გია მარიამიძის ბლოგი

ჰიბრიდული მშვიდობა

ჰიბრიდული მშვიდობა

კერძოდ, საქართველო მოლდოვა და უკრაინა ნატოს არაწევრ  აშშ-ს მოკავშირე ქვეყნების სტატუსს მიიღებენ. კანონი ამ ქვეყნებისთვის თანამედროვე სამხედრო-ტექნიკური საშუალებების გადაცემას და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში დახმარებას ითვალისწინებს. ამასთან ერთად საგანმანათლებლო, საინფორმაცო და კულტურული პროგრამებისთვის თანხების გამყოფაც იგეგმება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უზარმაზარი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვთ. გარდა ამისა იქ მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა, სუფთა სამხედრო მეცნიერების კუთხითაც,  განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. 2013-2014 წლებში კიევის მაიდანზე დაწყებულმა, ყირიმში გაგრძელებულმა და ამჟამად უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა ომის წარმოების ხერხებზე ახლებური ხედვები და მიდგომები წარმოშვა.

ყირიმის ანექსიის შემდეგ  რუსულ ინტერნეტ რესურს-‘’ შალტაი ბოლტაიზე’’( ეს საიტი ამჟამად ‘’როსკომნადზორის ‘’ მიერ დაბლოკილია)  ჰაკერული გზით მოპოვებული კონფიდენციალური მიმოწერები გამოქვეყნდა. ამ მიმოწერის გამოქვეყნებამ ყირიმის ანექსიის საიდუმლო მხარეები გამოააშკარავა და იქ მიმდინარე პროცესებს ნათელი მოჰფინა.

მაიდანის მოვლენების დროს  ‘’მართლმადიდებელ ოლიგარქად’’ წოდებული ვინმე მალოფეევი პუტინის ადმინისტრაციის უფროსის-პესკოვის ხელშეწყობით რუსეთში ნეონაცისტური დაჯგუფებების წევრებისა და სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლებისგან რაზმებს ქმნის. ჯერ კიდევ იანუკოვიჩის გაქცევამდე  ეს რაზმები ყირიმში იგზავნებიან. მათი საქმიანობა  რუსულენოვან  მოსახლეობაში უკრაინელი ნაცისტებისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე ხმების გავრცელება, სეპარატისტული განწყობების გაღვივება და ადგილობრივი პრორუსული აქტივისტების მობილიზებაა. პარალელურად პუტინის თანაშემწე სურკოვის მიერ  შექმნილი  სპეციალური დანაყოფის თანამშრომლები სხვა და სხვა ინტერნეტ რესურსებზე კომენტარებს წერენ და  პანიკურ განწყობებს ქმნიან. (ეს სამსახური ინტერნეტში კრემლისთვის სასარგებლო ფონის შესაქმნელად ჩამოყალიბდა).   ხდება ათეულობით ცნობილი ბლოგერის თუ ჟურნალისტის მოსყიდვა, რომლებიც შეკვეთილ პოსტებს და სტატიებს წერენ. კრემლის მიერ გავრცელებული ჭორები ყველგან ერთი და იგივეა- რომ უკრაინელები მალე რუსებს ბინებიდან გამოყრიან, ქონებას წაართმვენ და საერთოდ ბავშვებს დაუხოცავენ. რუსული ტელეარხებით  გადაიცემა ‘’მსახიობების’’ მონაწილეობით გათამაშებული დადგმული სიუჟეტები სადაც ადამიანები ‘’საკუთარი თვალით’’ ნანახ  უკროფაშისტების ჩადენილ საშინელებებზე ჰყვებიან.  რუსულმა პროპაგანდამ იმხელა მასშტაბები მიიღო, რომ ‘’საწარმოო წუნი’’ ყოველდღიურობად იქცა. სხვა და სხვა არხებზე ერთი და იგვე ადამიანებს ხან უკრაინელ ფაშისტად და ხანაც ამ მითიური ფაშისტებისგან დაზარალებულად ასაღებდნენ. სინამდვილეში კი ეს ადამიანები რუსული სპეცსამსახურების დაქირავებული პროვოკატორები იყვნენ.

ინფორმაციული დამუშავების შემდეგ ყირიმში ‘’გრუ-ს’’ სპეციალური რაზმები გაიგზავნა. ამგვარი რაზმები რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე დივერსიების მოწყობისთვის არის შექმნილი. რუსეთი თავიდან ამ დანაყოფების ყირიმში არსებობას უარყოფდა. რეფერენდუმის ჩატარების და ტერიტორიის მიტაცების  შემდეგ პუტინმა ყირიმში ამ დანაყოფების ყოფნა აღიარა.

 

მოგვიანებით  რუსეთმა იგივე საქმიანობა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებშიც დაიწყო. დონეცკსა და ლუგანსკში შეიგზავნა უშიშროების სამსახურების ყოფილი ოფიცრები (მათი დაჭერის შემთხვევაში რუსეთი იტყოდა, რომ ეს ადამიანები იქ თავისი ნებით წავიდნენ და სახელმწიფო არაფერ შუაშია)  მათ პირველ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობის ბაზაზე რაზმების შექმნა ევალებოდათ. ამავე დროს რუსეთის სამხედრო კომისარიატებმა  რეზერვის ოფიცრების, სხვა და სხვა ომების ვეტერანებისა და ნეონაცისტური ყაიდის ახალგაზრდების შეგროვება და უკრაინაში გაგზავნა დაიწყეს.  დღეისთვის უკრაინაში  ექსპერტთა გათვლებით 10-12 ათასი კარგად მომზადებული დივერსაატი და სეპარატისტი იბრძვის. ამ  ბანდ-ფორმირებების იარაღით მომარაგების გზებიც ორიგინალურია- რუსი  სამხედრო ჟურნალისტების თანხლებით  სეპარატისტები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს  სამხედრო საწყობს თავს ესხმიან ( სადაც უმოქმედო და მწყობრიდან გამოსული ტექნიკა ყრია) ტექნიკა ტელე კამერების თანხლებით ზარზეიმით გააქვთ და აცხადებენ, რომ მათი სპეციალისტები მალე ამ ნადავლს შეაკეთებენ. შემდეგ რუსული ტელეარხები ამ ამბის ტირაჟირებას ახდენენ. შემდეგ  ზუსტად იგივე ტიპის  ახალი და მოქმედი ტექნიკა რუსეთის ტერიტორიიდან  ფარულად  სეპარატისტებთან უკრაინაში შედის. ამ გზით ‘’ჩაუვარდათ’’ სეპარატისტებს ხელში ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი, რომლითაც შემდეგ  მალაიზიური  სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს და 300-მდე ადამიანი მოკლეს.

ასეთი  ხერხებით წარმოებულ სამხედრო ოპერაციებს სპეციალისტები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ. ჰიბრიდული ომები თანამედროვე  ფენომენია, თუმცა მისი ცალკეული ელემენტები წინა საუკუნეშიც გამოიყენებოდა. დღეს ამ მოვლენამ კონცეპტუალური სახე და ცხადი დეფინიცია შეიძინა – აწარმოე ომი ისე, რომ დანაშაულის ფაქტზე ვერავინ გამოგიჭიროს-დაახლოვებით ასეთია ჰიბრიდული ომის არსი.

ცოტა ხნის წინ აგვისტოს ომიდან 6 წლისთავი შესრულდა. დღესაც არ ცხრება კამათი იმაზე თუ ვინ დაიწყო  ეს ომი. კამათი თითქმის ყოველთვის პოლიტიზებულია და ტექნიკური დეტალების განხილვის იქით ვერ მიდის. საქმე იმაშია, რომ რუსეთსა და  საქართველოს შორის ომის პოტენციალი სსრკ-ს დაშლის პირველივე დღიდან არსებობს. გარკვეულ წილად ომი გარდაუვალიც იყო. როგორც ცნობილია თოფი პირველ მოქმედებაში თუ კედელზე ჰკიდია მეორე მოქმედებისთვის  აუცილებლად გავარდება. ასეთი ბედისწერის მიზეზი კი ის არის, რომ პუტინი (და ზოგადად რუსული ელიტა) სსრკ-ს დაშლას ‘’მეოცე საუკუნის მთავარ გეოპოლიტიკურ კატასტროფად’’ მიიჩნევს. მათი მთავარი მიზანი ამ ‘’უსამართლობის’’  გამოსწორება და იმპერიის აღდგენაა. რუსეთისთვის საქართველო და სხვა   ყოფილი კოლონიები ე. წ. სეზონური ქვეყნებია, რომლებიც დრო და დრო თავს ითავისუფლებენ, მაგრამ რუსეთის ძალისხმევით ყოველ ჯერზე უკან იმპერიაში დაბრუნება უწევთ. ჩვენი  ნატოში გაწევრიანება ამ მოჯადოებულ წრეზე სიარულისგან ერთხელ და სამუდამოდ თავის დაღწევის გარანტია გახლდათ. ამ შანსის გაჩენის შემდეგ ომი გარდაუვალი იყო.

სამწუხაროდ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს  ნატოში შესვლა დიდი ხნით გადაიდო. მაგრამ აშშ-ს მიერ ზემოთ ნახსენები კანონის  მიღების შემთხვევაში ჩვენი სახელმწფოსთვის დამოუკიდებლობის  შენარჩუნების მყარი გარანტიების შექმნის შანსი კვლავ გაჩნდა. ეხლა მთავარი საკითხი ის არის ჩვენი ხელისუფლება ამ შანსს გამოიყენებს თუ არა.   

ჩვენი ხელიუფლების მიერ რუსეთთან  ‘’დალაგება’’   ‘’არგაღიზიანების’’ პოლიტიკა ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც დიდხანს ვერ გაგრძელდება. რუსეთმა ჯერჯერობით საქართველოს ტერიტორიის  მხოლოდ 20 % ‘’დაიბრუნა’’ და  მადა  დარჩენილ ნაწილზეც აქვს გახსნილი. ჯერჯერობით რუსეთი იმდენად ძლიერი არ არის, რომ  ყველა ყოფილი  კოლონიისთვის მოიცალოს. უკრაინაზე დიდ რესურსებს დროს და რეპუტაციის ნარჩენებს ხარჯავს.

დასავლეთმა რუსეთის ცივილიზებულ ქვეყნად გადაქცევის იმედი საბოლოოდ დაკარგა. მათი  ურთიეთობა პარტნიორული ფაზიდან დაპირისპირების და მეტოქეობის ეტაპით იცვლება.შესაბამისად დასავლეთი საკუთარ თავდაცვაზე და შეიარაღებაზე თანხებს აღარ შეამცირებს და მეტ ფულს დახარჯავს.

ევროპასთან ინტეგრირება, აშშ-ს მოკავშირე ქვეყნად გახდომა,  უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან სამხედრო კავშირის შექმნა ჩვენთვის რუსეთის მორიგი აგრესიის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა. ისტორია აუცილებლად გამეორდება და რუსეთი საქართველოს მთელი ტერიტორიის გაკონტროლებას ისევ  შეეცდება.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ ამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ათასგვარი აბსურდული ამკრძალავი სახის კანონი მიღო. ეს კანონები იმდენად ბევრია, რომ მათი ჩამოთვლა ტექსტს უსაშველოდ გაადიდებს. ბლოგერების შეზღუდვა და ინერნეტ საიტების სასამართლოს გარეშე დახურვა,  ე. წ. ექსტრემიზმის საწინააღმდეო კანონი, რომელიც სოციალურ ქსელში რაიმე პოსტის გაზიარებისთვის ან ‘’დალაიქებისთვის’’ პატიმრობას ითვალისწინებს (ექსტრემიზმში რა თქმა უნდა პუტინისა და მისი იმპერიალისტული პოლიტიკის აუგად მოხსენიება იგულისხმება) და ა.შ. ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს აკრძალვების შემოღება მანიად ექცათ. საქმე კურიოზებამდე მიდის და ეშხში შესული დეპუტატები   ქალის ფეხსაცმლის ქუსლის ზომის და მაქმანებიანი თეთრეულის შესახებ საკანონმდებლო რეგულაციებსაც კი  ითხოვენ.

სინამდვილეში სასაცილოდ საქმე სულაც არ არის. რუსეთში მიმდინარე  შიდა პროცესები კარგად შემუშავებული გეგმის და სტრატეგიული ხედვის ნაწილია. პუტინის რეჟიმი საკუთარი ქვეყნის არქაიზაციას შეგნებულად ახდენს. ქვეყნის გაველურება, დასავლეთთან და  ზოგადად ცივილიზებულობასთან  დაპირისპირება მიზანდასახული პოლიტიკაა. იმპერიის აღდგენას მესიანისტურად აღგზნებული და ბრბოდ ქცეული ხალხის მასა სჭირდება.  ასეთი შიდა პოლტიკა შედეგებს იძლევა და რუსეთის მოსახლეობა 90-იან წლებთან შედარებით არნახულად აგრესიული და ურაპატრიოტულია. პუტინის რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს კეთილდღეობას, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიას ვერ აძლევს. კაცმა რომ თქვას ეს უფლებები და თავისუფლებები რიგით რუსს არც სწყურია. მას  მეზობელი ქვეყნების ხარჯზე იმპერიის  საზღვრების  გაფართოებით განცდილი სიამაყე  ურჩევნია. საკუთარი არარაობა ძლიერი სახელმწიფოს ნაწილად ყოფნით კომპენსირდება.

არქაიზებული და ურაპატრიოტული პათეტიკით გასულელებული მოსახლეობა გაჭირვებასაც აიტანს და ხანგრძლივ სისხლისმღვრელ ომებში მსხვერპლის გაღებისთვისაც მზად იქნება. ცოტა ხნის წინ სურკოვმა  ნატან დუბოვიცკის ფსევდონიმით  ანალიტიკური ტექსტი გამოაქვეყნა. სარკოვი ფიქრობს,  რომ რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმს ევროპის სახელმწიფოების მთავრობებზე უპირატესობა აქვს, რადგან  დასავლური მთავრობები საკუთარი მოსახლეობის განწყობებსა და საზოგადოებრივ აზრზე არიან დამოკიდებული. რუსეთის ხელისუფლება კი მასმედიაში მონოპოლიური მდგომარეობის  წყალობით საკუთარი მოსახლეობის აზრის მანიპულირებას იოლად ახერხებს და ამომრჩეველზე დამოკიდებული არ არის. მისი აზრით ევროპული სახელმწიფოების მთავრობები რუსეთთან შედარებით იოლად მოწყვლადი და სუსტია.

2008 წლის ომიდან რუსეთმა შესაბამისი დასკვნები გააკეთა. მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის თანახმად  ჩამორჩენილი არმიის გადაიარაღებაზე და თანამედროვე ტექნიკური საშუალებით აღჭურვაზე ათეულობით ტრილიონი რუბლი დაიხარჯება. ამჟამად რუსეთის არმიის მხოლოდ 30 %-ა გადაიარაღებული. რუსეთი ე. წ. მეხუთე თაობის სამხედრო ტექნიკას აქტიურად ქმნის, საფრანგეთიდან მისტალის ტიპის გემებს ყიდულობს და გერმანიის სამხედრო ინსტიტუტისგან ბრძოლის წარმოების თანამედროვე ხერხებს ითვისებს (უკრაინის მოვლენების გამო ევროპასთან სამხედრო თანამშრომლობა ამჟამად შეჩერებულია).

რუსეთის მილიტარისტული გეგმებიდან  ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო ე. წ. კერძო სამხედრო კომპანიების შექმნაა. ამგვარი კომპანიები აშშ-სა და ევროპაში დიდი ხანია არსებობენ. მათი ძირითადი საქმიანობა მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა,  მოკავშირე ქვეყნების არმიების კონსულტირება, მათი სამხედროების  გაწვრთნა,  საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვაში დახმარებაა. ადვილი გამოსაცნობია რუსეთი ამ შეიარაღებულ სტრუქტურას რისთვის გამოიყენებს.  რუსეთში არაფერი საყურადღებო და მნიშვნელოვანი კერძო ინიციატივით არ ხდება და ყველაფერს ხელისუფლება აკონტროლებს. შესაბამისად ეს კომპანიებიც პუტინის დავალებებს შეასრულებენ .

ერაყში მიმდინარე ბრძოლები კრემლთან დაახლოებული რუსი სამხედრო ექსპერტების ყურადღებას იქცევს. ერაყის არმიას არც თუ მრავალრიცხოვანი ისლამისტების რაზმები წარმატებით ამარცხებენ. პიკაპის ტიპის ავტომობილებზე დამონტაჟებული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით და ჩვეულებრივი  იარაღით (ავტომატიურით და  ყუმბარმტყორცნებით) შეიარაღებული ისლამისტები მძიმე ჯავშან-ტექნიკით და არტილრიით აღჭურვილ არმიას იოლად უმკლავდებიან.  ამ შედეგებს ისლამისტები მობილურობის და ელვისებური თავდასხმების წყალობით ახერხებენ.

ე. წ. სამხრეთ ოსეთის საზღვის ერთ მონაკვეთზე  გორი თბილისის ტრასასა და რუსების გავლებულ მავთულხლართებს შორის მანძილი  სულ რაღაც  1 კილომეტრია. სურვილის შემთხვევაში რუსეთს ამ ადგილას პროვოკაციის მოწყობა არ გაუჭირდება (სროლები და ჩვენი მოწინააღმდეგე მხრიდან რამდენიმე დაღუპული ადამიანი, რომლებსაც ყველა რუსული ტელეარხი შეუჩერებლად აჩვენებენ). შემდეგ ერაყელი ისლამისტების საბრძოლო ტაქტიკის მოშველიებით  ცხინვალში დაბანაკებული რუსული კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები თბილისისკენ დაიძვრებიან და ნახევარ საათში ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში შევლენ. მთავარი პრობლემა ამ სცენარის თეორიულ ალბათობაში არ მდგომარეობს. საქმე არც მისი პრაქტიკულად განხორციელების  შესაძლებლობა-შეუძლებლობაშია. მთავარი პრობლემა  ჩვენი ხელისუფლების არაადეკვატურობა და ამ საფრთხეების არდანახვაა. პრემიერმ-ინისტრი და ქვეყნის “პირველი მოქალაქე” რუსეთის მიმართ გაურკვეველ ხიბლში არიან და დათვს დღე და ღამ ბაბაიას უმღერიან.

ჰიბრიდული ომის მთავარი კომპონენტი  საინფორმაციო-პროპაგანდისტული ხერხებით მოწინააღმდეგის დემორალიზებაა. ამ თვალსაზრისით საქართველოს წინააღმდეგ ომი დიდი ხანია მიმდინარეობს.  ბოლო წლები კი  განსაკუთრებული გააფთრებით.  ნებისმიერი სასულიერო პირის, პოლიტიკოსის, თვითგამოცხადებული ‘’რაინდის’’ ელიტარული ინტელიგენტის თუ სხვა სახეობის ყბედის  გარყვნილ ევროპასა და ერთმორწმუნე რუსეთზე ქადაგებები  ამ ომის ნაწილია.

ზემოთ აღწერილი შესაძლო სცენარის განხორციელების შემთხვევაში ამ ადამიანებს განსაკუთრებული ფუნქცია დაეკისრებათ. ისინი  ხმამაღლა იყვირებენ, რომ ამერიკა შორია და რუსეთი ახლოს, დასავლეთი არ გვეხმარება და რუსეთთან მარტო დაგვტოვა. რუსეთის ოფიციალური პირები კი განაცხადებენ,  რომ მათი შეიარაღებული ძალები თბილისში არ იმყოფებიან.  საქართველომ და დამოუკიდებელმა სამხრეთ ოსეთმა  ურთიერთობები თვითონ უნდა არკვიონ და ის არაფერ შუაშია. თბილისში ატეხილი სროლებისა და ხალხის დაშინების შემდეგ  ჩვენებური მყვირალა რუსეთუმეები დედაქალაქში რუსული სამშვიდობო ჯარის შემოყვანას და მშვიდობის დამყარებას მოითხოვენ. რუსეთი მათ თხოვნაზე ჯერ თავს შეიკავებს. ხვეწნა- მუდარის შემდეგ მოწყალებას გაიღებს და ჯარს შემოიყვანს. დედაქალაქში კომენდანტის საათის დაწესების  და მოსახლეობის სტოკჰოლმის სინდრომით მასობრივად ინფიცირების შემდეგ კოლაბორაციონისტები ქვეყნის გადარჩენას ბოლოს და ბოლოს გარყვნილი დასავლეთიდან თავის დაღწევას და უძღები შვილის მშობელ რუსეთთან დაბრუნებას საზეიმოდ გვამცნობენ.  

ფორმალური ლოგიკით შეიარაღებული დემაგოგები გვარწმუნებენ, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ. თითქოს და ამ ქვეყნიდან წამოსული აგრესია თავდაცვითი ხასიათისაა და არა იმპერიული ექსპანსიის შედეგი. აშშ-ს მოკავშირე ნატოს არაწევრი  ქვეყნის სტატუსის გამოყენებაც რუსეთის გაღიზიანების ფაქტორად მოინათლება. სამწუხაროდ ‘’ქართული ონების’’ რუსეთთან კომპლიმენტარული დამოკიდებულება ოპტიმისტურად განწყობის საფუძველს არ იძლევა. ადვილი შესაძლებელია, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შანსი არ გამოიყენოს და მისთვის ჩვეული ორაზროვანი სიტყვების  რახა-რუხით ქვეყნის გაძლიერების შესაძლებლობა ჩაფარცხოს.

‘’დალაგება’’ არგაღიზიანების’’ მოყვარულებმა თავის თავს ერთი მარტივი კითხვა უნდა დაუსვან: რუსეთს ჩვენი დაცულობა რატომ უნდა აღიზიანებდეს? იმიტომ ხომ არა, რომ სამომავლოდ ჩვენს შეჭმას აპირებს და თავდაცვისუნარიანი საქართველო ადვილად გადასაყლაპი აღარ იქნება? თუკი მოვლენების ლოგიკურ ჯაჭვს მაინც განსაცდელამდე მივყავართ საუკეთესო გამოსავალი ამ განსაცდელისთვის კარგად მომზადებაა და არა სირაქლემასავით ქვიშაში თავის ჩაყოფა.

რუსეთი ნორმალურ სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა და დღევანდელობასთან შეუსაბამო იმპერიული სახელმწიფოს შექმნას ცდილობს. ევრაზიის კავშირის იმპერიული იდეა თანამედროვე ‘’იმპერიებისგან’’ (თუ ევროკავშირს ან აშშ-ს პირობითად იმპერიას დავარქმევთ) სხვაობა ის არის, რომ თანამედროვე პოლიტიკური ალიანსები ნაციათა-ერთა გაერთიანებაა. ევრაზიულ კავშირში კი მხოლოდ ერთი – რუსი ერის არსებობა მოიაზრება. ეს კავშირი ექსკლუზიურად რუსი ერის მესიანური პროექტია  და იქ შემავალი ყველა სხვა ხალხი ეთნოსის სტადიაში ყოფნისთვის არიან განწირული. ეთნოსების სამოქმედო არეალი ფოლკლორი,  ეთნოგრაფია და გემრიელი კერძების მომზადებაა. არავითარი ერონული პროექტი, სახელმწიფო და ისტორიის შექმნაში საკუთარი როლი ეთნოსებს არ აქვთ.

თანამედროვე პოლიტიკურ ალიანსებში ( თუ გნებავთ იმპერიებში) გაწევრიანებული  სახელმწიფოები საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილს ზენაციონალ ორგანოს-ბიუროკრატიას გადასცემენ. მე-19 საუკუნის ყაიდაზე მოწყობილ ევრაზიულ-რუსულ იმპერიაში შემავალ ქვეყნებს კი სუვერენიტეტის გადაცემა რუსეთისთვის მოუწევთ. დასავლური ალიანსები ქსელური და ჰორიზონტალური პრინციპით არიან მოწყობილნი.ევრაზიული კავშირი კი ვერტიკალური და იერარქიული სისტემაა, სადაც პირამიდის თავზე რუსეთია მოთავსეული. ამაშია ოცდამეერთე საუკუნის ‘’იმპერიებსა’’ და  რუსულ იმპერიას შორის სხვაობა. ნებისმიერი შერაცხადი ადამიანისთვის ცხადი უნა იყოს ‘’რომელი მხარე სჯობია’’

დღევანდელი რუსულ-ქართული ურთიერთობის  ე.წ. ‘’დალაგების’’ სტადია გრძელვადიანი მშვიდობის გარანტიას არ იძლევა. დღევანდელი მდგომარეობა ჰიბრიდული ომის წინა პერიოდი ანუ ჰიბრიდული მშვიდობაა.