ასეთი ჭურჭელსა შიდა სტიქიური უბედურებები ეროვნულ ამინდის ბიუროს ბოლო 20 წლის განმავლობაში არაერთი უნახავს.
პასპორტიდან ეროვნების აღმნიშვნელი რეკვიზიტის ამოღებას მოყოლებული ხმაური, ფოთოლთ შრიალი და წყალთა ღელვა, ალბათ, ყველას ახსოვს. ინტელიგენციის ნაწილი და საპატრიარქო შფოთავდნენ და პასპორტიდან ამ საბჭოური გადმონაშთის ამოღებით ზოგადად ქართველობის, როგორც იდენტობის გაქრობას წინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ წყლები წავლენ და წამოვლენ, ქვიშები დარჩებიანო. 17 ბალიანმა ღელვამ გადაიარა, ქართველი ერი კი ადგილზეა და არსად გამქრალა. მღელვარების მიზეზი მარტივი იყო: ქართველების ნაწილს საკუთარი ქართველობის დამადასტურებელი ბეჭედიანი ქაღალდის ქონა სურდა. ალბათ, იმისთვის, რომ შემდეგ სადღაც წარედგინათ და არაქართული წარმომავლობის ჩვენს მოქალაქეებთან შედარებით რაიმე პრივილეგია ჰქონოდათ. ზოგადად, ამ ხმაურისა და მაღალფარდოვანი სიტყვების უკან ყოველთვის პრივილეგიის მიღების სურვილი იმალება ხოლმე. მატერიალურის,
ნივთიერის ან სიმბოლურის – რომ თავი სხვაზე უპირატეს არსებად იგრძნო. რა მოსდევს მოსახლეობის ამგვარ სეგრეგირებას ამაზე ეს ადამიანები არ ფიქრობენ ხოლმე – ქვეყნის დაშლა და დანგრევა.
არანაკლები მღელვარება 3 წლის წინ მიღებულ რელიგიურ ორგანიზაციათა რეგისტრაციის კანონსაც მოჰყვა. საპატრიარქო და ნაირ–ნაირი პოლიტიკოსები ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ასევე, სრულ დაღუპვას გვიწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ ისევ გადავრჩით და ქართველი ერის რელიგიურობა არ შერყეულა – პატრიარქს მოსახლეობის 96 % ენდობა.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამჯერადაც გადავრჩებით და ტოლერანტობის ცუნამი არ წაგვლეკავს. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ჩვენს რეალურ ყოფას და ადგილობრივ ჰომოფობებს ვერაფერს დააკლებს. ლევან ვასაძის კუთვნილ ელიტარულ სკოლასთან “ვარდისფერ კოლგოტკიანი” პედაგოგი კაცების რიგი არ დადგება და ქვეყნის ნომერ პირველ რაინდს მათი სამსახურში არმიღების გამო ჯარიმების გასასტუმრებლად “მშრალ ხიდთან” ჩინმედლების გაყიდვა არ მოუწევს, რადგან სკოლას ქცევისა და ჩაცმის თავისი წესები აქვს და ანტიდისკრიმინაციული კანონი ამ წესებს არ აუქმებს. თანაც, როდის იყო, რომ ჩვენში რაიმე კანონი სრულდებოდა? მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც კარგად იციან, რომ კანონი ქაღალდზე დარჩება, ცხოვრება კი ძველებურად გაგრძელდება.
თეორიის სისწორე პრაქტიკით დასტურდება და ამ აპოკალიფტური ვნებების გამომწვევი კანონის უვნებლობაში ქვეყანა მალე დარწმუნდება. საერთოდ ასეთ კანონებს ჩვენში იმისთვის იღებენ, რომ შემდეგ არ შეასრულონ. დისკრიმინაციის მოყვარულთა მიერ პარლამენტის გარშემო გამართული აყალ-მაყალი კი “წვიმის მოხმობის” რიტუალური ცეკვაა და სხვა არაფერი. რაც მთავარია ამ კანონის ფიქტიურობის შესახებ მისმა მთავარმა ოპონენტმა – საპატრიარქომაც კარგად იცის. იცის მაგრამ რიტუალურ ცეკვას მაინც ასრულებს. ერთი შეხედვით პარადოქსული ვითარებაა: საკანონმდებლო ორგანოსთვის კანონის მიღება აუცილებელი ფორმალობაა. ეკლესიისთვის კი (რომელიც არანაირი ორგანო არ არის და თავს ქვეყნის სულად მიიჩნევს) ამ კანონის ფორმალიზება და ქაღალდზე დაწერა კატასტროფაა. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. საპატრიარქოსთვის დაწერილი კანონი თუ დაუწერელი ნორმა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის რეალური ქმედებები. ცხოვრებაში რაც გინდა აკეთე (“სახლში რაც უნდა ის უქნიათ, გარეთ ნუ გამოიტანენ”-ის პრინციპით). ჩუმად რაც გინდა ის ქენი, მთავარია, არსებულ დოგმებს და ნორმებს ღიად არ შეეწინააღმდეგო – ასეთია ჩვენში მიღებული თამაშის წესები. საპატრიარქოს მხრიდან საერო კანონების მიმართ ზედმეტად ნერვიული დამოკიდებულებაც ეკლესიური დოგმებისა და მცნებების ფორმალობად ქცევის შედეგია – მთავარია, რა წერია წესსა თუ კანონში და არა მათი შესრულება.
ჩვენი საზოგადოება ტოტალურ ტყუილზეა აგებული. საჯარო სივრცე ერთი დიდი კლოუნადაა, სადაც ადამიანებს პატრიოტების, მამულიშვილების, რაინდების, პროგრესისტებისა თუ ლიბერალების ნიღბები აქვთ მორგებული და სეზონურად ამ ნიღბებს ერთნანეთს უცვლიან ხოლმე.
ერი და ბერი 17 მაისისთვის ემზადება. ზოგი გეი თემაზე არგადაღებული ფილმის პრემიერაზე დასწრებას აპირებს და ზოგიც ამ არგადაღებული ფილმის ჩვენებას აპროტესტებს. ზოგნი ანტიგეი თემაზე ღონისძიებების გამართვას გეგმავს. ზოგი უცხოეთიდან ფარულად შემოპარული არაქართველი ჰომოსექსუალების გეიპარადს ელოდება, საკუთარ გამონაგონს თვითონვე იჯერებს და მტერს ებრძვის.
ჩვენებურმა ჰომოსექსუალების უფლებების დამცველებმა კი მმკ-ს, ქორეპისკოპოს იაკობს, ვლადიმერ პუტინს, ალექსანდრე დუგინს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს მუხანათურად ზურგში ლახვარი ჩასცეს. უფლებადამცველებმა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვაზე უარი თქვეს. მათ ფაქტობრივად ღალატის ტოლფასი ქმედება ჩაიდინეს. თუ 17 მაისს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია არ მოეწყო როგორღა ატყდება თბილისის ცენტრში ჩხუბი? მღვდელი დედის გინებით ვეღარ ირბენს, მეორე მღვდელი ტაბურეტკამომარჯებული ვერავის გამოეკიდება (იმისთვის კი არა, რომ ვინმეს ჩაარტყას და ავტობუსს საქარე მინა ჩაუმტვრიოს, სულაც არა. უბრალოდ “ტაბურეტკა” ხელს გააყოლა, რომ სხვას არ აეღო და ბოროტად არ გამოეყენებინა) ადამიანები ჰაერში ვეღარ იფრენენ და სამარშრუტო ტაქსიდან ტაქსზე ტარზანივით ვერ იხტუნავებენ. და რაც მთავარია, ყველა ერთ ხმაში ვერ იყვირებს, რომ ევროპა გვაპიდარასტებს, ქართველობას გვართმევს, კაცობას გვაკარგინებს და საერთოდ, გარყვნილ დასავლეთს ისევ ერთმორწმუნე რუსეთი სჯობია.
მაგრამ საპატრიარქომ საჭირო ზომები უკვე მიიღო. რაკიღა წლევანდელი 17 მაისისთვის მტერი არ ჩანს და ბრბოს ვერავის მიუქსევენ იძულებული გახდნენ და შარშანდელი “წარმატების” ექსპლუატაციას მიჰყვეს ხელი. პატრიარქმა 17 მაისი
ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატიცისცემის დღედ გამოაცხადა… ხელოვნური დღესასწაულები აქამდეც ბევრი გვქონდა (მაგალითად, ე.წ. ქართული სიყვარულის დღე, როდესაც ერი ვინმე ბესოს მეუღლის დაბადების დღეს ზეიმობს). მაგრამ ეს ახალი “დღესასწაული” მაინც იშვიათი გამოგონებაა. ეს ე.წ. დღესასწაული სათავეს შარშანდელი მასობრივი ძალადობიდან იღებს. ძალმომრეობა საზეიმო ღონისძიებაში ტრანსფორმირდა. ასეთი რამ უხსოვარ დროში თუ ხდებოდა და სხვადასხვა ხალხების მითოლოგიაში შემორჩა. ამ ქცევას ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს.
სინამდვილეში 17 მაისი ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვნო დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღე, როდესაც ფრუსტრირებულმა, უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში რამდენიმე ომში დამარცხებულმა და საკუთარ ძალებში, ვაჟკაცობასა და თავდადების უნარში დაეჭვებულმა მასამ ჯავრი იმთავითვე სუსტზე იყარა, საჩვენებელი “პოგრომი” მოაწყო, სადაც თითოეული მოძალადე ქვეცნობიერად საკუთარ თავს უმტკიცებდა, რომ მაგარია, კაცია და “ქუდი ხურავს”. ამ დროს ნამდვილი მტერი ყურის ძირში გყავს, რომელიც ყოველდღე მიწის ნაგლეჯს გართმევს შენს თანამემამულეებს იტაცებს და გამცირებს. იმის თავი არ გაქვს, რომ ოკუპანტს პასუხი გასცე და თბილისის ცენტრში შენზე სუსტ და მცირერიცხოვან “მტერს” მოსაკლავად იმეტებ და ამით ქვეცნობიერად ნამდვილი მტრის მიერ წართმეულ ღირსებას “იბრუნებ”. დღესასწაული კი არა კოლექტიური სირცხვილის დღედ უნდა გამოცხადდეს 17 მაისი.