ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ჩინური “ქალღმერთიდან” ვიდრე ყვარლამდე

ჩინური “ქალღმერთიდან” ვიდრე ყვარლამდე

ლინგუი ჩინური მუნჯი კინოს ვარსკვლავი იყო, რომელმაც ვერც ტაბლოიდების მხრიდან აგორებულ ჭუჭყიან ჭორებსა და ვერც “საყვარელი მამაკაცებისგან” მიყენებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ზიანს გაუძლო და 24 წლის ასაკში, ქალთა საერთაშორისო დღეს, რვა მარტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი სიკვდილიდან ოთხმოცი წლის შემდეგ კი ნიუ იორკის ერთ–ერთმა პოპულარულმა არტსივრცემ Dixon Place (1986) ჩინური კინემატოგრაფის ეს საკულტო ფიგურა მხოლოდ ერთი წარმოდგენით გაიხსენა, ოღონდ ამჯერად თეატრალურ–მულტიმედიური დადგმით “ქალღმერთი 2.0”.

ჯუან ლინგუის ტრაგიკული ისტორია მუსიკალურ პერფორმანსად, მისი რეალური ცხოვრებისეული და სამსახიობო როლი ფილმში “ქალღმერთი” (ჩინური კინოს ოქროს ხანა. რეჟისორი იუ იონგანი (1934)) ჩინური წარმოშობის ახალგაზრდა ამერიკელმა მსახიობმა, მომღერალმა, კომპოზიტორმა და მოცეკვავემ მიშელ სუიმ წარადგინა. “ქალღმერთი 2.0”, როგორც მას ავტორი უწოდებს, ექსპერიმენტული ოპერაა ქალის ცხოვრებაზე, რომელიც თავისივე სასცენო პერსონაჟის ტრაგიკული ბედის მსხვერპლი გახდა. თვითმკვლელობამდე ერთი წლით ადრე ლინგუიმ ფილმში “ახალი ქალები” (1934) ჩინელი მსახიობი ქალის აი სიას პროტოტიპი ითამაშა (მან რეალურ ცხოვრებაში ასევე მოიკლა თავი), რომელიც ფილმში საზოგადოების გულცივობის გამო სასოწარკვეთამდე მიყვანილი შანჰაელი განათლებული ქალია – მუსიკის მასწავლებელი, რომელიც მწერლობაზე ოცნებობს. “ქალღმერთში” (ძველად ჩინეთში ეს სიტყვა მეძავის ევფემიზმი იყო) ჯუან ლინგუი თამაშობს სექსმუშაკს, რომელიც თავისი პატარა შვილის შიმშილისგან გადარჩენასა და განათლების მიცემას ცდილობს. ფილმის ფინალი ასეთია: ქალი კლავს მისი ფულის ქურდ ნაძირალა კაცს, ამის გამო მას ციხეში სვამენ, შვილს კი ბავშვთა სახლში გაამწესებენ.

 

‘ქალღმერთის’ პოსტერი

“ეს არის ქალის ახალი ისტორია, რომელიც იცვლება სამსახიობო როლსა და რეალობას შორის” – ამბობს მიშელ სუი (www.michellesui.com). ჯერ კიდევ 1930 –იანებში ამ ფილმისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობდა. ზოგმა არტკრიტიკოსმა ქალების თვითმკვლელობების ხატებით მოვაჭრე კინოინდუსტრია “გატეხილი ქალის ესთეტიზაციის მცდელობად” შეაფასა, იმ ქალების იმიჯების დამკვიდრების ტენდენციით, რომელთაც არა მხოლოდ ცხოვრება, არამედ კინემატოგრაფიული იმიჯიც ტეხავს და კლავს.

მიშელ სუის სპექტაკლი (იგი შოუს ერთი მსახიობი, რეჟისორიცა და კომპოზიტორიცაა) დეკორაცია ცელოფნისა და ნაჭრის ფარდებია, რომლებზეც ჯუანის სახის ვიდეოპროექცია ჩნდება; სცენა არაა ამაღლებული, გარშემო მაყურებლები ზიან, საკიდებლებზე სამეჯლისო, ყოველდღიური კაბები ქანაობენ, დიაგონალზე გადაჭიმული ბაწრებია, რომლიდანაც თეთრი ნაჭრების ჩამოგლეჯვა ადვილად შეიძლება; სუის მაღალი სოპრანო კი ჩინური ჰანგებითა და სევდიანი ნამღერით ადამიანის ცხოვრებისეული თუ სასცენო, როლური დრამატიზმს თამაშობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შანჰაური ჰანგების ფონზე მსახიობი სიხარულის უძლურ იმიტაციას ცდილობს…

 

ვიდეოპროექცია, რომელიც  მიშელ სუის პერფორმანსის დროს ცელოფნის ფარდებზე ჩნდებოდა
ვიდეოპროექცია, რომელიც მიშელ სუის პერფორმანსის დროს ცელოფნის ფარდებზე ჩნდებოდა

– მე დავიბადე ჩინეთში, გავიზარდე ლოს ანჯელესში. – მიყვება მიშელი. – პატარაობიდანვე ვცეკვავდი, ლოს ანჯელესში თეატრსა და კინემატოგრაფს ვსწავლობდი, მერე კი ნიუ იორკის უნივერსიტეტის ექსპერიმენტულ თეატრში Wing გადავედი. ეს ის ადგილია, სადაც ადამიანის ხმის ულიმიტო შესაძლებლობები ჩნდება: აღმოსავლეთევროპული ნამღერიდან ვიდრე ჯაზამდე/თავისუფალ ჯაზამდე და ქალთა გუნდების მიერ სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორის შესრულებამდე. მომწონს, როცა განსხვავებული საგნები, გარემო, უცხო ადამიანები ერთიანდებიან, რათა საერთო ლექსიკა გამოძებნონ.

– პერფორმანსისთვის ტრაგიკული ბედის მსახიობის ჯუან ლინგუის ისტორია და “ქალღმერთის” რემინისცენცია რატომ აირჩიეთ?

– “ქალღმერთში” მსახიობ ჯუან ლინგუის ცხოვრება თითქმის ზუსტად აისახა. ეს ტრაგიზმი არაა უცხო, რადგანაც სწორედ ესაა დაცემული ქალის ტრაგიკული ბედის ილუსტრაცია. იგი ისეთივეა, როგორიც ზოგადად ჩინელი ქალის ბედი, რომელიც დიდი ხნის წინათ მედიამ და კულტურამ შექმნა და რომელსაც გვიყვება. ჩემი აღფრთოვანებაც და გაწბილებაც ამ გიჟური ისტორიის, ფილმის ნარატივის გადახალისებას უკავშირდება. ჩემს სცენარში მე და ჩემს გარშემო მყოფ ქალებს ზუსტად ჯუანის ასაკის ალუზიები და იმ ტრაგიკულ დღეს მომხდარის ხატები დაგვდევენ. მე ვკვდები ახალი აქტისთვის, ახალი დასასრულისთვის, ახალი დასაწყისისთვის. ესაა ახალი ენა, რომელიც ჩვენ შევქმენით და რომელზეც ვლაპარაკობთ. ჩემი შოუ სცენაზე ძველის ახალ ტექნოლოგიებად გარდაქმნის მცდელობა იყო; ახალი მედიების გამოყენების საშუალება და ყველაფერი იმის აღდგენა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ამ მსახიობი ქალის როლზე საუბრობდა.

– თავად ხართ მსახიობი. როგორ წყვეტთ რეალობასა და არტისტულ იმიჯს შორის არსებულ პრობლემას?

– ეს რთული და მძიმე პრობლემაა და მე არა მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. მხოლოდ ამ თემაზე ფიქრის ვალდებულება მაქვს… ეს მე ეჟი გროტოვსკის ციტატას მაგონებს, რომლის პერეფრაზსაც გავაკეთებ: “რატომ მივდივართ ჩვენ თეატრში, როცა ჩვენ ცხოვრებაში ისედაც ამდენ როლს ვთამაშობთ?”.

– თქვენ მითხარით, რომ ივნისში საქართველოში მიემგზავრებით.

– მე ისეთი გახარებული ვარ, რომ საქართველოში მივემგზავრები! მივდივარ ყვარელში, რათა ქართული სიმღერები შევისწავლო და, ალბათ, სვანეთშიც გავემგზავრები, რათა იქაური არაჩვეულებრივი სიმღერები ჩავიწერო. ასევე მაქვს გეგმები ჩემს მომავალ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ქართველ შემსრულებლებთან ერთად ერთ–ერთი ჩემი ფილმისთვის ქორეოგრაფიული ეპიზოდების ჩაწერას მოიცავს.

მიშელ სუი
მიშელ სუი