ამგვარ დამოკიდებულებას ვერც ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ ცნობილი ინგლისელი რეჟისორის – დევიდ ლინის ხუთგზის ოსკაროსანი ფილმი-„დოქტორი ჟივაგო“ (მსახიობები ომარ შარიფი, ჯერალდინა ჩაპლინი, ჯული კრისტი) ვერ გადაურჩა. ვერც ჯაკომო ქამბიოტის თანამოსახალე ბრიტანულმა ტელესერიალმა (მსახიობები ჰანს მატესონი, კირა ნაითლი, სემ ნეილი) ვერ შეძლო პირველი მსოფლიო ომის, ლენინ–სტალინის ტერორისა და “გამარჯვებული სოციალიზმის” ატმოსფეროს იმგვარად გადმოცემა, მნახველს სიყალბის განცდა რომ არ გასჩენოდა.
2015 წლის აპრილ–მაისში ნიუ იორკში “ბროდვეის თეატრის” სცენაზე წარმოდგენილი იყო ბორის პასტერნაკის ნაწარმოები “დოქტორი ჟივაგო” (იგი პირველად 1957–ში იტალიაში დაისტამბა), მას ავტორი ათი წელი წერდა და ერთი წლის თავზე ნობელის პრემია დაიმსახურა, ჩემნაირი პოსტსაბჭოელი ადამიანისთვის ზემოხსენებული ფილმების ნარატივიდან ყველაზე დრამატული და ექსპრესიული აღმოჩნდა. ხრუშჩოვის “ოტტეპელის” მიუხედავად, ნაწარმოებს აღვირახსნილი ანტისაბჭოური პროპაგანდის ნიმუში უწოდეს და მწერლის დევნამაც არ დააყოვნა, რამაც, ფაქტობრივად, პასტერნაკის სიკვდილი დააჩქარა. რუსი პროზაიკოსი იძულებული გახდა ჯილდოზე უარი ეთქვა. მხოლოდ მისი სიკვდილის (1960) შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომ მამის ნობელის პრემია პასტრენაკის შვილს აეღო. “სულ რაღაც” 31 წლის შემდეგ. ეს იმ პერიოდის გამოძახილი იყო, როცა ისევე, როგორც მოგვიანებით ბროდსკის, ასევე პასტერნაკის “კოლეგები” საარაკო ფრაზას იმეორებდნენ: “არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ”.
ბროდვეიზე “დოქტორი ჟივაგო” მისი გამოცემიდან ზუსტად 70 წლის შემდეგ გაჩნდა. მიუზიკლის საცდელი სპექტალი 2006 წელს კალიფორნიაში დაიდგა და მას მაშინ უბრალოდ “ჟივაგო” ერქვა. მსოფლიო პრემიერა კი 2011 წელს ავსტრალიურ სიდნეიში შედგა, თეატრალური კრიტიკოსების აღფრთოვანება დაიმსახურა და ოთხი წლის შემდეგ ბროდვეიზეც შეაბიჯა, თუმცა, როგორც ამბობენ, დიდ ფინანსურ წარმატებას ვერ მიაღწიაო.
ბროდვეის მიუზიკლის ავტორებმა — ცნობილმა ამერიკელმა სცენარისტმა მაიკლ უილერმა; ლექსების ავტორმა -“ტონის” ჯილდოს მფლობელმა ლიბრეტისტმა მაიკლ კორიემ და პოეტმა და მუსიკოსმა – ემი პოვერმა; თეატრალურმა კომპოზიტორმა და მომღერალმა, “გრემის” ჯილდოს მფლობელმა — ლუსი საიმონმა, “ტონის” ორგზის მფლობელმა რეჟისორმა დეს მაკნუფმა, “ტონის” მფლობელმა ქორეოგრაფმა კელი დივაინმა, სასცენო დეკორატორმა მაიკლ სკოტ–მიჩელმა და კოსტუმების დიზაინერმა პოლ ტაზეუელმა ყველაფერი გააკეთეს, რათა გროტესკისა და ალეგორიის ენით შეექმნათ სიყვარულის საგა, რომელმაც რუსეთის ისტორიის ის სისხლიანი პერიოდი მოიცვა, რომელშიც ორგანულად ჩართულები ჩვენც ვიყავით. მცირეწლოვანი და უფროსი თაობის მსახიობების შუბლზე დამაგრებული, სახის კანის ფერთან მაქსიმალურად მიახლოვებული მიკროფონები გასაოცარი ხარისხის ჟღერადობას უზრუნველოყოფდნენ; ტრაგიკული დროის ჭირისუფალი პატარა მსახიობები სერიოზული პროფესიონალიზმით თამაშობდნენ.
დამტვრეული სკამებისგან “ახორაგებული” “ფარდა”; მოძრავი ლითონის ფერის “ჯავშანტრანსპორტიორი” და მისი უხილავი რელსები (რომელიც საომარი მძიმე ტექნიკაც იყო, მატარებელიც, ბაქანიცა და კონტრევოლუციონერების დასჯის კაბინეტიც) ხან მეფის რუსეთის, ხან ლენინის, ხან სტალინის დიდი პორტრეტებისა და ტყავის ქურთუკებში გამოწყობილი კომისარების წინ მოძრაობდა. სროლის, დახვრეტის, აფეთქების, ხანძრისა და სისხლის მდინარეების ნატურალიზმი, ერთი მხრივ, ჰოლივუდურ სპეცეფექტებს გვაგონებდა; მეორე მხრივ, მიზანსცენები იმდენად სწრაფად ცვლიდა ერთმანეთს, დროის ნაკადი სივრცეს იმდენად ბასრი გამხლეჩი იყო, რომ სცენასთან ახლოს მსხდომს თავბრუსხვევის შეგრძნებასაც მიჩენდა.
შოუს შემქმნელებმა ქვეყნის თითქმის ორმოცწლიანი ისტორია ორსაათიან დაძაბულ სურათ–ხატობრივ დინამიკაში ჩაატიეს, რომელშიც უფრო დიდი აქცენტი პომპეზური შოუს ვიზუალურ – სანახობრივ მხარეზე იყო, ვიდრე – აუდალურზე; ხოლო ერთადერთი დამამშვიდებელი, ლირიკული ჰანგები, რომლებიც ამ მენშევიკურ–ბოლშევიკურ ჯოჯოხეთს დროებით გავიწყებდა, იური ჟივაგოსა და ლარა გიშარის რომანტიკული დუეტი იყო. სხვა მიზანსცენები სასოწარკვეთის, წითელი დროშების, ჯარისკაცების შავი ჩექმების ბაკუნისა და სისხლიანი სამკლავურების ავბედითობის არტეფაქტებით იყო სავსე; ხოლო რევოლუციამდელი რუსული ორთოგრაფიით დაწერილი ანტიმონარქისტული პლაკატები; პირქუში, უმზეო ცა და “კარაკულჩიანი” შინელების უნიფორმები – ძალადობისა და გაუტანლობის რუსული იმპერიული ესკიზები – ასოციაციურად დოქტორ ჟივაგოზე უფრო ადრე წაკითხულ ჰიუგოს “განკიცხულებში” მაბრუნებდა. სიკვდილისა და დაღვრილი სისხლის გუბეების მოლოდინში ლამის მთლიანად იკარგებოდა ერთი ქალის მიმართ სამი მამაკაცის სიყვარული და ერთი მამაკაცის მიმართ ორი ქალის ძლიერი გრძნობა. ისტორიული კონტექსტის პანორამულმა პორტრეტმა რომანის სასიყვარული თემა ლამის მთლიანად განდევნა.
მუსიკალურ – ჟანრობრივად სპექტაკლი ძალიან მრავალფეროვანი იყო რევოლუციური მარშები, სამეჯლისო მუსიკა, რომანსები, ლირიკული ბალადები და რუსული ხალხური სიმღერები. შთამბეჭდავი იყო ქალების ცეკვა მამაკაცების გასაშრობად გაკიდებული თეთრი პერანგებითა და ფრონტის ზურგი – იქ, სადაც საველე სამედიცინო კარვებში დაჭრილები კვდებიან… ისიც, თუ როგორ ისტუმრებენ სახრჩობელაზე “ხალხის მტრებს”; ისიც, როგორ გამოიღადრავს ყელს უბედურებისგან შეშლილი ქალი და ისიც, როცა თოვლი მოდის და ამ გაუთავებელი პოლიტიკური ანარქიისა და სამოქალაქო ომისგან შექმნილი სასცენო ნერვული დაძაბულობა იმ ფინალური სცენით იხსენება, როცა ექიმსა და პოეტს იური ჟივაგოს მართლმადიდებელი მღვდლის ბუტბუტის ქვეშ მიწას მიაბარებენ, ხოლო მისი შვილები დედების გვერდით დგანან… და თითქოს იქვე ხედავ მათ ბედსაც – საბჭოეთში ადამიანის არცთუ ძნელად პროგნოზირებად მომავალს.
კომპოზიტორი ლუსი საიმონი ამბობს, რომ პასტრენაკის “დოქტორი ჟივაგო” ერთ–ერთი მისი საყვარელი წიგნია და როცა გადაწყვიტა სპექტაკლისთვის მუსიკა დაეწერა, ვერაფრით მიაგნო იმ “ღილაკს”, რომელიც ამას შეაძლებინებდა. თუმცაღა ერთ მშვენიერ დღეს ამგვარ მუზად რომანის ბოლო თავში მოცემული 25 ლექსი აღმოჩნდა, რომელიც კარგად მოგვითხობდა განცდილს, რასაც მწერალი პროზაულად თითქმის ხუთასგვარდიან წიგნში გადმოგვცემდა.
ექიმი იური ჟივაგოს როლი შეასრულა ბრიტანელმა მსახიობმა ტამ მუტუმ, რომლისთვისაც ეს ბროდვეის სცენაზე წარმატებული დებიუტი აღმოჩნდა. მას, სანამ ამ სპექტაკლში მიიწვევდნენ, პასტერნაკის ნაწარმოებთან მხოლოდ ის შეხება ჰქონდა, რომ მის დედას რუსი ინტელიგენტის როლის შემსრულებელი ომარ შარიფი ძალიან მოსწონდა; ბროდვეის ცნობილმა ვარსკვლავმა, ლარას როლის შემსრულებელმა -კელი ბარეტმა კი პასტერნაკის ნაწარმოები მხოლოდ როლზე შერჩევის შემდეგ წაიკითხა. “ჟავაგოს” სხვა მსახიობებიდან ორის სახე ჩემთვის ნაცნობი იყო – ვიქტორ კომაროვსკის როლის შემსურლებელი, “ტონის” ნომინანტი ტომ ჰიუიტი (იგი ბროდვეის “ქრისტე სუპერვარსკვლავსა” და “მეფე ლომში” მღერის) და ჯემი ჯექსონი, რომელიც შარშან სტინგის მუსიკაზე შექმნილ სპექტაკლ “უკანასკნელი გემში” ვიხილე.
***
ბროდვეის თეატრების კედლებს გარეთ, სსრკ–დან ძალიან შორს,ნიუ იორკის ქუჩებში ამერიკულ–იაპონურ–გერმანულ მანქანებში სარკეებზე “ახალ რუსებს”, თუ უკვე არც ისე ახლებს, რუსული იპერიალიზმის სიმბოლო– ყავისფერზოლიანი “გიორგის ლენტები” უკონწიალებდათ, ბრუკლინში კი ერთი ამერიკული ბრენდის მაღაზიაში ინგლისურად მოსაუბრე დედა თავის 4–5 წლის გოგონას საზეიმო კაბაზე დამაგრებულ “გიორგის ლენტს” უსწორებდა და თან ინგლისურად ეუბნებოდა, რომ თუ კარგად მოიქცეოდა, “დანკი დონათს” აჭმევდა. ამერიკის საბჭოთა კავშირი ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავს აღნიშნავდა. ეს ნარატივი ის “დოქტორ ჟივაგო – 2” – ია, რომელიც, ალბათ, ბროდვეის სცენაზე არასოდეს მოხვდება …