, მეტი სანთელი დაანთოთ, მეტჯერ ჩააბაროთ აღსარება და შემდეგ ჯერზე ლატარიის ბილეთი გაგიმართლებთ. ამის შემდეგ ყველაფერი ისევ ახლიდან იწყება და მომდევნო წრეზე მიდიხართ. 

 

ლატარიის კომპანია ჟანრის კანონების თანახმად დრო და დრო ჯეკპოტსაც ათამაშებს. უფრო დიდი სასწაულის ძალის მქონე ბილეთის გათამაშება მოგების უფრო დიდი ალბათობით. ასეთ  მომგებიან ბილეთად ბერი გაბრიელის საფლავი გადააქციეს. თუ სხვა შემთხვევაში არ გაგიმართლებდა, მცხეთაში უნდა წასულიყავი, იქ მოგების მეტი შანსი იყო. ბერი გაბრიელის საფლავი ფაქტობრივად დღევანდელი ეკლესიურობის კოცენტრაციად და სახედ იქცა. ამ დღეებში მისი საფლავი გახსნეს. მიუხედავად იმისა, რომ არა ერთმა სასულიერო პირმა გვამის უხრწნელობა უარყო

მრევლის დიდ ნაწილს მაინც სჯერა, რომ წმინდანის გვამი უხრწნელია. გაბრიელს რომ არ ეცოცხლა, სულ რომ არც დაბადებულიყო, მას მაინც მოიგონებდნენ. აქ და დღეს თვითონ გაბრიელის იდეაა მთავარი და არა ამ სახელის და გვარის ადამიანი. ბიბლიური ისტორიები  ნაწერი ტექსტია, იქ აღწერილი სასწაულმომქმედი პერსონაჟები კი დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ. ადამიანებს თავისივე ეპოქაში რაიმე ხელჩასაჭიდი სჭირდებათ. ის, ვინც სულ ახლახანს ცხოვრობდა, სასწაულებს ჩადიოდა, რასთანაც მიახლოება და ხელით შეხებაა შესაძლებელი.

 

თანამედროვე ქართული რელიგიურობა ქრისტიანობას მთლიანად მოწყდა და პირველყოფილი რელიგიური ფორმების – ტოტემიზმი, ანიმიზმი, შამნიზმის და ა.შ. სახე მიიღო. სასულიერო პირი, საკულტო ნივთი, ბერი გაბრიელის საფლავი ადამიანებისთვის ამქვეყნიური მატერიალური სამყაროდან იმქვეყნიურ სამყაროსთან და უშუალოდ ღმერთთან დამაკავშირებელ ჯადოსნურ პორტალად იქცა. გარკვეული რიტუალების, მაგიური სიტყვების, ნივთებთან შეხების თუ ბერი გაბრიელის საფლავთან დაჩოქების შედეგად ზეციურ ძალებს უკავშირდები და ღმერთამდე ხმას აწვდენ. სალოცავებში პირუტყვის დაკვლით და მსხვერპლშეწირვით ღმერთთან აღებ-მიცემობრივ კავშირს ამყარებ – შენ საკლავი, მე სურვილის ასრულება. 

 

სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს არავინ იცის. შესაძლებელია მრევლმა ამ წრეებზე უსასრულოდ იტრიალოს. ლატარიის ბილეთის ყიდვიდან (სურვილის ჩათქმიან) სურვილის ვერასრულებამდე (იმის გამო, რომ საკმარისი რწმენა არ ჰქონია). შემდეგ ისევ ლოცვების გაძლიერება, ისევ ახალი ბილეთის შეძენა (სურვილის ჩათქმა) და მოგების მოლოდინი. შესაძლებელია ერთხელაც მრევლს ამ მოჯადოებულ წრეზე სიარული მობეზრდეს და ლატარიის კომპანიის მესვეურთაგან დანაპირების შესრულება მოითხოვონ. სასწაულების ქარხნულ-კონვეირული წესით მწარმოებელ ფირმას ერთ მშვენიერ დღესაც შეიძლება ბლომად ხალხი მიადგეს და ნაყიდი ბილეთების დაუყოვნებლივ განაღდება მოსთხოვოს. თუ ასე მოხდა სასწაულებით მოვაჭრეებს ხალხის სამართლიანი რისხვისგან როგორც იტყვიან ხოლმე: მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს.

 

მე კი ჩვეეულევრივი ლატარიის ბილეთსსაც აღარ ვყიდულობ.