თინის (ვნებიანი) სამზარეულო

Soupe aux brocolis / ბროკოლის სუპი, უმარტივესი

14.03.2014 | 3918 |
Soupe aux brocolis / ბროკოლის სუპი, უმარტივესი

მასალად:

ბროკოლი

წყალი

მარილი

 

აადუღე მარილიანი წყალი. იქეთ ბროკოლს დააჭერი უხეში ფეხები.რომ ადუღდება, ბოსტნეული ჩაყარე თუხთუხა წყალში და მოხარშე. “მოხარშე”-ში “ჩახარშე” და “ჩაფუფქე” არ იგულისხმება, პატივისცემის ამბავში. დაახლოებით 8 წუთში იხარშება. ამასობაში, ჯამში ჩაყარე ბლომად ყინული და დაასხი წყალი. ეს ეტაპი შეგიძლია გამოტოვო, მაგრამ ამ ტექნიკით ნებისმიერ მწვანე ბოსტნეულს ხასხასა ფერი უნარჩუნდება, ოხრახუშსაც კი და გასწავლი გზად. რომ მოიხარშება,( ოდნავ ხრაშუნა უნდა დარჩეს) ამოიღე თითო თითოდ და ყინულიან წყალში ჩაუშვი. ასე ფერი ფიქსირდება. იცოდე მაინც – მწვანე ლობიო, ბროკოლი, ისპანახი – რაც მწვანეა ამგვარად შეგიძლია მოამზადო და გასაფორმებლად ლამაზია. მოკლედ, მარილიანი წყარი თავლზომით დატოვე, რა კონსისტენციის სუპიც გიყვარს იმის მიხედვით. თუ ნამეტანი მარილიანია, წყალი ჩაუმატე. მერე დააბრუნე ბროკოლი თავისივე  ნახარშში და დააბლენდერე. მე ნაწილ წყალს ვინახავ და ნელ-ნელა ვამატებ, არც ძაან თხელი რომ მომივიდეს და არც ძაან სქელი. გასინჯე. თუ მარილი აკლია დაუმატე. შეგიძლია შავი პილპილიც უყო. წინადღის პური თუ გაქვს გახუხე, ნიორი წაუსვი ყველა მხრიდან და ჩხირებად მოუწყვე. ნივრიანი პურები თან ხრაშუნა ტექსტურას უხდება თხევად სუპთან ერთად, თან ბროკოლის მოტკბო გემოსაც აბალანსებს. ათქვეფილ ბროკოლს გემო სრულიად ეცვლება და დამიჯერე, უმაგრესია!

 

პ.ს. თუ ეს და სხვა, გამოუქვეყნებელი რეცეპტები გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo