მაშინ, როცა საქართველოს რეგიონები ერთმანეთს დაშორებოდნენ, პირველმა ქართულმა ცხრაკაციანმა თეატრალურმა დასმა, სრულიად უსახსროდ, იგასტროლა და შექმნა საქართველოს ახალი კულტურული გზა. ეს იყო ხელოვნება ხალხისათვის, რომელიც დამოუკიდებლობის საძირკველს უყრიდა ჯერ კიდევ შეუმდგარ სახელმწიფოს. იპოვნიდნენ დარბაზს, მოქალაქეებთან ერთად ააშენებდნენ სცენას, დახატავდნენ აფიშებს და იმართებოდა ერთი დიდი გულის გასახარი რამ.
მერე 1918 წელს იყო, რომ საქართველო გათავისუფლდა რუსეთისგან და იქიდან სამ წელიწადში კვლავ დავკარგეთ ნანატრი დამოუკიდებელი სახელმწიფო. შემდეგ საბჭოთა კავშირიც დაიშალა და კვლავ გვეღირსა ერთიანი საქართველო, რომლის ნაწილიც სულ მალე ისევ დაიპყრო რუსეთმა და ახლა უკვე აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. მოვიდა 2008 წელი და დავკარგეთ სამხრეთ ოსეთიც. და მართალია, პოლიტიკური მეხსიერებით დიდად ვერ ვიამაყებთ, მაგრამ თუ არ ვიმუშავებთ მის შეძენაზე, არც არასდროს გვექნება. საინტერესო იქნება გავიხსენოთ, სად იყო ამ დროს ქართული კულტურა, ანუ – „პერესტროიკიდან“ დღემდე.
საბჭოთა არტისტის ტიტულით მოამაყენი წამსვე მოსკოვს გაეშურნენ და იქ აიწყეს ბიზნესი თუ საესტრადო კარიერა. 90-იანებში აქ ყინავდა, ხელოვანს კი მათი გადმოსახედით სადარდებელი არ უნდა ჰქონდეს, თორემ კულტურას ვეღარ მოემსახურება. ბევრი არტისტი თბილისშიც დარჩა, მაგრამ საიუბილეო საღამოებს მოსკოვში უხდიდნენ. ბინებსაც სჩუქნიდნენ არბატზე, ამას კი ლოჯში შეყუჟული ქართველები ტელევიზორით ვისმენდით რომელიმე გადაცემით, სადაც ხელოვანნი გულის ნადებს გვანდობდნენ. თუ ქართველ მსახიობს მოსკოვში პირადად რუსეთის პრეზიდენტი მიულოცავდა დაბადების დღეს, ამაზე მთლად ექსტაზში ვარდებოდა მთელი ერი და მომდევნო რამდენიმე დღე ქვეყანა იუბილარისთვის გადაცემულ საჩუქრებზე ჰყვებოდა. მერე ვიღაცები იგონებდნენ კიდეც, არა, მარტო ეგ კი არა, ორი ჯიპიც აჩუქესო, ერთით თბილისში დადის და მეორე მოსკოვში უყენიაო. ეს იყო ეპიკური კონფორმიზმი. არგუმენტირებულად არავინ არავის აკრიტიკებდა, მხოლოდ ჭორავდნენ. ჭორებზე კი გიჟდებიან ბომონდის წევრები. თუმც ეს ჭორი არ იყო, ერთხელ ქართველ მომღერალს, არ მახსოვს მოსკოვის მერიამ, თუ რუსეთის მთავრობამ (ან რა მნიშვნელობა აქვს?), სახის პლასტიკური ოპერაციაც კი დაუფინანსა. ამაზე თვეზე მეტ ხანს ჭორაობდა თბილისი. იყო ასევე „წვრილფეხა“ ელიტა, რომელსაც კრემლის სცენაზე ვერა, მაგრამ ყველა მოსკოვურ კლუბსა თუ რესტორანში აფიშები ჰქონდა გამოკრული. შემდეგ, როცა თბილისში პურის რიგები აღარ იყო, ამ „წვრილფეხა“ ელიტამ თბილისში გადმოინაცვლა. ქვეყანა ახალ საუკუნეში გადადის და ესენი ერთმანეთში არკვევენ ვინ რა უბნელია და ჰქმნიან „სვეტი“ (და არა „სვეცკი“, ეს ტერმინი შემდგომ პერიოდში მკვიდრდება) ქალაქელების საზოგადოებას. ისინი ვინც მხედრიონის რიგებში იწერებოდნენ, ახლა ფილარმონიაში „ქალაქურებს“ მღერიან. უმეგობრდებიან, უნათესავდებიან, ნათელმირონულ კავშირს აბამენ მმართველ პოლიტიკურ ელიტასთან და იწყებენ ჰარმონიულ ცხოვრებას, კორუმპირებული მთავრობის კარზე. არ დაგვავიწყდეს, ამ დროს საბჭოთა არტისტები კვლავ მოსკოვში არიან და არ ჩქარობენ დაბრუნებას. აქაური სახელოვნებო წრე, ერთად აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის დაბადების დღეს, ორთაჭალის ბაღებში. ერთად მონაწილეობენ საარჩევნო რეკლამებში, კლიპებში. საქართველო მათია! გვიხაროდეს!
მოხდა ვარდების რევოლუცია, და ჰოი, რომ მავანთ გაახსენდათ რა ცუდ ყოფაში იყვნენ ქართველნი. ორთაჭალის ბაღის მოტრფიალენთ, ახალი გემი მოადგათ. და რა თქმა უნდა ამ ახალი გემის კაპიტანსაც სჭირდება ეს დასი, რადგან ეკიპაჟი მოიწყენს მხიარულების გარეშე… არ მინდა გამომრჩეს „არტ-იმედი“. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური კულტურული კავშირი, ბოლო ორი საუკუნის ისტორიაში. ხელოვანნი მილიონერის კარზე! კარზე! ქართველმა ებრაელმა იკისრა ქართული კულტურის აღორძინება და შექმნა ეს კავშირი. დღემდე ცრემლი აწვებათ მომღერლებს, როცა ახსენდებათ ის დროება… მათთვის ასე ხელშესახები და ქართველთათვის ასე მითოლოგიური – გივიას დუქანი… ნინიას ბაღი…
ვერ კვება ახალმა ხელისუფალმა საკმარისად (საკმარისად ხელოვანთა საზომებით) შემოქმედთა ეს ტალღა, და ნაწილი გაემიჯნა ბოროტების მანქანას, და ვინც გაემიჯნა ის ვეღარ მოხვდა იმ გემზე, რომლიდანაც გამარჯობა უთხრეს აფხაზეთს ჩვენი. ამ დროს ჩნდება და მკვიდრდება „სვეცკთა“ კავშირი. მათ აქვთ საკუთარი კონცერტები, სატელევიზიო შოუები, რესტორნები, კლუბები და ყველაზე მთავარი, „ლაუნჯი“. სახელმწიფოსგან საჩუქრებს ესენიც იღებენ. ეს ერთერთი გადამწყვეტი ფაზაა ბედკრულ კულტურულ ისტორიაში. ანუ „წვრილფეხა“ ელიტა, უკვე გაუტოლდა (და ზოგმა გადაუსწრო კიდეც) იმ ქართველ არტისტებს, რომელიც ჯერ კიდევ მოსკოვში არიან. ჩამოსვლა უნდათ, მაგრამ რა ქნან?… ასე ერთბაშად თავს ვერ დაიწვავენ. მაგათ ბედზე „აგვისტოს ომი“ დაემთხვა და მათაც საპროტესტო ნოტაზე დაასრულეს მოღვაწეობა რუსეთის კარზე. და ამ დროს ქვეყნის ბნელ კუნჭულებში იზრდებოდა ახალი, ნონკონფორმისტთა პლეადა. ახალგაზრდა მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, არტისტები. მაგრამ გზა მათი ტრაგიკული აღომჩნდა. ტრაგიკული ეს კულტურული გადმოსახედიდან, თორემ ბევრი დღესაც ვერ ხვდება სადაა. იყო „არტ-იმედი“ და გაჩნდა „ტაბულა Art“. კულტურული სასათბურეები, სადაც ბიჭები და გოგონები იქნებიან ერთად, წინააღმდეგნი დოგმებისა, სტერეოტიპებისა და ჯიპიანი მამაოებისა.
და მოვიდა ახალი საპარლამენტო არჩევნების დროც, და წინაპართა გამოცდილების გათვალისწინებით, (აი, იმ წინაპრების, მოსკოვიდან რომ დაუგვიანდათ ჩამოსვლა) „ნონკონფორმისტებმა“ ოპოზიციაში გადაინაცვლეს და შეჰქმნეს თქმულება სისტემაზე, სისტემაზე, რომელიც უნდა დაინგრეს! როგორ უეცრად ამოხეთქა შეუპოვარმა ქართულმა სულმა!..
ხელოვნება მართავსო და ნონკონფორმიზმი დაისადგურებს პრეზიდენტის სასახლეშიო. თავშივე მაგარი აცდენაა ამ ფრაზასა და მის შინაარსს შორის, მაგრამ ამაზე ნუ გავეკიდებით საქართველოს მთავარსარდლის კონსულტანტს. და საერთოდაც, სულ რომ ვიღაცის ფრაზებს დავსდევთ, ამიტომ მივედით იქამდე, რასაც ნონკონფორმიზმი ეწოდება პრეზიდენტის სასახლეში. როცა ერთნი, აწ უკვე წასული მთავრობის მოტრფიალენი ამრეზით შეჰყურებენ თანამედროვე ხელოვნების გამოფენას პრეზიდენტის სასახლეში. იქ, სადაც მათ ერგუნათ მედლები ღირსებისა, სასახლეში, სადაც პატიჟებდნენ წვეულებებზე და სასახლეში, სადაც პატიჟი იყო „სვეცკობა“. ახლა კი ყოველი მმართველის მაამებლნი, თურმე პრეზიდენტის ინსტიტუტის და მისი სასახლის, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს – გადარჩენას ლამობენ. და ითხოვენ სასახლეს ბატონი გიორგისთვის, სადაც მათ ახალი პრეზიდენტი მომავალში დააჯილდოვებს; ჩვენ, მოკვდავნი კი დავინახავთ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი მყარია და არც სასახლე ჩავარდნიათ ვანდალთ.
სანამ სააკაშვილი – სასახლეს და ივანიშვილი პრემიერობას დატოვებდა, ასეთი გეოგრაფიული სურათი იყო: გაღმით და გამოღმით ორი სასახლე იდგა, ორივეში სახელმწიფოს მეთაურები ცხოვრობდნენ, ქვემოთ კი უსახლკარო ხალხი დაძრწოდა. ბანალურია თუ არა, სურათი ასეთია, ხედვა – ათასნაირი.
დღეს, როცა საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები, ფირუზით მოჭედილი ცის ქვეშ სამათხოვროდ ლუკმას დაეძებენ, პოლიტიკური და სახელოვნებო ელიტა განიხილავს თემას: ვის ეკუთვნის პრეზიდენტის სასახლე? ხალხის არჩეულ პრეზიდენტს, თუ „უკომპრომისო, ნონკონფორმისტულ არტს“?
იცით, ცოტა მეტი რომ შემეძლოს, ერთ ცოცხალ ექსპონანტს მეც წარვადგენდი, ოღონდ გარეთ, პრეზიდენტის სასახლის ჭიშკართან. 12 წლის გოგონას, დავსვამდი იქვე, ტროტუარზე, დაუბანელს, ისეთი სუნით, რომ არ მოგვწონს და თავს ვარიდებთ ხოლმე, ტანზეც შემოვაფლეთდი, რომ შესციებოდა და სარეცხი მანქანის ყუთსაც დავუდებდი გვერდით, ნახვრეტებიანს, ღამით რომ ცის ქვეშ არ დაეძინა. და მთავარი, მოსაწვევი არ ექნებოდა თქვენი გამოფენის გახსნაზე. ეს იქნებოდა ჩემი ხელოვნება ხალხისთვის. უმოსაწვევოდ.
დიახ, დემოკრატია კულტურის საკითხია და არა პოლიტიკის. ჩვენში კი კულტურა ჩამოყალიბდა ისე, რომ პოლიტიკოსებს მივანდეთ ყველაფერი და განზე გავდექით. აბა, პოლიტიკა რა ხალხის საქმეაო… და ჩვენი საქმე თუ არაა, ამიტომაც ვიმკით იმას, რომ ჩვენს გარეშე წყვეტენ, ჩვენს აშენებულ სასახლეში პრეზიდენტი შევა, თუ – ნონკონფორმისტი, რომლის ნამუშევრის გამოფენის გახსნაზე, მოსაწვევი კვლავ მხოლოდ ელიტას დაურიგდება. და განა, ასეთი სისტემის გამო არ ჩიოდნენ ის ბიჭები და გოგონები, სისტემა უნდა დაინგრესო?! და აღმოჩნდა ისე, რომ არც მათთვის ჰქონია მნიშვნელობა, ორთაჭალის ბაღებს მოიგასტროლებენ, თუ – პრეზიდენტის „ვადაგასულ“ სასახლეს.