ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

მღრღნელების მანდარინორიენტალობა

მღრღნელების მანდარინორიენტალობა

არც თუ  ისე ბევრი მაყურებელი იყო და სიცილითაც თავს არავინ იკლავდა.  არაფერი იყო იქ სასაცილო. მახსოვს “მექანიკური ხელსაწყოებით კვების” სცენის ხილვისას ლამის კბილები და თავი ამტკივდა და, ალბათ, სიმწრისგან გამეცინა. და ახლაც,  ამდენი ხნის შემდეგ, ნიუ იორკის ცენტრში ჩარლი ჩაპლინის რესტავრირებული ფილმზე როცა მთელი დარბაზი ხმამაღლა იცინოდა, კვლავ  მიკვირდა – რატომ? მე და ჩემი მეგობარი, ორივე ემიგრანტობის ჭირნახული,  გაკვირვებულნი გადავხედავდით ხოლმე ერთმანეთს და ჩურჩულით ვეკითხებოდით – ნეტა, რა აცინებთ?… დაბნეულები ვათვალიერებდით გარშემო ადამიანებს. ვერ გაგვერკვია, რა იყო ასეთი სახარხარო ამ გაჭირვებული, უსაზღვროდ სევდიანი, უსუსური მაწანწალის დაუსრულებელ ტკივილებში, დაცემა–დამცირებებსა და შეურაცხყოფებში…  

 

ჰოდა, ფილმის იმ ადგილას, სადაც ჩარლი და მის მეგობარი გოგონა ღამით დროებით თავშესაფარში – დიდ სუპერმარკეტში დასეირნობენ, მერე კი  დაფეხვილ, სიფრიფანა შეშისგან შეჭედილ “სახლში”, რომელშიც ყველაფერი ინგრევა – ვარდება – იშლება, გადაბარგდებიან, სამი ერთმანეთის მსგავსი ქართული ისტორია გამახსენდა…  

 

ასე 15 წლის წინათ  ჩემი ერთი  ნაცნობი,  საქართველოში სრულიად მარგინალიზირებული შშმ ქალების ლოკალური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დამიკავშირდა.  მთხოვა მიმეხედა ადამიანისთვის, რომლის “სახლშიც” “წითელი ჯვარიც” ვერ შედიოდა. და, საერთოდაც, ვერავინ ბედავდა შესვლას. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები წამლებს მეზობლებთან ტოვებდნენ… მიდი, გამოართვი და, თუ შეგიძლია, იქნებ ნემსი გაუკეთოო. ავადმყოფი ყველასგან მიტოვებულია, ადამიანის მკვლელობაზე იჯდა, ძველი ნაციხარია, ახლობლებმა მასზე უარი თქვეს,  დედამიწის ზურგზე არავინ ჰყავს იმისთვის, რომ თავი წამოუწიოს და წყალი დაალევინოსო… ცუდი კაცი იყო ცხოვრებაშიო. ძალიან ცუდი.  მაგრამ ახლა კვდება, ციროზი აქვს თუ სხვა ორგანოს სიმსივნე, ესეც არ ვიციო. უბრალოდ თქვეს, რომ ტერმინალურ სტადიაშიაო და ასე უპატრონოდ ნუ მოვკლავთო. სახლში ისეთი ანტისანიტარიაა, მეზობლები ვერ შედიანო… მისამართი მომცა. ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე იყო. თბილისის ცენტრში, თითქმის ჩემს მეზობლად. ღმერთმა უწყის, რამდენჯერ ამივლ–ჩამივლია იმ ეზოს კართან, სადაც იგი ცხოვრობდა. ანტისანიტარიის გაგონებისთანავე წრუწუნა, თაგვ–ვირთხების ჩემი ულტრაფობია გამახსენდა…  მაგრამ ეს აზრი მაშინვე შეძლებისდაგვარად უკუვაგდე, რადგანაც ვიცოდი, რომ თუ მღრღნელებზე დავიწყებდი ფიქრს, დანიშნულების ადგილამდე ვერანაირი მიწიერ –ზეციური ძალა ვერ  მიმიყვანდა.

 

ზაფხულის მიწურული იდგა. ათ დღეში ბუდაპეშტში, სოროსის ფონდის მიერ ორგანიზებულ, ოჯახში ძალადობის თემას მიძღვნილ საერთაშორისო სემინარ–კონფერენციაზე უნდა გავმგზავრებულიყავი, რომელიც პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთევროპელი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის იმართებოდა. მეორე დღეს იმ ეზოს კარი შევაღე. რეზინის ხელთათმანები, სპირტი და ბამბა წავიღე. ე.წ. იტალიურ ეზოში ასე 5–6 სახლის კარი გამოდიოდა. ადამიანებმა მაშინვე შემნიშნეს. ვუთხარი ვისთანაც ვიყავი. ერთმანეთს დაუძახეს. ერთმა მითხრა: შვილო, მაცივარში მაქვს წამალიო, თავისი ანოტაციით და ახლავე მოგიტანო. იმ კაცის საცხოვრებლის კიბეებთან შეჯგუფდნენ და გულხელდაკრეფილები მიყურებდნენ. შვილო, ვისი ხარო… შვილო, საიდან ხარო და შვილო, რამდენი წლისო. თუ არ შეგიძლია, ნუ შეხვალო. ჩვენ ვერ შემოგყვებითო, შვილო. ყველაზე მეტად, ამ “შვილოს”  ძახილი მაღიზიანებდა და მძაბავდა. თითქოს ზედ ამ კაცის ჯერ არგაცივებული სხეულის კუბოსთან მეც დამტიროდნენ. თითქოს ჩემი ჭირისუფლებიც იყვნენ. მითხრეს, საჭმელსაც თუ აჭმევ, მადლიაო. ნემსს რომ გაუკეთებ, გამოდი და შემთბარ წვნიანს მოგაწოდებთო და იქნებ აჭამოო… პურს დავალბობთ და იქნებ პირში ჩაუდოო… კარგია საღამოსკენ რომ არ მოხვედიო…  შუქი არა აქვს ოთახში, არადა მზის სინათლე დაგჭირდება, ამიტომ დღის საათებში მოდიო…  იატაკს დააკვირდი, შვილოო. აქა–იქ ჩატეხილია, ფეხი არ ჩაგივარდეს, კისერი არ მოიტეხოო. ციხიდან სამი წლის გამოსულია და თავიდან თავის თავს უვლიდაო. საავადმყოფოში არ გააჩერესო. ახლა უკვე ველოდებით როდის მოკვდებაო… თუმცა ზოგჯერ ვერც ვგებულობთ ცოცხალია თუ მკვდარიაო…. ახლოს ვერ მივდივართო, ამიტომ ღია კარიდან სახელს დავუძახებთ და, თუ დიდხანს არ გაგვცემს ხმას, აი, მაშინ უნდა დავურეკოთ სასწრაფოსო, გვამი გადაიტანონო. რომ მოკვდება, სახლი უნდა დავანგრიოთო… მისი შვილებიდან ნებართვაც გვაქვსო. აბა, მაგის ოთახის წმენდა–დასუფთავების თავი და საშუალება ვის აქვსო… ორი წლის ნაგავი იქ არისო. 78–საა მიტანებულიო. ოთხი შვილი ჰყავსო, მაგრამ მამამისი სძულთ მისიანებსო, არც გაემტყუნებათო. ეს ისეთი ვინმე იყოო, ისეთი ვინმეო, მაგრამ მაინც გვეცოდებაო, ადამიანი ხომააო…

 

კარი შევაღე და, რაც იქ დავინახე და როგორი სუნიც ვიგრძენი, ენა–პირი ვერ იტყვის… ყველაფერი “ჰარმონიული” იყო იმ ოთახში: დაფლეთილ ძონძებში ჩაკარგული ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანის სახე, წაწვეტებული უკვე ლამის ლურჯად ქცეული ცხვირით, დაფლეთილ ცელოფნებზე  მიმოფანტული პურის გამხმარ–ობმოდებული  ნატეხები, შარდისა და განავლის სუნი არეული სინესტისა და ჭუჭყის სპეციფიკურ სიმყრალეში, ბუზების ბზუილი და  გულისამრევი დამპალი ხორცის სუნი ….  იქვე, ძველი ხის ტაბურეტზეც და ამ კაცის “კალთაშიც” გრძლკუდიანი, ჩემთვის აუტანლად საძულველი ხმის გამომცემი არსებები ტრიალენდნენ. თაგვები, ვირთხები. მეჩვენებოდა, რომ სიმაღლეში ხტოდნენ….  ხის იატაკი უსაშველოდ ღჭიალებდა. ქსელები, მტვრის უზარმაზარი ბურდები, ღია კარადა და იქ შეტენილი ჭუჭყიანი, ღმერთმა უწყის, რამდენი წლის გაურეცხავი ტანსაცმელი… რკინის ტაშტი ფანჯარასთან… გაურკვეველი ფერის სითხით….გული გამიჩერდა. დღესაც არ ვიცი, როგორ და რანაირად… როგორ შევინარჩუნე ვერტიკალური მდომარეობა…  ის კი მახსოვს, რომ გავიფიქრე: ყველაზე დიდი სისიულელე აქ წაქცევა იქნება, რადგანაც ეს არსებები შეიძლება ჩემსკენ გამოემართონ – მეთქი… გამოსავალი ორი იყო. ან უკან უნდა გავვარდნილიყავი, ანდა როგორმე სუნთქვა შემეკრა და გამეკეთებინა ის, რისთვისაც აქ მოვედი. ჩემი თავის პირველად შემრცხვა. თეთრ მაისურსა და ჯინსებში, საყურეებით, თითებზე ლაქითა და  ფერადი ფეხსაცმელებით, ცოცხალი…  შემრცხვა, რომ ცოცხალი ვიყავი და არ ვეწერებოდი ამ  უღმერთობასა და უსასოობაში…

 

ფეხები დავაბაკუნე როგორც შემეძლო… ტაბურეტიდან და მისი კალთიდან მღრღნელები გადახტდნენ და ცოტა ხნით თვალს მოეფარნენ…  ასე ვიდექი მის საწოლთან, ფეხებს ვაბაკუნებდი და რაღაცას ხმამაღლა ვეკითხებოდი…გარედან ქალები მიყვიროდნენ: თუ არ შეგიძლია, შვილო, გამოდიო!…  მაცალეთ–მეთქი – გავყვირე. შავად ჩავარდნილი თვალები, უსიცოცხლო ლურჯი ტუჩები, ძვალზე გადაკრული კანი, სისხლიანი ნაწოლები… სახელი მკითხა… ვუპასუხე. ვუთხარი, რომ საჭმელს ვაჭმევდი თუ უნდოდა. ნემსი გავუკეთე… ხელი არ ამკანკალებია.  უკბილო პირში მეზობლის მიერ გარედან მოწოდებული თბილი თხევადი საკვები წვეთ–წვეთად ჩავასხი. ხმამაღლა ყლაპავდა… თან ფეხებს ვაბაკუნებდი და თან მეშინოდა… ყოველი შემთხვევისთვის, ზევით ავიხედე, რადგანაც მეგონა, რომ მღრღნელები ჩემს გაბურგძგნულ ხუჭუჭა თმებზე დამახტებოდნენ და ისიც ვიცოდი, რომ ჩემი მისიაც იქვე, იმწამს დასრულდებოდა, რადგანაც შოკისგან გული იქვე გამისკდებოდა…

 

მეორე დღეს, დათქმულ დროს, როცა მის კიბეებს მივუახლოვდი, მეზობლები უკვე მელოდებოდნენ. იდგენენ წამლითა და თბილი საკვების ქვაბით. თავსაფარი თავზე დავიხურე,  ცხვირზე – დოლბანდი, დიდი ჭილის ქუდითა და  მუქი ფერის გრძელი ხალათით… სკაფანდრში ჩასმულს ვგავდი…  მრცხვენოდა, მისთვის ჩემი შიშის ჩვენება რომ მიწევდა… არ ვიცი, სად გაქრა ჩემი ეს უკიდურესი მუსოფობია. არსად არ გამქრალა… ახლაც მაქვს. უბრალოდ, როცა სიკვდილის სუნი ვირთხების “ფერხულით” გცემს, ამ სუნის პროტაგონისტები, ალბათ, შენი “მოკავშირეები” ხდებიან, რადგანაც შენსავით ჯერ სააქაოს არიან.

 

უსახლკაროები ქუჩაში
უსახლკაროები ქუჩაში

 

მეზობლები ყოველ დილას იმედოვნებდნენ, რომ მოისვენებდა მისი მძიმე სული. მეც მეგონა, რომ ქალები კართან დამხვდებოდნენ და მეტყოდნენ თავიანთ ჩვეულ “შვილოს”: შვილო, მიიცვალა, მოისვენა, მაგრამ არ ვიცით სადაა მისი სულიო. ვიცოდი, რომ უზომოდ იტანჯებოდა. კვნესის უნარიც დაკარგვოდა. ბუდაპეშტში გამგზავრებამდე ზუსტად ერთი დღე რჩებოდა… სინდისი მქენჯნიდა…  იმ დღეს ადრე მივედი. არ ვიცოდი, როგორ მეთქვა მეორე დღეს ჩემი მიუსვლელობის მიზეზი… შევძლებდი კი? ეზოში უფრო მეტი ხალხი დამხვდა. წამლითა და წვნიანის ქვაბით არავინ შემომეგება. მიიცვალაო… წადი, შვილო, სახლშიო… არავის უტირია. ვერც – მე. უბრალოდ თავი დავიმშვიდე, რომ მისი სიკვდილი იქნებ მეზობლებმა უფრო ადრე შეიტყვეს, ვიდრე იმ არსებებმა, რომლებიც მისი ბოლო ამოსუნთქვის მოწმეები გახდნენ….

 

იმ საღამოს თვითმფრინავმა  მის და ჩემს სახლსაც გადაუფრინა…

 

ბუდაპეშტი იყო შემოდგომის ფერების, ლამაზი, სუფთა თავისი გასაოცარი ხიბლით. კონფერენცია–სემინარი – შთამბეჭდავი და ათასგვარი კულტურულ–კულინარიული ღონისძიებებით დატვირთული, ბევრი ექსპერტით, ცნობილი ხალხით, ფემინისტებით, მაგისტრანტ–დოქტორანტებით, გრანტის გამცემ–მიმღებლებით და იმ ადამიანებით, რომელთა მეზობლად, ალბათ, ახლოს თუ შორს, ნახევრად გაცივებულ სხეულებზე ვირთხები ხტიან…

 

მეგონა, რომ  ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა ცოცხალი ადამიანის საცხოვრებელში მის მიცვალებას  მღრღნელები ესწრებოდნენ… და ასე დავიმშვიდე თავი.

 

ოთხი წლის შემდეგ კახეთის ერთ–ერთ სოფელში  “კავკასიური სალხიდან” გავემგზავრეთ. გვინდოდა უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის მიგვეკითხა,  შეძლებისდაგვარად აღგვერიცხა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ამ ოჯახების სოციალური მდგომაროების შესახებ მოგვეთხრო თუ წერილობით, თუ ვებრალურად….ჰოდა, ერთი 85 წლის ქალის “ოთახში” თითქმის იგივე მდგომაროება დამხვდა…  

 

ორი შვილი ჰყავდა. ორივე ქალაქად წასული… თავისი ცხოვრებით დაკავებული. გარეთ ზამთარი იდგა… კუბოკრულ, ძველ, გაცვეთილ, ოდესღაც ფერად პლედებში “შეხვეული”, ფანჯერბზე  ქარის ზმუილზე სხვადასხვა ფერის ცელოფნები იზნიქებოდნენ, კუთხეებში კუდიანი არსებები წრიპინებდნენ, რომლებიც სათაგურებს თავინთ კუდებს ყოველგვარი ფობიის გარეშე ურტყამდნენ…. სახე ორი დიდი ფოჩიანი თავშალით ჰქონდა აკრული… თვალები არ უჩანდა… ისეთივე გამხდარი და ძვალს გადაკრული წვეტიანი, გაყინული ცხვირი და მოლურჯო ტუჩები… რკინის ჟანგიან საწოლზე პურის ნაფჩხვენები… შეშა რომ მქონდეს და ცოტა პურიო, ამოილუღლუღა… და ცეცხლი, რომ ზედ წყალი გავაცხელოო. წყალი და პური მინდაო.. მეტი არაფერიო. და სითბოო.  სიკვდილი არ მინდაო, ცოტას თუ გამათბობთ, არ მოვკვდებიო, შვილოო… იტაკი ზუსტად ისე ღჭიალებდა, როგორც მთაწმინდაზე და მღრღნელებიც ზუსტად ისე დარბოდნენ მასპინძლის ჩაზნექილ–ჩამტყდარ იატაკზე, როგორც ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში…

 

                            ***

 

ათი წლის წინათ მთაწმინდაზე, უზენაესი სასამართლოს უკან ერთ საშუალო ზომის ოთახში, დისიდენტი პარლამენტარის მეზობლად, სადაც ნანა და მისი რვა შვილი ცხოვრობდა  არც –  აბაზანა–ტუალეტი და არც ტელევოზორი არ იყო. ნანას ქმარი კაბელების ქურდობაზე დაიჭირეს. ერთი ძალიან ძველი ჟიგული ჰქონდა მის ქმარს…  ნანამ ორ კაპიკად გაყიდა, ადვოკატის ფულისთვის. ალბათ, ჯართად უფრო უნდოდათო. თუმცა ისიც გამიმხილა, რომ სჯობდა მისი ქმარი ციხეში ყოფილიყო, რადგანაც ამდაგვარად მის შვილებს  ისედაც არარსებულ ლუკმაპურს არ წაართმევდა…. საქველმოქმედო სასადილოში დადიოდნენ… გრაფიკი შედგენილი ჰქონდათ… უფროსები როდის გადიოდნენ სახლიდან, როდის – შუათანები და სულ პატარას ვინ წაიყვანდა… ბავშვებთაგან ორს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. დამპალიატაკიან, უფანჯრო ოთახში ერთმანეთზე მიტყუპებული სამი დიდი საწოლი იდგა, დალაქავებული გადასაფარებლით, ხუთი ცალი დახეული ბალიშისპირით, რომელთაც ოდესღაც “თეთრი გედები” ეხატა. ათი ადამიანი იმ საწოლზე იჯდა,  იწვა, იქ გაკვეთილებს სწავლობდა, იქ იღებდა სტუმრებს, იქ სვამდა ოჯახის ერთადერთ სასმელ–საკვებს – უშაქრო ჩაის…  საწოლზე ცხოვრობდა. კუთხეებში მაღალ გორებად  ტანსაცმელი “ეწყო”, იქვე რკინის ტაშტში ჯამ–ჭურჭელი–დანა–ჩანგალი და გვერდით – უყველო სათაგურები. ტუალეტი ეზოში იყო… მაგრამ აბაზანა –არა… ამიტომ ხან – სად და ხან სად იბანდნენ. ან არ იბანდნენ.

 

ერთ დღეს შეიწყალეს ცხრა შვილის მამა და ცხრა შვილის დედის ქმარი. შინაგან საქმეთა მინისტრიც კი მივიდა მის სახლთან. პროცესიას მასმედიის  უზარმაზარი  გუნდი და შსს–ის თანამშრომლებიც ახლდნენ. მინისტრმა თქვა:  ჩვენი ინიციატივით ამ მრავალშვილინ მამას შსს–ში მუშაობას დავაწყებინებთო. მაგრამ  არ დააწყებინეს…. “სახლში” არ შესულან. რადგან არავის აინტერესებდა იქ მორბენალი ცხოველები. “ქველმოქმედების” ეს პომპა ტელევიზორში აჩვენეს. აჩვენეს  სიმაღლის მიხედვით დაწყობილი შვილებიც, თავდახრილი ყოფილი პატიმარი, სევდიანი ნანა… ვუყურებდი და ეკრანზე გამოსახულების მაგივრად ვხედავდი: იმ დროს, როცა ჩინოვნიკები კამერის წინ ბრავირებდნენ, მედია კი თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებას იწყებდა და ასრულებდა, როგორ დაქრიან  მღრღნელები იმ “საოჯახო ფართზე”, კუთხიდან კუთხეში…

 

***

ჰოდა, ყოველ ჯერზე, როცა ვიხსენებ აწ გარდაცვლილი პირველი ლედის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ “გერგილიანი დიასახლისი თვეში 8 ლარად ოჯახის გამოკვებას შეძლებსო”; როცა ვიხსენებ მილიონერი ბიზნესმენისა და მოქმედი პარლამენტარის სიტყვებს: “160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს”; როცა ვიხსენებ, როგორ უტოლებენ ერთმანეთს თავიანთ ხელფას – სახელფასო დანამატებ– პრემიებსა თუ სახლის–აგარაკის, ანდა  მანქანის სიდიდეს,  ქვეყნის მთავარ მართლმადიდებელი ოლიგარქის – ილია მეორესთან ახლოდგომის რაკურსებს “ქართველი  ხალხის რჩეულები”; როცა ვიხსენებ, როგორ უტოლებენ ერთმანეთს  ძვირიანი სასტუმროების ხედებსა და უცხოური ბრენდების ფასებს; როცა ვიხსენებ როგორ უტოლობენ ერთმანეთს ეკლესიების მშენებლობისთვის გადარიცხულ თანხებს, “მაგარი მამაოს” ყოლის საშუალებასა და “პატიოსანი ნამოღვაწარით” “ივერიის გაბრწყინების” ხარისხს; როცა ვიხსენებ როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს ზღვრულ უპრინციპობა–უპასუხისმგებლობასა და უკიდეგანო ტყუილში; როცა ვიხსენებ როგორ უტოლებენ ერთმანეთს ნუგეშმიხდილებით მანიპულირებისა და სიტყვებით “იმედი”, “ოცნება”, “ნდობა”, “თავისუფლება”, “სამართლიანობა”  სპეკულაციის ხელობას; როცა ვიხსენებ საქართველოში წელიწადში შიმშილისგან 300 გარდაცვლილ პატარასა და  უკიდურეს სიღარიბეში მყოფ 50 000  ბავშვს, რომელთა პირს დღეში 1–2 ლარის საკვების გემო ენატრება; როცა ვიხსენებ ზამთარში ბრეზენტის კარვებში შეხიზნულ ადამიანებს, რომლებსაც  ძვირადღირებული “არიული სისხლის”  თეთრი რაშისა და Ulysse Nardin  U– ის საათის  მფლობელი “მამა – მესიები”  ორასათასევროიანი ჯიპით ჩაუქროლებენ და მათ მიერვე შექმნილ მარგინალებს ან ჰაერში გადასახულ პირჯვარს ანდა ზანტ მზერას მიუგდებენ; როცა ვიხსენებ, რომ გასული საუკუნის ორმოცდაათიანებში გამოშვებული შავ–თეთრი ნაჩუქარი ტელევიზორის გამო ქუჩაში ნაპოვნი ფიცარ–აგურისგან სახელდახელოდ შეჭედილში მცხოვრებ ადამიანს, რომელიც ახლომახლო ამოზრდილ ბალახს ჭამს, სახელმწიფო იმ მიზერულ დახმარება – სოციალურად დაუცველის სტატუსს არ აძლევს, რომელიც მას კანონით ეკუთვნის და ამ “ტელესაგანს” ფუფუნებად უთვლის; როცა მახსენდება ეკონომიკური მიგრანტები, რომლებიც მოსახლოების ლამის ოც პროცენტს შეადგენენ და იმავე მიზეზით ვერ ბრუნდებიან სამშობლოში რა მიზეზითაც წავიდნენ და, ღმერთმა იცის, რამდენი მათგანია ტრეფიკინგისა და ზოგადად ადამიანის უფლებების ღია თუ ფარული შელახვის მსხვერპლი;  როცა ვიხსენებ რვა შვილის მშობლის  მიერ ფეხმძიმე ცოლის ცელით აჩეხვის შემდეგ დატოვებულ თეთრეულარეულ,  შპალერჩამოდღლეზილ, სისხლმორწყულ ღარიბულ ოთახს …. ვხედავ როგორ მწყობრად სხედან  მღრღნელები სუფთა პარტერში და კისერზე ოქროს ბრჭყვიალა ჯაჭვზე  “მანდარინ ორიენტალის” ოთახის გასაღებს აქანავებენ; როგორ ხარხარებენ, როცა ეკრანზე დამცირებულ, პატივახდილ ადამიანებს ხედავენ,  სიამოვნებისგან როგორ ხტიან სკამებზე, რათა სასტუმროს გასაღებმა უფრო ყურისმომჭრელად იჩხარუნოს მათ ქვაზე უფრო მედეგ გულმკერდზე და თან ერთმანეთს როგორ უტოლებენ სიმაღლეში ხტომის უნარებსა და  კუდის სიგრძეებს…

100 000 მოწამის ხსენების დღე 13. 11. 2014
100 000 მოწამის ხსენების დღე 13. 11. 2014