გია მარიამიძის ბლოგი

გვამი გზაზე

გვამი გზაზე

ამ თვალსაზრისით სტუმარი ე.წ. “ენჯეოების” ენაზე ადგილობრივ არასტალინისტურ თუ ანტისტალინისტურ უმცირესობას მიეკუთვნება. თუმცა კრიტიკულად მოაზროვნე პროფესორმა ერთი უცნაური ფრაზა მაინც თქვა.

 

1990-იან წლებში მოსკოვში სტალინის გვამის  კრემლის კედლიდან გამოსახლებაზე ლაპარაკი დაიწყეს. იმხანად ჩრდილოეთ ოსეთის ერთ-ერთი საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებმა სტალინი ოსად გამოაცხადეს და ვლადიკავკაზში მისი გადმოსვენება მოითხოვეს. პროფესორი ამ მდგომარეობით შეშფოთებულა და სტალინის გორში დაბრუნების ინიციატივით გამოსულა. “აი, აქ (მუზეუმის წინ) შევარჩიე მისი დასაფლავების ადგილიო”, – ბრძანა გადაცემის სტუმარმა. 

 

ჩვენებური შინნაზარდი სტალინისტების დიდი ბელადისადმი უზომო  სიყვარულის მთავარი მიზეზი სწორედ მისი ეთნიკური ქართველობაა. თურმე მარტონი არ ვყოფილვართ და ჩრდილო ოსეთის სტალინისტები ბელადის გვამს გვეცილებიან. სტალინის ოსობის ვერსია მანდელშტამის პოეზიაშიც აისახა:                                             

 

«Как подкову, дарит за указом указ:
Кому в пах, кому в лоб, кому в бровь, кому в глаз.
Что ни казнь у него — то малина,
И широкая грудь осетина.»

 

გარდა ამისა, სტალინის წარმომავლობის ფანტასტიკური ვერსიაც არსებობს. მას ცნობილი რუსი მოგზაურის და ნატურალისტის ნიკოლაი პრჟევალსკის შვილობას აბრალებენ. პრჟევალსკი სტალინის დაბადებამდე ერთი წლით ადრე საქართველოში მოგზაურობდა და თურმე  გორის მაზრის მიდამოებშიც გაუვლია. ეს ვერსია სტალინისა და პრჟევალსკის გარეგნული მსგავსების გამო გაჩნდა. რომანტიკოსი სტალინისტები სოსელოს სისხლში ცისა ფერსაც კი ხედავენ და მის არისტოკრატიულ წარმომავლობაზე ლაპარაკობენ – ამ ვერსიის თანახმად, სტალინის დედა კეკემ პრჟევალსკისთან კი არა გორელ თავადთან სცოდა და პატარა სოსო ქვეყანას მოავლინა.

 

ღვთის წყალობით მეცნიერება წინ მიდის და სტალინის მიერ აკრძალული და ბურჟუაზიულ მეცნიერებად შერაცხული გენეტიკა სასწაულებს ახდენს. სურვილის შემთხვევაში სტალინის რასობრივ-ეთნიკური წარმომავლობის დადგენა იოლია. თუმცა ეს წამოწყება რისკებს შეიცავს – ვაი თუ სტალინი “სუფთა” ქართველი არ აღმოჩნდეს? თუ ფუნდამენტური მეცნიერების კვალს ბოლომდე გავყვებით დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სტალინზე ბევრ ახალ ამბავს გავიგებთ. სტალინის გენეტიკურ კოდში ყივჩაღის, თურქი-ოსმალოს, არაბის, ხაზარის, ოსის, სომეხის, ბერძნის, ჩერქეზის თუ სხვა მრავალი დამპყრობლის თუ ქართულ ეთნოსთან ასიმილირებული ეთნიკური ჯგუფების გენი უეჭველი აღმოჩნდება, ისევე როგორც – ნებისმიერი სხვა ქართველის სისხლში. 

 

სამწუხაროდ, სტალინი მხოლოდ წარსული და ისტორია არ არის, რომელსაც ვერა და ვერ დავემშვიდობეთ. ისტორიის დინების აღწერაში, თუ გზის მეტაფორას გამოვიყენებთ, სტალინის ფიგურა ქართული სახელმწიფოს მიერ სამშვიდობოზე გასასვლელ გზაზე დევს და გვეღობება. მატაფორულ ხერხს თუ გავამძაფრებთ, ეს ფიგურა სინამდვილეში გვამია, რომელიც გარემოს მომაკვდინებელი ბაქტერიებით წამლავს. ინფიცირებულების ერთი ჯგუფი 9 აპრილს გორში სტალინის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ და წითელი დროშები აფრიალეს. 

 

სტალინი ქართული საზოგადოების დაბნეულობისა და გაურკვევლობის სიმბოლოც არის. უკვე 25 წელია საკუთარი სახელმწიფო გვაქვს. სახელმწიფოს შენახვა, მოვლა და პატრონობა იოლი არ არის. ამ პლანეტაზე 8 ათას ენაზე მოლაპარაკე ეთნიკური ჯგუფი, ტომი თუ ერი ცხოვრობს. მათგან საკუთარი სახელმწიფო მხოლოდ 200-მდე ერს აქვს. სახელმწიფოს ქონა დიდი პატივია. მაგრამ სახელმწიფოებს მხოლოდ ნაციები-ერები ქმნიან. ეთნიკური ჯგუფები და ტომები ცივილიზაციურად ამისთვის მზად არ არიან.

 

როგორც ცნობილია, ნაციების ფორმირება მე-18, მე-19 საუკუნეებში იწყება. ნაციას ინტელექტუალური ელიტა – მეცნიერები, მწერლები, პოლიტიკური კლასი და იდეოლოგები მიზანდასახულად აყალიბებენ. საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები პოლიტიკური და ეკონომიკური საქმიანობით, სამეცნიერო ნაშრომებით, ლიტერატურული ნაწარმოებებითა და  საგანმანათლებლო მოღვაწეობით ეთნიკური თუ ფენობრივი ნიშნით დაყოფილი მოსახლეობიდან ახალ ერთობას – ნაციას აყალიბებენ და ნაციონალურ-ეროვნულ პროექტს ქმნიან. ნაციის ფორმირება ქვეყნის ყოველი კუთხის, ყველა ეთნიკური ჯგუფის, საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენლის საერთო  ეროვნულ და სახელმწიფოებრივ საქმეში ჩაბმის და მათი უნიფიცირების პროცესია. იქმნება საერთო ნაციონალური სალიტერატურო ენა. ენის ნორმების ზოგადეროვნული სტანდარტი. იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოებრივი ინსტიტუციები – საერთო ეროვნული განათლების სისტემა, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები, საპენსიო სისტემა და ა.შ.  ნაცია ღია სისტემაა და ის მრავალეთნიკური საზოგადოების დაქსაქსულობას ანეიტრალებს. ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ჯგუფს სახელმწიფო იდეის გარშემო აერთიანებს და ზოგადეროვნული შემოქმედებითი პროცესის ნაწილად ხდის. 

 

ნაციის ფორმირების პროცესზე ბევრი ლაპარაკის შემდეგ ორი  კითხვა უნდა დაისვას: ვართ თუ არა ჩვენ ნაცია? და გვინდა კი ნაცია ვიყოთ და საკუთარი სახელმწიფოს ქონის პრივილეგია  გვქონდეს?  სახელმწიფოს შენების რთულ გზაზე  ჩახერგილი სტალინის გვამი ამ პრობლემას აშიშვლებს და წარმოაჩენს. სტალინი ეთნიკურად ქართველი იყო, მაგრამ ეროვნებით, სახელმწიფოებრივი კუთვნილების თვალსაზრისით ის რუსი იმპერიალისტია. სტალინი საბჭოთა სახელმწიფოს ერთადერთ მაორგანიზებელ ძალად რუს ერს მიიჩნევდა. ამის საუკეთესო დასტური მის მიერ 1945 წელს ომში გამარჯვების აღსანიშნავ საზეიმო ბანკეტზე რუსი ერისადმი მიძღვნილი სადღეგრძელოა: 

 

„ამხანაგებო, ნება მომეცით ამ ჭიქით კიდევ ერთი, ბოლო სადღეგრძელო შევსვა. მე მინდა ჩვენი საბჭოთა ხალხის, პირველ რიგში კი რუსი ხალხის სადღეგრძელო დავლიო. მე ვსვამ რუსი ხალხის სადღეგრძელოს იმიტომ, რომ ის ყველაზე გამორჩეული ერია საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ერებს შორის. მე ვსვამ რუსი ერის სადღეგრძელოს უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ეს ერი იმსახურებს საყოველთაო აღიარებას და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ხალხების წინამძღოლის როლს. მე ვუსურვებ რუს ერს დღეგრძელობას არა მხოლოდ მისი წინამღოლობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ამ ერს აქვს ფხიზელი გონება მედგარი ხასიათი და თმენის უნარი“. 

 

სტალინისთვის საბჭოთა იმპერიაში მცხოვრებ ხალხებს შორის სრულფასოვან ნაციად – ერად წოდების ღირსი მხოლოდ რუსი ერია.  დანარჩენი ხალხები ეთნოსის სტადიაში ხელოვნურად გაყინული კოლონიზირებული აბორიგენები არიან, მიუხედავად იმისა, ეს ეთნოსები თავის მდგომარეობას აცნობიერებენ თუ არა. კოლონიზირებული და პერსპექტივის გარეშე დარჩენილი ხალხების გასაბრუებლად იმპერია დიდ ფულს ხარჯავდა. რიტუალური თეატრალიზებული და პათეტიკით გაჟღენთილი კოლონიური კულტურის უხვად სტიმულირება სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა. ასეთი იოლად მართვადი და მანიპულირებადი ფოლკლორული  ქართველის არსებობა რუსული იმპერიული სტრატეგიისთვის მისწრებაა. ქართველების სახელწიფო ნაციად ჩამოყალიბების პროცესს კი ყველა ხერხებით უპირისპირდება.

 

ქართველების ერთი ნაწილის სტალინთან პათოლოგიური თვითიდენტიფიცირება სწორედ ეთნოცენტრისტული ვნების შედეგია. სტალინი რომ გორში დაბადებული ეთნიკური ქართველი არ იყოს, მისი არსებობით ცოტა ვინმე თუ დაინტერესდებოდა. ეს სიყვარული ტომობრივი ერთობის გრძნობით არის ნაკარნახები და არა სტალინიზმის იდეოლოგიის ღრმა ცოდნით. ის ფაქტი, რომ სოსო ჯუღაშვილი იოსიფ ვესარიონოვიჩ სტალინი გახდა და გარუსდა ყურადღების მიღმა რჩება. შესაბამისად, სტალინთან იდენტიფიცირებული და მისი “საგმირო საქმეებით” მოამაყე ქართველი თავს ეთნიკური ერთობის და არასრულფასოვანი ერის ნაწილად მოიაზრებს. უფრო სწორედ ასეთად გრძნობს და განიცდის. სტალინის გვამი სტალინისტი ქართველების ეთნოსიზაციის და დეცივილიზების მიზეზია.

 

ეთნიკური ერთობის მაცემენტირებელი  ძალა საერთო წარმომავლობაზე შეთხზული მითებია. ნაციის წევრებს კი  მომავლის საერთო ხედვა აერთიანებთ. ეთნოსი წარსულზე ორიენტირებული ფენომენია და მთელ თავის კოლექტიურ ენერგიას წარსულში შექმნილი ფასეულობების დაცვაში ხარჯავს. ერი-ნაცია კი წარსულის ხსოვნასთან ერთად მომავლის შექმნაზე და განვითარებაზე ორიენტირებული სტრუქტურაა. ეთნოსებს მომავალი არ აქვთ. მათი მომავალი  უცხო სახელმწიფოს მიყრუებულ პროვინციად ქცევა და დეგრადირებაა. თუ სტალინს ნაციონალური სახელმწიფოს მოქალაქის თვალით შევხედავთ მივხვდებით,  რომ ის ჩვენი ერთობის ნაწილი არ არის. უფრო მეტიც – ის მტერია.

 

ეთნოცენტრისტი ქართველის სტალინით სიამაყის ფსიქოლოგიური მექანიზმი იოლი ამოსაცნობია – ჩემიანი ყოველთვის მართალია, თუნდაც ის მილიონზე მეტი უდანაშაულო ადამიანის მკვლელი იყოს. სტალინით აღტაცება და სიამაყე ბანალური კომპენსატორული აფექტია: მე ქართველი ვარ. სტალინიც ქართველი იყო. სტალინი მაგარია იმიტომ, რომ ქართველია. ესე იგი მეც მაგარი ვარ. კოლექტიური სიამაყის გრძნობის გენერირება ამგვარი პრიმიტიული სქემით ხდება… ამ მარტივი სქემიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება საინტერესო საქმის მონახვა და სიამაყის გრძნობის ინდივიდუალიზებაა, მაგრამ ჯერ სტალინის წარმოსახვთი გვამი უნდა დავმარხოთ და გზა გავაგრძელოთ.