გია მარიამიძის ბლოგი

პუტინის ძვალი

პუტინის ძვალი

 ვიცით რომ მან ტელეკომპანია BBC-ის პროექტის ‘’დიდი ათეულის’’ რუსულ ვარიანტში პირველი ადგილი დაიკავა (სტალინს და პუშკინს ცოტათი აჯობა) და მასზე მხატვრული ფილმია გადაღებული.

ასევე ცნობილია, რომ ამ წმინდანმა ხელისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარი ძმა მიასიკვდილა. მან მონღოლი დამპყრობლების ნდობაც დაიმსახურა და ურდოს წინააღმდეგ რუსების მიერ წამოწყებული არაერთი აჯანყება  სისხლში ჩაახშო. მონღოლთა ჯარის გამოყენებით რუსული სამთავროები ააოხრა. ერთი სიტყვით ალექსანდე ნეველმა რუსეთის ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მის მიერ არჩეულ გზას რუსეთი დღემდე ადგას.  

 მე-13  საუკუნემდე  აღმოსავლეთ  სლავური სამთავროები საერთო ევროპული სივრცის ნაწილი იყვნენ. ზოგიერთ სამთავროში რესპუბლიკული მმართველობაც კი იყო, (მაგალითად ნოვგოროსში ) მაგრამ მონღოლთა შემოსევამ  ყველაფერი შეცვალა. რუსული სივრცე ევროპულ ტრადიციას დიდი ხნით მოწყვიტა. სწორედ აქ ითამაშა ნეველმა გადამწყვეტი როლი. მან მონღოლთა ყაენთან საქმე დაიჭირა და მათი სამხედრო ძალის გამოყენებით სხვა რუსული სამთავროებიც დაიმორჩილა. ნეველმა ევროპელი რაინდების წინააღმდეგ ერთი მცირე მასშტაბის ბრძოლაც აწარმოა.

ნეველის წყალობით რუსეთი  მონღოლურ ურდოს შეერწყა და  ‘’აზიატჩინად’’ იქცა. ძალაუფლების  ერთ ხელში მაქსიმალური კონცენტრირება, მმართველობის მკაცრი ვერტიკალი, ხელისუფალის საკრალიზება და ქვეშევრდომთა მიერ ხელისუფლების ტრანსცენდენტულ ინსტანციად აღქმა-ეს რუსული ტრადიცია იმ დროს გაჩნდა და დღემდე გრძელდება. ნეველის ხელი რუსულ ეკლესიასაც დაეტყო. მონღოლთა სამსახურში ჩამდგარი  სასულიერო პირები ხალხს  ყაენის მიმართ ერთგულებას  უქადაგებდნენ  და ურჩებს წყევლიდნენ.

მაგრამ ისტორიის იგივე მონაკვეთში ერთმა სლავურმა სამთავრომ-გალიციამ განსხვავებული გზა აირჩია. სამთავროს მმართველმა დანილო გალიციელმა ევროპულ სამეფოებთან დაამყარა კავშირი და მონღოლებს წინააღმდეგობა გაუწია. გალიცია დღევანდელი უკრაინის დასავლეთია. დანილო გალიციელის ძეგლი დღეს ქალაქ ლვოვში დგას. ალექსანდრე ნეველი კი რუსეთის სათაყვანებელი მეფეა.

 

ეს ორი ტრადიცია და ორი გზა ერთმანეთს ჩვენს დროში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. რუსული იმპერიული ‘’ აზიატჩინა’’ და უკრაინული თავისუფლების სიყვარული.  2014 წელს დაწყებული რუსულ-უკრაინული ომი გარკვეულ წილად ამ ისტორიის გამოძახილია.

რუსეთი დღესაც  ურდოს ტრადიციას აგრძელებს დასავლეთს უპირისპირდება და ძალაუფლების მკაცრ ვერტიკალზე, იერარქიაზე, უხეშ ძალაზე დამყარებულ იმპერიის აღდგენას ცდილობს. პუტინიც ალექსანდრე ნეველის მსგავსად  დასაყრდენს აზიაში ეძებს. ახლახანს  რუსეთმა ჩინეთში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულება დადო. ექსპერტების აზრით ეს ხელშეკრულება მეტ წილად პოლიტიკურია, რუსეთისთვის ფინანსურად მომგებიანი არ არის და ჩინეთისგან მხარდაჭერის მიღებას ემსახურება. რუსეთს შეეძლო ნორმალური ევროპული სახელმწიფო გამხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა.

თუ დასავლეთმა რუსეთის ნორმალურ ქვეყნად ქცევის იმედი საბოლოოდ დაკარგა ცივი ომის განახლება გარდაუვალი გახდება. დასავლეთმა რუსეთის იმპერიული მადის შეკავების სტრატეგია ფაქტიურად უკვე შეიმუშავა. ნავთობზე ფასების კლება დასავლეთის  სტრატეგიის ნაწილია. ამგვარად განვითარებული მოვლენების ფონზე  რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. რუსი ექსპერტების ერთი ნაწილი  ამ ორი ქვეყნის დაახლოვებაში  დიდ საფრთხეს ხედავს. რუსეთი ფაქტიურად ჩინეთს დაქვემდებარებული ქვეყანა ხდება. მაგრამ რუსული პოლიტიკური კლასი ამაზეც კი თანახმაა ოღონდ მათთვის სანუკვარი სახელმწიფო მართვის ტრადიცია გაგრძელდეს.

 ევრაზიის კავშირად წოდებული რუსული იმპერიული პროექტი  ჯერჯერობით ეკონომიკური ხასიათის გაერთიანებაა. ახლო მომავალში ეს გაერთიანება მეტ ინტეგრაციას, კანონმდებლობის დაახლოვებას, ადამიანების და  კაპიტალის გადაადგილებაზე ბარიერების მოხსნას გულისხმობს. ყოფილი სსრკს რესპუბლიკების ევრაზიულ კავშირში ჩათრევა რუსეთს ჰაერივით სჭირდება. სხვაგვარად ჩინეთის გვერდით სუსტ და დაბალ წონიან პარტნიორად გამოჩნდება. ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების ჩაყლაპვის შემთხვევაში რუსეთი წონაში იმატებს და ჩინეთის გვერდით შედარებით უკეთეს პოზიციას დაიკავებს.  ცხადია რომ რუსეთი მის ყოფილ კოლონიებზე ( მათ შორის ჩვენზეც) ზეწოლას არ შეწყვეტს. ევრაზიულ-რუსული სივრცის და ჩინეთის დახლოვება ჩინეთის ჭარბი მოსახლეობის ამ  სივრცეზე თავისუფალ გადაადგილებასაც გულისხმობს. რა თქმა უნდა რუსეთი არასასურველი ჩინური ემიგრაციის თავიდან აცილებას ეცდება და  დიდ მიგრაციულ ნაკადებს საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების ტერიტორიებზე გადაანაწილებს.

‘’ზომბების ‘’  საკითხით შეწუხებული ხალხისთვის ეს ამბავი ალბათ საინტერესო უნდა იყოს.

უკრაინაში ომი დასასრულისკენ მიდის. ქართულ-რუსული ბოლო ომიდან კი 6 წელია გასული. როდესაც ქვემეხები აღარ ისვვრიან მუზები ხმაურობენ და რუსული ფულის შრიალის, ფსიქოლოგიური შეტევების, ე. წ. რბილი ძალის და პრორუსული პროპაგანდის ხმა საქართველოში კარგად ისმის.  ტერიტორიების მაგივრად ახლა უკვე მოსახლეობის ტვინების ოკუპაციის პროცესი მიმდინარეობს. შინნაზარდი  საინფორმაციო სააგენტოები, ტელევიზია, გაზეთები, ვებსაიტები არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და რაც მთავარია  აგიტატორებად ქცეული სასულიერო პირები სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომის ავანგარდში იმყოფებიან. ბრძოლის ველი მეტ წილად ინტერნეტში და ზოგადად საინფორმაციო სივრცეზეა გაშლილი. ამ ადამიანებმა ჭკუა ისწავლეს და აღარ ამბობენ რომ რუსეთი კარგია. ისინი დღე და ღამ გაჰყვირიან რომ დასავლეთია ცუდი.                  ‘’ ინცესტი დაკანონეს, ბავშვების გეიპარადებს აწყობენ, პედოფილია დაუშვეს’’. ასეთ აფსურდულ ლოზუნგებს ზედ ( #)  ‘’ჰეშთეგი’’-დასავლეთი, ევროპა, აშშ ერთვის ხოლმე და  საინფორმაციო სივრცეში დრო და დრო ვრცელდება. ეს ‘’ვირუსული მემები’’   ადამიანების გონებაში ილექება და მსმენელს უბიძგებს იფიქროს რომ ‘’ისევ ერთორწმუნე რუსეთი სჯობია არ გარგვყვნის მაინც’’… ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული  საინფორმაციო ომში იარაღად ნაირნაირი ფობიები და შეთქმულების თეორიები გამოიყენება. ისლამოფობია, თურქოფობია, ჰომოფობია-ბოლო ხანებში ხშირად გამოყენებადი იარაღის სახეობებია.  ქართულ კულტურაში არსებული ნებისმიერი პრობლემის კრიტიკა ან უბრალოდ აღწერაც კი  ქართველი ერის სახელით მოლაპარაკე ადამიანებისგან აგრესიას და ეჭვიან ისტერიას იწვევს. ნებისმიერი ცვლილება ადამიანების გონებაში გამჯდარ  წინასწარგანწყობებს ეჯახება- ‘’ამის უკან რაღაც დგას’’  და ‘’უხილავი და ხილული მტრები გვერჩიან’’.  

ამ მიმართულებით  ხელისუფლება  პასიური, ინერტული და უმოქმედოა. ანტისახელმწიფობრივ საინფორმაციო ომს  არა თუ უპირისპირდება ზოგჯერ ახალისებს კიდეც. ქვეყანაში გაჩაღებული ანტიდასავლური პროპაგანდა რიგითი ადამიანის გულს და გონებას  უფრო იოლად  ერგება ვიდრე მონოტონური და ტრაფარეტული ლოზუნგები-ევროპულ გზაზე, გამჭვირვალეობაზე, ჩართულობაზე და დემოკრატიულ ფასეულობებზე. ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების  სტრატეგია და ტაქტიკა არ აქვს. ის უიდეოა.

ხშირად ითქმება ხოლმე, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნები იდენტობის და ნაციონალური იდეის ძიების პროცესში არიან. ჩემი აზრით ქართველი ერის ნაციონალური იდეა ძალიან მარტივად შეიძლება ჩამოყალიბდეს : სახელმწიფო დამოუკიდებლობის შენარჩუნება და რუსული საფრთხის მოგერიება.  ეკონომიკური განვითარება და დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანება  ამ მიზნის მისაღწევი საშუალებებია და სხვა არაფერი.

ევროკავშირთან ასოცირება კარგი საქმეა. ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა და კიდევ დიდ ხანს არ მოხდება. ქვეყანას კი უსაფრთხოების გარანტიების შექმნა დღესვე სჭირდება. რუსეთმა უკრაინაში საწადელის მხოლოდ მცირე ნაწილს მიაღწია. უკრაინის აღმოსავლეთში ომის დასრულების შემდეგ რუსული საზოგადოება დაღუპული ჯარისკაცების საფლავებს და ეკონომიკური სანქციებით მიღებულ ზარალს  დაითვლის და მიხვდება რომ  პუტინმა ქვეყანა შარში გახვია. პუტინის რეიტინგი დაიკლებს. ამ პოლიტიკოსს დაბალი რეიტინგის პირობებში სახელმწიფოს მართვა არ შეუძლია და შესაბამისად საკუთარი მოსახლეობისთვის რაიმე ახალი  წარმატების და გამარჯვების დემონსტრირება დასჭირდება. აფხაზეთის ფაქტიური ანექსიის რუსეთთან მიერთების ახალი გეგმა ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. თუმცა პუტინის მადას მარტო აფხაზეთი არ ეყოფა და მისი შემდგომი აგრესიის კანდიდატები საქართველო და მოლდოვა იქნებიან. აგრესიაში რა თქმა უნდა პირდაპირ ახალი ომების გაჩაღება არ იგულისხმება. ჯერ სამუშაო იდეოლოგიურ ფრონტზეა ჩასატარებელი. როგორც კი ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობები საჭირო ზღვარს მიაღწევს და მოსახლეობაში რუსეთზე ორიენტირებული ადამიანების რაოდენობა 40 %-თან ახლოს  მივა უხეში ძალის გამოყენების დროც დადგება. ჩვენებური პროპაგანდისტებიც არ დააყოვნებენ და იყვირებენ რომ დასავლეთი შორია და ვერ გვიცავს. ჩვეენებური ელიტარული  ინტილიგენცია  რუსეთის ერთმორწმუნეობასაც შეგვახსენებს და მტერს თეთრი დროშებით დახვდებიან.

სახელმწიფომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და თავდაცვის გარანტიები შექმნას. ნატოს არაწევრი აშშ-ს მოკავშირე ქვეყნის სტატუსის მიღების შემთხვევაში  თანამედროვე იარაღის გადმოცემა უნდა მოითხოვოს. საქართველოს ხელისუფლებამ რუსული საფრთხის წინაშე მყოფ სხვა ქვეყნებთან ერთად  (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ,პოლონეთი, უკრაინა და  მოლდოვა ) სამხედრო პოლიტიკური კავშირის შექმნის იდეის განხორციელებაზე უნდა იმუშაოს.

ბალტია-შავი ზღვის სამხედრო კავშირი  ნატოს მსგავსად ‘’მეხუთე პუნქტს’’ (ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის) არ საჭიროებს. თუ რუსეთი ამ კავშირის წევრ ერთ-ერთ  სახელმწიფოს თავს დაესხა დანარჩენ ქვეყნებს რუსეთისთვის ომის გამოცხადების ვალდებულება არ უნდა დაეკისროთ. უკრაინის გამოცდილებამ გვიჩვენა რომ მომავლის ომები  ‘’ჰიბრიდული ომის’’ წესებით იქნება წარმოებული.  

 

საინფორმაციო საშუალებით მოწინააღმდეგის დემორალიზება, ომის გამოცხადების გარეშე შენიღბულად და ფარულად ბრძოლების წარმოება-ეს არის ახალი ტიპის ომები.   შესაბამისად პასუხიც ასევე  ‘’ჰიბრიდული’’ უნდა იყოს. კავშირის დანარჩენმა წევრებმა აგრესიის ობიექტ მოკავშირე სახელმწიფოში  ‘’ შვებულებაში გასული’’  საკუთარი ჯარისკაცები უნდა  გააგზავნონ.

თუ რუსეთს ეცოდინება რომ  კავშირში გაწევრიანებულ რომელიმე ქვეყანაზე თავდასსხმის შემთხვევაში ერთის მაგივრად შვიდი ქვეყნის სამხედრო ძალებთან ბრძოლა მოუწევს აგრესიისგან თავს შეიკავებს. ჩვენი ხელისუფლების აზრით ჩუმად ყოფნა, დალაგება და რუსეთისთვის თავის არ შეხსენება მშვიდობას მოგვიტანს. ეს მცდარი და დამღუპველი პოლიტიკაა.

ჰიბრიდული  ომისთვის მზადყოფნას სპეციალური საჯარისო ნაწილების ჩამოყალიბება, მოკავშირეებთან ერთად  წრთვნების ჩატარება, იარაღის მარაგების შექმნა და საჭიროების შემთხვევაში ქვეყნიდან ქვეყანაში ცოცხალი ძალის და შეიარაღების გადაადგილების  ლოჯისტიკის  შემუშავება სჭირდება.

ყველაფერ ამის  განხორციელებისთვის პოლიტიკური ნებაა სჭირო, რაც ჯერჯერობით დღევანდელ ხელისუფლებას არა აქვს. თუმცა ხელისუფლების ცალკეული წევრები შესაძლო საფრთხეებს აცნობიერებენ და ზოგჯერ ადეკვატურ განცხადებებსაც აკეთებენ (მაგ. თავდაცვის მინისტრის განცხადებები)  ყველაფერი კი მაინც ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული. როგორც ის იტყვის ხელისუფლებაც ისე მოიქცევა.

ქვეყნის წინაშე დამდგარი გამოწვევები ხელისუფლებამ და ზოგადად  აქტიურმა მოქალაქეებმა სწორად უნდა შეაფასონ. თუ ასე არ მოხდა ადვილი შესაძლებელია წლების შემდეგ  მოსკოვში მორიგი ვიზიტის დროს პატრიარქს პუტინის წმინდა ძვალიც უბოძონ და საქართველოში გამოატანონ.  რაც მთავარია  ქვეყანაში შემოტანისას წმინდა ვლადიმერ პუტინის ძვალს განბაჟება არ დასჭირდება, რადგან  იმ დროისთვის  უკვე რუსული იმპერის ნაწილი ვიქნებით. თუ რუსეთში მამაკაცების სიცოცხლის საშუალო სტატისტიკურ ხანრძლივობას, რუსეთის მოსახლეობის მიერ პუტინის გაღმერთებას და ამ ქვეყნის მანიაკალურ იმპერიალიზმს გავითვალისწინებთ შეუძლებელი არაფერია.